კრიმინალური ისტორიები

რა ოპერაცია ჩაატარა „კაგებემ“ საიდუმლო ამერიკული იარაღის დასაუფლებლად

№13

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 07.04, 2023 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

გაუჩინარება

1970 წლის ივლისის დასაწყისში ბულგარეთის ქალაქ ვარნადან ივანე ლაზარიანი გაუჩინარდა. ამ შავი ზღვის კურორტზე გეოფიზიკოსთა საერთაშორისო კონგრესი იმართებოდა და 33 წლის საბჭოთა პროფესორი მასში მონაწილეობდა. ლაზარიანი „კაგებეს“ საგანგებო აღრიცხვაზე იმყოფებოდა, რადგან ის საიდუმლო სამხედრო იარაღის შექმნაში მონაწილეობდა და წამყვანი სპეციალისტი იყო. ივანე ლაზარიანი მოსკოვში ცხოვრობდა და იქვე მუშაობდა საიდუმლო ლაბორატორიაში. მისი სახელი არ აფიშირდებოდა და მხოლოდ ერთეულმა პასუხისმგებელმა მაღალჩინოსნებმა იცოდნენ, რომ ის სეისმური იარაღის ტექნოლოგიებს ამუშავებდა. ლაზარიანს არათუ საზღვარგარეთ, საბჭოთა კავშირშიც კი შეზღუდული ჰქონდა გადაადგილება და მას მუდმივად სამი უშიშროების თანამშრომელი დასდევდა, რომლებიც მზად იყვნენ, რომ ახალგაზრდა გეოფიზიკოსი საკუთარი სიცოცხლის ფასად დაეცვათ ნებისმიერი მოულოდნელობისგან. ივანე უცოლშვილო იყო. ფლობდა ოთხ ევროპულ ენას, აგრეთვე რუსულს, მშობლიურ სომხურსა და ქართულს, რადგან ის თბილისში იყო დაბადებული და გაზრდილი. ქართული სკოლა ოქროს მედალზე ჰქონდა დამთავრებული. ორი წელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა, შემდეგ ის მოსკოვის ბაუმანის სახელობის ფიზიკო-ტექნიკურ ინსტიტუტში გადაიყვანეს. „კაგებეს“ რეკომენდაციით, ჯერ კიდევ მეხუთე კურსზე იმყოფებოდა, როდესაც, როგორც ნიჭიერი მეცნიერი, საიდუმლო სეისმურ ლაბორატორიაში მიიწვიეს სტაჟიორად. დიპლომის დაცვის შემდეგ მას ჯერ მცირე ლაბორატორია ჩააბარეს, შემდგომ კი მთელი საიდუმლო ლაბორატორიის ხელმძღვანელი გახდა. ვარნაში მისი გამგზავრება კითხვის ნიშნის ქვეშ იყო და მხოლოდ და მხოლოდ მას მერე მისცეს თანხმობა, როდესაც ნათელი გახდა, რომ ამ შეკრებას დაესწრებოდა ამერიკელი პროფესორი იოჰან იდენი. ეს ადამიანი ამერიკული სეისმური იარაღის დამზადების პროცესს ხელმძვანელობდა. საბჭოთა დაზვერვამ ეს იცოდა და სწორედ ამის გამო გაუშვეს ლაზარიანი ვარნაში. „კაგებეში“ ვარაუდობდნენ, რომ იდენისა და ლაზარიანის კონტაქტი ხელს შეუწყობდა საბჭოთა საიდუმლო იარაღის დამზადების პროცესს. იმედი ჰქონდათ, რომ იდენთან პირად საუბარში ლაზარიანი შეძლებდა, საჭირო ინფორმაციების მიღებას. მათი გაცნობა პირველივე დღეს შედგა და მეცნიერები სიამოვნებით უზიარებდნენ ერთმანეთს თავიანთ აზრებს. „კაგებე“ ამ ყველაფერს ფარულად იწერდა. ლაზარიანი კი შეკრების დამთავრებამდე ორი დღით ადრე გაუჩინარდა. „კაგებემ“ ფეხზე დააყენა მთელი სამაშველო და საზღვაო სამსახურები. გადაიკეტა მთელი პერიმეტრი და ირგვლივ ყოველი კუთხე-კუნჭული გაიჩხრიკა. ლაზარიანის კვალს ვერსად მიაგნეს. არავინ იცოდა, ცოცხალი იყო თუ მკვდარი.

დაბრუნება

ივანე ლაზარიანი საბჭოთა კავშირში 3 წლის შემდეგ, 1973 წლის სექტემბერში დაბრუნდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საბჭოთა ახალგაზრდა პროფესორი შეერთებული შტატების ქალაქ ინდიანაპოლში განლაგებულ საიდუმლო სეისმურ ლაბორატორიაში მუშაობდა, რომელსაც იდენი ხელმძღვანელობდა. ვარნიდან ლაზარიანი „ცეერუს“ დახმარებით გაუჩინარდა. იგი შემდეგ სპეციალურად მომზადებულ სწრაფმავალ კატერზე აიყვანეს და შუა ზღვაში თურქეთისკენ მიმავალ ტანკერში ჩასვეს. თურქეთიდან კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაყვანა იოლი საქმე იყო. „ცეერუს“ მთელი ეს ოპერაცია ელვისებურად განვითარდა და სანამ მის აქტიურ ძებნას შეუდგებოდნენ, ლაზარიანი უკვე კარგა ხნის გაცილებული იყო ჩაკეტილ ზონას. საბჭოთა მეცნიერი საკუთარი სურვილით გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი გადაბირება („დავერბოვკება“) კი პროფესორმა იდენმა ითავა და ვარნაშიც სწორედ ამ მისიით იყო ჩასული. იმავდროულად კი, ლაზარიანის ამერიკის შეერთებულ შტატებში „გაქცევა“ „კაგებეს“ კარგად დამუშავებული ოპერაცია იყო. საბჭოთა საგარეო დაზვერვამ შეიტყო, რომ „ცეერუ“ ლაზარიანის „დავერბოვკებას“, გატაცებას ან, უკიდურეს შემთხვევაში, ლიკვიდაციას გეგმავდა. ამერიკელებს, სწორედ, ლაზარიანის გაქანების მეცნიერი სჭირდებოდათ თავიანთი იარაღის შესაქმნელად. საბჭოთა კავშირს კი სეისმური იარაღისთვის ამერიკული ტექნოლოგიები აკლდა და ლაზარიანმა ეს ტექნლოგიები ჩამოიტანა და უმოკლეს დროში საბჭოთა კავშირიც დაეუფლა სეისმურ იარაღს. დაიზოგა დრო და კოლოსალური თანხები. ივანე ლაზარიანი „გასაქცევად“ ქართველმა „კაგებეს“ პოლკოვნიკმა შოთა რაზმაძემ მოამზადა. სწორედ ამ კაცს მიუძღვის ლომის წილი ამ ოპერაციის წარმატებაში. რაზმაძეც და ლაზარიანიც ლენინის ორდენებით დააჯილდოვეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი