კრიმინალური ისტორიები

რატომ გაუშვეს ციხიდან 3 დღით დახვრეტის მუხლის მქონე პატიმარი

№1

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 12.01, 2023 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

გაფრთხილება

ომარ კოტორაშვილი ცნობილი თბილისელი გადამყიდველი იყო და ის დეფიციტური წამლებით ვაჭრობდა. არ არსებობდა პრეპარატი, რომლის შოვნაც ომარს არ შეეძლო და ამიტომ, არც კლიენტი ელეოდა და არც ფული. კოტორაშვილს მთელი ქვეყანა იცნობდა, უფრო მეტად მეტსახელით „კოტორა“. თავად ომარი კი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ელიტის უმაღლეს ეშელონებში იყო გასული და არა მარტო თბილისში, არამედ - მოსკოვშიც. „კოტორა“, ფაქტობრივად, ხელშეუხებელი გახლდათ, რადგან უაღრესად საჭირო ადამიანი იყო და მას არც ძალოვნები აწუხებდნენ და არც კრიმინალები. ერთადერთი, ვინც „კოტორას“ არ ცნობდა, რესპუბლიკის „ცეკას“ პირველი მდივანი, ედუარდ შევარდნაძე იყო. „კოტორას“ ის „წამლების ბარიგად“ მოიხსენიებდა და მისი დაჭერა ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრობისას უნდოდა, მაგრამ ვასილ მჟავანაძემ შეუშალა ხელი. როცა შევარდნაძემ მჟავანაძის ადგილი დაიკავა, „პირველს“ უკვე მოსკოვიდან ურეკავდნენ „კოტორას“ მფარველი მაღალჩინოსნები... 80-იანი წლების დასაწყისში ომარმა რამდენიმე უცხოური ავტომობილი გამოიცვალა და ბოლოს უახლესი მოდელის „მერსედესი“ შეიძინა. შევარდნაძემ შეუთვალა, რომ მანქანა გაეყიდა და ცეცხლთან თამაში შეეწყვიტა. „კოტორამ“ კი თავისი ავტომობილი მტკვრის ნაპირას დაწვა და ამით თავისებური პროტესტი გამოხატა „პირველის“ გაფრთხილებაზე.

დეფიციტური წამალი

მას მერე, რაც ბრეჟნევი გარდაიცვალა, ორჯერ შეიცვალა ხელისუფლება. გორბაჩოვმა „პერესტროიკა“ დაიწყო და შევარდნაძემ მაინც მოახერხა „კოტორას“ დაპატიმრება. ომარის საქმეს ჯერ მილიცია იძიებდა, მაგრამ მას მხოლოდ სამწლიანი მუხლი მიუყენეს. შემდგომ „კოტორა“ „კაგებეს“ გადასცეს. იქ კი მას ისე შეუკერეს საქმე, რომ ბრალდების მუხლი 15 წლიდან იწყებოდა და სასიკვდილო განაჩენით მთავრდებოდა. სწორედ საქმის ასე წარმართვით იყვნენ კმაყოფილები „კოტორათი“ დაინტერესებული პირები და მას სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ამყოფებდნენ. ამასობაში შევარდნაძე მოსკოვში გადაიყვანეს სამუშაოდ. ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს უკვე დრო აღარ ჰქონდა, რომ ადგილობრივი ამბებით დაინტერესებულიყო, ამიტომ „კოტორაზე“ ზეწოლა შენელდა. ამასობაში, პროკურატურის ერთ-ერთი პირველი პირის შვილიშვილს სასწრაფოდ დასჭირდა დეფიციტური პრეპარატი, რომელსაც ვერსად შოულობდნენ. იზოლირებულ საკანში მჯდომ პატიმარს პირადად ეწვია მაღალჩინოსანი და თავისი გასაჭირი უთხრა: სამი დღით გამიშვი აქედან და წამალს მოგიტანთო, დაჰპირდა „კოტორა“ მაღალჩინოსანს.

კოტორაშვილი გაუშვეს. მან კი წამალი ორ დღეში გაუგზავნა მაღალჩინოსანს, თვითონ კი სამი დღის შემდეგ დაბრუნდა და ციხეში ჩაჯდა.

განაჩენი

პროკურატურის მაღალჩინოსნის შვილიშვილი „კოტორას“ მიტანილმა წამალმა სიკვდილისგან იხსნა. ბაბუამ იმდენი მოახერხა, რომ კოტორაშვილს სასიკვდილო მუხლი მოუხსნეს. ომარი თბილისში გაასამართლეს და 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლეს შეეძლო ბევრად ნაკლების მიცემა, მაგრამ როგორც წლების მერე გაირკვა, მოსკოვიდან იყო დარეკილი და ნაბრძანები, რომ „კოტორა“ მაქსიმალურად გაემწარებინათ. „მოსკოვურმა ზარმა“ პროკურატურის მაღალჩინოსანიც შეიწირა და მას პოსტი დაატოვებინა. ეს, ომარ კოტორაშვილის გადარჩენის გამო გამოტანილი განაჩენი იყო.

„სვაბოდა“

„მოსკოვური ზარი“ განაჩენის გამოტანის შემდეგაც მოქმედებდა და რადგან „კოტორას“ სიკვდილით დასჯა არ მოხერხდა, გადაწყდა, მისი სასტიკი წამება... ომარ კოტორაშვილი გააციმბირეს, ანუ, სასჯელის მოსახდელად რუსეთში, მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში უკრეს თავი. იქ, სადაც სასჯელს იხდიდნენ მკვლელები და სხვა განსაკუთრებით საშიში ბოროტმოქმედები. ეს კი იმიტომ გაკეთდა, რომ კრიმინალებს „ბარიგა“ მორალურად და ფსიქოლოგიურად მოესპოთ. თუმცა, „კოტორას“ განადგურება არც ამჯერად მოხერხდა. საპყრობილეში სასჯელს იხდიდა თბილისელი ყაჩაღი-რეციდივისტი მეტსახელად „ქიშო“ (თომა კახიანი). წლების წინ „კოტორამ“ მას დეფიციტური წამალი აჩუქა და სიკვდილს გადაარჩინა. „ლაგერში“ კი უკვე თომა კახიანმა გაუწია მას მფარველობა... ომარის ექსტრადიცია ეროვნული ხელისუფლების მოსვლის მერე განხორციელდა. აქ კი ის „სვაბოდაზე“ გაუშვეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი