კრიმინალური ისტორიები

რა დანაშაულს სჩადიოდნენ თბილისის მილიციის სამმართველოს ეპოლეტებიანი „მაქციები“

№40

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 13.10, 2022 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ამ ისტორიის ყველა მონაწილის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

ივლიტა

ივლიტა ქოქრაშვილი, ეგრეთ წოდებული, მილიციის „ნასედკა“ იყო და პოდპოლკოვნიკ არნო რუბაევის მითითებით მოქმედებდა. რუბაევი თბილისის მილიციის სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებროს („უგროზისკი“) ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. ის პიროვნული სიბინძურით გამოირჩეოდა და ნებისმიერ საზიზღრობაზე იყო ხელის მომწერი, ამიტომ მასთან ურთიერთობას მისი კოლეგებიც კი გაურბოდნენ.

რუბაევს სიგიჟემდე უყვარდა ფული და ამ „ხელის ჭუჭყის“ გამო საშინელ მანიაკსაც კი გაუშვებდა ქრთამის სანაცვლოდ და უდანაშაულო, მცირეწლოვან ბავშვსაც კი დაიჭერდა ფულის გამოძალვის გამო. პოდპოლკოვნიკს თავისი ჯგუფი ჰყავდა, სადაც მისნაირი ნაძირალები მუშაობდნენ და რუბაევის უბინძურეს დავალებებს ასრულებდნენ. მას ემსახურებოდნენ, ეგრეთ წოდებული, „ნასედკებიც“, რომლებიც ასევე, ფულის გამოძალვის მიზნით, ყოვლად უდანაშაულო ადამიანების „გაფუჭებაზე“ სპეციალიზდებოდნენ (აკრძალული ნივთების ჩადება, ცრუმოწმეობა და სხვა ამდაგვარი პროვოკაციები). რუბაევის გამორჩეული „ნასედკა“ ივლიტა ქოქრაშვილი იყო. ეს ქალი, ძირითადად, „ჩადებებს“ ახორციელებდა. სქემა ძალიან მარტივი იყო – ივლიტა ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩისა და რუსთაველის გამზირის კვეთაზე, ოპერის მოპირდაპირედ გააჩერებდა ტაქსს ან სხვა კერძო ავტომობილს და მძღოლს ჭონქაძის ქუჩაზე წაყვანას სთხოვდა. მგზავრობის დროს კი მანქანის პატრონს სავარძლის ქვეშ ნარკოტიკიან პაკეტს ჩაუდებდა. თავად ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში ჩამოვიდოდა. ხოლო „ფაქტიან“ მანქანას ასიოდე მეტრის მოშორებით რუბაევის ჩასაფრებული „უგროზისკელები“ აჩერებდნენ. სალონს ჩხრეკდნენ, „ფაქტს“ პოულობდნენ და მძღოლს ფულს სძალავდნენ. ივლიტა რუბაევის „ნაშაც“ იყო, არნო მას წილსაც უხდიდა და მათი ეს ბინძური ბიზნესი ყვაოდა. ივლიტა წარმოშობით ერთ-ერთი რაიონის სოფლიდან იყო. ახალდაქორწინებულს ქმარმა საყვარელთან შეუსწრო და კაცი საწოლშივე ჩააკლა. ივლიტამ კი გაქცევით უშველა თავს. მკვლელს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ის გულის შეტევით გარდაიცვალა. ივლიტა არა მარტო სოფელმა, საკუთარმა ოჯახმაც უარყო. ქალი თბილისში ჩავიდა. მეძავობას მიჰყო ხელი და რუბაევმა იქ მიაგნო მას. საყვარლადაც დაისვა და „ნასედკობაც“ დააწყებინა.

ჩაშლილი ოპერაცია

1970 წლის მაისის ერთ საღამოს ივლიტამ ჩვეული პოზიცია დაიკავა. მთაწმინდისკენ მიმავალი ცარიელი ტაქსი გააჩერა და ჭონქაძის ქუჩაზე წაყვანა სთხოვა. 50 მეტრით ზემოთ, ტაქსი რესპექტაბელურმა ახალგაზრდა კაცმა გააჩერა, რომელსაც ტყავის ჩანთა ეკავა და ვაკეში გამგზავრება ითხოვა.

– ქალბატონი ჭონქაძის ქუჩაზე ავიყვანოთ და შემდგომ ვაკეში წაგიყვანთ, თუ, რა თქმა უნდა, მანდლოსანი წინააღმდეგი არ იქნება, – თქვა ტაქსისტმა.

ივლიტამ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია. ტყავისჩანთიანი უკანა სავარძელზე მოთავსდა და მანქანა ადგილიდან დაიძრა. ივლიტა სკვერთან ჩამოვიდა და წავიდა. მძღოლმა კი ტაქსი ვაკის მიმართულებით მიაბრუნა, მაგრამ მას რუბაევის ხალხი გადაუდგა წინ მანქანით. ტაქსიში მსხდომებს პისტოლეტები მიუშვირეს, მანქანა და მგზავრი გაჩხრიკეს და ნარკოტიკების პაკეტის გარდა მგზავრის ჩანთიდან ასმანეთიანების დასტა და მცირეფორმატიანი ფოტოფირები ამოიღეს. ახალგაზრდა კაცმა მილიციელებს უთხრა, რომ სასწრაფოდ გაეშვათ, რადგან ის ორგანოს თანამშრომელი იყო. თუმცა მას დასცინეს. ამის მერე, ახალგაზრდამ ორი მილიციელი ყბაში მუშტის დარტყმით ძირს დასცა და გაქცევა სცადა. თუმცა მას თავში პისტოლეტის ტარი ჩაარტყეს და თვიანთ მანქანაში გათიშული ჩააგდეს. ტაქსისტს კი დაემუქრნენ – თუ სიტყვას დაძრავ, მოგკლავთო და გაუშვეს. ახალგაზრდა კაცი კი ფუნიკულიორის მიმდებარე ტყეში დააგდეს და მილიციის სამმართველოში გახარებულები წავიდნენ. უცნობ მამაკაცს 20 ათასი მანეთი აღმოაჩნდა, 10 ათასი მანეთი გაიყვეს, 10 ათასი კი რუბაევს მიუტანეს, დანარჩენი ნივთები და ტყავის ჩანთა კი მტკვარში გადაყარეს. მილიციელები დარწმუნებული იყვნენ, რომ „ცეხავიკი“ გაძარცვეს და რომ ის ხმას არ ამოიღებდა, თანაც იმის იმედი ჰქონდათ, რომ სიბნელის გამო მათ არც ტაქსისტი ამოიცნობდა და ვერც გაძარცული.

„ცეხავიკი“ „კაგებეს“ ოპერთანამშრომლის ძმა აღმოჩნდა. ეპოლეტებიან ბოროტმოქმედებს კონტრდაზვერვამ რამდენიმე საათში მიაგნო. ამაში მათ ტაქსისტიც დაეხმარა, რომელიც ვარაუდით მიხვდა, თუ ვინ იყო გაძარცული და მომხდარის შესახებ კომიტეტის მისაღების მორიგეს მოუყვა. რუბაევი და მისი „მაქციები“ დახურულ პროცესზე გაასამართლეს, თითოეულს 15-15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ციმბირში, უშიშროების სპეცციხეში უკრეს თავი, საიდანაც ცოცხალი არ დაბრუნებულან. ივლიტასაც 15 წელი მიუსაჯეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი