როგორ უნდა განვლოთ აპრილის თვე მინიმალური დანაკარგის გარეშე და გამოიწვევს თუ არა სერიოზულ გართულებებს მზის დაბნელება
ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 04.04, 2022 წელი
მსოფლიოში შექმნილი რეალობის ფონზე რთულია წინასწარ რაიმეს გათვლა. თუმცა, როგორც ასტროლოგი ბატონი მიხეილ ცაგარელი ამბობს, ასტროლოგიური გათვლებით აპრილის თვე, მთლიანობაში, არასტაბილური ელფერის მატარებელია, თუმცა, გარკვეულ პერიოდებში ჰარმონიული ტენდენციებიც იჩენს თავს.
– ბატონო მიხეილ, ფაქტია, მოვლენები საკმაოდ დაძაბულია მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც. დამეთანხმებით, რაიმეს გათვლა და წინასწარმეტყველება რთულია. და მაინც, რა დასკვნის გაკეთება შეიძლება ვარსკვლავებსა და პლანეტებზე დაკვირვებით, როგორი აპრილი გველის წინ?
– მთლიანობაში აპრილის თვე დადებითი კოსმიური ზემოქმედებით შედარებით ჰარმონიული აღმოჩნდება. 6 რიცხვამდე მერწყულის ზოდიაქოში მოძრავი პლანეტა ვენერა ხელს შეუწყობს სოციალური კავშირების გამყარებას. ამ პერიოდში ადამიანებს გაუადვილდებათ კარიერასა და ბიზნესში წარმოქმნილი სასიკეთო პერსპექტივების დანახვა და გამოყენება. ხელმძღვანელობასა და მათ ხელქვეითებს შორის ურთიერთობა სრულად დაექვემდებარება არსებულ პროფესიულ ეთიკას. 10 აპრილის შემდგომ თავს შეგვახსენებს მარტში წარმოქმნილი პრობლემები და მათი შედეგები, რომელიც დროულად არ იყო მოგვარებული და დასრულებული.
– რას გვირჩევთ, როგორც ასტროლოგი, ამ გარემოებების ფონზე, როგორ განვვლოთ ეს თვე, რომ მინიმალური დანაკარგის გარეშე, მაქსიმალურ შედეგს მივაღწიოთ?
– მსგავსი გარემოებები ყველასაგან ითხოვს განსაკუთრებულ წინდახედულებას, სიდინჯესა და ფრთხილ მიდგომას, განსაკუთრებით, თუ ეს უკავშირდება რაიმე სახის რისკებს. მით უმეტეს, რომ 15 აპრილამდე მერწყულის ზოდიაქოში განლაგებული პლანეტა მარსი განაპირობებს გაუაზრებელ და ნაჩქარევ ქმედებებს, რომლებსაც შეიძლება მოჰყვეს არა ერთი პრობლემა, უსიამოვნება ან კონფლიქტური ინციდენტი. იმისთვის, რომ კიდევ უფრო არ გამწვავდეს სიტუაცია, მოერიდეთ ნაჩქარევ დასკვნებს, გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებს, მაქსიმალურად დაიოკეთ ეიფორიული ემოციები და აზარტული განწყობა.
– ეს ტენდენცია მთელი თვე გასტანს თუ აპრილის მეორე ნახევარი შედარებით სტაბილური აღმოჩნდება, როგორც კარიერული, ისე პირადი ურთიერთობებისთვის?
– დიახ, აპრილის მეორე ნახევარი, შედარებით ჰარმონიული აღმოჩნდება. მარტივად განხორციელდება პრიორიტეტული ამოცანები, წარმატებით ჩაივლის მნიშვნელოვანი მოგზაურობები, შეხვედრები და მოლაპარაკებები, გაადვილდება ადრე დასახული გეგმების ხორცშესხმა. ნებისმიერი აქტიური საქმიანობა ამ დროს ნაყოფიერ შედეგებს გამოიღებს და წარმატების მომტანი იქნება. ეს საუკეთესო დროა ინოვაციური საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაწყვეტილებების დასანერგად, რადგან დადებით შეფასებას დაიმსახურებს მოსახლეობაში და ძალზე პოზიტიურად იქნება მიღებული სოციუმის მიერ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ღონისძიებები ჩატარდება 15-25 აპრილის შუალედში. საქმე ისაა, რომ 15 აპრილის შემდგომ თევზების ზოდიაქოში განლაგებული პლანეტა მარსი ხელს შეუწყობს საოჯახო ურთიერთობების დალაგებასა და გამყარებას. დიდი ხნის შეყვარებულები კი დაფიქრდებიან ერთობლივ გეგმებსა და ოჯახის შექმნაზე. ტყუპების ზოდიაქოში მოძრავი მერკური გააადვილებს ახალი და სასარგებლო კავშირების დამყარებას, მეგობრებისა და თანამოაზრეების პოვნას, პირადი ცხოვრების მოწყობასა და ბიზნესიდეების რეალიზებას.
– როგორც ვიცი, თვის ბოლო დღეებში მზის დაბნელებაა. ეს რაიმე სერიოზულ გართულებებს გამოიწვევს?
– აპრილის ბოლოს, 29 რიცხვიდან, რეტროგრადული პლუტონის ზემოქმედება და 30 აპრილის მზის დაბნელება გამოიწვევს კომუნიკაციურ პრობლემებს და გაართულებს ურთიერთობებს. თუმცა, იმავდროულად, ეს ასპექტი ბევრ ადამიანში გააძლიერებს შინაგან სიმტკიცესა და პრინციპულობასაც. ამიტომ ამ დროს საჭიროა უახლოესი მომავლისთვის პერსპექტიული გეგმების დასახვა, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნება მაისის თვეში მოსალოდნელი რიგი წინააღმდეგობებისა და სირთულეების დაძლევა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან