რის სიმბოლოა სფეროს ფორმის კრისტალი და რომელი ქვა ჩამოგაშორებთ ყველა ხელისშემშლელ პირობას, რაც კი მიზნისკენ მიმავალ გზაზე გადაგეღობებათ
ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 20.10, 2023 წელი
ქვების მაგიური თვისებები ცნობილია უძველესი დროიდან და დღემდე ფართოდ გამოიყენება მისტიკურ პრაქტიკაში. იუველირის დამუშავება კიდევ უფრო გამოკვეთს მინერალის ბუნებრივ ხიბლს და ეზოთერიკოსების მტკიცებით, სწორედ მისი ფორმა ახდენს გავლენას ქვის მაგიურ თვისებებზე. თუ რომელი და რა ფორმის ქვა უნდა შეარჩიოთ თილისმად; კონკრეტულად, როგორ ნაწილდება მისი მაგიური ზეგავლენა მფლობელზე მინერალის მოყვანილობის მიხედვით, შეიტყობთ ეზოთერიკოსი ქალბატონისგან, ნუნუ ბ-სგან.
- რაც ძვირფასი ქვების მოპოვება დაიწყეს, იქიდან მოყოლებული დღემდე მათი სილამაზით აღფრთოვანებული იუველირები გაპრიალების, ჭრისა თუ სხვა მეთოდების საშუალებით, მეტ მიმზიდველობას სძენენ მინერალებს და ელეგანტური ფორმით ხაზს უსვამენ მათ ბუნებრივ სილამაზეს. ეზოთერიკოსების მტკიცებით კი, ქვის ფორმა პირდაპირ გავლენას ახდენს მის მაგიურ თვისებებზე.
- როგორ ნაწილდება ბუნებრივი ქვების ფორმები მათ თვისებებზე და როგორ უნდა შევარჩიოთ ის თილისმისთვის?
- თილისმის შერჩევისას, თქვენთვის გინდათ ის თუ საყვარელი ადამიანისთვის, მხოლოდ ქვის სილამაზეს კი არა, ყურადღება მის ბუნებრივ ფორმასაც უნდა მიაქციოთ - სწორედ მასშია კონცენტრირებული კონკრეტული ნიმუშის მრავალი მაგიური თვისება. ბუნების უდიდესი ძალა უხეშ ქვებშია, რომელსაც ადამიანის ხელი არ შეხებია. ბევრი ქვისთვის ეს ფორმა საუკეთესოა ენერგიის შემცველობის თვალსაზრისით - განსაკუთრებული სინაზითა და სითბოთი მოქმედებს ადამიანზე, თუმცა ესთეტიკის მხრივ, შესამჩნევად ჩამორჩება გაპრიალებულ „თანამოძმეებს“. თუმცა, ისეთი უძლიერესი ქვები, როგორიც საფირონი და ბრილიანტია, დამუშავების გარეშე თილისმად არ უნდა გამოიყენოთ. ველური ქვების ენერგიის სიძლიერე დროთა განმავლობაში მფლობელს ანადგურებს. ქრიზოპრაზი, ტურმალინი, ლაბრადორი და ობსიდიანი კი, პირიქით, დამუშავების დროს კარგავს ბევრ დადებით თვისებას, ამიტომ, გამოიყენეთ ბუნებრივი სახით. რაც შეხება მაქსიმალურად ქვის ბუნებრივ ნიმუშთან დაახლოებულ ფორმას, ის ბუნებრივ გარემოში ექნებოდა ნებისმიერს, ათეულობით თუ ასობით წლები ზღვის ფსკერზე რომ გაეტარებინა (კლდის სიხისტესაც გააჩნია). მინერალი წვეტიანი წახნაგების გარეშე ისეთ მუდმივ ენერგეტიკას ფლობს, რომელიც მსუბუქად მოქმედებს ადამიანზეც და მის მიმდებარე სივრცეზეც. დამწყები ეზოთერიკოსებისთვის ასეთი ქვა იდეალურია, რადგან მასთან ურთიერთობა ენერგეტიკულ დონეზე მარტივია.
- რას გვეტყვით ოვალურ და მრგვალ ქვებზე?
- სამკაული მომრგვალებული ქვებით ენერგიის ერთგვარი აკუმულატორია. ის ენერგიას აგროვებს და თანაბრად ანაწილებს მფლობელის ცხოვრების ყველა სეგმენტზე. ყველაზე ხშირად ოვალური ქვები ქალურობასთან, სინაზესთან, სილამაზესა და ნათელ აზრებთან ასოცირდება. მათში კონცენტრირდება დადებითი ვიბრაცია და იზიდავს ყველაფერს, რაც კი პატრონს სჭირდება: სიყვარულს, ფულს, ბედნიერებას და სხვა სარგებელს. მაგალითად, ბურთის, სფეროს ფორმის ქვაში შერწყმულია უნაკლო წონასწორობა და სრულყოფილი სიმეტრია, რის საშუალებითაც ძალასა და ენერგიას ის ყველა მიმართულებით თანაბრად ანაწილებს - განასახიერებს უსასრულობას, წონასწორობას და მფლობელს შინაგანი ბალანსის უნარს ანიჭებს, უქმნის ჰარმონიას საკუთარ თავთან და გარემომცველ რეალობასთან. მინერალი-სფერო ხშირად გამოიყენება მედიტაციისთვის და ყოველგვარი უარყოფითი ზემოქმედების გარეშე ქმნის სიმშვიდეს. აღსანიშნავია კვერცხის ფორმის ქვა, რომლის მფლობელიც ქვეცნობიერად ახალი ცხოვრებისკენ მიისწრაფვის. როგორც სიახლის სიმბოლო, ის ახალ იდეებს ბადებს შემოქმედებისთვის, გაპოვნინებთ პასუხებს რთულ კითხვებზე და ბედის ლაბირინთებშიც გაგარკვევთ. კვერცხი-თილისმა ადამიანს მომავლის განჭვრეტის უნარს უვითარებს; ზოგადად აიძულებს, იფიქროს არასტანდარტულად და აღმოაჩინოს ახალი ჰორიზონტები.
- თუ მინერალი წახნაგოვანია?
- წახნაგები აქვს კუბის ფორმის ქვას, რომელიც მთელ თავის ენერგეტიკას პირდაპირ გადასცემს მფლობელს, რითაც საშუალებას აძლევს, საკუთარი რესურსების მთელი პოტენციალი გამოიყენოს. კუბი-კრისტალი დედამიწის ელემენტის პერსონიფიკაციაა და ქვის ენერგიას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის, მფლობელს სიმშვიდესა და ჰარმონიას უქმნის. მაგრამ, თუ გსურთ, გათავისუფლდეთ უარყოფითი ენერგიისგან, ყურადღება მიაქციეთ კრისტალს წამახვილებული წვერით ორივე ბოლოზე. ის დაუბრკოლებლად შთანთქავს ყველა ბოროტებას, რომელიც მიმართულია ადამიანისადმი ან უბრალოდ, ბალანსირებულია სივრცეში. კრისტალი ერთი წვერით გიყალიბებთ მკაფიო მიზანს ცხოვრებაში, გიხსნით მავნე ჩვევებისგან, მეორით კი - გაძლევთ შესაძლებლობას, მიზანს პატიოსანი გზით მიაღწიოთ. პირამიდად დამუშავებული ქვა მნიშვნელოვნად ზრდის მინერალის შინაგან სიძლიერეს და ენერგიას სწორი მიმართულებით უყრის თავს; მფლობელს მკაფიო გეგმებისა და იდეების ჩამოყალიბებაში ეხმარება და ხელს უწყობს მათ განხორციელებაში. საუკეთესოდ „მუშაობს” ოპტიმალური ფინანსური ატმოსფეროს შესაქმნელად. ცილინდრის, სვეტისა და სხვა წაგრძელებული ფორმის ქვები კი, უპირველესად, ენერგეტიკული ბალანსის ჰარმონიზებას ემსახურება. წაგრძელებული კრისტალი სიმშვიდისა და წონასწორობის, კომფორტისა და უშფოთველობის ატმოსფეროს ქმნის; ცილინდრის - ხელს უწყობს ენერგეტიკული ბლოკების მოხსნას და მედიტაციის ან სხვა სამყაროსთან კონტაქტის დროს გამოიყენება; ქვა-სვეტი კი მიმართულების სიმბოლოა და აუცილებელია კონკრეტული მიზნისკენ სწრაფვისას - გზიდან ყველაფერს ჩამოგაშორებთ, რაც კი ამ მომენტს არ ეხება... დაბოლოს, გულის ფორმა თავისთავად ამხელს, რომ ქვა ყველაზე ეფექტური სასიყვარულო ამულეტია და დაგიცავთ სულიერი განცდებისგან. გული-თილისმა გაპოვნინებთ სიყვარულს, გააძლიერებს უკვე არსებულ გრძნობებს და რომანტიკას დააბრუნებს ვნებაჩამქრალ ურთიერთობებში. მაგრამ ეს არ არის „გულის“ მთელი ხიბლი! ეზოთერიკოსები ამტკიცებენ, რომ ასეთ თილისმას შეუძლია დამშვიდება, გახალისება და მომავლის რწმენის შთაგონება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან