ჰოროსკოპი და შეუცნობელი

ვინ სცადა გოგა მანიას მოწამვლა და რა მოვლენებია მოსალოდნელი აპრილში, მისი წინასწარმეტყველებით

№16

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 24.04

გოგა მანია
დაკოპირებულია

ხშირად ადამიანებს სიყვარულსა თუ ფინანსურ სფეროში არ უმართლებთ. როგორც ეზოთერიკოსი გოგა მანია ამბობს, არ არის გამორიცხული, ამის მიზეზი ის ნივთები და სამკაულები იყოს, რასაც ვატარებთ ან ნივთები, რასაც საყვარელ ადამიანებსა და მეგობრებს ვჩუქნით.

– გოგა, რა ბლოკავს სიყვარულის ენერგიას?

– ხშირად მინახავს სახლებში სპილოს ფიგურა. ეს ძალიან ძლიერი ენერგეტიკის მქონე ნივთია, მაგრამ სახლში ის სასიყვარულო ენერგიის დაბლოკვას იწვევს, ოფისში კი მისი დადგმა ძალიან კარგია და ფინანსური კუთხით დიდი წარმატების მომტანი. აქლემის ფიგურა სახლში ხვავისა და ბარაქის მომტანია. ასევე, კარგია ბაყაყის ფიგურა და ციტრინის ქვა. თუ ციტრინის ქვის პატარა ნატეხს საფულეში ჩადებთ, ფინანსური წარმატება გარდაუვალი იქნება. და თუ ფულს სახლში ინახავთ, ციტრინის ქვა იქაც დადეთ და ფული გაორმაგდება. მას უდიდესი ენერგია აქვს. ამას პირადი გამოცდილებით ვამბობ. ადრე მეფეებს საცავებში, სადაც განძს ინახავდნენ, ციტრინის ქვაც ჰქონდათ.

– ციტრინის ქვის სამკაულად ტარებაც კარგია?

– მე, როგორც ეზოთერიკოსი, იშვიათად ვიკეთებ ციტრინის ქვის სამკაულს, რადგან ფაქიზი ქვაა და სხვანაირი მოპყრობა სჭირდება, რათა არ დაზიანდეს და ენერგეტიკულად არ დაბინძურდეს. სხვათა შორის, თუ სიყვარულში ადამიანს ხელი არ ემართება, ამეთვისტოს ქვა უნდა ატაროს. სახლში სიყვარულის ენერგიის შემოდინებას და იმავდროულად ფინანსურ კეთილდღეობას ხელოვნური ყვავილები ბლოკავს. სჯობს, ისინი ბუნებრივი ყვავილებით ჩაანაცვლოთ. ასევე, კარადიდან გადაყარეთ ძველი ნივთები და არასოდეს შეინახოთ ფეხსაცმელები საწოლის ქვეშ. ნემსები, ძაფები და ბოქლომები კი არ შეიძლება, საძინებელ ოთახში ინახებოდეს, ეს ოჯახის წევრებსა და სასიყვარულო პარტნიორებს შორის კამათს იწვევს.

– გამიგია, რომ გულის ფორმის სამკაულის ტარება სასიყვარულო ენერგიას ბლოკავს. ესეც სიმართლეა?

– გეტყვით, რომ არ შეიძლება გულის ფორმის სამკაულის ტარება, რომელიც ორად იყოფა, ანუ ორი ადამიანი რომ ატარებს მის თითო ნაწილს – ნახევარი შენთან იყოს, ნახევარი ჩემთანო. ეს ბლოკავს თქვენს ენერგეტიკას და იწვევს იძულებით კავშირს. ასევე, არ ვარგა წიგნის ფორმის სამკაულის ტარებაც, ეს მთლიანად აქვეითებს სასიყვარულო ენერგეტიკას.

– ფინანსური კეთილდღეობისთვის თუ არსებობს ეზოთერიკული რიტუალები, შეგიძლიათ ისინი გაგვანდოთ, რომ ფულის შემოდინებას შევუწყოთ ხელი?

– ძალიან კარგია, თვის პირველ და თხუთმეტ რიცხვში, ანუ თვეში ორჯერ, დარიჩინის ფხვნილი დაიყაროთ მარჯვენა ხელის გულზე, დადგეთ კარის ზღურბლზე და სულის შებერვით ფხვნილი სახლში შეაფრქვიოთ. მანამდე კი, აუცილებლად, ხელებიდან მარილის დახმარებით უნდა ჩამოირეცხოთ უარყოფითი ენერგია – დაიყარეთ ხელის გულზე მარილი, შეიზილეთ და შემდეგ გამდინარე წყლით ჩამოიბანეთ. დარიჩინი ცეცხლის ენერგიის მქონეა და მას ფინანსური კეთილდღეობა მოაქვს, მარილი კი ნეგატივს გაცილებთ. ეს რიტუალი დიდი ფინანსური კეთილდღეობის მომტანია. ეს თავად გამომიცდია საკუთარ თავზე. ფინანსური ენერგიებისთვის, ასევე, ძალიან კარგია მზის ჩასვლისას, დარიჩინის ჩხირის დაწვა – მოუკიდეთ მას ცეცხლი და შემოატარეთ ოთახის კუთხეებში. ხშირად ამბობენ, არ არის კარგი დაფნის ფოთლის დაწვაო. მე კი გეტყვით რომ, მისი დაწვით შეგიძლიათ, სურვილები აისრულოთ. თუ სურვილების ასრულება და მიზნის მიღწევა გსურთ, დააწერეთ დაფნის ფოთოლს სურვილი, დაწვით სახლში და ფერფლი აივნიდან ან ფანჯრიდან ქარს გაატანეთ.

– თქვი, თავად ვატარებ დამცავ ქვებს, როგორც თილისმებსო. გარკვეული ხნის წინ შენი მოწამვლა სცადეს. მიგაჩნია, რომ თუ არა ეს დაცვის სისტემა, შესაძლოა, ეს ამბავი სავალალოდ დასრულებულიყო?

– დიახ, თურქეთში ყოფნის დროს, ვითომ მეგობრებმა, თურქებმა და მათ შორის ერთ-ერთმა იქ მცხოვრებმა ქართველმა, მომწამლეს. ბევრმა მითხრა: ხომ ეზოთერიკოსი ხარ, წინასწარმეტყველი და არ შეგეძლო ეს ფაქტი თავიდან აგერიდებინაო? დიდი იმედი მქონდა, ავირიდებდი, მაგრამ ისეთ სიტუაციაში მოვხვდი, რომ ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო. ამაზე ხილვაც მქონდა და ზუსტად ვიცოდი, რას მიპირებდნენ. თუმცა, სამყაროს წინააღმდეგ ვერ წახვალ. მე ეს დავუშვი, რადგან ის რომ ამერიდებინა, სხვა რაიმე შემემთხვეოდა, რაზეც ინფორმაცია არ მქონდა. შესაბამისად, ბოლომდე მივენდე სამყაროს და ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე. საქმიან შეხვედრაზე რძიანი ყავა მომართვეს, რომელშიც საწამლავი იყო გარეული და მოვიწამლე. ცუდად გავხდი, ძილი მომერია, ძალა წამერთვა, ხელ-ფეხი დამიბუჟდა, ვერ ვამოძრავებდი, წნევა დამივარდა... თავად გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. რთული დღეები და ჯოჯოხეთი გამოვიარე, მაგრამ გადავრჩი.

– რის გამო სცადეს შენი ამ დღეში ჩაგდება?

– ეს თემა ტაბუდადებული მაქვს, არ მსურს საუბარი. მინდა, გითხრათ, მაქვს ძალა და შემეძლო, ისინი გარკვეული რიტუალით დამესაჯა, მაგრამ არ ვიკადრე და არ ვაკადრე ეს საკუთარ თავს. მე რომ კარგად ვარ, ესაა ჩემი მათდამი პასუხი. ძალადობას, ძალადობით არ ვპასუხობ, კარმა არსებობს და ყველას მოეთხოვება, როგორც ზედმეტი სიკეთისთვის, ისე ზედმეტი ბოროტებისთვის.

– გოგა, შენი წინასწარმეტყველებები, რომლებსაც საზოგადოებას სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვებით ამცნობ, ხშირად მართლდება.

– დიახ, ასეა. ვიწინასწრამეტყველე, შოვის მსგავსი ამბავი და მოხდა კიდეც გურიაში. ასევე, საფრენი აპარატის ჩამოვარდნაც ვიწინასწარმეტყველე, შენობის დაწვაც, ამერიკაში მიწისძვრაც და ასე შემდეგ. სამომავლოდ კი შემიძლია, გითხრათ, მოსალოდნელია მიწისძვრები, ნგრევები, წყალთან დაკავშირებული პრობლემები და შტორმი ზღვის სანაპირო ზოლზე, თუმცა საქართველო დაცულია, ღვთისმშობლის წილი ქვეყანაა და მას უამრავი ენერგია და ანგელოზი იცავს. აპრილის თვიდან იმატებს პოზიტიური ენერგიები, თუმცა ახალ ფაზაში შევდივართ და ამიტომ, 28 რიცხვამდე არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და კარგად დაფიქრდით, სანამ ნაბიჯს გადადგამთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა