ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რის გაცემა არ შეიძლება პირადი ნივთებიდან და რა უსიამოვნო მოვლენები შეიძლება, მოჰყვეს „ქველმოქმედების ამ რიტუალს“

№7

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00

შეუცნობელი
დაკოპირებულია

კარადაში ბევრი ტანსაცმელი დაგიგროვდათ, რომელსაც წლებია, აღარ იცვამთ, არადა თითქმის ახალია? - იფიქრეთ, რომ გასცეთ და რა თქმა უნდა, ეს მადლია: გამოიყენოს მან, ვისაც სჭირდება, მაგრამ... ზოგი ნივთის გაცემა არ შეიძლება, რადგან ის თქვენი ნაწილია. ასეთი ნივთები თქვენს ენერგეტიკას ატარებს და მისი გაზიარებით, საკუთარ ბედსაც სხვას უნაწილებთ, რასაც შეიძლება დიდი დანაკარგი მოჰყვეს. თუ რა ნივთებზეა ლაპარაკი და რის გადატანა შეიძლება მოგიწიოთ ამის გამო, განმარტავს ეზოთერიკოსი, ქალბატონი თინა მ.

- არსებობს ნივთები, რომლებიც სხვას არ უნდა გადასცეთ, რადგან თქვენი ნაწილია. ნივთი, რაც უფრო მჭიდრო კავშირშია სხეულთან თუ სახლთან, ისე შთანთქავს პატრონის ენერგეტიკას, თითქოს თქვენი ცხოვრების ისტორიას წერდეს - ეს შეეხება წუხილს, სიხარულს, დაავადებებს, წარმატებებს. ასეთ ნივთს თუ სხვას გადასცემთ, განსაკუთრებით კი უცნობს, მასთან ერთად თქვენი ბედის ნაწილსაც უზიარებთ, რასაც შეიძლება დანაკარგი მოჰყვეს. საქმე ეხება თქვენი ენერგიის, ცხოვრების გზისა და საზღვრების პატივისცემას.

- რა ნივთებია ესენი?

- დავიწყოთ ფეხსაცმლით, რომელიც მოგზაურობისა და წინსვლის სიმბოლოდაა მიჩნეული. თქვენ მასთან ერთად გაიარეთ სიხარულისა და დაღლილობის კილომეტრები: ამიტომ, ახსოვთ ყველა გზა თუ გაჩერება. ფეხსაცმლის გაცვეთილი ძირები კი თქვენი ცხოვრების რიტმის ანაბეჭდია. ამიტომ, ფეხსაცმლის ჩუქებით, საკუთარი ცხოვრების ქსელში აქსოვთ სხვას - თავად კი მის ქსელში ებმებით. განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანისთვის ასეთი საჩუქარი შეიძლება დეზორიენტაციის, დემოტივაციისა და უმიზეზო დაღლის მიზეზად იქცეს. შემდეგია თავსაბურავი - თქვენი აზრების ანარეკლი: თავთანაა შეხებაში, სადაც აზრები, იდეები და გონებრივი ენერგია კონცენტრირდება. ზოგ კულტურაში თავსაბურავი ძალაუფლების, სიბრძნისა და სიმწიფის სიმბოლოა. შესაბამისად მისი გაჩუქებით, რისკავთ, რომ მასთან ერთად, გაუცნობიერებლად გადასცემთ სხვას საკუთარი აზროვნების სქემებს, შფოთვასა და გონებრივ დაძაბულობაც კი. ყველაზე ინტიმურია საცვლები, რომელიც პირდაპირ კონტაქტშია სხეულთან - პირადი უსაფრთხოების დაუცველ ზონებთან. მისი მეშვეობით გადაეცემა არა მხოლოდ მიკროფლორა, არამედ ემოციური ანაბეჭდებიც - განსაკუთრებით თუ ნივთი კრიზისის დროს გქონდათ თან. ხშირად, ასეთი „საჩუქრების“ შემდეგ, ადამიანები გრძნობენ პირად სივრცეში შეჭრას, საზღვრების დარღვევას. ჩვენი სხეული ყველაფერს იმახსოვრებს, მასთან ყველაზე ახლოს შემხები ნივთები კი, ამ მოგონებას ატარებენ. რაც შეეხება სავარცხლებსა და თმის სამაგრებს, მათ ზრდის ენერგია შეეფარდება. თმა უძველესი დროიდან მიიჩნეოდა ძალისა და სასიცოცხლო ენერგიის სიმბოლოდ. სავარცხლები და თმის სამაგრები კი ამ ენერგიის „მართვის“ ინსტრუმენტებია. თმა ასევე, ინტუიციასთან, სამყაროს აღქმასა და თვითიდენტობასთან ასოცირდება. თუ უცნობ ადამიანს სავარცხელს აჩუქებთ, ამით მას გაუცნობიერებლად ტოვებთ დაუცველს. ეს ნივთები ემოციურ კვალს აგროვებენ და მათი გადაცემით, ენერგეტიკული ისტორიის ნაწილსაც უზიარებთ სხვას.

- საფულეებსა და ჩანთებზე რას გვეტყვით?

- საფულე თუ ჩანთა მხოლოდ ფულის სათავსო როდია, ის სიუხვის ენერგიისა და პირადი სივრცის საცავი, მიზნებისა და შინაგანი წესრიგის, ზოგჯერ კი ქაოსის სიმბოლოცაა. ყველაფერი კი, რასაც ჩანთით ატარებთ თქვენი ენერგიითაა გაჯერებული. ამიტომ, ამ ნივთების გაჩუქებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი უსაფრთხოების, თავდაჯერებისა და ფინანსური ბალანსის განცდაზე. ზოგჯერ, ძველი საფულის გაჩუქებაც კი საკმარისია, რომ მალევე გაჩნდეს აუხსნელი ხარჯები, არასტაბილურობის განცდა. ტრადიციების მიხედვით: თუ მაინც გააჩუქებთ საფულეს ან ჩანთას, დაცვის მიზნით შიგ სიმბოლური მონეტა ჩადეთ. ნამდვილი ოჯახური ქრონიკაა ლოგინის თეთრეული და ლეიბები. საძინებელი მხოლოდ ფიზიკური დასვენების ადგილი კი არა, სამყოფელია, სადაც არაცნობიერი გველაპარაკება, ძალებით ვივსებით, ყალიბდება ფსიქო-ემოციური სიახლოვე წყვილში. თეთრეული, ბალიში და ლეიბი - ყველაფერი ურთიერთობის ატმოსფეროთია გაჯერებული. ამ ნივთების გაჩუქებით კი, განსაკუთრებით თუ რთული პერიოდი გაიარეთ, არა მხოლოდ თქვენს გამოცდილებას გადასცემთ სხვას, არამედ გადაუჭრელი შინაგანი კონფლიქტებითაც „დააჯილდოებთ“. ბევრი აღნიშნავს, რომ თეთრეულის ან ლეიბის შეცვლის შემდეგ, „თითქოს ოთახში ჰაერი განსხვავებულია“. ეს იმიტომ ხდება, რომ ამ ნივთების ენერგია ძალიან ინტენსიურია.

- ალბათ, სარკეცაა ამ სიაში, ის ხომ ყველაზე მაგიური ნივთია?

- სარკე ჩვენი შინაგანი არსის ანარეკლი და უძლიერესი სიმბოლოა. ის ასახავს არა მხოლოდ გარეგნობას, არამედ საკუთარი თავის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას, პიროვნულ „მესაც“ ასახავს. სარკის გაჩუქებით, განსაკუთრებით თუ ის ძველია, თქვენს ანარეკლს გადასცემთ სხვას, რომელიც ზოგჯერ დამახინჯებული ვერსიაა. სარკე იმ ადამიანების მოგონებებს ინახავ, ვინც მასში წლების განმავლობაში იყურებოდა. რაც შეეხება ოჯახური რიტუალის სიმბოლოს - სუფრის ჭურჭელს, მიმღებლობის, კომფორტისა და სტაბილურობის გამოხატულებაა. ამიტომაცაა, რომ ის ყოველთვის გამოიყენება სახლის განახლების რიტუალებში: სივრცის „განწმენდისთვის“. სუფრის ჭურჭლის გაცემით, განსაკუთრებით, თუ ის დაზიანებულია, სხვას „გადასცემთ ბზარებს“ - და არა მხოლოდ ფიზიკურს, არამედ ემოციურსაც. განსაკუთრებით საშიშია ჭიქებისა და თეფშების, როგორც ტკივილის გამტარის გაცემა, რასაც შეიძლება მოჰყვეს საკუთარი გამოცდილების დამახინჯებული სახით, უკანვე დაბრუნება. დაბოლოს, ფარდები, როგორც სცენაზე დაშვებისას, შინაგანს გარეგანისგან ჰყოფს. თუმცა უსაფრთხოების, საზღვრებისა და დაცულობის განცდასაც ქმნის. ფარდის გაცემით, განსაკუთრებით თუ ის საძინებელში ან სხვა ოთახში ეკიდა, სადაც ხშირად ტიროდით, შეიძლება დაგროვილი ემოციური დაღლილობა გადასცეთ სხვას. ან, პირიქით - დაკარგოთ ის ნატიფი ბარიერი, რომელსაც წლების განმავლობაში უფრთხილდებოდით. მაგრამ, თუ მაინც უნდა გააჩუქოთ ეს ნივთები, მოაწყვეთ გარდამავალი პერიოდი. მადლობა გადაუხადეთ ნივთს. გარეცხეთ, გაასუფთავეთ და ჩაატარეთ პატარა დამშვიდობების რიტუალიც. ზოგჯერ მარტივი ჟესტი გვეხმარება: „მადლიერებით გიშვებ“. ან აანთეთ სანთელი და დაფიქრდით იმაზე, რის გაცემაც გიწევთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი