კრიმინალური ისტორიები

რა არაქურდული საქციელი ჩაიდინა ცნობილმა ქურდმა

№16

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 27.04, 2023 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

სატელეფონო ზარი

62 წლის ვამეხ კახიანი „მედვეჟადნიკი“ იყო და კანონიერი ქურდის სტატუსს ფლობდა. „შავ სამყაროში“ მას „ზეინკალს“ უწოდებდნენ. კახიანი უაღრესად წონიან ქურდად მიიჩნეოდა და რომ იტყვიან, კოლეგებში მის სიტყვას „კანონის ძალა“ ჰქონდა. ვამეხმა საპყრობილეებში 19 წელი გაატარა და „მედვეჟატნიკის“ პროფესია ოდესელი უფროსი კოლეგისგან, „ადმირალ ნელსონისგან“ ჰქონდა ათვისებული. „ზეინკალი“ მესამე „სროკიდან“ 1967 წელს გათავისუფლდა და თბილისში ოჯახს დაუბრუნდა. მას მეუღლე, ვაჟი, რძალი და შვილიშვილი ჰყავდა. ერთ დღეს „ზეინკლის“ ბინაში ტელეფონმა დარეკა და მამაკაცის ბოხმა ხმამ უთხრა:

– შენი ერთადერთი შვილიშვილი ჩემთანაა და თუკი არ შეასრულებ იმას, რაც წერილში წერია, შენს სეხნია ვამეხს ცოცხალს ვეღარასოდეს იხილავ. წერილი შენი ბინის ფოსტის ყუთშია და ახლავე წაიკითხე.

გულგახეთქილმა „ზეინკალმა“ წერილი ამოიღო, რომელშიც ეწერა – „ლენინის მოედანზე რომ საიუველირო მაღაზიაა, 3 დღის მერე უნდა გაძარცვო და „კუში“ შეინახო. დაგირეკავთ“.

პატარა, 4 წლის ვამეხი უცნობმა ბაღიდან გაიტაცა.

ძარცვა

„ზეინკალი“ იმავე დღეს მოსკოვში გადაფრინდა და ორი დღის მერე საქართველოს დედაქალაქში „პაძელნიკებთან“ ერთად დაბრუნდა. წერილში აღნიშნულ ღამეს კი კახიანი და მისი 3 თანამზრახველი ლენინის მოედნისა და კიროვის ქუჩის კუთხეში მდებარე ცნობილ საიუველირო მაღაზიაში შევიდნენ. მანამდე კი სიგნალიზაცია გათიშეს როგორც გარე პერიმეტრზე, ასევე მაღაზიაშიც. „ზეინკალმა“ ჩვეული ოსტატობით გახსნა ორი უზარმაზარი სეიფი და იქიდან 140 ათასი მანეთის ძვირფასი სამკაული გაიტაცა. მაღაზიის დირექტორმა რომ დილით სეიფები გახსნა და ისინი ცარიელი იხილა, გულის შეტევა დაემართა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე თბილისის მილიციისა და პროკურატურის ყველა მაღალჩინოსანი მივიდა. ექსპერტ-კრიმინალისტები მოკვლევას აწარმოებდნენ, მაგრამ ხელჩასაჭიდი ვერაფერი აღმოაჩინეს. ვერც ძაღლი გავიდა კვალზე. იქვე იმყოფებოდა იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძეც და ხელქვეითებს მან ამ საქმის სასწრაფოდ გახსნისკენ მოუწოდა. მილიცია, პირველ რიგში, „ზეინკალს“ ესტუმრა და მილიციაში წაიყვანეს. თუმცა სამხილების უქონლობის გამო იძულებული გახდნენ, სახლში გაეშვათ.

გამტაცებლები

140 ათასი მანეთი იმ პერიოდში კოლოსალური თანხა იყო და მილიცია ინტენსიურად მუშაობდა ამ საქმეზე, თუმცა შედეგი ნულის ტოლი იყო. ერთი კვირის მერე, როდესაც ვნებები ოდნავ ჩაცხრა, „ზეინკალს“ ისევ იმ უცნობმა დაურეკა და უთხრა, რომ მორიგი წერილი პურის მაღაზიის გვერდით მდგომი სატელეფონო ჯიხურის კაბინეტში, ტელეფონის უკან იყო დამალული და აუცილებლად უნდა წაეკითხა. ვამეხმა წერილი ამოიღო, რომელშიც ეწერა: „დღეს, საღამოს 8 საათზე მუშტაიდის პარკის უკან, სანაპიროსთან ჩანთით მოიტან ნაძარცვ ნივთებს, იქვე მდგომ ნაგვის ურნაში ჩადებ და უკანმოუხედავად წახვალ. თუ ყველაფერი კარგად იქნება, არც კუდი გამოჩნდება და ძვირფასეულობაც ადგილზე აღმოჩნდება, შენს შვილიშვილს შუაღამემდე დაგიბრუნებთ“. „ზეინკალმა“ ზუსტად შეასრულა წერილში მითითებული პირობა და მართლაც, შუაღამეზე „ბოხმა ხმამ“ ისევ დარეკა და კახიანს უთხრა:

– შენი შვილიშვილი ვაკის პარკის შესასვლელთანაა და წაიყვანეო.

დედ-მამამ და ბებიამ პატარა ვამეხი რომ სახლში დააბრუნეს („ზეინკალი“ სახლში დარჩა), „ზეინკალმა“ ჯერ ერთადერთი სეხნია შვილიშვილი ჩაიკრა გულში და ბევრი ეფერა. შემდეგ ტელეფონზე დარეკა და თქვა:

– „ზეინკალი“ ვარ. ყველაფერი რიგზეა და შეგიძლიათ, იმოქმედოთ!

ამ ზარიდან 20 წუთში „მურის“ (მოსკოვი სისხლის სამართლის სამძებრო) სპეციალურმა ოპერატიულმა ჯგუფმა პლეხანოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ სახლში და-ძმა ალისა და რომან ბანძელაძეები აიყვანეს და მათ ბინაში საიუველირო მაღაზიიდან გატაცებული ძვირფასეულობა აღმოაჩინეს. ჩანთაში იმ პერიოდის „ახალი ხილი“, რადიოშუქურა იყო მიმაგრებული, რომელიც ზუსტ კოორდინატებს აფიქსირებდა. ძარცვა კი „ზეინკალმა“ „მურელი“ ოპერების დახმარებით განახორციელა და ადგილობრივი მილიცია საქმის კურსში არ იყო. ვამეხ კახიანი მოსკოვში იმიტომ ჩაფრინდა, რომ „მურისთვის“ ეთხოვა დახმარება და მოქმედებები მათთან შეეთანხმებინა. და-ძმა ბანძელაძეები საიუველირო ქსელის მუშაკები იყვნენ. მათ იცოდნენ თუ სად, როდის და რა რაოდენობის ძვირფასეულობა შედიოდა და დანაშაული „ზეინკალს“ შეასრულებინეს. თან, ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ კანონიერი ქურდი მათ „ჩაუშვებდა“.

შვილიშვილი რომ დაიბრუნა, „ზეინკალმა“ ერთ კვირაში ქურდული „სხოდკა“ შეკრიბა და თავის ტიტულზე ნებაყოფლობით თქვა უარი.

– ჩაშვება ჩაშვებაა, გინდ პატიოსანი კაცი ჩაუშვი და გინდა, „ბოზი“. ამიტომ, არაქურდული საქციელი ჩავიდინე და ამ წოდებას არ ვიმსახურებო.

ქურდებმა დააკმაყოფილეს კოლეგის სურვილი. თუმცა, მისთვის ამ საქციელის გამო პასუხი არასდროს მოუთხოვიათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა