ჰოროსკოპი და შეუცნობელი

ვისგან მოდის გათვალვის, ანუ ენერგეტიკული შოკის საფრთხე და რა ნიშნებით ამოიცნობთ, რომ ბავშვი გათვალულია

№11

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 24.03, 2023 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

თუ ადამიანს მოულოდნელად ძილი მოერია, დაეწყო თავის ტკივილი და ენერგია გამოეცალა, ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ გათვალულიაო, - ასე ირწმუნებოდნენ ჩვენი წინაპრები და ასე გვიხსნიან დღესაც მაგიის მსახურნი თუ ეზოტერიკოსები... და მაინც რა სახის თავდასხმაა ეს ადამიანზე? ვინ არის „გამთვალავი“, რა სიტუაციაში ხდება ეს, რა შეიძლება დაემართოს „გათვალულს“, ან როგორ უნდა ავიცილოთ მისგან მომდინარე ზიანი, ამ ყველაფერზე გვესაუბრება ეზოტერიკოსი, ბატონი გივი კ.

- გათვალვა ენერგეტიკული დარტყმაა, შოკია, რომელიც ცუდი ენერგეტიკის ადამიანისგან მოდის. ცუდი გავლენა შეიძლება ერთმა უკეთურმა მზერამაც კი გამოიწვიოს - ტყუილად კი არაა დაკავშირებული მისი დასახელება თვალთან. ადამიანები ყოველდღიურად ეჯახებიან ამ მოვლენას, თუმცა უმრავლესობა ასეთი „ჯადოქრობისა“ სერიოზულ ზიანს არ იწვევს, მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც.

- გამიგია, რომ გათავალვის ნიშანია უეცარი თავის ტკივილი, ენერგიის დაკარგვა... მაინც როგორ უნდა გავიგოთ, რომ ადამიანი გათვალულია?

- საერთოდ, ეზოტერიკოსები ყველა იღბლიან და ლამაზ, ასევე ფულიან ადამიანებს აფრთხილებენ, რომ სწორედ ისინი არიან სხვისი ნეგატიური ენერგეტიკის სამიზნე. თუმცა იმასაც დასძენენ, რომ გათვალვა ინტერნეტის საშუალებით არ ხდება და ამ მეთოდით ვერავის ავნებენ... აი მაგალითად, ადექით დილით კარგ ხასიათზე, მიიღეთ შხაპი, გახალისდით, ყველაფერი კარგად არის თქვენს ცხოვრებაში. გახვედით გარეთ, ქუჩაში ვიღაცას შეხვდით: გამოელაპარაკეთ ან უბრალოდ, თქვენი მზერა შეხვდა ერთმანეთს... და უცებ ითენთებით, გერევათ ძილი, აგტკივდათ თავი, სადღაც გაქრა თქვენი ენერგია. თითქოს ვიღაცამ აიღო პულტი და მოულოდნელად „სხვაგან გადაგრთოთ“ - ესე იგი „თვალი გეცათ“. უკეთური თვალის ზემოქმედება შეიძლება გაგრძელდეს სხვადასხვანაირად: ზოგჯერ - მხოლოდ ერთ საათს, ზოგჯერ კი მთელი წელი გაიწელოს და თანდათანობით გაქრეს. ერთსაათიან გათვალვას გაუძლებ, მაგრამ, როცა დიდი ხნის განმავლობაში არ მიდის საქმე კარგად, თან გდევს უსამოვნებები, თავს ცუდად გრძნობ, მაშინ მასზე მუშაობაა საჭირო.

- როგორ უნდა დავიცვათ თავი ავი თვალისგან?

- ასეთი თავდასხმისგან დაცვის რამდენიმე ხერხი არსებობს: პირი დაიბანოთ ნაკურთხი წყლით, ან შეძლოთ მთელი ძალების მოკრება. პროფილაქტიკისთვის, შეგიძლიათ, ატაროთ თილისმა, ამულეტი. ეს შეიძლება იყოს ბროში, აღმოსავლეთში ატარებენ ლურჯ ქვას თვალით. ასევე, ძლიერი ენერგეტიკული საშუალებაა გათვალვის წინააღმდეგ შელოცვები.

- როგორ გავიგოთ, რომ ბავშვს „თვალი ეცა“?

- ყველაზე ხშირად მშობლები შფოთავენ ბავშვების გამო, არიდებენ უცხო თვალს, რათა ვინმეს უკეთურმა მზერამ მათზე ცუდად არ იმოქმედოს. ადრე ახალშობილს 40 დღის განმავლობაში არ აჩვენებდნენ სხვებს, თუმცა გამონაკლისს უშვებდნენ ახლობლებისა და ექიმებისთვის. მიაჩნდათ, რომ ჩვილი ბავშვი სუსტია და შეიძლება გაუაზრებელ გათვალვასაც დაექვემდებაროსო. განსაკუთრებით ყავისფერთვალება ადამიანებს უფრთხოდნენ. თანაც, როგორც ირკვევა, გათვალვა შეიძლება მოხდეს არა მხოლოდ ბოროტი, არამედ კეთილი სურვილებითაც. ასეთ მოვლენას „ჯადო-ქებად“ მოიხსენიებენ. ამიტომ, „ჯადოს თავიდან ასაცილებლად“ ბავშვის „გალანძღვა“ უწევდათ ხოლმე. რაც შეეხება იმას, როგორ უნდა გაარკვიოთ გათვალულია თუ არა ბავშვი, ამის ნიშნებია: ჩვეულზე ხშირი ტირილი; უმადობა; დაქვეითებული აქტიურობა; ჩვეულ ქმედებათა მიმართ ინტერესის დაკარგვა; ცუდი და მშფოთვარე ძილი; სიბნელის შიში; უეცარი გაფითრება; სუნთქვის გაძნელება; გონების დაკარგვა.

- რა საშუალებებს უნდა მიმართოს ამ დროს მშობელმა?

- მსგავს სიტუაციაში ჩვენი წინაპრები სხვადასხვა რიტუალს ატარებდნენ. მაგალითად, აღმოსავლეთის ზოგ ხალხში ბავშვის გათვალვის დასადგენად, პატარას თავის ირგვლივ ასანთის ღერს სამჯერ შემოუტარებდნენ, ანთებულ ღერს დააცდიდნენ, სანამ ბოლომდე არ ჩაიწვებოდა და ნამწვს ჭიქა წყალში აგდებდნენ. თუ დანახშირებული ასანთის ღერი წყალში ჩაიძირებოდა, ესე იგი, ჩვილი გათვალული იყო. ასანთის ნაცვლად შეეძლოთ, პირდაპირ ნახშირი გამოეყენებინათ, რომელსაც ასევე, წყალში აგდებდნენ და მისგან თუ წყლის ზედაპირს მუქი აპკი მოადგებოდა, ეს უცხოთაგან ბავშვის გათვალვის სიგნალი იყო, ხოლო ღია ფერის შემთხვევაში - გამთვალავი ოჯახის წევრებს შორის უნდა მოეძებნათ. ბოროტი თვალის ამოცნობის კიდევ ერთი მეთოდი კვერცხის გამოყენებით სრულდება. ამ რიტუალისთვის კვერცხი შავი დედლის დადებული უნდა იყოს, რომელსაც ღამით ჩვილს ბალიშის ქვეშ დაუდებთ. დილით კვერცხი გატეხეთ და თუ გულმა ცილაში გაჟონა, ეს ამტკიცებს, რომ ბავშვი გათვალულია. თუმცა, კვერცხის რიტუალის უფრო მარტივი მეთოდიც არსებობს: პირდაპირ წყლიან ჭიქაში ჩაახალეთ და დააკვირდით, როგორ წავა პროცესი - თუ გული მთლიანობას შეინარჩუნებს, ესე იგი, გათვალვა არ არის.

გარდა ამისა, ბოროტი თვალის ამოსაცნობად იყენებდნენ ფუტკრის ცვილს. გაადნეთ ცვილი თხევად მდგომარეობამდე და ბავშვის თავს ზემოთ გააჩერეთ, დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ ის აუცილებლად ჩაასხით სუფთაწყლიან ჭიქაში. თუ ცვილის ფიგურა გლუვი და ერთგვაროვანი გამოვა, ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ თუ ნაწილებად დაიშალა და წყალში გაიფრქვა - ბოროტი ძალის ზემოქმედება დასტურდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი