რატომ ცვლის ფიქრების ფურცელზე გადატანა თქვენს ბედს და რა სარგებელს მოგიტანთ ამ ჩანაწერთა ენერგეტიკა
ავტორი: ნანა წერეთელი 49 წუთის წინ
დიდობაში უმეტესობამ აღარ გააგრძელა, თუმცა ამაოდ. დღიურის ჩანაწერები ძლიერი ენერგეტიკული ინსტრუმენტია აზრების დასალაგებლად, სურვილების ასახდენად, იღბლიანობისა თუ სულის დასაამებლად. თუ გსურთ, გაიგოთ, რატომ აქვს ქაღალდსა და კალამს ასეთი ძალა და როგორ შეძლებთ, რომ დღიურის წერა ჯადოსნურ პრაქტიკად აქციოთ, ყური დაუგდეთ ეზოთერიკოს, ბატონი ლერი მ-ს რჩევებს და შედეგიც არ დააყოვნებს.
ბავშვობაში თქვენც ავსებდით დღიურს? - რა თქმა უნდა, ამას ხომ თითქმის ყველა აკეთებდაო, იტყვით... მაგრამ
- დღიური მხოლოდ ფიქრების ფურცელზე გადატანა როდია, მას მართლაც მაგიური ძალა აქვს. დღიური როგორც ენერგეტიკული ინსტრუმენტი დაგეხმარებათ: თავიდან მთელი „ნაგავი გამოიბერტყოთ“, ჩამოაყალიბოთ სურვილები, მოიზიდოთ იღბალი და თქვენ წარმოიდგინეთ, სულიც კი განიკურნოთ.
- ასეთი რა მისტიკა იმალება დღიურის წარმოებაში?
- დავიწყოთ იმით, რომ წერის ენერგიით - იგულისხმება ხელით წერა და არა კლავიატურაზე აკრეფა, თქვენ ქმნით: ენერგეტიკულ კავშირს აზრსა და მატერიას შორის (ქაღალდი აღნიშნავს განზრახვას); ავითარებთ ნატიფ მოტორიკას, რომელიც აკავშირებს მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებს; ტემპის შენელებით კი, შედიხართ ცნობიერ მდგომარეობაში. ქაღალდი და მელანი არის „მატერია“, რომელიც აღიქვამს თქვენს ფიქრებს და იწყებს მათ განსახიერებას. ტყუილად კი არ წერდნენ ძველად შელოცვებსა და სურვილებს ქაღალდზე.
- როგორი უნდა იყოს დღიური და რა მისტიკური დანიშნულება აქვს მის წარმოებას მფლობელისთვის?
- დღიურის შევსების წესი, პირობითად, რამდენიმე ნაწილად შეიძლება დავყოთ. დავიწყოთ „დილის გვერდებით“: ყოველ დილით ამ ნაწილში ჩაწერეთ ყველაფერი, რაც თავში მოგივათ. არ არის საჭირო აზრების გაფილტვრა და განსჯა. ეს პროცესი წმენდს „დანაგვიანებულ გონებას“, ნათელს ფენს აზროვნებას და ხსნის შფოთვას. დღიურის საღამოს „განყოფილება“ კი, აუცილებლად უნდა დაუთმოთ მადლიერებას. ყოველ საღამოს ჩაწერეთ 3-5 ისეთი რამ, რისთვისაც იმ დღის მადლიერი ხართ. ეს თქვენს გონებას პოზიტიურ მდგომარეობაში გადაიყვანს და წარმატებას მოიზიდავს. სურვილების ნაწილში კი, სურვილი ჩაწერეთ ისე, თითქოს უკვე ახდა. ამით თქვენ ენერგეტიკულ თხოვნას უგზავნით სამყაროს. შემდეგია სიზმრების დღიური, სადაც ნანახ სიზმარს გაღვიძებისთანავე ჩაწერთ. ეს ხელს უწყობს ინტუიციის განვითარებას ქვეცნობიერისგან მინიშნებების მისაღებად. დაბოლოს, დღიური გაანალიზებისთვის - შეაფასეთ თქვენი ემოციები და რეაქციები, მოძებნეთ კონფლიქტის მიზეზები. ეს ხელს უწყობს თვითგანვითარებას.
- მაშ ასე, ვიწყებთ ჯადოსნური დღიურის შევსებას...
- უპირველესად, შეიძინეთ ლამაზი რვეული ან წიგნაკი, რომლის გაფორმებაც ყველაზე ძალიან მოგეწონებათ. ის თქვენს ენერგიას შეინახავს. შემდეგი უპირობო წესია, რომ წეროთ ხელით და არა - კომპიუტერზე აკრიფოთ ტექსტი. ასევე, დღიურის წარმოებისთვის აირჩიეთ დრო (დილა ან საღამო) და აქციეთ ეს ჩვეულ რიტუალად. რაც მთავარია, ნუ წაიკითხავთ ჩანაწერს მაშინვე (მადლიერების დღიურის გარდა). მიეცით თქვენს აზრებს „დაწმენდის“ საშუალება. საკუთარი დღიურის წაკითხვის უფლება კი, არავის მისცეთ. ის ხომ თქვენი პირადი სივრცეა. ხოლო, როცა დღიურს ბოლომდე შეავსებთ, ჩანაწერის ყველა გვერდი გაანადგურეთ - დაწვით, ან შეინახეთ უსაფრთხო ადგილას.
- შეგიძლიათ, რამდენიმე მარტივი პრაქტიკის ნიმუში გაგვიზიაროთ?
- კი, ბატონო. დავიწყოთ დღიურის დილის გვერდებით: ყოველ დილით, სანამ ლოგინიდან ადგებით, წინა საღამოს, ძილის წინ, საწოლის გვერდით მომარაგებულ დღიურში ჩაწერეთ ყველაფერი, რაც თავში მოგივათ. იცოდეთ, დილის ჩანაწერი სამი გვერდი უნდა იყოს. წერისას კი, ზედმეტი ფიქრი და კირკიტი არ არის საჭირო. არც შესწორება-ჩასწორება სცადოთ, რადგან ეს „ცნობიერების ნაკადია“. ამ პრაქტიკის შემდეგ, დღე უფრო მსუბუქია, გონება კი - ნათელი და პროდუქტიული. დღიურში სურვილების ჩაწერასაც თავისი წესი აქვს: სურვილი აუცილებლად აწმყო დროში უნდა ჩაწეროთ. მაგალითად: „მიხარია, რომ ახალი სამსახური მაქვს“. შემდეგ კი დაამატეთ დეტალები: კონკრეტულად, რა არის მასში კარგი. ჩანაწერი ხელახლა წაიკითხეთ თვეში მხოლოდ ერთხელ და დაამატეთ ახლებიც. რაც შეეხება მადლიერების დღიურს, ყოველ საღამოს ჩაწერეთ დღიურში: „მადლიერი ვარ...“ და ჩამოთვალეთ თუნდაც ისეთი წვრილმანები, როგორიცაა: გემრიელი ჩაი, მზიანი დღე, გამვლელის ღიმილი. ნახავთ, რომ ერთი თვის შემდეგ, მადლიერებისთვის უფრო მეტი მიზეზი გაგიჩნდებათ.
- შეიძლება, ერთ-ერთი პრაქტიკის ანალიზი შემოგვთავაზოთ?
- სიამოვნებით. ნინოს, რომელსაც მუდმივი შფოთვები აწუხებდა, ფსიქოლოგმა ურჩია, დღიურის „დილის გვერდები“ შეენახა. ყოველ დილით, ის სამ გვერდს ავსებდა ბოდვებით, წერდა თავის შიშებსა და წყენაზე. თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი თვის შემდეგ მისი შფოთვები სადღაც გაქრა. თავში რაც შხამი მქონდა, ყველაფერი ქაღალდზე ამოვანთხიე და მანაც შეწყვიტა ჩემი მოწამვლაო, - ამბობდა ის. ამრიგად, დღიურის მაგიამ რომ იმუშაოს, დასკვნა ასეთია: 1 - ფიქრების ქაღალდზე ჩაწერა ძლიერი ენერგეტიკული ინსტრუმენტია; 2 - სხვადასხვა ტიპის დღიური სხვადასხვა მიზანს ემსახურება: განწმენდას, მადლიერებასა და სურვილს; 3 - ლამაზ რვეულში რეგულარულად უნდა წეროთ ხელით; 4 - „დილის ფურცლები“ გონებას „ნაგვისგან“ ასუფთავებს; 5. მადლიერების დღიური წარმატებას იზიდავს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




