ჰოროსკოპი და შეუცნობელი

სექტემბრის რომელ რიცხვებშია მოსალოდნელი კონფლიქტების წარმოქმნის საშიშროება და რისთვის უნდა მოემზადოთ მორალურად

№35

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 04.09

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

ზაფხული მიიწურა და შემოდგომა დგება. ფაქტია, ეს ზაფხული, სტიქიური უბედურებების გამო, საკმაოდ რთული გადასატანი აღმოჩნდა და დიდი ემოციური სტრესი დაგვიტოვა. საინტერესოა, როგორი იქნება შემოდგომის პერიოდი და კონკრეტულად მისი დასაწყისი, ანუ პირველი თვე. ამის გასარკვევად, ინტერვიუ ვთხოვეთ ასტროლოგს, ბატონ მიხეილ ცაგარელს.

– ბატონო მიშა, ემოციურად სტრესული და დაძაბული ზაფხული მიიწურა. თავს დამტყდარმა სტიქიურმა უბედურებამ, უდიდესი ტრაგედიის მომსწრენი გაგვხადა და საკმაოდ დიდი დაღი დაგვასვა. რას გვეტყვით, თქვენი ასტროლოგიური გათვლებით, როგორი იქნება შემოდგომის პირველი თვე, სექტემბერი და რა პროგნოზებს გააკეთებთ წინასწარ?

– სექტემბრის დასაწყისი საკმაოდ მშვიდი იქნება, რაც მოდუნებისა და ჰარმონიით ტკბობის საშუალებას მოგვცემს. 3 რიცხვიდან კოსმიური ამინდი გამოსწორდება, მისი ზემოქმედება დედამიწის მცხოვრებლებზე კი მნიშვნელოვნად შესუსტდება. ამიტომ, 12 რიცხვამდე დაისადგურებს სრული სიმშვიდისა და პოზიტივის ატმოსფერო. ამ პერიოდის ცვლილებები, არანაირ საშიშროებას არ შექმნის და მოემსახურება მხოლოდ პოზიტიურ ცვლილებებს, წინსვლასა და ცხოვრების გაუმჯობესებას. ამას გარდა, 4 რიცხვის შემდგომ მთვარისა და პლანეტა ვენერას ურთიერთკავშირი ხელს შეუწყობს ჯგუფურ მუშაობასა და შემოქმედებას, გააძლიერებს იმედს, მოტივაციას, ლამაზისა და სრულყოფილის შექმნის სურვილს. სასწორის ზოდიაქოში მოძრავი მარსი კი კაცობრიობის წინაშე წარმოქმნის კარგ პერსპექტივებსა და საინტერესო შესაძლებლობებს.

– განსაკუთრებით რომელი სფეროსთვისაა ეს პერიოდი პოზიტიური ელფერის მატარებელი?

– ეს განსაკუთრებით სასიკეთო დროა შემოსავლების გასაზრდელად, ეკონომიკური ზრდისა და მატერიალური დოვლათის დასაგროვებლად, დაგეგმილი დიდი შენაძენებისა და ინვესტირებისათვის. საერთაშორისო არენაზე დიდწილად აღდგება ურთიერთგაგება, შესაძლებელი იქნება ზოგიერთი ძველი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირება, არსებული მწვავე საომარი მოქმედებები შედარებით მშვიდ ფაზაში შევა. ზოგიერთ ქვეყანაში რაციონალური აზროვნება, ჰუმანურობისა და დემოკრატიის პრინციპები და სრულიად ახალი კანონები სახელმწიფო მმართველობას დაეხმარება მწვავე დაპირისპირებების დარეგულირებაში. დიპლომატიური მოლაპარაკებები მეტად კონსტრუქციული, შედეგიანი და პოზიტიური აღმოჩნდება. თვის პირველ ნახევარში საგრძნობლად მოიმატებს აქციების კურსი, დასტაბილურდება სავალუტო ბაზარი, რაც განაპირობებს არსებული ეკონომიკური პროგრამების აშკარა ეფექტურობასა და შედეგიანობას უკვე ამ წლის ბოლოსთვის.

– როგორც მივხვდი, ეს ცვლილებები თვის პირველ რიცხვებშია მოსალოდნელი. სიტუაცია შუა რიცხვებშიც შეინარჩუნებს სტაბილურობას თუ რადიკალურად შეიცვლება?

– 13 სექტემბრიდან პლანეტა მერკური აქტიურ მოძრაობას დაიწყებს, მთვარე კი შევა წინა ახალმთვარეობის (15 სექტემბერს) ფაზაში. ეს კოსმიური ძალებისთვის ერთგვარი გარდატეხის მომენტი გახდება, ამიტომ არსებულმა გარემოებებმა შესაძლოა, წარმოშვას რიგი მოულოდნელი კონფლიქტებისა, განსაკუთრებით 15-22 სექტემბრის დროის მონაკვეთში.

– ხომ არ გამოიწვევს ეს ყოველივე ერთგვარ დაძაბულობასა და კონფლიქტურ სიტუაციებს?

– დიახ, 23 რიცხვის შემდგომ მსოფლიოშიც და ნაწილობრივ ჩვენთანაც სიტუაცია ისევ დაიძაბება, გაიზრდება გაფიცვების, პროტესტების, გამოსვლების რიცხვი. არსებული სამხედრო კონფლიქტები და ომები აქტიურ ფაზაში გადავა. იმავდროულად, პლანეტარული ენერგიების ძლიერი ზემოქმედებით, შესაძლებელი იქნება საოჯახო, მეგობრული, პირადი და საქმიანი პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესება და გამყარება. სამუშაო ჯგუფებში, თანამშრომლებში, სამეგობრო წრეებში გარდაქმნები მარტივად და საკმაოდ აქტიურად ჩაივლის და დადებით შედეგებს გამოიღებს. მაგრამ, ადამიანთა დიდ ნაწილს გაუძლიერდება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილი, რამაც შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს პირად და სასიყვარულო კავშირებსა და ურთიერთობებზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...