ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორ უნდა შეცვალოთ საკუთარი აზრი, სიტყვა და ქმედება, რომ საბედისწერო კარმის გამოსწორება შეძლოთ

№14

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 14.04, 2023 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

დღეს თუ „კარმის“ შესახებ იკითხავთ, უმეტესობა თამამად გაგცემთ პასუხს, რომ ყველა ადამიანს თავისი კარმა აქვს და მთელი ცხოვრება მის მიხედვით უნდა გაიაროსო. მაგრამ მართლა იცის კი ჩვენმა მოპასუხემ: რა არის კარმა? საიდან მოდის და რა შემადგენლობისაა? რატომაა ცუდი, კარგი ან შერეული ფორმის? თუ შეიძლება მისი შეცვლა?.. მგონი, ამ კითხვებზე პასუხის გაგება, დააინტერესებს ყველას. სწორედ ამას აგვიხსნის დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარი - ეზოთერიკოსი, ბატონი თენგიზ დ. და იმასაც გვირჩევს, რა მარტივი ხერხები არსებობს ცუდი კარმის შესაცვლელად.

- არსებობს საგვარეულო კარმის გასაუმჯობესებელი სამი რამ, რაც დღესვე შეგიძლიათ გააკეთოთ, თუმცა მანამდე უნდა ვახსენოთ „ოჯახის განკურნების“ პროგრამა, რის მიხედვითაც წარმოებს მუშაობა კარმის შესაცვლელად. მართალია, ამით სხვებს, მაგალითად: შვილებს, ნათესავებს, მეგობრებსა და მტრებს ვერ შევცვლით, რადგან ერთადერთი, რაც შეგვიძლია - ეს საკუთარი თავისა და ენერგიის შეცვლაა, რათა ცოტათი მაინც მოხდეს ენერგიის ჰარმონიზება გვარის შიგნით. თუმცა, ესეც უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯია: დაე, ნუ შეცვლის ის წარსულს, მაგრამ მომავალი კი უნდა გამოასწოროს - ჩვენთვის და ჩვენი შთამომავლებისთვისაც. მაგრამ, კარმა რომ შეცვალო, ჯერ უნდა იცოდე, თავად რა არის ის?

- ...და მართლაც რა არის კარმა?

- კარმა - სანსკრიტიდან თარგმანში მოქმედებას ნიშნავს. ეს არის ყველაფერი ის, რასაც ვფიქრობთ, ვამბობთ და ვაკეთებთ. ყველაფერი, რაც კი მოცემულ მომენტში ჩვენ გარშემოა - არის კარმა. ნაწილობრივ ის გამომუშავებულია წარსულ ცხოვრებაში, ნაწილობრივ - ჩვენს გვარში და ნაწილობრივ - პირადად საკუთარი კარმაა ამ ცხოვრებაში. კარმა შეიძლება იყოს კარგიც და ცუდიც და ასევე, შერეული ფორმის, რაც ყველაზე ხშირია თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში.

- რა შემთხვევაშია კარმა ცუდი ან კარგი?

- ცუდი კარმა მაშინ ფორმირდება, თუ სამყაროს დამანგრეველი ძალის გჯერა ან თავად არღვევ მის კანონებს. შედეგად, ასეთი საქციელი უკანვე გიბრუნდება გამანადგურებელი სიტუაციების სახით, მიმდინარე ან შემდეგი ინკარნაციისას. ცუდი კარმა ასევე აისახება თქვენს შთამომავლობასა და მთელ საგვარეულოზე, რომლის შემადგენელიც ხართ ამჯერად მოსვლისას. კარგი კარმის ფორმირება კი მაშინ ხდება, როცა კარგად იქცევი, როგორც ცალკეულ პიროვნებასთან მიმართებით, ისე მთელი სამყაროს წინაშე. შედეგად, მომავალში ეს საქციელი დადებითი სიტუაციებით დაგიბრუნდებათ უკანვე, რაც ასეთსავე ასახვას ჰპოვებს თქვენს ამჟამინდელ საგვარეულოზეც. ვინც საკუთარ ბიზნესს აწარმოებს და დიდი ფული აქვს, შესანიშნავად ესმის ეს ყველაფერი და შესაბამისადაც იქცევა: აწესებს სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდს. სწორედ ეს ეხმარება მის ბიზნესს, შეუფერხებლად განაგრძოს საქმიანობა და არ დაზიანდეს - თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, რა თქმა უნდა, სუფთა გულითაა ყველაფერი გაკეთებული და სამყაროს კანონებს არ არღვევს. ამიტომაც გვხვდებიან ცხოვრების გზაზე ადამიანები, უანგაროდ რომ გვიკეთებენ სიკეთეს, გვეხმარებიან და მართლაც სასწაულებს აწყობენ ჩვენთვის. ეს კი ნიშნავს, რომ შესაძლოა, წარსულ ცხოვრებაში თქვენც უანგაროდ დაეხმარეთ მათ, ან მიმდინარედ გაუმართეთ ვინმეს ხელი. თანამედროვე ადამიანებში ყველაზე ხშირია შერეული კარმა, რაც ნიშნავს, რომ კეთილი საქმეების შესრულებისას შეცდომები დაუშვეს. არის ინდივიდუალური და საგვარეულო კარმა და თქვენ წარმოიდგინეთ, კარმა აქვს არა მხოლოდ ოჯახს, არამედ ქვეყნებსაც.

- შეიძლება თუ არა კარმის შეცვლა?

- დიახ და შეგიძლიათ, მისი შეცვლა ახლავე დაიწყოთ, რისთვისაც საკმარისია, მხოლოდ სამი რამ შეცვალოთ - საკუთარი აზრები, სიტყვები და რა თქმა უნდა, მოქმედება. ფიქრი, აზრი შეიძლება შეცვალოთ მხოლოდ ცნობიერების საშუალებით, მათ შორის, მედიტაციით ან ფსიქოლოგთან თუ ფსიქოთერაპევტთან მუშაობით. თუმცა, სხვისი დახმარების გარეშეც შეგიძლიათ, შეწყვიტოთ გამუდმებით ცუდზე ფიქრი, არ ჩავარდეთ აპათიაში და ნურავისი შეგშურდებათ; არ შეურაცხყოთ სხვები და ნურც მათთან გაჯიბრებას დაიწყებთ; შეცვალეთ ნეგატიური დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის, შეხედულებების მიმართ და საერთოდ, მოიცილეთ ყველაფერი, რაც კი ხელს უშლის თქვენს ნათელ, სითბოთი და სიყვარულით სავსე აზროვნებას. თავიდან მოიშორეთ ფიქრები უკეთურ საქციელსა და სხვისთვის ზიანის მიყენების განზრახვაზე. როცა მოახერხებთ და საკუთარ ფიქრებს, აზრებს შეცვლით, შეცვალეთ სიტყვებიც. აღარ იხმაროთ უცენზურო სიტყვები, მოეშვით სხვის შეურაცხყოფას, არ გაიმეოროთ ფრაზები, რომლებიც თქვენს წარუმატებლობას, უფერულ ცხოვრებასა და ბოროტ გარემოს დააპროგრამებს. შეწყვიტეთ ტყუილები, ცილისწამება, ჭორაობა. მეტყველებიდან ამოიღეთ სიტყვები, რომლებიც მხოლოდ ბოროტებასა და ნეგატივს იწვევს... აი, მიაღწიეთ იმას, რომ შეცვალეთ თქვენი აზრები და სიტყვები? - ეს უკვე ასახვას თქვენს ქმედებებზეც ჰპოვებს და იწყება ცვლილებები. ამ ყველაფრის თვალყურის დევნება და მასში კორექტივების შეტანა, შეგიძლიათ ახლავე. მოიქეცით კარგად და ემსახურეთ კეთილ საქმეებს, გასწიეთ ქველმოქმედება, ნუ გააბრაზებთ უმცროს ძმებსა და ირგვლივ მყოფთ, ნუ იქნებით სხვაზე დამოკიდებული და ნურც სხვისას მიითვისებთ რამეს, პატივი ეცით დედ-მამასა და წინაპრებს, არ იმრუშოთ... და როცა თავად შეიცვლებით, შეამჩნევთ, თანდათან როგორ იცვლება თქვენ ირგვლივ ყველაფერი. აი ასე, ხომ ნახეთ, არც ისე ძნელია კარმის შეცვლა: შეცვალეთ თქვენი და თქვენი შთამომავლების მომავალი!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა