რა გამოიწვევს სექტემბრის თვეში სერიოზულ სკანდალებს და რა უნდა გაითვალისწინოთ მომავალი წარმატების დასაბევებლად
ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00
სექტემბერის თვე, როგორც ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, არ იქნება ადვილად გასავლელი. თუმცა, არსებობს პერიოდები, როცა ნაბიჯის გადადგმა დანაკარგების გარეშე შეიძლება და ეს დრო აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ჩვენივე, მომავალი წარმატებისთვის.
– ბატონო მიხეილ, როგორი იქნება შემოდგომის პირველი დეკადა?
– 1-იდან 4 და 18-დან 26 სექტემბრამდე, განსაკუთრებით რთული პერიოდია, რადგან დედამიწის უარყოფითი ენერგიები მსოფლიოში საომარ კონფლიქტებს გაამწვავებს. 5-დან 9 სექტემბრამდე, სიტუაცია გაცილებით დამშვიდდება, ადამიანები შეძლებენ გადაუდებელი პრობლემების გადაჭრას. თუმცა, 10 სექტემბრიდან სიტუაციას შეცვლის პლანეტა ვენერას მორიელში და მერკურის სასწორში გადასვლა, ურანის რეტროგრადობა კიდევ ერთ „მუსიკას“ დაიწყებს. სექტემბრის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი სკანდალებია მოსალოდნელი.
– როგორც ასტროლოგი, თვის რომელ პერიოდსა და რიცხვებში გვირჩევთ მნიშვნელოვანი საქმის დაწყებას ან გადაწყვეტილების მიღებას, რომ არჩევანში არ შევცდეთ და სწორი ნაბიჯი გადავდგათ?
– მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება უმჯობესია 11-დან 17 სექტემბრამდე, ეს დღეები მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ, რადგან ამომავალი მთვარე ძალას მოიკრეფს, ხოლო პლანეტა მარსი კირჩხიბში გააძლიერებს ინტუიციასა და კრეატიულობას. ამას ხელს შეუწყობს პლანეტა ვენერა მორიელის ნიშნიდან, რომელიც თავისი ენერგიებით მხარს დაუჭერს პლანეტა მარსს კირჩხიბში და მოვლენების სფეროს გაცილებით ეფექტურსა და პოზიტიურს გახდის.
– ეს პლანეტური ტანდემისგან გამოწვეული მოვლენები თვის ბოლომდე გაგრძელდება?
– 11-დან 17 სექტემბრის პერიოდი, შედარებით დადებითია. 23 სექტემბერს კი შემოდგომის ბუნიობაა – დღის და ღამის ხანგრძლივობა თანაბარია. ეს არის ძლიერი ფსიქოემოციური გადატვირთვის დრო. მზის სასწორში გამოჩენის შემდეგ ბევრი ადამიანი იგრძნობს სასიცოცხლო ძალების შესამჩნევ ზრდას, შემცირდება დაძაბულობა ურთიერთობებში. ძალიან ძლიერი სავსემთვარეობაა, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, უახლოეს სამ ან ექვს თვეში გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები ახალი პერსპექტივებისთვის.
– კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს რა რეკომენდაციებს და რჩევებს მისცემთ, რომ სექტემბრის თვე მშვიდად და დანაკარგების გარეშე გაიარონ და იმავდროულად, წარმატებები დაიბედონ?
– ვერძებისთვის 5 სექტემბრიდან სიტუაცია დადებითად შეიცვლება. აქტიურად ჩაერთვებიან პროფესიონალურ საქმიანობაში. თუმცა, 15-დან 28 რიცხვამდე პერიოდი არც ისე ხელსაყრელია, რადგან პარტნიორებთან ურთიერთობა აირევა. საქმეებიც ცოტა გართულდება. ამიტომ, იყავით ფრთხილად, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში.
კუროსთვის 5-დან 16 სექტემბრის პერიოდი ხელსაყრელი იქნება, დაიწყება პირადი ზრდა, ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბება. გაღრმავდება რომანტიკული კავშირი. სექტემბრის მეორე ნახევარი არაჰარმონიული პერიოდია. საჭიროა მეტი ყურადღება, რადგან ამ პერიოდში არ არის გამორიცხული არასწორი ქმედებები, ფულადი დანაკარგები.
ტყუპებისთვის კი სექტემბერი გამოწვევებითა და ენერგიით დატვირთული პერიოდია. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს და არ გადაიტვირთოთ მუშაობით. 5-დან 16-მდე პერიოდი პოზიტიურია. შესაძლებელი გახდება ბევრი რამის დადებითად შეცვლა. 16 რიცხვიდან კი ენერგიები კიდევ უფრო მოიმატებს.
სექტემბრის პირველი ნახევარი კირჩხიბებისთვის ენერგიული და ხელსაყრელია. შესაძლებელია კარიერული წინსვლა, პროფესიული განვითარება. ხშირად იქნებიან ყურადღების ცენტრში. პირადი ცხოვრებაც საკმაოდ საინტერესოდ განვითარდება. თვის მეორე ნახევარში ყურადღებით იყავით საბუთების მიმართ, რათა შეცდომა არ დაუშვათ და პრობლემა არ შეიქმნას.
სექტემბრის პირველ ნახევარში ლომი ენერგეტიკულად დასუსტებულია. კარგი პერიოდია სპონსორების მოსაძებნად, პარტნიორებთან სიტუაციის მოსაგვარებლად, საზღვარგარეთ საქმიანი ვიზიტებისთვის, ახალი ნაცნობობისთვის. 15 სექტემბრიდან ენერგეტიკული პოტენციალი მოიმატებს და საჭიროა მეტი ყურადღების გამახვილება ვალდებულებებზე.
სექტემბრის პირველი ნახევარი ქალწულებისთვის ჰარმონიული და დინამიკური იქნება. თავს ენერგიულად იგრძნობთ. საქმეში იქნებით თავდაჯერებული და მზად მიზნის მისაღწევად. თვის მეორე ნახევარში კი საჭირო გახდება უფრო მეტი ძალისხმევა. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა არასტაბილური გახდება, შესაძლოა, წარმოიშვას კონფლიქტებიც. რეალურად შეაფასეთ სიტუაცია და ყურადღებას ნუ მოადუნებთ.
სექტემბრის პირველი ნახევარი სასწორისთვის ენერგიულ და აქტიურ პერიოდს გულისხმობს. ადვილად მოახდენთ შთაბეჭდილებას სხვებზე. ფრთხილად იყავით თვის მეორე ნახევარში, რათა არ მოტყუვდეთ. აუცილებელი იქნება სიფხიზლე, რადგან ახალი საქმიანობისთვის არახელსაყრელი პერიოდია.
მორიელისთვის სექტემბრის პირველი ნახევარი ენერგიული და საინტერესო იქნება. კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისთვის, პოზიციების გასამტკიცებლად. ოჯახში დადებითი მოვლენები მოხდება. თვის მეორე ნახევარში მოსალოდნელია დაუფიქრებელი მოქმედება, რაც ფინანსურ ხარჯს დაუკავშირდება. მოერიდეთ აზარტულ თამაშებს. გამოიჩინეთ სიფრთხილე და ჭორებს არ მიაქციოთ ყურადღება.
სექტემბერში მშვილდოსანი ენერგიის დეფიციტს იგრძნობს, რაც პროფესიულ საქმიანობაზეც აისახება. მოგიწევთ ფინანსური საკითხების მოგვარება. პირად ცხოვრებაში კი სასიამოვნო პერსპექტივები გამოჩნდება. თვის მეორე ნახევარში ენერგია მოიმატებს, თუმცა მოლაპარაკებები გართულდება. საყვარელ ადამიანთან კამათია მოსალოდნელი. თვის ბოლოს სიტუაცია დარეგულირდება. მხარდაჭერას იგრძნობთ ახლობლებისგან.
თხის რქისთვის სექტემბრის პირველი ნახევარი ხელსაყრელია ჯანმრთელობის, მოგზაურობის, ფინანსური საკითხების კუთხით. შეძლებთ პროექტების რეალიზებას. გაჩნდება საქმიანი კავშირები, პირად ცხოვრებაში მოიმატებს სასიამოვნო მოვლენები. 15 სექტემბრის შემდგომ კი ნეგატიური ენერგიები თქვენს ფსიქოემოციურობაზე უარყოფითად აისახება.
მერწყულისთვის სექტემბერი გამოწვევებით იქნება სავსე. არაერთ პრობლემას შეეჯახებით. თუმცა, 5-დან 15-მდე პერიოდი პოზიტიურია იმ მხრივ, რომ გექნებათ შესაძლებლობა, გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და უნარები. 15 სექტემბრიდან სიტუაცია ცოტა გართულდება. თუ ემოციების კონტროლს შეძლებთ, ადვილად გადალახავთ ამ პერიოდს.
სექტემბრის პირველი ნახევარი საკმაოდ ხელსაყრელია თევზებისთვის. მატერიალურად კმაყოფილი იქნებით, რასაც საკუთარი შრომის ხარჯზე მოახერხებთ. შესაძლოა, ჩამოყალიბდეს წარმატებული ურთიერთობები. კარგია ახალი სამსახურის დაწყება. პირად ცხოვრებაში კი მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრები. სექტემბრის მეორე ნახევარში ყურადღებით იყავით ფინანსებთან, რადგან შესაძლოა, პრობლემები წარმოიქმნას. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა კი დროებით არასტაბილური გახდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




