ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორი იქნება ივლისის თვე რთული კოსმიური ქარბუქების შემდგომ და რას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება

№27

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 08.07

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

როგორც ასტროლოგი, ბატონი მიხეილ ცაგარელი ამბობს, რთული კოსმიური ქარბუქების შემდგომ შედარებით მოგებიანი და წარმატებული პერიოდი იწყება. თუმცა, წინ გველის რთული პერიოდებიც, როდესაც გონივრული და გააზრებული ქმედებებია საჭირო. ასე რომ, თუ გსურთ ზაფხულის შუა პერიოდი, ივლისის თვე დანაკარგების, წინაღობებისა და ბარიერების გარეშე განვლოთ, პრობლემებს გვერდი აუაროთ და ეს დრო მოგებიანად გამოიყენოთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ის, რასაც ბატონი მიხეილი პლანეტებსა და ვარსკვლავებზე დაკვირვებით გვამცნობს.

– ბატონო მიხეილ, როგორი იქნება ზაფხულის შუა სეზონი და კონკრეტულად ივლისის თვე, რას უნდა ველოდოთ და რისგან დავიზღვიოთ თავი?

– რთული კოსმიური ქარბუქების შემდგომ, ივლისის პირველივე დღეებიდან დაიწყება დედამიწის ბიოსფეროს აქტიურად აღდგენა, რაც გაზრდის მოგებიანი შემთხვევებისა და წარმატებულად მოქმედების ალბათობას. მაგრამ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ 29 ივნისიდან, პლანეტა სატურნის ნეგატიური გავლენით, ჯერ კიდევ დამუხრუჭდება კარიერასა და ბიზნესში მიმდინარე მოვლენები, ადრინდელი ჩანაფიქრების განხორციელება კი შესაძლოა, გადაიდოს.

– კერძოდ, რომელ რიცხვებამდეა შედარებით მოგებიანი და წარმატებული პერიოდი?

– 11 ივლისამდე, პლანეტა ვენერა იმოძრავებს კირჩხიბის ზოდიაქოში, ამიტომ ურთიერთობები მეტად გულითადი და პოზიტიური გახდება. 12 ივლისიდან კი სიყვარულის პლანეტა ლომის ზოდიაქოში გადაინაცვლებს, რის შედეგად აუცილებელი იქნება არსებული გეგმების გადახედვა. რომანტიკულმა და სასიყვარულო კავშირებმა, საოჯახო და პროფესიულმა ურთიერთობებმა კი შესაძლოა, სერიოზული კორექტირება და ცვლილება განიცადოს. თუმცა, გაგრძელდება ძველი კონტრაქტები და ხელშეკრულებები. არაა გამორიცხული ახლობელ და საყვარელ ადამიანებთან გაწყვეტილი კავშირების აღდგენა.

– როდემდე გასტანს ამ მოვლენების ალბათობა?

– 20 ივლისს ენერგიული პლანეტა მარსი გადაინაცვლებს ტყუპების ზოდიაქოში, რაც განაპირობებს პოზიტიურ ცვლილებებს ბიზნესში. გაიზრდება კოლექტიურად და შემოქმედებითად მუშაობის მოთხოვნილება. ამიტომ, ივლისის მეორე ნახევარში ბევრი ადამიანი მეტად აქტიურად იმოქმედებს, შეცვლის არსებულ მდგომარეობას პარტნიორულ ურთიერთობებში და წარმატებას მიაღწევს ახალ საინტერესო პროექტებში. თუმცა, ნებისმიერ საქმიანობაში მეტი ყურადღებაა საჭირო, რათა გაუაზრებელმა და წინდაუხედავმა მოქმედებებმა ან გამონათქვამებმა არ გამოიწვიოს უსიამოვნებები, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოებთან. ასევე, აუცილებელია კანონებისა და წესების დაცვა, საგადასახადო პრობლემების მშვიდად და უკონფლიქტოდ მოგვარება. სასურველია საქმოსნები, ბიზნესმენები, ხელმძღვანელი და მაღალი თანამდებობის პირები მოერიდონ უტეხად, ძალისმიერად და ზედმეტად შეუპოვრად მოქმედებას. კარგი იქნება, თუ ყურადღების გარეშე არ დატოვებენ კონკურენტების ჩანაფიქრებსა და მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლების მოთხოვნებს.

– რას უნდა ველოდოთ თვის ბოლოს და რა გავითვალისწინოთ?

– 25-დან 31 ივლისამდე დროის მონაკვეთში, მეტ ყურადღებას საჭიროებს ჯანმრთელობა, რადგან ნერვული დაძაბულობა, პარტნიორულ და კარიერულ საკითხებში სირთულეები შეიძლება, ცუდად აისახოს ორგანიზმზე. გადამეტებული უყურადღებობის, წესებისა და კანონების დარღვევისა და მხოლოდ იღბლიანობის იმედზე ყოფნის გამო შესაძლოა, გაიზარდოს ავარიების, უბედური შემთხვევების რაოდენობა. მიუხედავად ამისა, ივლისის ბოლო კვირა, წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდება იმ ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს საქმეში რისკი ან დაკავებულია ხელოვნებითა და შემოქმედებით. გარდა ამისა, ამ პერიოდში შესაძლებელი იქნება ახლობლებთან, საყვარელ ადამიანთან, კოლეგებთან არსებული ურთიერთობების გადახედვა და კორექტირება. ზოგს შეიძლება, შეეცვალოს ხელმძღვანელობა, ზოგმა კი მიიღოს საკმაოდ მომხიბვლელი შემოთავაზება, მათ შორის, სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გადასვლის შესახებ. ამ პერიოდში შესაძლებელი იქნება, სამსახურთან ან ბიზნესთან დაკავშირებული და უახლოეს 6 თვეზე გათვლილი ახალი და მნიშვნელოვანი პერსპექტივების ჩამოყალიბება. 31 ივლისიდან კი დაიწყება მეტად მშვიდი და პოზიტიური პერიოდი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა