ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორ მოვიშოროთ უიღბლო წლის ყველა ნეგატივი და რა რიტუალებით შეგვიძლია წამოწყებული საქმეების წარმატებით დასრულება ან ახალი იდეების განხორციელება

№1

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 15.01, 2021 წელი

ახალი წელი
დაკოპირებულია

ახალი წელი შემობრძანდა და უმეტესობა ალბათ ფიქრობს, ამ მსოფლიო პანდემიის დროს, რა გვეახალწლება და გვეზეიმებაო. მაგრამ, სწორედ იმიტომ, რომ ეს სირთულეები წარსულს ჩავაბაროთ და ახალ წელს იმედებითა და უკეთესი მომავლის პერსპექტივით შევხვდეთ, ურიგო არ იქნებოდა, წინაპართა გამოცდილება გაგვეზიარებინა. თუ როგორ უნდა გაწმინდოთ სახლი ნეგატიური ენერგიისგან, „დააყენოთ“ დამცავი „საშუალებები,“ გამოიჩინოთ სიფრთხილის ზომები საოჯახო საქმეებსა და სასურსათო პროდუქტთან მიმართებაში და რაც მთავარია, რა რიტუალები უნდა შეასრულოთ უკვე წამოწყებული საქმეებისა თუ იდეების წარმატებით განხორციელებისთვის, ამ ყველაფერზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი ლეილა ზ. 

- მართლაც ძალიან ბევრი ამბობს, ამ საყოველთაო განსაცდელის ჟამს, სულაც არ მაქვს საახალწლო განწყობაო, მაგრამ სწორედ ამ დროსაა საჭირო უარყოფითი ენერგია განვდევნოთ სახლიდანაც, ქცევიდანაც და ხალხური სიბრძნის გამოყენებით, ისეთ ხერხებსა თუ რიტუალებს მივმართოთ, წარმატებას სწორედ ამ ახალ წელს რომ მოგვიტანს.

- რით დავიწყოთ?

- რა თქმა უნდა, სახლის გაწმენდით. თუ სერიოზულად ეჭვობთ, რომ თქვენი საცხოვრებელი ჯადოთია შეკრული, ნეგატივი დაგროვდა, რაც გამოიხატება შემდეგში: გაურკვეველი მიზეზით ავადმყოფობენ ბავშვები, თავისთავად იმტვრევა ჭურჭელი, მაგიდიდან, თაროებიდან და კედლებიდან ცვივა საგნები, დროზე ადრე ფუჭდება პროდუქტები და სხვა მსგავსი აუხსნელი მოვლენები, ამ ყველაფერთან ერთად, ცუდი სიზმრებიც გესიზმრებათ - მთელი სახლი გენერალურად უნდა დაალაგოთ. დაათვალიერეთ კარის დირეები და ფანჯრის ჩარჩოები, კარგად შეამოწმეთ შემოსასვლელი კარის ფეხსაწმედი ტილო, კედლის ხალიჩები, ბუმბული ბალიშებში, რომ სადმე ფარულად არ იყოს ჩარჭობილი ნემსი, ჭიკარტი, ინგლისური ქინძისთავი (ბულავკა), შეკრული თმები და სხვა გაურკვეველი საგნები - რასაც ნახავთ დაწვით, სახლი კი გააძლიერეთ ნაკურთხი წყლით. გაითვალისწინეთ ასევე, რომ ცარცი უწმინდური ძალებისგან გიცავთ - ტყუილად კი არ ათეთრებდნენ ძველად კედლებს ცარცით - ის ერთგვარ დამცავ ფონს ქმნიდა უწმინდურთა წინააღმდეგ. კედლებზე მიკრული შპალერი კი მათთვის მოსახერხებელი გარემოა. შემოსასვლელ კარზე შეგიძლიათ დანის ნაცვლად, გაშლილი მაკრატელი დაამაგროთ კარის ზედა მარჯვენა კუთხეში და იმ მხრიდან - საითაც იღება, რათა მაკრატლის გაშლილი პირები დიაგონალზე ყოფდეს კარს. ნუ გაფენთ თეთრეულს გასაშრობად ღამით. მასზე შეიძლება ჯადო გააკეთონ. თუ რომელიმე მათგანი დაიკარგა, შემდეგ კი კვლავ სახლში აღმოაჩინდეთ, ის ნივთი აუცილებლად დაწვით. ნაყიდ საკვებ პროდუქტს, განსაკუთრებით კი ბაზარში, ნაკურთხი წყალი უნდა მოასხათ ან ჯვარი გადასახოთ დანით. თუ სახლში დიდი ხანია, გაქვთ საათი, მას ძალიან ძლიერი კავშირი აქვს პატრონთან. ამიტომ ნუ მოიშორებთ მას დაზიანების შემთხვევაშიც კი. ეს კავშირი იმდენად ძლიერია, რომ საათი ხშირად ჩერდება მფლობელის გარდაცვალების შემდეგ - ასეთი საათის შეკეთება ჩვეულებრივი მეთოდებით შეუძლებელია.

- რაც შეეხება საქმეებს, რა არის საჭირო წამოწყებულის წარმატებით დასასრულებლად თუ ახალი იდეების განსახორციელებლად?

- შემოგთავაზებთ რიტუალის ორ ვარიანტს, რისთვისაც დაგჭირდებათ: სანთელი - როგორც წესი, ამ დღესასწაულისთვის ყვითელ, ნარინჯისფერ ან ოქროსფერ სანთელს ირჩევენ, თუმცა მნიშვნელოვანია განწყობა - რომელი ფერი რა ასოციაციას იწვევს თქვენში; ყვითელი ფოთლები - უმჯობესია რამდენიმე, რადგან მასზე დაწერა მოგიწევთ, ხმელი ფოთოლი კი მსხვრევადია, შეგიძლიათ ის ჩვეულებრივი ყვითელი ქაღალდითაც ჩაანაცვლოთ; დაბოლოს, კალამი - თუ მაინც ფოთოლს აირჩევთ, უმჯობესია, გელის ან რბილად დამწერი მარკერი გამოიყენოთ. მაშ ასე, აანთეთ სანთელი და იფიქრეთ საქმეზე; სამყაროს შემოქმედისა და ზეციური ძალებისგან მხარდაჭერასა და საქმეში თქვენს პასუხიმგებლობასა და მოვალეობებზე. დააკონკრეტეთ: რა არის დამოკიდებული პირადად თქვენზე? რა ნაბიჯებია გადასადგმელი? რა თვისებები და უნარები უნდა გააძლიეროთ და რა იქნება დამოკიდებული მოვლენების განვითარებაზე? ამ დროს უპრიანია, დახმარებისთვის სამყაროს შემოქმედს მიმართოთ და გამოხატოთ მზაობა, რომ საქმის დასამთავრებლად გააკეთებთ ყველაფერს, რაც კი თქვენზეა დამოკიდებული. სასარგებლო იქნებოდა, თუ უპასუხებდით შემდეგ კითხვებსაც: როგორი უნდა იყოს საბოლოო შედეგი და რა ვადებში ჩაეტევით? კიდევ ვინ ისარგებლებს მისი განხორციელებით? ეს წარმატება როგორ შეუწყობს ხელს სამყაროს ჰარმონიზებას? რაც უფრო კონკრეტულ პასუხებს გასცემთ ამ კითხვებს, მით უკეთესი.


- რას გვეტყვით მეორე ვარიანტზე?

- მეორე ვარიანტი: აიღეთ ყველაზე ლამაზი ფოთოლი და დააწერეთ ზედ მოკლედ ჩამოყალიბებული სურვილი, მაგალითად: „ჩემი ბიზნესის წარმატებული დასაწყისი“ ან „მე წამოვიწყე წარმატებული ბიზნესი“. უმჯობესია, მოერიდოთ ფორმულირებას, რომელიც იწყება სიტყვებით: „მე მინდა...“ - ეს თავად სურვილის არსებობის ფაქტს ადასტურებს, ჩვენ კი საბოლოო რეზულტატზე კონცენტრირება გვჭირდება. დადეთ ფოთოლი სანთლის გვერდით და კიდევ რამდენიმე ხანს გააგრძელეთ მედიტაცია ჩანაფიქრის შესრულებაზე. უფრო მეტი ეფექტისთვის კარგი იქნება, რიტუალს კიდევ ორჯერ თუ გაიმეორებთ, თუმცა თუ აუცილებლობას იგრძნობთ, უფრო მეტჯერაც შეიძლება. ოღონდ, გაითვალისწინეთ, სურვილი გულწრფელი უნდა იყო, თორემ პრინციპი: „რაც მეტი, მით - უკეთესი“, მაგიაში ყოველთვის არ ჭრის. რიტუალის გამეორების შემთხვევაში, შეგიძლიათ, გამოიყენოთ იგივე ფოთოლი ან ფურცელი, რომელზეც უკვე გქონდათ სურვილი დაწერილი. ფოთოლი ჩაფიქრებული სურვილის შესრულებამდე შეინახეთ, რის შემდეგაც შეგიძლიათ, დაწვათ ან მდინარეში, ტბაში გადააგდოთ - თან, არ დაგავიწყდეთ, მადლობა გადაუხადოთ ზეციურ ძალებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი