კრიმინალური ისტორიები

რატომ ხოცავდა ადამიანებს თბილისელი ფარმაცევტი ქალი

№38

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 26.09

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

ფარმაცევტი

1930 წელს დაბადებული ანიტა გურგენის ასული პოღოსოვა თბილისელი იყო. მან 1950 წელს ფარმაცევტული ტექნიკუმი დაამთავრა და სამუშაოდ თბილისის ერთ-ერთ აფთიაქში მოეწყო, საიდანაც 1952 წელს გაათავისუფლეს. 22 წლის გოგონას მორფინის დანაკლისი აღმოუჩინეს და აფთიაქის დირექტორმა, თამარა კვანტალიანმა ის სამსახურიდან გაუშვა. თუმცა, შეეძლო მისი პასუხისგებაში მიცემა, მაგრამ შეეცოდა, ახალგაზრდააო და მხოლოდ გათავისუფლებით დაკმაყოფილდა. პოღოსოვას ასი ამპულა მორფინის დანაკლისი ჰქონდა. ფარმაცევტმა გოგონამ ეს ამპულები ვორონცოველ მორფინისტებს მიჰყიდა და სანამ ახალ სამსახურს დაიწყებდა, მორფინის გაყიდვით დაგროვილი თანხით ირჩენდა თავს. ერთი თვის შემდეგ კი პოღოსოვამ მიმტანად დაიწყო მუშაობა პატარა კაფეში, რომელიც ვერის ბაზართან მდებარეობდა. კაფეში სალათები, ღვეზელები და მინერალური სასმელი, ასევე ყავა და ჩაი იყიდებოდა. ერთ დღეს კაფეში თამარა კვანტალიანი შევიდა და სალათა და მინერალური წყალი შეკვეთა. შეკვეთას მიმტანი მამაკაცი, მირიან ბოჭორიძე ასრულებდა. საღამოს, როდესაც კვანტალიანი სახლში დაბრუნდა, მან ცუდად იგრძნო თავი, მაღალი სიცხე ჰქონდა, ფეხები დაუბუჟდა, გული აერია და საავადმყოფოში მიყვანიდან ორი საათის შემდეგ გარდაიცვალა. საქმე კი ის იყო, რომ სალათაში პოღოსოვამ დარიშხანი (ეგრეთ წოდებული, თაგვის წამალი) გაურია და თამარა კვანტალიანზე შური ამგვარად იძია.

პირველი ქმარი

პოღოსოვამ კაფეში 6 თვე იმუშავა და შემდეგ სამსახურიდან წამოვიდა. თუმცა, 23 წლის გოგონა კოლეგაზე, 29 წლის მირიან ბოჭორიძეზე დაქორწინდა და გვარიც შეიცვალა. ამგვარად ის ანიტა ბოჭორიძე გახდა და ქმართან 15 თვე იცხოვრა. ამ ხნის განმავლობაში ცოლ-ქმარს შვილი არ შეეძინათ და ანიტა ქმრის ხარჯზე ცხოვრობდა, რომელიც ისევ იმ კაფეში მუშაობდა და ცოლის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ვერ აუდიოდა. ცოლქმრული ცხოვრების ერთი წლის თავზე ანიტამ ქმარს მანქანის ყიდვა მოსთხოვა. მირიანს შესაბამისი თანხები არ აღმოაჩნდა და ანიტამ მეუღლე სასტიკად გალანძღა. შედეგად კი სილა მიიღო და მირიანი სახლიდან წავიდა. თუმცა, ორი დღის შემდეგ უკან დაბრუნდა. სილის გაწნისთვის ცოლს ბოდიში მოუხადა და ახალთახალი „მოსკვიჩის“ გასაღები გადასცა, რომლის საყიდელი ფულიც სამსახურში თანამშრომლებისგან ისესხა. ანიტა ქმარს შეურიგდა, ხასიათზე მოვიდა და თბილისის ქუჩებში „მოსკვიჩით“ დაქროდა, რაც მეოცე საუკუნის 50-იან წლებში იშვიათობა იყო. ამასობაში ოთხი თვე გავიდა და ერთ საღამოს, ნავახშმევს მირიანი ცუდად გახდა. თავი ასტკივდა, გული აერია და ფეხები დაუბუჟდა. ანიტამ სასწრაფო დახმარება გვიან გამოიძახა და როდესაც ბრიგადა მოვიდა, მირიან ბოჭორიძე გარდაცვლილი დახვდათ. ანიტამ მეუღლე ვერის სასაფლაოზე დაკრძალა. ექვსი თვის შემდეგ კი მირიანის ბინა სარფიანად გაყიდა და დასასვენებლად ბათუმში გაემგზავრა. ანიტა სიამოვნებას არ იკლებდა და პირველი ქმრის გაყიდული ქონების ხარჯზე ერთხანს ცხოვრობდა.

სასტიკი დანაშაულები

ბათუმში უკვე ანიტა ბოჭორიძემ ადგილობრივი მცხოვრები, იუველირი მიხას გალისი გაიცნო და ორი თვის შემდეგ მას გაჰყვა ცოლად, ქმრის გვარზე გადავიდა და მის ბინაში დასახლდა. გალისთან ქორწინებაში ანიტამ 2 წელიწადი გაძლო. ერთ საღამოს კი, ნავახშმევს მიხას გალისი ცუდად გახდა, გული აერია, თავი ასტკივდა და ფეხები დაუბუჟდა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ანიტამ, ისევე, როგორც თამარა კვანტალიანს და პირველ ქმარს – მირიან ბოჭორიძეს, საჭმელში მასაც დარიშხანი შეურია. მას შემდეგ, რაც ანიტამ მეორე ქმარიც დაასაფლავა, ექვსი თვე მეორე მეუღლის ბინაში იცხოვრა. შემდეგ კი ბინა სარფიანად გაყიდა. იუველირი ქმრისგან დარჩენილი მნიშვნელოვანი თანხა, ძვირფასეულობა და ანტიკვარული ნივთები ჩანთაში ჩაალაგა და ბათუმიდან სოჭში გაემგზავრა. იქ მან კერძო სახლი იყიდა და თავის გემოზე ცხოვრობდა. არც საჭმელ-სასმელს იკლებდა და არც ხორციელ გართობას. ათი წლის განმავლობაში მეორედ გვარშეცვლილმა ანიტა გალისმა სამი საყვარელი მოწამლა აპრობირებული მეთოდებით. ამასობაში ანიტას 34 წელი შეუსრულდა. სოჭში ყოფნა კი მისთვის სახიფათო გახდა, რადგან მესამე მოწამლული საყვარლის საქმეს პროკურატურა იძიებდა. ამიტომ, ანიტამ სახლი გაყიდა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. ანიტას ბინის შესაძენი ფული უკვე აღარ ჰქონდა და ორი ოთახი იქირავა, პარალელურად კი, მდიდარი მამაკაცის ძებნა დაიწყო და ერთი წლის შემდეგ მოსე შიფმანს გაჰყვა ცოლად, რომელიც 47 წლის იყო და დახურული ტიპის სამხედრო საწარმოში მუშაობდა მთავარ ინჟინრად. შიფმანი, ეგრეთ წოდებულ, ერთ-ერთ სტალინური „ცათამბჯენის“ სამოთახიან ბინაში ცხოვრობდა. ანიტამ უკვე მესამედ შეიცვალა გვარი და შიფმანი გახდა.

უმაღლესი ზომა

ანიტა შიფმანი ისევ ქმრის ხარჯზე ცხოვრობდა და როგორც მის ორ წინამორბედს ფეხის წვერებზე ატრიალებდა და მიუხედავად იმისა, რომ ინჟინერთანაც არ შესძენია შვილი, მოსე შიფმანი ქალის ყველა კაპრიზს ასრულებდა. ანიტას მან ახალთახალი „პობედა“ უყიდა და ქალი ახლა უკვე მოსკოვის ქუჩებში დააქროლებდა მანქანას. ახალი ქმარი ძვირფასეულობითა და იმპორტული ტანსაცმლითაც ანებივრებდა მას, თუმცა ანიტას ეს არ აკმაყოფილებდა და ქალმა ახალგაზრდა საყვარელი გაიჩინა. მოსე შიფმანს ეჭვი გაუჩნდა და ერთ საღამოს უთხრა კიდეც ქალს ამის შესახებ. ეს კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ანიტამ თავისი „საფირმო“ ხერხი გამოიყენა და ნავახშმევს მეუღლე დარიშხანით მოწამლა. თუმცა, ამჯერად მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდა, რადგან მოსე შიფმანი დახურული საიდუმლო საწარმოს თანამშრომელი იყო, თანაც ძალიან წონიანი, ხოლო ასეთ საწარმოებს კი „კაგებე“ კურირებდა, გარდაცვლილი ინჟინრის ცხედარი გაკვეთეს. საფუძვლიანად გამოიკვლიეს და ანიტა შიფმანი დააპატიმრეს. უტიფარი ქალი თავდაპირველად ყველაფერს უარყოფდა. თუმცა, უშიშროებას არ გასჭირვებია ქალის ბიოგრაფიის შესწავლა. საჭირო სამხილების მოპოვება და მკვლელმა ქალმა ყველა დანაშაული აღიარა. ანიტა პოღოსოვა უმაღლესმა სასამართლომ დახურულ პროცესზე გაასამართლა და მას სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, რაც ქალის მიმართ იშვიათად, განსაკუთრებულ შემთხვევაში გამოიყენებოდა და პოღოსოვა დახვრიტეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა