რა „ემოციურ კაუჭებს“ ტოვებს თქვენს ენერგეტიკულ ველზე გამწვავებული ურთიერთობები და რა შეუძლია ამ დროს სანთელს
ავტორი: ნანა წერეთელი 55 წუთის წინ
როდის და რატომაა საჭირო არა სახლის, არამედ სხვებთან ურთიერთობების „გაწმენდა:“ დაფიქრდით, გჭირდებათ ეს? - რა თქმა უნდა და აი, მაგალითიც: მწვავე საუბარი გქონდათ კოლეგასთან, მეგობართან თუ ოჯახის წევრთან... და „ინციდენტის“ შედეგს ვერ ივიწყებთ - უნდა იცოდეთ, რომ ამ უსიამოვნების „გასაფანტავად“, საკმარისია, სანთლით მარტივი რიტუალი ჩაატაროთ. თუ რა რიტუალზეა საუბარი, რა არის ამისთვის საჭირო და როგორი შედეგი შეიძლება დადგეს, ამ ყველაფერზე გესაუბრებათ ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნელი შ.
- ალბათ, ყველას გქონიათ შემთხვევა, როცა პარტნიორთან სერიოზული საუბრის, მშობელთან კამათის ან კოლეგასთან კონფლიქტის შემდეგ, გონებაში ისევ და ისევ იმეორებდით შემდგარი საუბრის დეტალებს? თავში გიტრიალებდათ სიტყვები, რაც უნდა გეთქვათ და არ, თუ ვერ თქვით; წყენამ კი არ გაიარა, უფრო და უფრო გიჭერთ გულზე, სიმძიმესა და გაღიზიანებას გრძნობთ... ეს გრძელდება საათობით, და დღეების განმავლობაშიც კი. რატომ? - იმიტომ, რომ ამ ნეგატიური ურთიერთქმედების „ფრაგმენტები“ რჩება თქვენს ენერგეტიკულ ველში - ეგრეთ წოდებული, „ემოციური კაუჭები“, რაც დამშვიდებაში გიშლიათ ხელს.
- რა არის საჭირო ამ დროს, როგორ უნდა გავთავისუფლდეთ ამ „კაუჭებისგან“?
- რა თქმა უნდა, „გაწმენდა“... მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ სახლისთვის ეს რიტუალი მარილითაც შეიძლება ჩატარდეს, ურთიერთობების „გასაწმენდად“ განსხვავებული, უფრო დახვეწილი მიდგომაა საჭირო. დღეს თქვენ შეისწავლით მარტივ რიტუალს სანთლით, რომელიც დაგეხმარებათ, სიმბოლურად დაასრულოთ რთული საუბარი, გათავისუფლდეთ წყენისგან და დაიბრუნოთ სულიერი სიმშვიდე.
- რა ზემოქმედებას ახდენს სანთლის ეს რიტუალი ადამიანზე?
- ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს რიტუალი მოქმედების დამთავრების, დახურვის, დასრულების ძლიერი აქტია. ჩვენი ტვინი შექმნილია დაუმთავრებელი სიტუაციების გამეორებისთვის (ზეიგარნიკის ეფექტი - ადამიანს დაუმთავრებელი საქმე თუ სიტუაცია უკეთ ამახსოვრდება, ვიდრე დასრულებული: დაუსრულებელი ამოცანის დეტალები გონებაში იბეჭდება, რაც ზრდის დავალების შესრულების მოტივაციას), რაზეც უზარმაზარ გონებრივ ენერგიას ხარჯავს. ამ რიტუალის სახით კი მკაფიო და საბოლოო წერტილს სვამთ - სიგნალს უგზავნით თქვენს ქვეცნობიერს: „მორჩა, დიალოგი დასრულდა, შეგიძლია „გაუშვა“ და ცხოვრება გააგრძელო“. ენერგეტიკული თვალსაზრისით კი, სიტყვები, განსაკუთრებით ემოციურად ნათქვამი, უბრალო ბგერებზე მეტია. ეს ვიბრაციები ადამიანებს შორის რეალურ ენერგეტიკულ კავშირებს ქმნის. ჩხუბის შემდეგ ეს კავშირები ხშირად გატეხილ, დაზიანებულ მავთულებს ჰგავს, რომლებიც კვლავაც ისვრიან ნაპერწკლებს და მთელ ენერგიას გწურავთ. სანთლის ალი აქ ტრანსფორმატორის როლს ასრულებს - ის არსებული მოვლენის მოგონებას კი არ „შლის“, არამედ იმ ემოციურ მუხტს წვავს, რომელიც უკან გექაჩებათ და წინსვლას გიშლით.
- რა არის საჭირო რიტუალისთვის?
- ჯერ უნდა მოემზადოთ, რისთვისაც საჭიროა უსაფრთხო სივრცის შექმნა. მთელი რიტუალისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ 15-20 წუთი. მაშ ასე, მოძებნეთ ადგილი? - წყნარ ოთახში, სადაც არავინ შეგაწუხებთ, თავისუფლად დაბრძანდით და გამორთეთ ტელეფონი. აანთეთ სანთელი. იდეალური იქნება წვრილი, თეთრი ან ლურჯი ფერის ცვილის სანთელი. აიღეთ ფურცელი და კალამი. ეს იქნება თქვენი „ღუზა“. შექმენით განწყობა: რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ, მიზნად დაისახეთ, რომ: „ვაპირებ, ეს საუბარი, კამათი, კონფლიქტი თუ „შეჯახება“ და მასთან დაკავშირებული ემოციები გავუშვა“.
- სულ ეს არის?
- ეტაპობრივად უნდა გაიაროთ მთელი რიტუალი სიტყვებიდან ცეცხლამდე, რაც რამდენიმე ნაბიჯისგან შედგება. ნაბიჯი პირველი - ყველაფერი „ამოაფრქვიეთ“ ფურცელზე: აღწერეთ სიტუაცია, რომელმაც აგაფორიაქათ და გაწუხებთ ახლაც - იქნება ეს თქვენი ტკივილი, ბრაზი, იმედგაცრუება. დაწერეთ ის, რაც გინდოდათ გეთქვათ მოწინააღმდეგისთვის და არ ან ვერ უთხარით. ნაბიჯი მეორე - გათავისუფლების პროცესის ფორმულირება: გვერდის ბოლოში დაწერეთ ფრაზა, რომელიც ამ „ტვირთისგან“ გათავისუფლებისთვის გესახებათ, მაგალითად: „ვთავისუფლდები და ჩემგან „ვუშვებ“ შემდგარ დიალოგსა და იმ ტკივილსაც, რაც მან მომიტანა“. ეს ფრაზა რიტუალის დასასრულს აღნიშნავს.
- და სანთელი?..
- სანთლის რიტუალი უკვე მესამე ნაბიჯია: ფურცელი დაახვიეთ მჭიდროდ, მილისებურად. აანთეთ სანთელი, თუმცა დაიცავით უსაფრთხოების ზომები! ანთებული სანთლიდან ქაღალდის ხვეულას ერთ ბოლოს წაუკიდეთ ცეცხლი და ცეცხლგამძლე თეფშზე გადაიტანეთ. თან, თვალი არ მოაცილოთ პროცესს, თუ როგორ აქცევს ცეცხლი თქვენს სიტყვებსა და ემოციებს ფერფლად. წარმოიდგინეთ, რომ მთელი სიმძიმე, რომელიც გტანჯავდათ, კვამლთან ერთად გტოვებთ თქვენც. ხმამაღლა კი წარმოთქვით, ფურცელზე დაწერილი თქვენი „გათავისუფლების“ ფრაზა. დაბოლოს, ნაბიჯი მეოთხე, ანუ დასკვნითი ნაწილი. სანთელი ბოლომდე უნდა დაიწვას დარჩენილი ფერფლი კი ჩარეცხეთ უნიტაზში ან გაფანტეთ ქარში. რიტუალის შემდეგ დაიბანეთ სახე გრილი წყლით, თან, წარმოიდგინეთ, რომ ამ ემოციების უკანასკნელი კვალიც ჩამოიბანეთ. ეს მხოლოდ მაგია არ არის, ეკოლოგიური ფსიქოჰიგიენაა, რაც თქვენს ტვინს ეხმარება, ენერგია იმ მიმართულებით წარმართოს, თქვენ რომ ვერ ახერხებდით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




