ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორ გაიგებთ, ხართ თუ არა, „ძლიერთა ამაქვეყნისათა“ სიაში და რატომ ავლენენ ხშირად „პირველები“ მაგიურ ძალას

№37

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 20.09

შეუცნობელი
დაკოპირებულია

დაბადების თარიღი რომ ბევრ რამეს განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებაში, ალბათ, ყველამ იცის, მით უმეტეს, რომ ჩვენს რუბრიკაშიც არაერთხელ ყოფილა ეს თემა განხილვის საგანი. ამჯერად შევეხებით, მხოლოდ იმას, თუ თვის რომელ რიცხვში დაბადებულებს აქვთ ყველაზე ძლიერი სული, რაშიც ნუმეროლოგია დაგვეხმარება. გაინტერესებთ, ხართ თუ არა ამ სიაში? ყურადღებით მოუსმინეთ ეზოთერიკოს, ქალბატონ მზია გ-ს.

- სანამ გავარკვევთ, ვინ მოხვდა „ძლიერთა ამაქვეყნისათა“ სიაში, მოდი, გავიხსენოთ ნუმეროლოგიის საფუძვლები. ნუმეროლოგია შეისწავლის რიცხვების მისტიკურ მნიშვნელობას, რაც ხშირად ადამიანის პიროვნულ თვისებებს, მის ძლიერ თუ სუსტ მხარეებსა და ცხოვრების გზას უკავშირდება. მიიჩნევა, რომ თითოეული რიცხვი საკუთარ ენერგიასა და ვიბრაციას ადამიანის პიროვნებისა და ბედის ჩამოყალიბებაში დებს. ასე რომ, ნუმეროლოგია გვეხმარება, უკეთ შევიცნოთ საკუთარი თავი: მივხვდეთ, რა მოტივები გვამოძრავებს ცხოვრებაში, რა ღირებულებებს ვაღიარებთ, რა გზას ვადგავართ და რა გვაქვს დასახული მიზნად. როდესაც ადამიანი რჩევისთვის ნუმეროლოგთან მიდის, ის გარკვეული ანალიზის საფუძველზე, ადგენს მოსულის ფსიქოლოგიურ პორტრეტს, რომელიც დეტალურად შიფრავს პიროვნულ ფსიქოტიპს და ამოიცნობს მის ამქვეყნიურ მისიასაც კი. თუმცა, შეუძლებელია, ცოდნის ამ სისტემას სრულად დაეყრდნო, როცა რჩევას ზოგადად, ინტერვიუს სახით გასცემ, რადგან ნებისმიერი თემის დეტალური გაანალიზება ინდივიდუალური მიდგომით ხდება. ამიტომ, აქ წარმოდგენილი ზოგადი პროგნოზი, ვერ იქნება საბოლოო ჭეშმარიტება, თუმცა დაბადების თარიღი ნებისმიერ შემთხვევაში მოქმედებს ადამიანზე. სხვა საქმეა, როგორ, რა ენერგიას გაძლევთ და რა გავლენას ახდენს ის თქვენს ხასიათზე. ყოველივე აქედან გამომდინარე, ამჯერად ყურადღებას ზოგად ენერგიებსა და დაბადების იმ თარიღებზე გავამახვილებ, როცა ყველაზე ხშირად იბადებიან წარმოუდგენლად ძლიერი სულისა და ფოლადის ნებისყოფის ადამიანები.

- საინტერესოა, ასეთი ძლიერი ნებისყოფის ადამიანები რომელ რიცხვებში იბადებიან?

- დავიწყებ, რა თქმა უნდა, თვის პირველი დღით. ნებისმიერი თვის პირველ რიცხვში დაბადებული ადამიანი წარმოუდგენლად ძლიერია სულიერად და აქვს მტკიცე ნებისყოფა. ისინი უფრო ხშირად აღწევენ ლიდერის პოზიციებს, ვიდრე სხვები, ანდა ეს მისწრაფება ბევრად უფრო მეტად აქვთ განვითარებული. ფოლადისებრი ნებისყოფა აძლევს მათ ძალას, ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი, არ დანებდნენ და არჩეულ გზას არ გადაუხვიონ. პირველ რიცხვში დაბადებულები, ანუ „პირველები“ არიან თავიანთი ნების გამტარები და შესაბამისად, სწორედ ამ თვისების გამოა, რომ ბევრი მათგანი შესანიშნავი ჯადოქარია. ნებისყოფის საშუალებით, მათ შეუძლიათ, გავლენა მოახდინონ როგორც სხვებზე, ასევე, სიტუაციებზეც. სუსტი ნებისყოფის ადამიანი კი, ამას ნამდვილად ვერ შეძლებს და წარმატებას ვერ მიაღწევს.

- რომელია შემდეგი?

- იმპერატორი, ანუ, ვინც რომელიმე თვის 4 რიცხვში მოევლინა ამ ქვეყანას, დაბადებულია იმპერატორად. მას ფოლადივით მტკიცე ნებისყოფა აქვს და რომ იტყვიან, შეუძლებელია, მისი ადგილიდან დაძვრა - ჯიუტად ილტვის დასახული მიზნისკენ და არაფრით ნებდება. „ოთხიანს“ მოსწონს სტაბილურობა ცხოვრებაში და ისწრაფვის სტატუსისა და აღიარებისკენ, რასაც უმეტესწილად აღწევს კიდეც, ყოველ შემთხვევაში, ვიწრო ოჯახურ წრეში მაინც. წარმოუდგენლად ძლიერი შინაგანი ძალა სულიერადაც შეუდრეკელს ხდის მას, რაც საშუალებას აძლევს, უმტკივნეულოდ დაძლიოს ნებისმიერი სირთულე ისე, რომ საკუთარ ემოციურ სისტემას ოდნავი ზიანიც არ მიადგეს. „იმპერატორს“ მოსდევს ძლიერება - ნებისმიერი თვის 8 და 26 რიცხვებში დაბადებული ადამიანები. ეს ის ორი თარიღია, რა დროსაც გონებრივად და სულიერად სუსტი ადამიანები არ იბადებიან. ორივე „ძალოსანს“ შესწევს ძალა, ნებისმიერი მხეცი მოათვინიეროს როგორც საკუთარ თავში, ისე მის გარეთაც. ეს კი ნიშნავს, რომ ამ დღეებში დაბადებულები სწორედ ძლიერი ნებისყოფითა და ლიდერის გამოკვეთილი შესაძლებლობებით გამოირჩევიან. უმეტესობა სერიოზულად მუშაობს საკუთარი სხეულის განვითარებაზე და ამისთვის ყველაზე სარისკო ექსპერიმენტებზეც არ ამბობს უარს. მათი სხეულის ფიზიკურ გარსში კი, წარმოუდგენლად ძლიერი სულია შთაბერილი, რომელიც ყველანაირად უწყობს ხელს, დაძლიონ ცხოვრებისეული სირთულეები და მარად ბრძოლისთვის იყვნენ შემართული. რაც შეეხება მომდევნო წარმომადგენელს, ის 15 რიცხვში დაბადებული ადამიანია, რომელსაც ეშმაკის სახელით მოიხსენიებენ...

- ანუ, უარყოფით ზეგავლენას ახდენს ეს რიცხვი ადამიანზე?

- ეს ნიშნავს, რომ 15-ის „ეშმაკური“, ანუ ჩრდილოვანი თვისებები, ადამიანს შეუძლია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. ხშირად ეს მხოლოდ ქარიზმა და ძლიერი ენერგია კი არა, სულიერი ძლიერებაცაა, რომლის გატეხა, გათელვა შეუძლებელია. ის ფენიქსივით ფერფლიდან აღდგება და კვლავ სვლას განაგრძობს. „თხუტმენიანელები“ საკმაოდ ამბიციურები და ჯიუტები არიან, არასდროს იტყვიან უარს დასახულ მიზნებზე თუ ზოგადად, ცხოვრებაზე. ძლიერი ნებისყოფა და შეუდრეკელი სულისკვეთება საშუალებას აძლევს მათ, ნებისმიერ მიზანს მიაღწიონ... დაბოლოს, მზე - ნებისმიერი თვის 19 რიცხვში დაბადებულები, რომელთაც შინაგან სიძლიერესთან ერთად, ცეცხლოვანი სულიც აქვთ... და, როცა ძლიერი შინაგანი ღერძი შინაგან ცეცხლს ერთვის, შობს ღვთაებრივ ნაშიერს. ამიტომაცაა, რომ 19-ში დაბადებულებს, დარწმუნებულები არიან რა საკუთარ თავში, ნებისმიერი ფიზიკური და სულიერი სირთულის გადალახვა შეუძლიათ. ლაღი და თავისუფალნი თავს დაცულად გრძნობენ სამყაროში. ის შეშინებული პატარა ცხოველი კი არაა ამ პლანეტაზე, არამედ, ღვთის შვილია და თავადაც კარგად გრძნობს ამას. საოცარი თვითკონტროლის უნარი აქვს და შეუძლია, თავისი ემოციები, სურვილები და გრძნობები სრულიად განაგოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა