კრიმინალური ისტორიები

რა კორუფციული სქემა მოქმედებდა კომუნისტური საქართველოს პარტიულ წრეებში

№27

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 11.07

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

მოსკოვური წილი

42 წლის ამირან ჭელიძეს საქართველოს ცეკაში რიგითი ინსტრუქტორის თანამდებობა ეკავა. პროფესიით ეკონომისტი იყო, თუმცა, საკმაოდ დიდ ფიგურას წარმოადგენდა კორუფციულ სისტემაში. ჭელიძეს ყოველთვიურად წილი ჩაჰქონდა მოსკოვში, საკავშირო ცეკაში. და ეს ფული ნაწილი იყო უმაღლეს სასწავლებლებში კორუფციული გზით მოპოვებული თანხისა. ეგრეთ წოდებული, მოსკოვური წილის რაოდენობა მილიონი მანეთი იყო. ჭელიძეს კორუფციული თანხები ყოველთვიურად ჩაჰქონდა მოსკოვში, იქნებოდა ეს ვაჭრობის, საფინანსო თუ სხვა სფეროები. ამირან ჭელიძე დიდი ნდობით აღჭურვილი პირი გახლდათ პარტიულ-კორუფციულ წრეებში და თავადაც საკმაოდ დიდ ქონებას ფლობდა. მიუხედავად იმისა, რომ ჭელიძეს მეუღლე და ორი სრულწლოვანი შვილი ჰყავდა, მას სასიყვარულო კავშირი ჰქონდა 22 წლის ვიოლეტა მაღლაკელიძესთან. ეს გოგონა სტიუარდესად მუშაობდა საკავშირო ავიახაზებზე. ჭელიძემ ვიოლეტა თბილისი-მოსკოვის რეისზე გაიცნო თვითმფრინავში, იმ დროს, როდესაც ამირანს მილიონი მანეთით სავსე ჩანთა მიჰქონდა საბჭოთა კავშირის დედაქალაქში. ვიოლეტა მაშინ 21 წლის იყო და 20 წლით უფროს ჭელიძეს წაეკეკლუცა. მოსკოვში რომ ჩავიდნენ, ამირანმა ვიოლეტა რესტორანში დაპატიჟა და იმავე საღამოს ერთად დაბრუნდნენ საქართველოს დედაქალაქში. ორი დღის მერე კი ვიოლეტა საწოლში ჩაუგორდა ჭელიძეს და ისინი საყვარლები გახდნენ.

კომბინაცია

ამირან ჭელიძისა და ვიოლეტა მაღლაკელიძის შეხვედრა შემთხვევითი არ ყოფილა. ეს იყო 30 წლის ომარ კაკაბაძის მიერ მოფიქრებული კომბინაცია. ომარი მფრინავი იყო და საერთაშორისო ავიახაზებზე დაფრინავდა. კაკაბაძემ სრულიად შემთხვევით შეიტყო თავისი ბიძაშვილის, ვანო კაკაბაძისგან ჭელიძის სტატუსის შესახებ. ვანო სავაჭრო სისტემაში მუშაობდა. თავადაც არაერთხელ მიუცია ჭელიძისთვის მოსკოვში წასაღები წილის ნაწილი. ერთხელ, როცა ვანო სტუმრად იყო ომართან სახლში და ბიძაშვილებმა ცოტა გადაკრეს, ვანოს ენა გაეხსნა და ომარს უთხრა, რომ ცეკას ინსტრუქტორ ამირან ჭელიძეს მოსკოვში მილიონები მიაქვსო. ამის შემდეგ ომარმა ამ ფულის ხელში ჩასაგდები კომბინაცია მოიფიქრა და თავის საყვარელს, ვიოლეტა მაღლაკელიძეს გააცნო თავისი გეგმა. თავდაპირველად, ვიოლეტა წინააღმდეგი იყო და ომარს უთხრა:

– შენ მე არ გიყვარვარ, თორემ ასეთ რამეს არ შემომთავაზებდი - სხვა კაცთან დაწოლას არანაირ ფასად არ მაიძულებდი.

ომარს გაეცინა და ვიოლეტას უთხრა:

– საყვარელო, საქმეს ასე სჭირდება. სამაგიეროდ, იმდენ ფულს ვიშოვით, რომ ჩვენს ბედნიერ მომავალს უზრუნველვყოფთ. უცხოეთში გავიქცევით და იქ ვიცხოვრებთ.

ამ კომბინაციას ორი გაგრძელება ჰქონდა. მას მერე, რაც ვიოლეტა თავს შეაყვარებდა ჭელიძეს და მისგან შეიტყობდა, რომ მოსკოვში ფული დაჰქონდა, ამირანი იმაში უნდა დაერწმუნებინა, რომ ამ ფულით უცხოეთში გაქცეულიყვნენ. ხოლო თუ თანხმობას მიიღებდა, მაშინ ფულით სავსე ჩანთა ერთ თვითმფრინავში უნდა აეტანა და იქ ამირანიც აეყვანა. ცოტა ხნის მერე კი ჩუმად ჩამოსულიყო თვითმფრინავიდან და როცა ამირანი გაფრინდებოდა, უკვე ომართან ერთად გაქცეულიყო საზღვარგარეთ. მეორე ვარიანტის მიხედვით კი, ვიოლეტას უბრალოდ, ფულით სავსე ჩანთა უნდა შეეცვალა ჭელიძისთვის და ამგვარად გაქცეულიყო ომართან და ფულთან ერთად საბჭოთა კავშირიდან. ვიოლეტამ ერთი წელიწადი მოანდომა ომარის გეგმის განხორციელებას. ამირანი მაინც დაითანხმა გაქცევაზე და დათქმულ დროს ჭელიძე ფულით სავსე ჩანთით გამოცხადდა მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში.

ორმაგი გადაგდება

დილის 9 საათი იყო, როდესაც მოსკოვი-ვლადივოსტოკის რეისზე ჩასხდომა გამოცხადდა. ვიოლეტა აეროპორტის კაფეში მჯდომ ამირან ჭელიძესთან მივიდა, მილიონით სავსე ჩანთა გამოართვა და უთხრა:

– თვითმფრინავში ჩაჯექი. მე პილოტების კაბინაში ავალ. ფულს იქ დავმალავ და როცა ავფრინდებით, სალონში გამოვალ, მაგრამ იცოდე, კონტაქტი არ უნდა დაამყარო ჩემთან. არ დამელაპარაკო და ვლადივოსტოკამდე მოითმინე.

ვიოლეტამ ამირანი მოატყუა, რომ თითქოს ვლადივოსტოკში მათ გემის კაპიტანი დახვდებოდათ და გემით იაპონიაში გადაიყვანდა არალეგალურად. ვლადივოსტოკის თვითმფრინავი რომ ჰაერში აიჭრა, ვიოლეტა ფულით სავსე ჩანთით ომარ კაკაბაძესთან მივიდა და სიცილით უთხრა:

– გაფრინდა ის სულელი. ახლა რა ვქნათ?

ომარმა საათს დახედა და ვიოლეტას უთხრა:

– ერთ საათში პარიზში მივფრინავთ, აიტანე და კაბინაში, ჩემს საკანში შეინახე. აი, გასაღები. მე კი სამედიცინო კონტროლს გავივლი და მოვალ.

ვიოლეტა თვითმფრინავში შევიდა და ომარის მითითება შეასრულა. მილიონით სავსე ჩანთა შეინახა, გასაღებით ჩაკეტა და იქვე ჩამოჯდა. ათი წუთიც არ იყო გასული, რომ „შერემეტიევოს“ აეროპორტის სანიტარული სამსახურის მორიგე ექიმი ვიოლეტასთან მივიდა. პილოტების სალონიდან გამოიხმო და უკან გაყოლა სთხოვა.

– რაშია საქმე? – გაოცდა სტიუარდესა.

– დამატებითი შემოწმება უნდა გაიაროთ.

ვიოლეტა მორიგე ექიმს გაჰყვა და სტიუარდესა ვენეროლოგმა ექიმა ქალმა სრულიად შიშველი შეამოწმა, სხეული დაუთვალიერა და მხრები აიჩეჩა, – შემდეგ კი გოგონას უთხრა:

– უცნაურია. შეგიძლიათ, უკან დაბრუნდეთ.

ვიოლეტა სალონში დაბრუნდა. ამირანს ელოდა, რომ არ მოვიდა, მისი შემნახველი საკანი გახსნა და გაოგნდა... იქაურობა ცარიელი იყო და ფულით სავსე ჩანთა უკვალოდ გამქრალიყო. როგორც შემდგომ გაირკვა, ომარ ჭელიძე მოსკოვიდან ლენინგრადში მანქანით გაემგზავრა. იქიდან კი ფინეთის ყურის გავლით, პატარა კატერით გადავიდა ფინეთში. ფულიც თან წაიღო და უკვალოდ გაქრა. ვიოლეტა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა. ამირან ჭელიძე კი პარტიიდან გარიცხეს, სამსახური დაატოვებინეს, მთელი ქონება გააყიდვინეს და ვალი გადაახდევინეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული