კრიმინალური ისტორიები

ადამიანის ორგანოებით ვაჭრობისთვის გასამართლებული ბოროტმოქმედები პატიმრებმა ბანაკში ჩამოახრჩვეს

№39

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 07.10

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი გმირის სახელი შეცვლილია და მასთან ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

მარინადის ქილა

1973 წლის 27 აპრილს ბრესტის საბაჟოზე პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე, 41 წლის იანოშ ბარიშევსკი დააკავეს. ის ტურისტული ვიზით იმყოფებოდა საბჭოთა კავშირში და ქვეყანაში 6 აპრილს შევიდა. სამკვირიანი ვოიაჟის მერე კი „შკოდას“ მარკის პირადი ავტომობილით სამშობლოში ბრუნდებოდა. ბარიშევსკის ავტომობილის საბარგულში მარინადებით სავსე ყუთი ჰქონდა მოთავსებული. მოზრდილ ყუთში 12 ცალი 3-3 ლიტრიანი მარინადიანი ქილა ელაგა. საზღვარგარეთელ ტურისტებში ძალიან პოპულარული იყო საბჭოთა მარინადები. ეს პროდუქცია დიდი რაოდენობით გაჰქონდათ და მებაჟეები მიჩვეული იყვნენ. ისინი ზერელედ ათვალიერებდნენ ყუთებს და უშვებდნენ. ბარიშევსკის კი ელექტროსენსორებით შეუმოწმეს ყუთი და დააკავეს. საქმე ის იყო, რომ 20 აპრილს საბაჟოზე ახალი მოწყობილობები დაამონტაჟეს და ყველაფერს უკვე ელექტრონულად ამოწმებდნენ. ბარიშევსკის დაკავების მიზეზი კი ის გახდა, რომ კიტრის მარინადის ერთ-ერთ ქილაში ტრანსპლანტაციისთვის გამზადებული ადამიანის თირკმელი აღმოჩნდა.

შუამავალი

მებაჟეებმა ამ შემთხვევის შესახებ „კაგებეს“ შეატყობინეს. ადგილზე მისულმა ოპერატიულმა ჯგუფმა 41 წლის იანოშ ბარიშევსკი „კაგებეს“ ადგილობრივ განყოფილებაში გადაიყვანეს და პოლონეთის საელჩოს თანამშრომლის გარეშე დაჰკითხეს. ბარიშევსკი პროფესიით ექიმი იყო და საბჭოთა კავშირში ყოველწლიურად ჩადიოდა. ეს მისი მეხუთე ვოიაჟი იყო. თავდაპირველად პოლონელი ექიმი უარყოფდა და ამბობდა, თირკმლიანი ქილა ჩემი არააო. თუმცა, ფიზიკური ზეწოლის შემდეგ, აღიარა – თირკმელში 10 ათასი მანეთი გადავიხადე, ფული ვინმე არტამონოვს ჩავუთვალე და თირკმელიც მისგან მივიღეო. ბარიშევსკის თქმით, თირკმელი ვარშავაში უნდა ჩაეტანა და მასში 30 ათას დოლარს მიიღებდა. პოლონელმა იმ ადამიანის ვინაობაც დაასახელა, ვინც მას ვალუტას გადაუხდიდა. თუმცა „კაგებეს“ უფრო არტამონოვი აინტერესებდა და პოლონელს რომ უფრო „მოუჭირეს“, გაირკვა, რომ ფიოდორ არტამონოვი 45 წლის ექიმი იყო და მოსკოვში ცხოვროდა. ბარიშევსკის თქმით, მათ ერთმანეთი ვარშავაში გაიცნეს და არტამონოვს, სწორედ, ბარიშევსკიმ შესთავაზა ტრანსპლანტაციის მასალებზე მუშაობა. მათი ურთიერთობა უკვე 5 წელი გრძელდებოდა და ამ ხნის განმავლობაში ბარიშევსკის არტამონოვისგან 3 სატრანსპლანტაციო ორგანო ჰქონდა მიღებული. „კაგებეში“ ივარაუდეს, რომ არტამონოვი ამ საშინელ ბიზნესში შუამალის როლს ასრულებდა და გადაწყდა, რომ მისი მეშვეობით უშუალო შემსრულებლებზე გასულიყვნენ.

ტრანსპლანტატორები

ფიოდორ არტამონოვს „კუდზე“ „კაგებეს“ ცენტრალური აპარატის ოპერატიული ჯგუფი დააჯდა, თუმცა 10 დღე უშედეგოდ უთვალთვალეს. მეთერთმეტე დღეს კი, ფაქტობრივად, გაიტაცეს – თავზე შავი ტომარა ჩამოაცვეს და „ლუბიანკის“ ციხის საკანში მოხსნეს. არტამონოვი, ისევე, როგორც ბარიშევსკი, თავდაპირველად ყველაფერს უარყოფდა. თუმცა, გარკვეული პროცედურების შემდეგ, 45 წლის ექიმმა გუდას პირი მოხსნა და ყველაფერი „დაფქვა“. როგორც გაირკვა, ტრანსპლანტატორთა დანაშაულებრივი სქემა ასე მოქმედებდა – მოდიოდა შეკვეთა ადამიანის სხვადასხვა ორგანოზე. შემდეგ არტამონოვი ამ შეკვეთას პერმის სასჯელაღსრულებითი სისტემის უფროსს, პოლკოვნიკ ანატოლი მირონენკოს აცნობდა. მირონენკო, კვალიფიციური ექიმ- ბოროტმოქმედთა მეშვეობით ჯერ ჯანმრთელ პატიმარს შეათვალიერებდა. შემდეგ მას სპეციალურ საოპერაციო ოთახში შეკვეთილ ორგანოს ამოაცლიდნენ. პატიმარს კი ტყეში, საგანგებოდ გათხრილ ღრმა საფლავში ჩამარხავდნენ. მას გაქცეულად გამოაცხადებდნენ და მასზე საკავშირო ძებნაზე გადასცემდნენ. პერმის ოლქში უამრავი კოლონია იყო და იქ ჯანმრთელი ორგანოს პოვნა და საქმის მიჩქმალვა სირთულეს არ წარმოადგენდა. „კაგებემ“ მირონენკო მისსავე კაბინეტში აიყვანა. დააპატიმრეს ექიმთა ოთხკაციანი ბანდაც და გამოძიებამ დაადგინა, რომ საერთო ჯამში, ბოროტმოქმედებს 17 ადამიანისთვის ჰქონდათ ამოცლილი ორგანოები. ისინი მოსკოვში გაასამართლეს და მირონენკოსა და ექიმთა ოთხეულს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. არტამონოვსა და ბარიშევსკის – 15–15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ გაირკვა თუ არა, რა დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს, ორივე კოლონიის პატიმრებმა ჩამოახრჩვეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

29 ნოემბერი- 5 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ნოდიკო ტატიშვილი

როგორ გადაურჩა ნოდიკო ტატიშვილი პარიზში დაპატიმრებ...