ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რისგან იცავს „მზის წნულის“ არეში დაბნეული ქინძისთავი მფლობელს და რატომ არის მთავარი, რომ ეს აქსესუარი სხეულს უშუალოდ ეხებოდეს ან ძალიან ახლოს იყოს მასთან

№35

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 11.09

შეუცნობელი
დაკოპირებულია

ალბათ, ერთხელ მაინც მოგიკრავთ თვალი ბებიის, დედის ან მეგობრის ტანსაცმელზე, შეუმჩნევლად მიმაგრებული პატარა ქინძისთავისთვის და გაგჩენიათ კითხვა: „რატომ?“ - იმიტომ, რომ სამოსის შიდა მხარეს ქინძისთავის ტარება უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პრაქტიკაა უარყოფითი ენერგიის გავლენისგან თავდასაცავად, თანაც, მარტივი, იაფი და წარმოუდგენლად ძლიერი. თუ სამოსის რომელ ზონაში უნდა დაიმაგროთ, თანაც შეუმჩნევლად: რატომაა უმჯობესი ვერცხლის ქინძისთავი და როგორ მუშაობს ეს პატარა თილისმა მფლობელის დასაცავად, თემაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნინო ც.

- ისეთი რა ძალა აქვს ამ პაწაწინა ნივთს, რომ შეუძლია ადამიანი შურის, ბოროტი თვალის გავლენისგან და თვით ჯოჯოხეთისგანაც კი იხსნას?

- ავი თვალი არსებითად ენერგეტიკული დარტყმაა: შურიანმა მზერამ, ბოროტმა სიტყვამ, უცხო ადამიანის ძლიერმა ემოციამაც კი, შეიძლება კვალი დატოვოს თქვენს ბიოველზე. ჩვენმა წინაპრებმა ამისგან თავდასაცავად სარკისებური ზედაპირი გამოიყენეს, რომელიც ნეგატივს აირეკლავს. ამ შემთხვევაში ლითონის ქინძისთავი (განსაკუთრებით ვერცხლის ან უბრალოდ, უჟანგავი ფოლადის) მინიატურული სარკის როლს ასრულებს. თუ მას თავდაყირა, შეკრულ მდგომარეობაში ატარებთ, უცხო ენერგიას „ჩაკეტავს“ და თქვენს სხეულში ვეღარ შემოაღწევს. თუ ძლიერია ნეგატიური ენერგია ნემსი შეიძლება გამუქდეს, მოიხაროს ან გაიხსნას - ეს ნიშნავს, რომ მან დარტყმა შთანთქა, თქვენ კი და დაგიცვათ. ხალხურ მაგიაში ბასრი საგანი საუკეთესო დამცავი ფარია. წვერით ქვემოთ კი იმიტომ იბნევენ სამოსზე, რომ სწორედ წვეტით „ხვრეტს“ ნეგატივს და მიწაზე აგდებს, სადაც ის ძალას კარგავს.

- ასეთი ძლიერი თუა, რატომ უნდა ვატაროთ მალულად?

- ბევრი ცდება, როცა ქინძისთავს თვალსაჩინო ადგილას იმაგრებს - ქურთუკის საყელოზე, კაბაზე ან ჩანთაზე. ამ შემთხვევაში, ის დაცვად კი არა, სატყუარად იქცევა. შურიანი ადამიანი რომ ქინძისთავს დაინახავს, თავისთვის გაიღიმებს (სიცილიც და დაცინვაც ძლიერი ენერგეტიკული დარტყმაა) და დაცვაც ჩავარდება. უფრო მეტიც, იმასაც ამბობენ, გამოჩენილი ქინძისთავი ბნელი ძალების ყურადღებას იპყრობსო. ასე რომ, მხოლოდ დამალული ქინძისთავია ნამდვილი თილისმა - შეუმჩნეველი, მაგრამ საიმედო. სხეულზე კი, ტრადიციულად, ამ ჯადოსნური აქსესუარის „დასამალად“ სამი „დამცავი“ ზონაა განსაზღვრული. პირველია ადგილი გულთან - ქინძისთავს ტანსაცმლის შიგნით, გულთან, ესე იგი, მარცხენა მხარეს იბნევენ, თუმცა მამაკაცებისთვის მარჯვენაც - მისაღებია. ასე ის იცავს თქვენს ყველაზე დაუცველ ენერგეტიკულ ადგილს - გულის ჩაკრას, რომელიც პასუხისმგებელია სიყვარულზე, ემოციებსა და ურთიერთობებზე. ასეთი დაცვა სჭირდებათ მათ, სამსახურებრივად ბევრ ხალხთან რომ ურთიერთობენ, ან ეჭვიანობა უწევთ. შემდეგია მზის წნულის არე - სიცოცხლისუნარიანობისა და ნებისყოფის ცენტრი. ამ არეში ქინძისთავი მფლობელს იცავს პროფესიული შურისგან, იღბლის „მოპარვისგან“ და მათგან, ვისაც თქვენი მორალურად გატეხვა სურს. ხოლო, თუ ეჭვობთ, რომ ნეგატივი ქალს ან დედის მხრიდან სანათესაო ხაზს უკავშირდება, შეგიძლიათ, დამცავი ქინძისთავი მიიმაგროთ ქვედაკაბის ან შარვლის შიდა მხარეს, წელის დონეზე. მთავარი წესია: დამცავი ქინძისთავი ეხებოდეს სხეულს ან მასთან ძალიან ახლოს, საცვალზე ან ტანსაცმლის შიდა ნაკერზე იყოს მიმაგრებული.

- გამიგია, რომ, უმჯობესია, ქინძისთავი იყოს ვერცხლის?

- ვერცხლის ქინძისთავს ყველაზე ძლიერი დამცავი ძალა აქვს; გააჩნია ნეგატივის „აღქმის უნარი“ და მუქდება ავადმყოფთან კონტაქტის ან ძლიერი ენერგეტიკული ზემოქმედების დროს. თუ ვერცხლის ქინძისთავი რამდენიმე დღეში გაშავდა, ეს ნიშნავს, რომ ძლიერი ზეგავლენის ქვეშ ხართ. თუმცა, ვერცხლის გარდა, ჩვეულებრივი ფოლადის ქინძისთავიც გამოდგება, ოღონდ ახალი და არა ქუჩაში ნაპოვნი ან სხვისგან ნაჩუქარი, რადგან მას წინა პატრონის ენერგიაც ახსოვს. გამონაკლისია, თუ დედამ ან ბებიამ გადმოგცათ ქინძისთავი სათანადო კურთხევით. ამ შემთხვევაში, ის დაცვის საგვარეულო თილისმაა. თუმცა ქინძისთავის მხოლოდ ყიდვა და მიმაგრება არ არის საკმარისი. რომ იმუშაოს, მისი „გააქტიურება“ - მოჯადოებაა საჭირო. ამისთვის კი ახალი ქინძისთავი დაიჭირეთ მარჯვენა ხელში. აანთეთ ჩვეულებრივი ცვილის სანთელი, ცოტა ხნით მის ალზე გააჩერეთ და თან, წაიკითხეთ: „შენი ბასრი წვეტით იყავი ჩემი მფარველი. დამიცავი ავი, ბოროტი თვალის, სიტყვისა და აზრისგან. ვისაც ჩემთვის ბოროტება სურს, შენგან დაიშანთოს“. მხოლოდ ამის შემდეგ მიიმაგრეთ ის, წვეტით ქვემოთ. ამ მომენტიდან ის მოქმედებას იწყებს და თუ რეგულარულად ატარებთ, თვეში ერთხელ (ან ძალიან სტრესული სიტუაციების შემდეგ) შეცვალეთ. ძველი კი მიწაში ჩამარხეთ გამხმარი ხის ქვეშ ან ჩააგდეთ გამდინარე წყალში და თან თქვით: „ვიბრუნებ იმას, რაც ჩემია და ვთმობ იმას, რაც ჩემი არ არის“.

- როგორ მივხვდებით, რომ ქინძისთავის მაგიამ იმუშავა?

- თუ დილით მჭიდროდ მიმაგრებული ქინძისთავი საღამოსთვის გაიხსნა ან სულაც მოძვრა სამოსს, ეს ნიშანია იმისა, რომ მან ძლიერი ენერგეტიკული დარტყმა განიცადა. მადლობა გადაუხადეთ და შეცვალეთ ახლით, ძველი კი გადააგდეთ. თუ ქინძისთავი მოიღუნა ან გატყდა - ვიღაცამ თქვენზე ძლიერი ნეგატიური გავლენის მოხდენა (ჯადო, წყევლა) სცადა, მან კი დაგიცვათ. არ ეცადოთ მის გასწორებას - მხოლოდ შეცვალეთ. ტანზე ტარებისას ქინძისთავის გამუქება იმაზე მიუთითებს, რომ თქვენს ცხოვრებაშია ვიღაც ნეგატიური ენერგიით, ან თავად ხართ ქრონიკულ სტრესში და ენერგიას კარგავთ. ქინძისთავი გაიწმინდეთ ან შეცვალეთ. ზოგადად, ქინძისთავი უნივერსალური თილისმაა. ქინძისთავის თილისმა აუცილებელია მათთვის, ვინც მუდმივად ბევრ ხალხთან მუშაობს, პოპულარულია და შესაბამისად, მოშურნეც მრავლად ჰყავს და ასევე, სტრესსა და უიმედო მდგომარეობაში მყოფთათვის, რათა ენერგეტიკული ბალანსის აღდგენასა და ახალი თავდასხმების თავიდან აცილებაში დაეხმაროს მათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი