ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორ აორმაგებს სარკე ოჯახის სიმდიდრეს

№44

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00

შეუცნობელი
დაკოპირებულია

სამყარო მუდმივად გვიგზავნის შეფარვით, მაგრამ უმნიშვნელოვანეს სიგნალებს მოახლოებული ცვლილებების შესახებ. ამჯერად გაგაცნობთ მხოლოდ იმ მინიშნებებს, იღბალს ფინანსებისა და კეთილდღეობის მხრივ რომ გაგიხსნით. სწორედ ამ თემაზე ისაუბრებს ეზოთერიკოსი, ქალბატონი ლალი ბ. და გპირდებათ, რომ თუ დროულად შეამჩნევთ მინიშნებებს და მასზე რეაგირებასაც სწორად მოახდენთ, შეგიძლიათ, ფართოდ გაუღოთ კარი სიუხვის ნაკადს.

- ფული და კარგი ცხოვრება ვის არ უნდა, მაგრამ ყველას როდი უმართლებს... თუმცა, თუ ყურადღებას გამოიჩენთ და სამყაროს გზავნილებს ამოიცნობთ, არც ფინანსური იღბალი დაიგვიანებს. მოდი, ერთად განვიხილოთ დროში გამოცდილი მინიშნებები თუ ბრძნული რჩევები, რათა სამყაროს ნაკარნახევიდან არაფერი გამოგრჩეთ და კეთილდღეობისა და ფინანსური წარმატების გარეშე არ დარჩეთ.

- მე მხოლოდ ის ვიცი, ხელისგულის ქავილმა ფული იცისო...

- ეს უძველესი და უტყუარი ნიშანია. ქავილის ან ჩხვლეტის შეგრძნება მარცხენა ხელისგულზე მოგებაზე მიგანიშნებთ და თუ მოულოდნელად, რომელიმე მაინც დაგეწყოთ, მოემზადეთ ნაღდი ფულის შემოდინებისთვის. მოქმედების გასაძლიერებლად შეგიძლიათ, პატარა რიტუალიც ჩაატაროთ: ხელისგული მაჯისკენ ნაზად მოიფხანეთ (თითქოს მონეტებს აგროვებთ), მერე აკოცეთ ხელისგულს და ჩურჩულით თქვით: „გმადლობთ!“ შემდეგ ხელი თავს ზემოთ ასწიეთ და საათის ისრის მიმართულებით ირგვლივ სამჯერ შემოიტარეთ. ასევე, თუ მოულოდნელად, დიდი ხნის დაკარგულ ნივთს იპოვით, ეს მხოლოდ დამთხვევა არ არის - უტყუარი ნიშანია იმისა, რომ თქვენს ცხოვრებაში მალე სასიამოვნო ფინანსური ცვლილებები მოხდება. თავად ბედისწერა გაცნობებთ, რომ დანაკარგი ბრუნდება ფინანსური კეთილდღეობის სახით.

- ხშირად მიპოვია წვრილი ფული, მონეტა - ეს რაზე მიანიშნებს?

- თუ ხშირად პოულობთ სხვის დაკარგულ მონეტებს, ნუ უგულებელყოფთ მას! ეს მხოლოდ ხურდა არ არის - ნიშანია სამყაროსგან, რომ მალე ფინანსურ კეთილდღეობას ეწევით. გულწრფელი მადლიერებით აიღეთ მონეტა, მიიტანეთ სახლში, გაწმინდეთ, ჩააგდეთ ლამაზ ქილაში ან ელეგანტურ ვაზაში და ეს იმპროვიზებული ფულის თილისმა სახლის სამხრეთ-აღმოსავლეთ სექტორში მოათავსეთ - ფენ-შუის სიმდიდრის ზონაში. როდესაც ყულაბა გაივსება, მონეტები კუპიურებზე გადაცვალეთ და რაიმე თქვენთვის სასარგებლო, სასიამოვნო იყიდეთ. მთავარია, არასდროს აიღოთ მონეტა გზაჯვარედინზე - ხშირად ხურდას იქ სპეციალური რიტუალების შემდეგ ტოვებენ, სხვადასხვა დაავადებისა თუ უბედურების თავიდან ასაცილებლად. კეთილდღეობის სიმბოლოდაა მიჩნეული, ასევე მცენარეები. მაგალითად, ოთახის ყვავილები მგრძნობიარეა სახლის ენერგიის მიმართ და თუ რომელიმე მათგანი მოულოდნელად აყვავდა, ეს შესანიშნავია! ფოთლებზე ნაზად მიეფერეთ და უთხარით: „ფული ფულთან! მადლობა სიუხვისთვის!“ და თქვენს ფინანსურ მიმოქცევას დადებით ცვლილებებსაც მალევე შეამჩნევთ. გაგიკვირდებათ და მაწანწალა ცხოველებიც სიმდიდრის მაცნეები არიან. ამიტომ, მაწანწალა კატა ან ძაღლი თუ სახლში „გეწვიათ“, ან შესასვლელთან ნახეთ, ნუ გააგდებთ! ეს შემთხვევითობა არ არის - ზემოდან მოვლენილი ნიშანია. თუ ცხოველის შენახვა არ შეგიძლიათ, გამოკვებეთ, მზრუნველობა გამოიჩინეთ და სამყარო აუცილებლად ფინანსური წარმატებით დაგაჯილდოვებთ. განსაკუთრებით სასიხარულოა, თუ კატა სამფეროვანი იქნება - ის თქვენს ფინანსურ საქმეებში სწრაფ და ძალიან დადებით ცვლილებებს შემოიტანს.

- მაწანწალა ცხოველების შესახებ - არა, მაგრამ ჩიტების ექსკრემენტების „სიკეთეზე“ კი მსმენია...

- მართალია, თუ შემთხვევით ძაღლის დატოვებულ „სიურპრიზში“ ჩადგით ფეხი, ან ზემოდან ჩიტმა „დაგასაჩუქრათ“ - ეს მართლაც კარგის ნიშანია: „ფული მოდის!“ ასევე, რაც არ უნდა უცნაურად გეჩვენოთ, შემთხვევით თითი ან სხვა რამ თუ გაიჭერით და სისხლის წვეთი კუპიურას ან საფულეს დაეწვეთა, უტყუარი ნიშანია იმისა, რომ სწრაფ მოგებას მიიღებთ. ტკბილ ცხოვრებას გპირდებათ, საჭმლის მომზადებისას მარილის ნაცვლად, შეცდომით შაქარს თუ დაამატებთ კერძს (ან პირიქით) - დაელოდეთ სასიამოვნო ამბებს ფულთან დაკავშირებით: მოულოდნელი ბონუსის, ხელფასის მომატების ან გულუხვი საჩუქრის სახით. რაც შეეხება მოგებულ, ნაპოვნ ან ნაჩუქარ ფულს, იმავე დღეს არ უნდა დახარჯოთ. ჯერ სახლში მიიტანეთ, იქ „ღამე გაათიოს“ და ისიც სივრცეს სიუხვის ენერგიით შეავსებს. ოჯახში სიმდიდრე გაორმაგდება, თუ სასადილო მაგიდის მოპირდაპირედ სარკეს დადგამთ, ოღონდ გახსოვდეთ: მაგიდა ყოველთვის მოწესრიგებული უნდა იყოს, ჭურჭელი კი გემრიელი საკვებით სავსე. სარკეში არეკლილი საკვები სიმბოლურად „მრავლდება“, რაც სახლში კეთილდღეობას იზიდავს. ჩვენი წინაპრები მაგიდაზე მზესუმზირის თაიგულებს აწყობდნენ, სახლში სიუხვეს შემოიტანსო. თუ ცოცხალ მზესუმზირებს ვერ შეინახავთ, მათი ნახატი ან ფოტო დაკიდეთ - ეფექტი იგივეა!.. და რაც მთავარია, ყველაზე რთულ დროსაც კი, ეცადეთ, საფულეში ერთი მონეტა მაინც გქონდეთ - ის მაგნიტივით სხვა ფულსაც მოიზიდავს.

- რაც შეეხება ფულის სესხება-გასესხების წესს?

- უმჯობესია, ფული მზარდი მთვარის ფაზაში ისესხოთ, ვალი კი, კლებადი მთვარის დროს დაფაროთ. მიიღეთ კუპიურები მარცხენა ხელით და გაეცით - მარჯვენათი. ძველი შეხედულებების თანახმად, მთვარის კალენდრის ყველაზე ძლიერი ფინანსური დღეებია მე-14 და მე-20. ამიტომ, ამ დროს თავისუფლად განახორციელეთ ტრანზაქციები, ჩადეთ ფული საქმეში, გაყიდეთ და იყიდეთ - ყველა ქმედება მაქსიმალურ მოგებას მოიტანს. ასევე, სასარგებლოა ამ დღეებში თმის შეჭრა - ხანგრძლივი ფინანსური წარმატების საწინდარია.

- კვირის რომელ დღეებშია ფული ყველაზე ადვილად საშოვნელი?

- მხოლოდ კვირის ოთხი დღეა ასეთი: ოთხშაბათი - წარმატებული ბიზნესის უზრუნველსაყოფად მარცხენა ქუსლის ქვეშ მონეტა დაიდეთ; ხუთშაბათი - საუკეთესოა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად და მომგებიანი გარიგებების დასადებად; პარასკევი - იდეალურია ნაღდი ფულის დასათვლელად, მაგრამ არა - ხარჯვისთვის; შაბათი - შენაძენი ამ დღეს სიხარულსა და მატერიალურ სარგებელს მოგიტანთ. გახსოვდეთ: ფულს უყვარს ის, ვინც მინიშნებებს ამჩნევს, ყველა წვრილმანს აფასებს და გულწრფელად მადლიერია იმ ყველაფრისთვის, რაც აქვს. გული გაუხსენით სიმდიდრეს და ისიც აუცილებლად შემოვა თქვენს ცხოვრებაში!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა