ჰოროსკოპი და შეუცნობელი

საიდან შემოდის სახლში ბედნიერება და რატომ უნდა გაიტანოთ საცხოვრებლიდან გადასაგდები ნივთი

№20

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 27.05, 2022 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვით, რომ უპირველესი სურვილი ნებისმიერი ადამიანისა, ცხოვრებაში წარმატებისა და ბედნიერების მიღწევაა. შესაბამისად, უმრავლესობის ცნობისწადილს დავაკმაყოფილებთ, თუ როგორც ჩვენში, ისე მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული ხალხური გადმოცემებიდან სწორედ ამ აქტუალური თემის მიხედვით შეკრებილ მინიშნებათა ნუსხას გაგაცნობთ. თუ რომელ ქვეყანაში რა მინიშნებაა წარმატებისა და ბედნიერების მომტანი და როგორ უნდა მოვიქცეთ მიზნის მისაღწევად, განგვიმარტავს პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ქალბატონი მანონ გ.

- ბევრი ამბობს, რომ ხალხში გავრცელებული ათასგვარი მინიშნების წინასწარმეტყველებისა არ სჯერა და მართლაც, ყველა მათგანი როდი მართლდება, მაგრამ... სწორედ ეს „მაგრამ“ აჩენს უნებურ კითხვას: იქნებ მართლაც ახდეს, მაშინ?.. სავარაუდოდ, სწორედ ამ ნიშნით გაიდგა ასე მყარად ფესვები, ეგრეთ წოდებულმა, ცრურწმენებმა ხალხში. ავიღოთ ჩვენში ყველაზე გავრცელებული მინიშნება: უნებლიეთ, ჭურჭელი - თეფში ან ბოკალი თუ გაგიტყდა, მალე კარზე ბედნიერება მოგადგებაო... ჰოდა, კარს მაინც ნუ ჩაურაზავთ...

- საინტერესოა, ჩვენც თუ გამოგვადგება სხვა ქვეყნების გამოცდილება ხალხური გადმოცემებისა და მინიშნებების მხრივ...

- რა თქმა უნდა, ყოველ ქვეყანაშია გავრცელებული ბედნიერი მინიშნებები, რომლისაც სჯერა ადგილობრივ მოსახლეობას. დავიწყოთ ჩინეთით - გადმოცემების თანახმად, ჩინურ კულტურაში ბედნიერება და წარმატებები, ანუ ბედი და იღბალი სახლში მხოლოდ მთავარი შემოსასვლელიდან შემოაბიჯებს. თუმცა, როგორც შემოვა, იმავე გზით შეუძლია, უკანვე გავიდეს. ამიტომ, მთელი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი, ახალი წლის წინ, როცა ჩინელები გენერალურად ალაგებენ სახლს, ნაგავი უკანა კარიდან გააქვთ. მიაჩნიათ, რომ ბედნიერებამ სახლში შეიძლება კონკრეტულ ნივთში დაიდოს ბინა და თუ ამ ნივთს მთავარი შემოსასვლელიდან გაიტანთ, ბედნიერებაც დატოვებს თქვენს საცხოვრებელს, თან, დიდი ხნით. აი, უკანა კარიდან გასვლას კი იღბალი ნამდვილად არ მოინდომებს და შესაბამისად, სხვა ნივთში გადასახლდება. ასევე, დიდი სიფრთხილით ეკიდებიან ჩინელები ციფრ „4-ს“, რადგან ზეპირსიტყვიერად ის ეთანხმება სიტყვა „სიკვდილს“, ხოლო „8“ – იღბალს, წარმატებას. ამიტომ ჩინელები ცდილობენ, რაღაცნაირად სულ „8-ს“ დაუკავშირონ ცხოვრება: ირჩევენ მე-8 სართულს, ბინის თუ ბილეთის ნომერს და სხვა.

- რადგან აღმოსავლეთიდან დავიწყეთ, ჩინეთთან ერთად იაპონიაც საინტერესოა ამ მხრივ...

- იაპონელებში ყველაფერი უფრო გასაგებია. იღბალს რომ ეწიონ და სახლიდან ბოროტი სული განდევნონ, ტოკიოს უძველესი ბუდისტური ტაძრის კედლების კეთილსურნელება უნდა შეიგრძნონ. იაპონელები და დედაქალაქის მცხოვრებნი ყოველწლიურად მიდიან ხსენებულ ტაძარში სპეციალური ბალახების არომატთა შესაგრძნობად. თუმცა ბედნიერების მომასწავებლად მათ უნებლიეთ გატეხილი ალკოჰოლიანი ბოთლიც მიაჩნიათ. ახლა მინდა, აღვნიშნო სერბეთში გავრცელებული ერთი მინიშნების შესახებ: როცა ადამიანი მიდის რაიმე მნიშვნელოვან საქმეზე - გასაუბრებაზე, გამოცდაზე, კონტრაქტორთან და ასე შემდეგ, იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს, მის ზურგს უკან ჭიქა წყალს ასხამენ ძირს. თანაბარი წყლის ნაკადი შედეგზე კონცენტრირებისა და მიზანსწრაფვის სიმბოლოა, რაც ადამიანს დადებითი ენერგიით ავსებს და წარმატებაც მოაქვს.

- რაიმე უცნაური ტრადიციაც თუ არის და სად?

- ბედნიერებისა და წარმატების მომტანი ერთ-ერთი უცნაური ტრადიცია დღემდე არსებობს ირლანდიაში. ბლარნის უძველეს ციხე-კოშკში არის განთქმული „მჭევრმეტყველების ქვა“. ლეგენდის თანახმად, ვინც ამ ქვას აკოცებს, საოცარი მჭევრმეტყველების უნარით აღივსება და ბრწყინვალე წარმატებასაც მიაღწევს. დღესაც ათასობით ტურისტი ჩადის ირლანდიაში, რომ ამ ქვა-სასწაულს ემთხვიოს. თუმცა მთელი უცნაურობა ისაა, რომ ქვას უნდა აკოცო ზურგზე დაწოლილმა, უკან გადაგდებული თავით კედელში ჩაშენებულ მოაჯირს ჩაჭიდებულმა. რადგან პროცესი ადვილი არ არის, მიმსვლელთა უსაფრთხოებას კოშკის ზედამხედველი იცავს. ასევე, ირლანდიელები ქორწილში პატარა ზარების სამკაულს იბნევენ ან ზანზალაკებიანი მაჩიტების თაიგულს იჭერენ ხელში, რადგან მიაჩნიათ, რომ ბოროტ სულს ზარების რეკა აფრთხობს, თვით ყვავილისაც კი.

- დინჯ და კონსერვატორ ინგლისელებზე რას გვეტყვით?

- ინგლისელები ყოველი თვის პირველ რიცხვს ხვდებიან სიტყვებით: „კურდღელი, კურდღელი, კურდღელი“, „თეთრი კურდღელი“, „კურდღლები“. ამას კი აკეთებენ რწმენით, რომ ეს მათ ბედნიერებას მოუტანს. თანაც, თუ ამ სიტყვების თქმა გაღვიძებისთანავე დაავიწყდათ, შეუძლიათ ღამით ჩაანაცვლონ „შავი კურდღლით“ - ეფექტი იგივე იქნება. ბევრ ქვეყანაშია ტრადიცია, როცა ახალდაქორწინებული წყვილი ერთად რგავს ხეს, მაგრამ ჰოლანდიაში ის ყველაზე პოპულარულია. ზოგი წყვილი საქორწინო ცერემონიალის დროს ნერგს ფლავს მიწაში, ზოგიც - თესლს აგდებს. მიიჩნევა, რომ, თუ ხე გაიზრდება, მათი ქორწინების სიმყარეს ვერაფერი დაარღვევს, თავად მცენარე კი, როგორც ცოლ-ქმრის საყრდენი ბურჯი ყველა წამოწყებაში წარმატებას მოუტანს მათ. რაც შეეხება არგენტინას, თუ საახალწლოდ ჩვენთან ტრადიციული კერძი საცივია, არგენტინაში ის თავისუფლად შეგიძლიათ, ჩაანაცვლოთ ჩვეულებრივი ლობიოთი. ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ მოკრძალებული და იაფიანი კერძი იღბალს მათ მხარეს გადაქაჩავს. არც ჩვენ გვაწყენს გავითვალისწინოთ მსოფლიო გამოცდილება და ვთქვათ, ინგლისელებივით, „კურდღელთან ერთად“ გავიღვიძოთ. გისურვებთ წარმატებას!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი