კრიმინალური ისტორიები

რატომ მიუსაჯეს ამერიკელებმა უვადო პატიმრობა თბილისელ კაცს

№15

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 20.04, 2023 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

ყალბი დოლარები

1994 წლის მარტში პოლონეთის ქალაქ პოზნანში, ვალუტის გადასახურდავებელ პუნქტში ადგილობრივი მცხოვრები ანტონ მატუშკევიჩი მივიდა და 500 ამერიკული დოლარის გადახურდავება მოითხოვა. კუპიურები ყალბი აღმოჩნდა, თუმცა უმაღლეს დონეზე იყო გაყალბებული და რომ არა სპეციალური ამოსაცნობი მოწყობილობა, მოლარე ვერაფერს მიხვდებოდა. გადახურდავების პროცესი მოლარემ შეგნებულად გააჭიანურა და პოლიცია გამოიძახა, რომელიც მალევე მივიდა და მატუშკევიჩი ადგილზევე დააკავეს. დოლარები ამოიღეს და პოლიციაში წაიყვანეს. მატუშკევიჩი გაოგნებული იყო. თუმცა, მას არაფერს ეუბნებოდნენ და საკანში ჰყავდათ გამომწყვდეული. მისი დაკავებიდან 8 საათის შემდეგ კი მას პიტერ ევენსი და ჯონ ლოიდი ესტუმრნენ დასაკითხ ოთახში. „სტუმრები“ ამერიკელები იყვნენ და შეერთებული შტატების პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურში მსახურობდნენ. ამ უწყებას პრეზიდენტის დაცვასთან ერთად ყალბი ფულის მჭრელების ძებნა და დაკავებაც ევალებოდათ და პოლონეთში სწრაფმავალი თვითმფრინავით ჩაფრინდნენ. დაკითხვისას გაირკვა, რომ მატუშკევიჩს 500 ამერიკული დოდარი ვიღაც უცნობმა გადაუხადა ტანსაცმლის მაღაზიაში, რომლის მფლობელიც თავად მატუშკევიჩი იყო. დაკავებულის თქმით, უცნობი, სავარაუდოდ, ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქე უნდა ყოფილიყო, მაგრამ კონკრეტულად საიდან, ვერ ამბობდა. მატუშკევიჩის უდანაშაულობა რომ გაირკვა, გაათავისუფლეს. მაგრამ მკაცრად გააფრთხილეს, რომ ამ შემთხვევის შესახებ არავისთვის არაფერი მოეყოლა. ამასთანავე მატუშკევიჩის მეშვეობით, შედგა უცნობის ფოტორობოტი და ამ კაცს ტოტალურად ეძებდნენ. სულ რაღაც 72-საათიანი ძებნის შემდეგ ის პოზნანის ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში დააკავეს კიდეც.

გამოძიების პროცესი

დაკავებული 48 წლის სპარტაკ ძიგოევი აღმოჩნდა. ქალაქ ვლადიკავკაზის მკვიდრი. პროფესიით ის კრივის მწვრთნელი იყო და პოზნანში მწვრთნელად უნდა დაეწყო მუშაობა მას მიწვევაც ჰქონდა და ვერ გაერკვია, რა ხდებოდა. ძიგოევს მატუშკევიჩის მალაზიაში ნაყიდი სამოსი და 1 500 ყალბი დოლარიც აღმოაჩნდა. ძიგოევს სამოსი ოჯახისთვის უნდა გაეგზავნა ვლადიკავკაზში. დოლარების შესახებ კი განაცხადა, რომ ისინი ვლადიკავკაზში, ეგრეთ წოდებულ, „შავ ბაზარზე“ შეიძინა უცნობი პირისგან. ძიგოევმა იმ პიროვნების სიტყვიერი პორტრეტი აღუწერა ამერიკელებს და მათ ფოტორობოტი შეადგინეს. დიდი ალბათობით, ძიგოევი უდანაშაულო იყო. თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ის პოზნანის წინასწარი დაკავების ერთადგილიან საკანში მოათავსეს და არავის აკარებდნენ. მაგრამ ამერიკელების მითითებით ძიგოევს „ჩიტის რძეც“ არ აკლდა. ამერიკელები კი ძებნის მომდევნო ეტაპზე გადავიდნენ და კვალს მიჰყვნენ. ამოღებული 2 ათასი დოლარი კი ვაშინგტონის სპეცლაბორატორიაში გადაგზავნეს და დადგინდა, რომ ისინი იდენტურები იყო. თუმცა, განსხვავდებოდნენ სხვა ყალბი დოლარებისგან, რომლებიც ყოფილი საბჭოეთის რესპუბლიკებში მზადდებოდა. „ძიგოევის დოლარები“ სხვა ყალბ დოლარებზე მაღალი ხარისხის იყო და ამერიკელები თვლიდნენ, რომ საქმე ჰქონდათ მაღალი კვალიფიკაციის ყალბი ფულის მჭრელთან. შედგა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ფარულად ვლადიკავკაზში მიავლინეს. ეს ადამიანები „შავ ბაზარზე“ დოლარებს ყიდულობდნენ და ვაშინგტონში აგზავნიდნენ ექსპერტიზაზე. გამყიდველებს კი ფარულ ფოტოებს უღებდნენ, მათ ვინაობას იგებდნენ და ინახავდნენ. 3 თვის განმავლობაში ამერიკელებს ყალბი დოლარი არ შეხვედრიათ. 1994 წლის აგვისტოში კი ვლადიკავკაზის „შავ ბაზარზე“ სწორედ ასეთი 300 დოლარი შეიძინეს, რომლებიც „ძიგოევის დოლარების“ იდენტური იყო. გამყიდველს მათ ფოტო გადაუღეს. დაადგინეს მისი ვინაობა და ის 46 წლის ვანო თუმანიანი, თბილისის მკვიდრი აღმოჩნდა.

სუპერგამყალბებელი

ვაშინგტონიდან რომ ექსპერტიზის დასკვნა მოვიდა, ამერიკელმა ოპერებმა თბილისში გადმოინაცვლეს ფარულად და თუმანიანს „დაასხდნენ კუდზე“. იმ პერიოდის საქართველოში სრული ქაოსი და განუკითხაობა სუფევდა. ამიტომ, ამერიკელებს არც კი უფიქრიათ ოფიციალური ხელისუფლებისთვის მიემართათ და დამოუკიდებელ, ფარულ მოქმედებას განაგრძობდნენ. მათ დაადგინეს, რომ თუმანიანი წიგნის ფაბრიკის ყოფილი თანამშრომელი იყო და ავლაბარში, პატარა, კერძო სახლში ცხოვრობდა. ცოლთან გაშორებული იყო, რომელმაც ერთადერთი ვაჟი სომხეთში წაიყვანა და ვანო მარტო დატოვა. ამერიკელებს ეჭვი აღარ ეპარებოდათ, რომ სწორედ თუმანიანი იყო ყალბი დოლარების მჭრელი. ორჯერ მის სახლში ფარულად შევიდნენ და სარდაფში ფულის საბეჭდი მოწყობილობები და 26 ათასი ყალბი ამერიკული დოლარი აღმოაჩინეს. ამიტომ ავლაბრელი „ჟულიკი“ ამერიკელმა ოპერებმა მისსავე სახლში დააკავეს. დოლარები და საბეჭდი მოწყობილობები კონტეინერში მოათავსეს და მათ პატრონთან ერთად ფარულად გაამგზავრეს შეერთებულ შტატებში. იქ კი თუმანიანი გაასამართლეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. თუმანიანი დღესაც ცოცხალია და კვლავ სასჯელს იხდის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი