ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რომელ მცენარეთა ფოთლებს შეუძლია შემოდგომით ადამიანი ნატიფი ენერგიის მაგიურ ძალას აზიაროს

№46

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 26.11, 2021 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

გვიანი შემოდგომაა და ბუნებამ ფერი იცვალა - გარემო ისე აფერადდა, რომ კიდევ ერთხელ შეგვახსენა უტყუარი ჭეშმარიტება: ყველაზე დიდი მხატვარი თავად დედა ბუნებაა... რომელიც, სილამაზესთან ერთად, გულუხვად გვინაწილებს მთელ თავის მადლსა და სიმდიდრეს და ასევე, სასარგებლო ვიტამინების, მინერალებისა და სამკურნალო ბალახების გარდა, ნატიფი ენერგიის ჯადოსნურ ძალასაც გვაზიარებს. მხოლოდ უნდა ვიცოდეთ და შეგვეძლოს, როგორ გამოვიყენოთ ეს მაგია ჩვენდა სასიკეთოდ. დღეს, ეზოთერიკოს ქალბატონ მანანა კ-სთან ერთად, განვიხილავთ ფოთოლ-თილისმებს, რომელთა ფერადოვნება მართლაც წარმოუდგენელია სწორედ შემოდგომით, თან მათი დამზადებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამ თილისმებს კი წარმატება მოაქვს ბიზნესში, ხელს უწყობს ოჯახში ჰარმონიის დამკვიდრებასა და სურვილების რეალიზებას სხვადასხვა მიმართულებით.

- ეს სეზონი მართლაც უხვად აჯილდოებს ადამიანს მაგიური ძალის საშუალებებით და ერთ-ერთი მათგანი სწორედ შემოდგომის ფოთლებია. იმის მიხედვით, თუ რომელი მცენარისაა ის, შესაბამისად მფარველობს ჩვენი ცხოვრების გარკვეულ მიმართულებებს, როგორიცაა: სიყვარული, ოჯახი, სულის სიძლიერე, ნეგატივისა და სევდა-ნაღველისგან დაცვა, წინასწარმეტყველური სიზმრები...

- სიყვარულში როგორ უნდა დაგვეხმაროს ხმელი ფოთოლი?

- სიყვარულში რომ გაგიმართლოთ, ამისთვის ჯერ უნდა იპოვოთ ნეკერჩხლის ფოთოლი, ოღონდ ბოლომდე წითელი, ისე რომ, მასზე მწვანე და ყვითელი ჩანართები საერთოდ არ აღინიშნებოდეს. გარეცხეთ ფოთოლი გამდინარე წყლის ქვეშ და გააშრეთ. შემდეგ წარმოიდგინეთ შედეგი თქვენი სურვილისა. მაგალითად, შეხვედრა შეყვარებულთან, ქორწინების რეგისტრაციის ცერემონიალი და სხვა მსგავსი რამ. აკოცეთ ფოთლის წვეროს, შეახვიეთ წითელ ქსოვილში და შეინახეთ ისეთ ადგილას, სადაც მას „არავინ შეაწუხებს“. ეს თილისმა ნებისმიერ ადამიანს გაუჩენს მიზიდულობას თქვენდამი: სურვილს, ისევ და ისევ გნახოთ და დაფიქრდეს იმაზეც, რა გრძნობა იზიდავს თქვენკენ და რა შეიძლება მოჰყვეს ამ ურთიერთობას პერსპექტივაში. ნეკერჩხლის თილისმას მაგიური ძალა მთელი წლის განმავლობაში უნარჩუნდება - შემდეგ შემოდგომამდე. რაც შეეხება სულის სიძლიერეს...

- სულის სიძლიერეს, ალბათ, ასევე ძლიერი, ფესვმაგარი ხის მფარველობა სჭირდება...

- დიახ, აბა მუხაზე ძლიერი რაღა უნდა იყოს. სწორედ მისი ფოთოლი გამოადგება თილისმად მას, ვისაც თავდაჯერება აკლია, რაც ჩვენს არცთუ იოლ ყოფაში იშვიათობას არ წარმოადგენს. სულის სიძლიერეა თავიდათავი იმისა, ეჭვი არ შეგეპაროს საკუთარ შესაძლებლობებში, ძალასა და გამძლეობაში. სწორედ ამ ყველაფრით „შეგაიარაღებთ“ მუხის ფოთოლი. გარეცხეთ, გააშრეთ და ეს თილისმა სულ თან ატარეთ. ის შეიძლება ჩადოთ საფულეში და ამით, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს. ხმელი მუხის ფოთლები გამოიყენება ასევე, როგორც დამცავი ამულეტი. შემოსასვლელი კარის პარმაღზე, ტილოს ქვეშ ამოდეთ. ეზოთერიკოსების აზრით, ასეთი ამულეტი საიმედოდ დაიცავს თქვენს საცხოვრებელს მტრული ავი თვალისგან და არაკეთილმოსურნეთა ნეგატიური ზემოქმედებისგან. ძველთაგანვე მუხა წინაპრებთან დამაკავშირებელ რგოლად მიიჩნეოდა, რომლის საშუალებითაც უგზავნიდნენ შთამომავლობას დაცვასა და დახმარებას.

- რომელი ხის ფოთოლია ნეგატივისგან ყველაზე ძლიერი დამცავი?

- ნეგატივისგან დამცავი ამულეტი, რომელიც ყველაზე ძლიერი ენერგეტიკით გამოირჩევა და შეუძლია დაგვიცვას უკეთური ხალხისა და ბნელ ძალთა ბოროტებისგან, ეს ცირცელის შტოები და ფოთლებია. სწორედ ამ „ხუჭუჭა მზეთუნახავს“, რომელსაც უხვად ასხამენ ხოტბას ხალხურ პოეზიასა და სიმღერებში, შეუძლია ძალიან ძლიერი მაგიური ზემოქმედება და ნეგატიური ენერგეტიკის გაფანტვა. მაგალითად, დრუიდები ცირცელის ხელჯოხს ატარებდნენ, რადგან სჯეროდათ ამ ჯადოსნური მცენარის ძალის. ცირცელის ტოტები ოჯახის კეთილდღეობის სიმბოლოა. მინიშნების მიხედვით, ის ოჯახს იცავს განქორწინებისგან; მაცდურ ქალს არ აძლევს საშუალებას, რომ სხვისი ოჯახი დაანგრიოს. ამისთვის ლარნაკი ცირცელის რტოებით ცოლქმრული სარეცლის სასთუმალთან მოათავსეთ, ან ბალიშის ქვეშ დაიდეთ ამავე ხის ხმელი ფოთლები.

- რომელი ხის ფოთოლია ასე გავრცელებული დეპრესიის „მკურნალი“ ან თუ არსებობს ამ სახის თილისმებში სქესის ფაქტორი, ვთქვათ, როცა ის მხოლოდ მამაკაცისთვისაა განკუთვნილი?

- იმისთვის, რომ სახლიდან სევდა და ნაღველი განდევნოთ, მინიშნების მიხედვით რეკომენდებულია არყის ხის ფოთლები. ოთახში დადგით ლარნაკი არყის ხის რტოებით, ან მისი ოქროსფერ-ყვითელი ფოთლები დააწებეთ მუყაოს რგოლებზე - ასეთი თილისმა დაგეხმარებათ განდევნოთ გულიდან ნაღველი. რაც შეეხება სქესობრივ დაყოფას, მაგალითად, თელის ფოთლები ნამდვილი მამაკაცური თილისმაა, საჩუქარი თავად ბუნებისგან. ხალხში თელა მამაკაცის ძალის, გამბედაობისა და ვაჟკაცობის სიმბოლოა. ვინც თელის ხმელ ფოთლებს (ადრე მას ქსოვილის ქისით ატარებდნენ, ახლა კი საფულეში შეგიძლიათ ჩადოთ) ატარებს თან, მტკიცე სულით, შეუპოვარი ხასიათითა და უდიდესი სექსუალური ძალით გამოირჩევა. ოღონდ თელას არ უყვარს მამაკაცი, რომელსაც საკუთარი თავის რწმენა არა აქვს, მატყუარა და მშიშარაა. ასეთ სისუსტეებს ის არავის შეუნდობს და შეიძლება პირიქითაც მოხდეს: მთელი ძალა მის წინააღმდეგ გამოიყენოს. ამიტომ, თუ გრძნობთ, რომ ასეთი თილისმა თქვენ არ შეგეფერებათ, უმჯობესია, არც სცადოთ.

- წინასწარმეტყველი სიზმრების „დაკვეთა“ თუ შეიძლება?

- თუ გსურთ, თქვენი მომავალი განჭვრიტოთ და ის სიზმარში ნახოთ, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საშუალება ამ მიზნით იფნის ფოთლებია. ამისთვის ტანსაცმლის ქვეშ, გულთან ახლოს უნდა ატაროთ იფნის ყლორტი სამი ფოთლით. ხოლო საბედო რომ დაგესიზმროთ, აუცილებელია, მოძებნოთ ფოთოლი წყვილი რაოდენობის ძარღვით და დაძინებამდე შესთხოვოთ, რომ მომავალი მეუღლე დაგასიზმროთ. ამის შემდეგ ფაქიზად დაიდეთ ეს ფოთოლი ბალიშის ქვეშ და გადაეშვით სიზმარეთის ტკბილ სამეფოში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

24-30 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

შეუცნობელი

რას გვიწინასწარმეტყველებს თანამედროვე მინიშნებებიდ...