კრიმინალური ისტორიები

რა ჩახლართული კომბინაციით დააღწია თავი უშიშროების კლანჭებს თბილისელმა ქურდმა

№47

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 30.11, 2023 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

„ვერბოვკა“

1923 წელს თბილისში დაბადებული, მამით რუსი და დედით ქართველი (გოცირიძე) ფროლ კუზმინი, მეტსახელად – „კუზია“, კრიმინალური ავტორიტეტი, ცნობილი „დომუშნიკი“ (ბინის ქურდი) იყო. მას მშობლები 1937 წელს დაუხვრიტეს. უდედმამო ბავშვთა სახლში იყო გაზრდილი და საპყრობილეებში 15 წელი ჰქონოდა გატარებული. 1970 წელს „კუზია“ მეოთხედ დააპატიმრეს მოსკოვში და ბუტირკის ციხეში 5 წლით განათავსეს. ის 47 წლის იყო და მართალია, „შავ სამყაროში“ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, მაგრამ ჯანმრთელობა საკმაოდ შერყეული ჰქონდა. ტუბერკულოზი ეწყებოდა და პატიმრობას შესაძლოა, მისთვის ბოლო მოეღო. პატიმრობიდან 2 კვირის შემდეგ „კუზიას“ კონტრდაზვერვის მაიორი სტეფან რიბკინი ეწვია და სპეციალურ ოთახში პირისპირ უთხრა:

– თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ვიცი და ისიც, რომ 5 წელი ციხეში ვერ გაძლებთ. პროგრესირებადი ტუბერკულოზით, მაქსიმუმ, 15 თვე „გაქაჩოთ“ თანაც წამლების გარეშე. ჩვენ თქვენი დახმარება გვჭირდება. სამაგიეროდ, გიმკურნალებთ. წამლებით მოგამარაგებთ და როგორც კი დავალებას შეასრულებთ, ციხიდანაც გამოგიყვანთ. ასე რომ, თქვენი სიცოცხლე თქვენს ხელთაა.

– რა უნდა გავაკეთო? – იკითხა „კუზიამ“.

– სანდო წყაროდან ინფორმაცია მივიღეთ, რომ ურალის 13 ზონაში იმყოფება პატიმარი, ახალგაზრდა კაცი, რომელიც უცხოური დაზვერვის დავალებას ასრულებს. მხოლოდ ის ვიცით, რომ ამ კაცმა ქურდის ტიტული უნდა მიიღოს. „სროკი“ მოიხადოს და შემდგომ, როცა გათავისუფლდება, მნიშვნელოვანი დავალება შეასრულოს. თქვენ იმ კაცის პოვნაში უნდა დაგვეხმაროთ და ჩვენ კი ჩვენს სიტყვას შევასრულებთ. თანახმა ხართ? – ჰკითხა რიბკინმა.

– ანუ, ბოზობას მთავაზობთ? – თქვა „კუზიამ“.

– სამშობლოს სამსახურს. თუმცა, თქვენი გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევით. გიმეორებთ, თქვენი სიცოცხლე თქვენს ხელთაა, – უთხრა რიბკინმა.

„კუზიამ“ მხრები აიჩეჩა და მიუგო:

– როგორც ვხვდები, აქედან ¹13 ზონაში გადამიყვანთ. იქ კი ქურდის ტიტულის უამრავი ახალგაზრდა მაძიებელია და მათ შორის ჯაშუშის აღმოჩენა რთული იქნება. სხვათა შორის, მეც იმ ზონაში გავხდი ქურდი. ამ საქმეს დიდი ძალისხმევა დასჭირდება.

– უნდა ეცადოთ, კუზმინ. სხვა გზა არაა და აქვე გამეცით პასუხი, – თქვა მაიორმა. კუზმინმა კი უთხრა:

– თანახმა ვარ. დაგეხმარებით.

ორი დღის შემდეგ „კუზია“ უკვე 13 „შავ ზონაში“ ჩაასახლეს და ქურდული ელიტა მას პატივისცემით შეხვდა. 2 კვირაც არ იყო გასული, რომ „კუზიას“ ზონის „ობშჩიაკი“ ჩააბარეს.

„ვერბოვკის“ მცდელობა

¹13 ზონის უფროსი პოლკოვნიკი კანდაუროვი იყო. „კუზიას“ ძველი ნაცნობი, რომელიც კუზმინს გამწარებული ჰყავდა და მის რისხვას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ „სროკი“ დაუმთავრდა. ოპერაცია რომ არ ჩაეშალა, პრევენციის მიზნით, კანდაუროვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მის ადგილზე „კაგებეს“ კადრი დანიშნეს, რომელსაც კუზმინის ლობირება ჰქონდა დავალებული.

გაქცევა

„კუზიას“ პირობა შეუსრულეს და ზონაში ისეთი წამლებით უმკურნალეს, რომ ტუბერკულოზისგან სრულიად განიკურნა. ამ პერიოდში კი „კუზია“ ჯაშუშს ეძებდა. პატიმრობის 7 თვის განმავლობაში მან 4 ახალგაზრდა აკურთხა ქურდად. ხოლო, მერვე თვე რომ მიილია, კუზმინმა მაიორი რიბკინი იხმო, რომელიც ზონაში ჩავიდა და პირისპირ საუბრისას „კუზიამ“ მას უთხრა:

– ჩემი ღრმა რწმენით, თქვენ მიერ ძებნილი ჯაშუში ვიქტორ კრავენკოა. ის მე ამ 2 კვირის წინ ვაკურთხე ქურდად და ვფიქრობ, რომ ოპერაცია უნდა გაგრძელდეს, ანუ ჩემი მონაწილეობა აუცილებელია.

– ეგ როგორ? რატომ ფიქრობთ მასე? – ჰკითხა მაიორმა.

– იმიტომ, მაიორო, რომ კრავენკოს ჩემი „ვერბოვკა“ უნდა. ასეთი რამ არ მეშლება. ვფიქრობ, რომ უნდა თავის საქმიანობაში გამომიყენოს. მითხრა: ერთი თვის შემდეგ გავდივარ, წინ დიდი გეგმები მაქვს. შენზე საიმედო კაცს სად ვიპოვი და თუ გაქცევას მოახერხებ და ჩამოხვალ, მაშინ ერთ დიდ საქმეს გავაკეთებთ. შემდეგ კი საზღვარგარეთ დიდი ფულით გავალთ და მეფეებივით ვიცხოვრებთო. ხვდები, რა შემომიგდო? – გაეცინა „კუზიას“

– კი. ვხვდები. თავად ოფიციალურად გათავისუფლდება და სუფთაა. გაქცეულს კი უფრო იოლად დააბამს. კეთილი. ერთი თვე მოვიცადოთ და კრავენკო გავიდეს. შენ კი მას 2 კვირაში უკან მიჰყვები. მასთან ჩახვალ და ვნახოთ, რა დიდი გეგმები აქვსო, – თქვა რიბკინმა.

ერთი თვის შემდეგ 30 წლის კრავენკომ საპყრობილე დატოვა და მოსკოვში გაემგზავრა. ის „კაგებეს“ მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. 2 კვირის შემდეგ კრავენკოს „გაქცეული“ „კუზიაც“ შეუერთდა. ჯაშუშის კურატორობა გადაიბარა და ქუჩის ტელეფონის მეშვეობით, კონტრდაზვერვის ოფიცერთან ყოველდღიური კავშირი ჰქონდა. თუმცა, ამ ამბიდან 12 დღის შემდეგ „კუზია“ კონტრდაზვერვასთან კავშირზე აღარ გავიდა. თვალთვალის სამსახურმა კი კრავენკოს ბინა დაათვალიერა. იქ არავინ აღმოჩნდა და ატყდა განგაში. მთელი „კაგებე“ ფეხზე დადგა და გაუჩინარებულებს ყველგან ეძებდნენ. თუმცა კრავენკო და „კუზია“ უკვე სამშვიდობოზე იყვნენ. სანამ „კაგებე“ განგაშს ატეხდა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მანქანით ორივე გაქცეული თვითმფრინავში შეიყვანეს, ისარგებლეს რა დიპლომატიური „ტვირთის“ ხელშეუხებლობით და როცა მათი ძებნა დაიწყო, ორივე უკვე სტამბოლში იყო.

როგორც აღმოჩნდა, „კუზიამ“ მართლა გაშიფრა ჯაშუში. თუმცა, მას ყველაფერი გაუმხილა და იმ საბაბით, რომ ადრე თუ გვიან, მაინც დააპატიმრებდნენ, საზღვარგარეთ გაქცევა შესთავაზა, რაზეც კრავენკო დაეთანხმა.

კუზმინი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1999 წელს გარდაიცვალა 76 წლის ასაკში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული