კრიმინალური ისტორიები

რა აფერა განახორციელა საქვეყნოდ ცნობილმა სცენარისტმა

№14

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 17.04

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

სცენარისტი

ბონდო პატარაია წარმოშობით საქართველოს ერთ-ერთი რაიონის მკვიდრი იყო და პატარაობიდანვე გამოავლინა მრავალმხრივი ნიჭი. ის ძალიან საზრიანი, გონებამახვილი ბავშვი იყო და უსაზღვრო ფანტაზია ჰქონდა. ბონდოს ნიჭით აღფრთოვანებული იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ბავშვი განსაკუთრებულად კარგად წერდა თავისუფალ თემას და განსაცვიფრებელ სიუჟეტებს თხზავდა. მასწავლებელი დარწმუნებული იყო, რომ ბონდო დიდი მწერალი გამოვიდოდა. თითქმის გამოიცნო კიდეც, რადგან ბონდომ პირველივე წელს წარმატებით ჩააბარა გამოცდები მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში და სასცენარო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. მაშინ პატარაია 17 წლის იყო – ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტი ამ სასწავლებლის ისტორიაში და დღემდე ეს სტატისტიკა არ შეცვლილა. ბონდომ რამდენიმე სცენარი დაწერა სტუდენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმებისთვის და სპეციალისტთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ცნობილი კინორეჟისორი სერგეი გერასიმოვი კი პირადად კურატორობდა ახალგაზრდა ქართველ სცენარისტს და დარწმუნებული იყო, რომ ის მთელ მსოფლიოში გაითქვამდა სახელს.

„ჰოლივუდში“

გაგანია „ცივი ომის“ პერიოდში ბონდო, როგორც ნიჭიერი სცენარისტი, 6 თვით „ჰოლივუდში“ გაგზავნეს პრაქტიკაზე. პატარაიამ ამერიკაშიც დიდი მოწონება დაიმსახურა და რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმ-რეკლამის სცენარი დაწერა. ორი ცნობილი ფილმის (სახელწოდებას შეგნებულად არ ვასახელებ) თანასცენარისტიც იყო. 6 თვის განმავლობაში ბონდო პატარაიამ „ჰოლივუდში“ 180 ათასი დოლარი გამოიმუშავა. წესით, ეს თანხა მას საბჭოთა კავშირის კინემატოგრაფიის ანგარიშზე უნდა ჩაერიცხა. ბონდო კი „ჰოლივუდის“ ერთ-ერთი სტუდიის ბუღალტერს მოელაპარაკა და საელჩოს ანგარიშზე 30 ათასი ჩაარიცხინა. 10 ათასი მას აჩუქა, 140 ათასი დოლარი კი შუაზე გაუყო „კაგებეს“ კურატორს, რომ მას ბონდო არ დაებეზღებინა. „ჰოლივუდის“ სტუდიის ბუღალტერი წარმოშობით ოდესელი ებრაელი კოსტია შულმანი იყო და პატარაიამ მასთან ამიტომ გამონახა საერთო ენა. ბონდომ და „კაგებეს“ კურატორმა შეერთებულ შტატებში ზღაპრული დრო გაატარეს, რადგან დიდ თანხას ფლობდნენ, არაფერს იკლებდნენ. გართობა-გართობაში ბონდომ 20 ათასი დოლარი ლას-ვეგასის კაზინოში წააგო, მაგრამ არ უდარდია. სამშობლოში კმაყოფილი დაბრუნდა და „კაგებეს“ კურატორმა მასზე უმაღლესი კატეგორიის დადებითი დახასიათება დაწერა. საუკეთესო რეკომენდაციები გამოატანეს ბონდოს „ჰოლივუდიდანაც“ და „მოსფილმმა“ ქართველი სცენარისტი ოქროს საათით დააჯილდოვა. ბონდო პატარაიამ ამერიკაში ბევრი გავლენიანი ნაცნობი გაიჩინა, სამშობლოში კი, საერთოდ, უამრავი სარფიანი წინადადება ჰქონდა ცნობილი რეჟისორებისგან. ბონდო ათეულობით ცნობილი საბჭოთა ფილმის სცენარისტი და თანასცენარისტია. შესაბამისად, არაერთი უმაღლესი ჯილდოს მფლობელი და ნიშანდობლივია, რომ ქართველი სცენარისტი ფსევდონიმით წერდა და კინოსამყარო მას ამ სახელით იცნობს.

მილიონიანი აფერა

გაგანია „პერესტროიკა“ მიმდინარეობდა და საბჭოთა კავშირი დაშლის პირას იყო. კინოსამყაროში უკვე ნაყარ-ნუყარი ფილმების ზღვა პროდუქცია იქმნებოდა. ბონდოს რჩეული რეჟისორების დიდი ნაწილი ცოცხალი აღარ იყო. ახალგაზრდები კი მას არ იწვევდნენ. ამიტომ, კარგ ცხოვრებას მიჩვეულმა ბონდო პატარაიამ კიდევ ერთი კომბინაცია დაატრიალა: მან ორსაათიანი ფილმის სცენარი დაწერა და „მოსფილმის“ სახელით „ჰოლივუდში“ ჩაიტანა. ერთ-ერთი სტუდიის მესვეურნი დაარწმუნა, რომ „მოსფილმს“ თანადაფინანსებით სურდა ერთობლივი ფილმის გადაღება. სცენარი ძალიან მოეწონათ. თუმცა, საქმე ის იყო, რომ იმ პერიოდისთვის გაღატაკებულ „მოსფილმს“ კაპიკის გადახდაც კი არ შეეძლო. ბონდო პატარაიამ „მოსფილმის“ ბლანკებით ისარგებლა და თავისი გავლენის წყალობით; ერთ-ერთ ანგარიშზე „ჰოლივუდის“ სტუდიას მილიონი დოლარი ჩაარიცხინა, ვითომდა საბჭოთა მსახიობების ქასტინგისა და „პატარ-პატარა“ ჰონორარებისთვის. რეალურად კი, ამერიკული ბანკიდან მთელი ეს თანხა თავად გამოიტანა და რიო-დე-ჟანეიროში გაემგზავრა, სადაც საკმაოდ იაფად პატარა რანჩო შეიძინა. როდესაც აფერის ამბავი გაირკვა, ბონდო „ეფბეერმა“ მოძებნა. დააპატიმრა და ნიუ-იორკში ჩაიყვანეს. მას შესთავაზეს, მითვისებული თანხა დაებრუნებინა და 200 ათასი დოლარიც გადაეხადა, რომ ციხიდან გამოეშვათ. თუმცა, ბონდოს ამდენი ფული არ ჰქონდა, ამიტომ ციხეში მას საკმაოდ დიდი დრო უნდა გაეტარებინა. თუმცა, სულ რაღაც, ერთ კვირაში ერთმა, ძალიან ცნობილმა „ჰოლივუდელმა“ პროდიუსერმა ბონდო პატარაია ციხიდან დაიხსნა. მილიონ 200 ათასი დოლარი გადაიხადა და პატარაია გაათავისუფლეს. პატივისცემასთან ერთად, პროდიუსერს ბიზნესინტერესიც ამოძრავებდა – ბონდო მან თავის კინოსტუდიაში წაიყვანა და ქართველმა სცენარისტმა ამერიკულ ყაიდაზე შეცვლილი ფსევდონიმით დაიწყო მასთან თანამშრომლობა. პატარაიას ორმა სცენარმა „ოსკარი“ მოიპოვა. ბონდომ ამერიკაში ახალი ცხოვრება დაიწყო. საკმაოდ დიდ ასაკში ცოლიც მოიყვანა და ორი შვილიც შეეძინა. ბონდო პატარაია დღესაც ცოცხალია, საკმაოდ ხანდაზმულია, მაგრამ მუშაობას კვლავ აქტიურად განაგრძობს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა