ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რის გამო იქნება მშფოთვარე და დაძაბული აგვისტოს თვე

№31

ავტორი: ნონა დათეშიძე 11:00 09.08, 2022 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

თუ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ მოვლენებს მივადევნებთ თვალს, ზაფხულის გასული ორი თვის ამინდი ისეთ ცხელი არ ყოფილა, როგორც მიმდინარე პროცესები იყო. როგორც ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, ზაფხულის ბოლო თვე, ნამდვილად არ იქნება პოლიტიკურად მშვიდი და არაერთი მოულოდნელი, ქაოსური და გაუთვალისწინებელი ნეგატიური მოვლენის წინაშეც დავდგებით.

მიხეილ ცაგარელი: წლევანდელი აგვისტოს უმეტესი პერიოდი საკმაოდ დაძაბული, ორაზროვანი და მშფოთვარე იქნება. დედამიწის ბიოსფერო განსაკუთრებით რთულ და უკიდურესად დისჰარმონიულ ზონაში პირველ და მეორე დეკადაში აღმოჩნდება. ამ დროს ნეგატიური მოვლენები იმდენად მოულოდნელად წარმოიქმნება, რომ პრაქტიკულად, უკონტროლოდ განვითარდება. ძალიან დაეცემა საქმიანი აქტივობა, სოციალური კავშირები კი უკიდურესად არამდგრადი და არასანდო გახდება. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ აგვისტოში გამწვავებული სიტუაციების უმეტესობას სათავე უფრო ადრე დაედო. დამაიმედებელია ის ფაქტი, რომ თვის ბოლო დღეებიდან დაიწყება მასშტაბური პოზიტიური გარდაქმნები სხვადასხვა დონეზე და სფეროებში. ამიტომ სასურველია აგვისტო მაქსიმალურად მშვიდად და მინიმალური დანაკარგებით გავიაროთ.

– როგორც აღნიშნეთ, ზემოთ ხსენებულ მოვლენებს დედამიწის დისჰარმონიულ ზონაში შესვლა თვის შუა დეკადაში გამოიწვევს. გამოდის, აგვისტოს დასაწყისი შედარებით მშვიდი იქნება?

– დიახ. აგვისტოს დასაწყისი საკმაოდ მშვიდი და ნაყოფიერია, რადგან 4 რიცხვის შემდგომ პლანეტა მერკური გადაინაცვლებს ქალწულის ზოდიაქოში. თუმცა 11 აგვისტოს პლანეტა ვენერა დატოვებს ცეცხლოვან ლომს და სასიკეთო წამოწყებების უმეტესობა დროებით დამუხრუჭდება. ამის გამო მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების უმეტესობას სასწრაფოდ დასჭირდება გადახედვა, კორექტირება, შეცვლა.

–კონკრეტულად რაზე აისახება ნეგატიურად ეს მოვლენა და როგორც ასტროლოგი, რას გვირჩევთ, რაზე გავამახვილოთ ყურადღება, რომ ეს რთული პერიოდი მინიმალური დანაკარგით განვლოთ?

– როგორც აღვნიშნე, ამის გამო მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების უმეტესობას სასწრაფოდ დასჭირდება გადახედვა, კორექტირება და შეცვლა. თუმცა, შესაძლებელი იქნება ახალ პირობებზე მოლაპარაკება, ახალი შეთანხმებების მიღწევა, რაც სასიკეთო შედეგებს გამოიღებს.

– რომელი პერიოდია ყველაზე რთულად გასავლელი აგვისტოს თვეში და რომელ სფეროებსა და რა პროფესიის ადამიანებს შეეხება ის ყველაზე მეტად?

– ყველაზე რთული აღმოჩნდება 10-15 აგვისტოს მონაკვეთი, როდესაც მაღალჩინოსნები, გავლენიანი ადამიანები, როგორც პოლიტიკური, ისე ბიზნესხელმძღვანელები კიდევ უფრო მეტად უკომპრომისოები, პრინციპულები, უხეშები, ძალისმიერები, ხისტები გახდებიან. წარმოქმნილი სირთულეები მნიშვნელოვნად გაართულებს მათ საქმიანობას, რადგან საქმეების მართვისას გაზრდილმა ავტორიტარიზმმა, მოქმედებებსა და გამონათქვამებში გადამეტებულმა ამბიციურობამ შეიძლება, მნიშვნელოვნად დაძაბოს სიტუაცია და ცუდად იმოქმედოს მათ ავტორიტეტზე, რაც არ არის გამორიცხული გამოუსწორებელი შეცდომების მიზეზი გახდეს.

– ეს პირად ურთიერთობებსაც ეხება?

– დიახ, გადამეტებული ემოციურობა და კონფლიქტურობა აღინიშნება პირად, საოჯახო და სასიყვარულო ურთიერთობებშიც, სადაც გაიზრდება კამათის, ჩხუბის, სერიოზული კონფლიქტების რიცხვი. გლობალური დაპირისპირებები და კონფლიქტებია მოსალოდნელი საერთაშორისო არენაზეც.

– სავარაუდოდ, როდიდან იწყებს სიტუაცია დამშვიდებას და დასტაბილურებას?

– აგვისტოს თვეში პლანეტა ვენერა დატოვებს კირჩხიბის მშვიდ ნიშანს და გადაინაცვლებს ლომის ზოდიაქოში, სადაც მთვარესთან ტრანზიტით კიდევ უფრო გააძლიერებს 12 რიცხვის სავსემთვარეობის ენერგიას. აგვისტოს მეორე ნახევარში კი მზისა და სატურნის ოპოზიციას კიდევ უფრო დაამძიმებს 20 აგვისტოს ტყუპების ნიშანში გადასული არასტაბილური მარსი. შედეგად, დაიწყება დიდი ცვლილებების პერიოდი, როდესაც ქაოტური დამანგრეველი ენერგიები პარტნიორულ ურთიერთობებში ემოციურობას გაზრდის, პოლიტიკასა და ეკონომიკაში კი არასტაბილურობას გააძლიერებს. ამგვარად, მოხდება არა ერთი კრიზისული მოვლენის ხელშეწყობა, რომლებიც კიდევ უფრო გაძლიერდება წლის მეორე ნახევარში. პლანეტა მარსის დესტრუქციული ენერგიების გამო აგვისტოში სერიოზულ ეკონომიკურ პროგრესს არ უნდა ველოდოთ.

–რომელი რიცხვებია ხელსაყრელი მნიშვნელოვანი ოპერაციებისა და სირთულეების, წინაღობებისა და პრობლემების თავიდან ასაცილებლად?

– მნიშვნელოვანი ოპერაციების ჩასატარებლად, სირთულეებისგან თავის დასაცავად და თადარიგის დასაჭერად უმჯობესია გამოყენებულ იქნას, თვის ყველაზე მშვიდი პირველი ათი დღე. ასევე, ამ დროს შესაძლებელი იქნება სერიოზული პრობლემების დროულად, მათი ფორმირების პროცესში მოგვარება და შეჩერება. აგვისტოს ბოლო დღეებში დაძაბულობა იკლებს და სიტუაციაც დაიწყებს დამშვიდებასა და განმუხტვას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი