ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა მაგიური თვისებები აქვს პირსახოცს და რა დროს შეიძლება, ის ოჯახში განხეთქილების ვაშლად იქცეს

№36

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00

შეუცნობელი
დაკოპირებულია

წარსულში პირსახოცს ჯადოსნურ თვისებებს მიაწერდნენ, წმინდა ნივთად მიაჩნდათ და აუცილებელ ატრიბუტად იყენებდნენ ბავშვის დაბადების, ნათლობის ან თუნდაც, საქორწილო ცერემონიალის დროს. მასთან დაკავშირებული მინიშნებებით კი, ცდილობდნენ უბედურებისა და უიღბლობისგან დაეცვათ თავი, მოეხსნათ წყევლა თუ ჯადო. თუ როგორ უნდა მიმართოთ პირსახოცის მაგიას, ჩაატაროთ რიტუალები და რისგან შეუძლია ამ ყველაფერს დაგიცვათ, თემაზე გესაუბრებათ ეზოთერიკოსი, ბატონი მერაბ ბ.

- ხალხურმა სიბრძნემ დღემდე შემოგვინახა სხვადასხვა მინიშნება, რომელიც პირსახოცის მაგიურ თვისებებზე მიგვითითებს. დავიწყოთ იმით, რომ, თუ ოჯახის ყველა წევრი საერთო აბანოს პირსახოცს გამოიყენებდა, მათი ურთიერთობა თანდათან გაუარესდებოდა და ერთმანეთს ვეღარ აიტანდნენ. ცოლ-ქმრის ბედნიერი ცხოვრება ჩხუბსა და დავიდარაბაში გადაიზრდებოდა და საქმე განქორწინებამდეც მივიდოდა; შეყვარებულები კი - მაშინვე დაშორდებოდნენ. არ დაკიდოთ პირსახოცი კარზე - წარსულში ასე მაშინ იქცეოდნენ, როცა სახლში ვინმე კვდებოდა. ის ახლაც ცუდის ნიშანია. ნუ შეიმშრალებთ სველი პირსახოცით - ვინმესთან საქმის გარჩევა მოგიწევთ. იატაკზე პირსახოცის დავარდნა ცუდი ამბის მომასწავებელია, მაგრამ, თუ ძირს დავარდნამდე დაიჭერთ, კარგ ამბავს გაიგებთ, სკამზე ან სხვა ზედაპირზე დაცემისას კი, სტუმრებს უნდა ელოდოთ. შემთხვევით აალებული პირსახოცი დიასახლისს აფრთხილებს, რომ მის ცხოვრებაში მალე რაღაც მნიშვნელოვანი, შესაძლოა უარყოფითიც მოხდეს. ხოლო, ვინც სახლიდან იპარავს პირსახოცს, განსაკუთრებით, სამზარეულოდან ჭურჭლის გასამშრალებელ ტილოს, პატრონების იღბალიც თან მიაქვს. ზოგი განზრახ „ისესხებს“ ხოლმე მეზობლებისგან პირსახოცს იღბლის მოსაზიდად, მაგრამ ასე, შეიძლება ოჯახის პრობლემებიც გაიყოლოს. რაც შეეხება უშუალოდ ჭურჭლის ტილოებს: იღბალს მოიზიდავთ, თუ წვიმის დროს გარეთ დაკიდებთ; თუმცა ახალ სახლში ნუ გადაიტანთ - უმჯობესია, ახალი იყიდოთ; ნურავის ათხოვებთ - სიღარიბეს და ზედმეტ ხარჯს გამოიწვევს; საჩუქრად კი მიიღეთ, განსაკუთრებით მოხატულები - სახლში კეთილდღეობას შემოიტანს. თუმცა, თუ პატრონს არ მოეწონა, ამას უბედურება და ფულის დაკარგვა მოჰყვება.

- წყევლას და ჯადოსაც ხსნის პირსახოცი?

- ჯადო, წყევლა ყოველთვის აშკარად გამოხატული არ არის. ის უფრო ბნელი კვალია, რომელიც შურიანი მზერის, ბოროტი სიტყვისა და ოჯახური კონფლიქტის ან განზრახ დარტყმის შემდეგ რჩება... და თუ თავიდან არ მოიშორებთ, უფრო ღრმად გაიდგამს ფესვებს და მნიშვნელოვან ზიანს მოგაყენებთ, როგორც ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ისე ფულის, ურთიერთობებისა და თვით სიცოცხლის სურვილის მხრივაც კი. სწორედ ასეთ დროსაა პირსახოცი უძლიერესი დამცავი. ის უბრალოდ ქსოვილი კი არა, შთანმთქმელი გამტარია, რომელსაც შეუძლია სხვისი ჭუჭყი და სიბინძურე მოგაცილოთ, ბლანტი, წებოვანი ნეგატივისგან გაგათავისუფლოთ და ყოველივე განდევნოს თქვენი სხეულიდან, რაც მას არ ეკუთვნის. პირსახოცი ერთად აგროვებს ნახსენებ ბინძურ კვალს, ხოლო რიტუალის შემდეგ, ის უკვე აღარ არის ჩვეულებრივი ნივთი.

- რა დროს ტარდება ასეთი რიტუალი?

- რიტუალი პირსახოცზე საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ: უმიზეზოდ გრძნობთ გულზე ზეწოლას, სიმძიმეს; სიზმრები მძაფრსიუჟეტიანი, ფრაგმენტული და შემაშფოთებელი გახდა; უცნაურად ფუჭდება და ზიანდება ნივთები თქვენ ირგვლივ ან ხშირად კარგავთ რაიმეს; ყველაფერი ხელიდან გიცვივათ; ვინმესთან საუბრის შემდეგ თავს ცუდად გრძნობთ; იმის შეგრძნება გაქვთ, თითქოს სხვისი ჩრდილი „გადგათ თავზე“... თუ ეს ნიშნები სახეზეა, რიტუალი უნდა შედგეს, რისთვისაც დაგჭირდებათ: ახალი ან ძალიან სუფთა პირსახოცი; შავი ან თეთრი სანთელი; ჭიქა წყალი და მარილი. სახლში უნდა იყოთ მარტო და ირგვლივ სუფევდეს სიჩუმე. არავინ არ უნდა შეგეხოთ და შეგაწუხოთ, რათა ყურადღება არ გაგეფანტოთ. ასეთ რიტუალს სიჩუმესა და სიმშვიდეში მოაქვს შედეგი. რაც შეეხება თავად რიტუალს, უპირველესად, სივრცე უნდა იყოს ღია. აანთეთ სანთელი და მის ალს უყურეთ მანამ, სანამ შინაგან სიმშვიდეს არ იგრძნობთ. ყველაფერი გულდასმით, აუჩქარებლად გააკეთეთ, რადგან მოუთმენლობა არას გარგებთ: გახსოვდეთ, მაგია ძალას სწორედ სიჩქარეში კარგავს. შემდეგ აიღეთ პირსახოცი, გეჭიროთ ხელში და თან, წარმოთქვით შემდეგი სიტყვები: „ყველაფერი, რაც კი თავს მომახვიეს და ტვირთად მკიდია, ამ პირსახოცზე გადავა; ყველაფერი, რაც კი მომეკრო და მომეწება ჩამომცილდება. სხვისი კვალი, სხვისი მზერა, სხვისი წყევლა და ჯადო - ვერაფერს დააკლებს ჩემს ცხოვრებას“...

- ...და ყველაფერი მართლაც პირსახოცზე გადავა?

- რიტუალი გრძელდება და ეს ჯადოს მოხსნის პროცესია: ნელ-ნელა პირსახოცი გადაიტანეთ სხეულზე ზემოდან ქვემოთ: თავიდან კისერზე, მხრებიდან მკერდზე, ხელებიდან ზურგზე და ყველაფერი ისე გააკეთეთ, თითქოს ტანიდან შავ ფენას იძრობთ. თან, ყოველ მოძრაობას მიაყოლეთ: „ვიხსნი, ვიცილებ, განვაგდებ“. ბოლოს ჭიქა წყალს დაამატეთ მწიკვი მარილი და თქვით: „წყალი რეცხავს, მარილი აცლის, ცეცხლი ბეჭდავს. რაც სხვისია, უკანვე მას უბრუნდება.“ ჭიქა რამდენიმე წუთით სანთელთან დადეთ. რიტუალის დასასრულს კი იტყვით: „სხვისი არაფერი მინდა, სხვის სიბინძურეში ვერ გავეხვევი. რაც ჩემი არ არის, უნდა დამტოვოს. დაე, იყოს ასე.“ რიტუალის შემდეგ, ამ პირსახოცს ნუღარ გამოიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ცალკე გარეცხეთ და მხოლოდ მორიგი რიტუალისთვის შეინახეთ. თუ სეანსი რთული იყო, უმჯობესია, ის პირსახოცი საერთოდ გაიტანოთ სახლიდან... და რაც მთავარია, ნუ შეასრულებთ რიტუალს შიშის ქვეშ, რადგან შიში კვებავს იმას, რის მოშორებაც გსურთ. დაიკავეთ მტკიცე შინაგანი პოზიცია და ყველაფერი კარგად იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი