ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რატომაა სამყაროსთვის ადამიანი „უჭკუო ბავშვი“ და როგორ მეურვეობას უწევს კაცობრიობას „საიდუმლო საბჭო“

№39

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 04.10

შეუცნობელი
დაკოპირებულია

სამყაროს რა ნაწილია ადამიანი, რა ძალები აკონტროლებენ მას, რა შესაძლებლობები აქვს საერთოდ და მათგან ვინ გამოირჩევა გარკვეული ზებუნებრივი მონაცემებით, შეიტყობთ ჩვენს დღევანდელ ინტერვიუში ეზოთერიკოს, ბატონ ლეო ჩ-სთან. სწორედ ექსტრასენსები, პარაფსიქოლოგები და ეზოთერიკოსები არიან დამაკავშირებელი რგოლი ადამიანის მატერიალურსა და სულიერ სამყაროს შორის და შესწევთ ძალა, თქვენს რთულ კითხვებს მარტივი პასუხები გასცენ, რის საშუალებითაც შეიტყობთ: რა საჭიროა დამკვირვებელთა საიდუმლო საბჭო, რა არის აკაში, ასტრალი, კარმა.

- თუ ადამიანს სამყაროს ფარგლებში განვიხილავთ, ის ერთი უჭკუო ბავშვია, რომელსაც ბევრი რამ უნდა ასწავლო და გამუდმებით თვალყური ადევნო. ჩვენ, პრაქტიკულად, არ ვფლობთ ზებუნებრივ შესაძლებლობებს და მიწიერთა მხოლოდ მცირე ნაწილს შეუძლია, დაინახოს მომავალი, დაუკავშირდეს ზებუნებრივ ძალებს და სამყაროს საინფორმაციო ველთან წვდომით, მისი საიდუმლოებები ამოხსნას. თუმცა ამის სწავლა ყველასთვის საჭიროა, რადგან ზემოაღნიშნული შესაძლებლობების ადამიანები სამყაროს იმ მიზეზით მოევლინნენ, რომ გიდი, დამაკავშირებელი რგოლი იყვნენ ჩვენს მატერიალურ და სულიერ სამყაროს შორის. მათი წყალობით ვსწავლობთ რაღაც ახალს საკუთარ თავზე.

- როგორც პარაფსიქოლოგები, ექსტრასენსები და ეზოთერიკოსიები ამბობენ, კაცობრიობას საიდუმლო საბჭო აკონტროლებს?

- სწორედ ეგენი, ვინც სამყაროს საინფორმაციო ველს უკავშირდებიან და იქიდან იღებენ ჩვეულებრივი ადამიანებისგან დამალულ ინფორმაციას, დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ კაცობრიობას უმაღლესი ძალები აკონტროლებენ. არსებობს გარკვეული საბჭო, რომელიც თვალყურს ადევნებს დედამიწელებს და ზრუნავს, რომ მათ თავი მთლიანად არ გაინადგურონ. ეს ჰგავს მშობლის ზრუნვას იმის გამო, რომ შვილებმა საკუთარ თავს ზიანი არ მიაყენონ. საიდუმლო დამკვირვებლები არეგულირებენ ასევე, სტიქიურ უბედურებებს. 2010 წლიდან მიწისძვრები გახშირდა დედამიწაზე, განსაკუთრებით იაპონიის სანაპიროებთან. რომ არა ჩვენი „მშობლები“, კატაკლიზმები ბევრად უფრო ძლიერი და გამანადგურებელი იქნებოდა და უფრო მეტი ადამიანი დაიღუპებოდა. ახლაც ბევრია პლანეტარული პროცესი, რომელიც დიდ გავლენას ახდენს დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეზე. ტექტონიკური ძვრები პოლუსების პოზიციას ნელ-ნელა ცვლის, რაც ადამიანებში მოუსვენრობას, შფოთვას, პანიკასა და დაძაბულობას იწვევს, თან ისე, რომ მათ ამის მიზეზი არ იციან. ეს შეიძლება შევადაროთ ჭიანჭველების ბუდეს, რომლის მახლობლადაც, თუ ცეცხლს დაანთებ, ატყდება დიდი აურზაური. ჭიანჭველები მიხვდებიან, რომ რაღაც რიგზე არ არის. ასეა ჩვენშიც: ვგრძნობთ საფრთხეს, მაგრამ, ვიწრო თვალსაწიერის გამო, არ ვიცით მისი ზუსტი მიზეზი. მაგრამ, თუ ჭიანჭველა ბუდეს ზემოდან გადმოხედავს, სრულ სურათს დაინახავს და მიხვდება, რომ მისი შეშფოთების მიზეზი ხანძარია, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს. ასევე კარგი იქნება ჩვენთვისაც, თუ ვითარებას „ზემოდან“ შევაფასებთ. ეზოთერიკოსებს ეს შეუძლიათ, ჩვეულებრივ ადამიანებს კი - არა.

- რა საფეხურები უნდა გავიაროთ ამ სწავლების გზაზე?

- ამისთვის საჭიროა, იცოდეთ, რა არის: აკაში, ასტრალი, კარმა, ჩაკრები. ადრე თუ გვიან, ნებისმიერი დაინტერესებული პირი წააწყდება ისეთ ტერმინს, როგორიცაა „აკაშის ქრონიკები“. იდუმალი და გაუგებარია? - თუმცა მასში უჩვეულო არაფერია. აკაში მხოლოდ საინფორმაციო ველია. ალბათ, შეგიმჩნევიათ, თუ საგანი ძალიან დიდ ხანს იყო ერთსა და იმავე ადგილას, შემდეგ კი აიღეს, ზოგჯერ მერეც გეჩვენება, რომ ის ისევ იქაა. ამას მეცნიერები „ველის მეხსიერებას“ უწოდებენ, ეზოთერიკოსები კი - „აკაშურ ქრონიკებს“. ანუ სივრცეს ახსოვს ადამიანების, საგნებისა და მოვლენების მდებარეობა. ამიტომ, ქრონიკებთან მუშაობის უნარი ძალიან მნიშვნელოვანია თვითგანვითარებისთვის, ეს შესაძლებელს ხდის, გაიხსენო საკუთარი თავი - რა ინკარნაციები გამოიარე, სად და როდის, რა გამოცდილება მიიღე. ფაქტია, რომ წარსული ინკარნაციების მოვლენები კვალს ტოვებს ჩვენზე, რაც ჩვენს ქცევასა და ფსიქოლოგიურ ბლოკებს განსაზღვრავს. ამიტომ, ის უნდა მოიხსნას - თუ ადამიანი რაღაცაში დაბლოკილია, მას არ შეუძლია გადაადგილება. „აკაშის ქრონიკები“ საშუალებას გაძლევთ, საკუთარი თავი ისე დაინახოთ, როგორც კინოქრონიკაში - გარედან.

- რა არის ასტრალი?

- ჩვენ ვცხოვრობთ მკვრივ მატერიალურ სამყაროში, მაგრამ არის ენერგეტიკული სამყაროც. ის სხვა დიაპაზონშია და აღიქმება როგორც მანათობელი, ვარსკვლავური სივრცე. ბერძნულიდან თარგმნილი „ასტრა“ ნიშნავს „ვარსკვლავს“. ასტრალის დანახვის უმარტივესი გზაა, დახუჭოთ თვალები და კონცენტრირდეთ თვალუწვდენელ უსასრულობაზე, რის შემდეგაც შეიძლება მანაც დაგინახოთ. როგორც კი დაიჭერთ „უსასრულობის მომენტს“, ის დაიწყებს თავის სივრცეში თქვენ გაყვანას - სწორედ ეს არის ასტრალი. იქ საშინელი არაფერია, არავინ შეგჭამთ. მისი საშუალებით შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ თქვენს „მეურვეებს“ და მიიღოთ რჩევები მასწავლებლებისგან. სინამდვილეში, მედიტაციაც, ასევე ასტრალში მუშაობაა: ადამიანი თვალებს ხუჭავს, „იჭერს“ უსასრულობას და სვამს მისთვის მნიშვნელოვან კითხვებს. ყველაზე რთული მიმღებლობის მდგომარეობაში შესვლაა, ანუ უსასრულობის „მოსმენა“. მაგრამ თუ ისწავლით, ის ყველა კითხვაზე გიპასუხებთ.

- რა არის კარმა და როგორ შევცვალოთ ის?

- სიტყვა „კარმა“ ითარგმნება, როგორც „მოქმედება“. კარმის კანონი მარტივია: რაც გააკეთე, იგივე მიიღე, ანუ ჩვენი ყველა ქმედება გარკვეულ შედეგს იწვევს. ჩვენი მოქმედებების უმეტესობა ავტომატურია, არც კი ვფიქრობთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ მოცემულ სიტუაციაში. მაგრამ, თუ არ მოგწონთ თქვენი ცხოვრება და გსურთ, შეცვალოთ ის, უბრალოდ, დააკვირდით საკუთარ თავს. შეეცადეთ, რამენაირად შეცვალოთ თქვენი ჩვევები - რასაც აქამდე აკეთებდით, მისგან განსხვავებულად მოიქცეთ. ძალიან მალე იგრძნობთ, რომ ცხოვრება შეიცვალა. ადამიანებთან ურთიერთობა და ზოგიერთი სიტუაციაც შეიცვლება, გამოჩნდება უცნაური დამთხვევები, საინტერესო ნაცნობები და მოვლენები. ამ მარტივი გზით შეგვიძლია, შევცვალოთ ჩვენი კარმა და ცხოვრება. ვიგრძნოთ, რომ სინამდვილეში, ადამიანი თავისუფალია და თავადაა საკუთარი ცხოვრების შემოქმედი. ჩვენ არ გვაქვს პროგრამა, რომელიც გვაიძულებს ვიმოქმედოთ გარკვეული გზით. ჩვენ და მხოლოდ ჩვენ ვაკონტროლებთ საკუთარ ბედს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა