ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რას გვიწინასწარმეტყველებს თანამედროვე მინიშნებებიდან „მწვანე შუქი“ გზაზე და რითაა დამოკიდებული ჩვენი ბედი პერანგის უკუღმა ჩაცმაზე

№3

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 28.01, 2022 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

ისევ და ისევ ხალხური სიბრძნე გადმოცემების სახით და მინიშნებებში გაცხადებული ბედისწერა. როგორც წესი, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული მინიშნებები ბედნიერებას უკავშირდება, რადგან უხსოვარი დროიდან მოყოლებული ბედის ნიშნებში ყველა თავის წილ სიკეთესა და რაღაც სასიამოვნოს ეძებს. თუმცა, სია მუდმივად ახლით ივსება და თანამედროვე მინიშნებები ყოველთვის პოზიტიური არ არის, მაგრამ, რაც უნდა გასაკვირი იყოს, თითქმის ყოველთვის მართლდება. ამჯერად სწორედ თანამედროვე მინიშნებებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რის შესახებაც სათანადო ახსნა-განმარტებებს გააკეთებს ეზოტერიკოსი, ქალბატონი მერი ც.

- გაგიკვირდებათ, მაგრამ თანამედროვე მინიშნებების მთელი წყება არსებობს და თანაც, ყოველთვის მართლდება ხოლმე. რა თქმა უნდა, უმრავლეს შემთხვევაში ისინი ძველი მინიშნებების თანამედროვე ადაპტირებაა, თუმცა მის მნიშვნელობას ეს არ ცვლის.

- რით აიხსნება მინიშნებების რეალიზება?

- სამყარო ჩვენ ირგვლივ ექვემდებარება ბიოენერგეტიკულ კანონებს. ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ არაფერი ხდება. თუ ადამიანის გამართლება-არგამართლება მისი დამსახურების ან შეცდომის შედეგია, მინიშნებებთან მიმართებაშიც ასეა. როცა გვეუბნებიან, მაგალითად, თუ ფანჯარაზე მტრედი მოგიკაკუნებს, უბედურებას მოასწავებსო, უმეტესობა ამ დროს შესაბამისად განაწყობს თავს. საქმე ისაა, თავად როგორ აღიქვამ ირგვლივ ყველაფერს. სრულ ასპროცენტიან ნდობას მინიშნებები მათში იწვევს, ვინც შთაგონებას იოლად ექვემდებარება. მაგრამ, თუ ძნელია თქვენი დარწმუნება, იფიქროთ ისე, როგორც ეს სხვებს სურთ, მაშინ მინიშნებების ახდენა გაძნელდება. ასე მუშაობს ფიქრთა მიზიდულობის კანონი - ის, რაზედაც ფიქრობთ, შესაშური რეგულირებით გაცხადდება ხოლმე. რა თქმა უნდა, არსებობს თანამედროვე მინიშნებები, ლოგიკურ ახსნას რომ არ ექვემდებარება, მაგრამ საათივით მუშაობს.

- მაინც რომელია ეს თანამედროვე მინიშნებები?

- მათგან ერთ-ერთი ასეთია: თუ შეხვედრა გაქვთ, თქვენ კი სახლს არეულ-დარეულს დატოვებთ, მაშინ პაემანი მაქსიმალურად წარმატებული იქნება. გაურეცხავი ჭურჭლის მთები, გაუსწორებელი საწოლი და სხვა მრავალი მსგავსი რამ - ეს ყველაფერი იზიდავს ადამიანს თქვენს სამფლობელოში. თუ სახლს დაალაგებთ და სტუმრის მისაღებად ოთახს მოამზადებთ, უფრო მეტია შანსი, ისინი არც მოვიდნენ. ასე ხდება ყველა შემთხვევაში, თუ სრული პროგრამის მოსამზადებლად სულსა და გულს არ დაიშურებთ. რაც შეეხება შაქრის დაბნევის გათანამედროვებულ მინიშნებას - სიკეთესა და სიყვარულს გპირდებათ. თუ შეყვარებული გყავთ ან უკვე დაოჯახებული ხართ, უთანხმოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს მალე მოაგვარებთ. მაგრამ, თუ ჯერ კიდევ ეძებთ პარტნიორს, ცხოვრების თანამგზავრს, დაელოდეთ სასიამოვნო ნაცნობობას, რომანტიკულ პაემანს. რაც მეტია დაბნეული შაქრის რაოდენობა, მით უფრო მაღალია წარმატების შანსი.

თუ პერანგი ან ნებისმიერი ზედა ჩასაცმელი შემთხვევით, პირით უკან, ან სულაც უკუღმა ჩაიცვით, თან ასე გარეთაც მოასწარით გასვლა, წინ რაიმე სასიამოვნო გელით. უფრო სწორად ძალიან მალე გექნებათ თქვენს ბედთან დაკავშირებული შეხვედრა, ან საინტერესო ცვლილება ცხოვრებაში. შესაძლოა, უნიკალური იდეაც მოგივიდეთ გართობასთან, ბიზნესსა თუ სამსახურთან დაკავშირებით. ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან გაგიმართლებთ.

- თანამედროვეობა ხომ მობილური ტელეფონის გარეშე წარმოუდგენელია...

- დიახ და მინიშნებაც არის: თუ ტელეფონის დატენა დაგავიწყდათ, სახლის გარეთ კი ამის საშუალება არ გაქვთ, ეს უპირველესად იმაზე მიუთითებს, რომ, როცა ტელეფონი საბოლოოდ დაჯდება და გამოირთვება, ვიღაც ძებნას დაგიწყებთ. თუ მნიშვნელოვანი საქმე გქონდათ დაგეგმილი, ის შეიძლება სხვა დროისთვის გადაიდოს - ასე მუშაობს ვერაგი კანონი. რაც შეეხება ავტომობილს, თუ მისი გარეცხვა დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოახერხეთ და უცებ გადაწყვიტეთ ამის გაკეთება, სუფთად ის დიდხანს მაინც ვერ დარჩება: მოსალოდნელია, იმავე ან მეორე დღეს გაწვიმდეს და მთელი შრომა წყალში ჩაგეყაროთ. აქ უკვე ასპროცენტიანად მუშაობს ვერაგი კანონი, რადგან წვიმის წამოსვლა ნამდვილად არ არის თქვენს ფიქრებზე დამოკიდებული. გადავიდეთ მოგზაურობასთან დაკავშირებულ მინიშნება-რჩევაზე: გრძელ გზაზე გასამგზავრებლად უმჯობესია, უშუალოდ გასვლის წინ მოემზადოთ - და არა, ერთი კვირით ადრე, ან წინა საღამოს თუ გამგზავრების დილას. თუ ყველაფერს წინასწარ მოაგროვებთ, რაღაც აუცილებლად დაგავიწყდებათ. ასე ძალიან ხშირად ხდება, რადგან, როცა ადამიანი დამშვიდებული და მოდუნებულია, გონება ეფანტება... და კიდევ ერთი ყოველდღიურობა: როცა სახლში, ფეხით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან საკუთარი ავტომობილით ბრუნდებით, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ყოველ შუქნიშანთან გიმართლებთ - მწვანე შუქი გხვდებათ და ზედმეტი ლოდინის გარეშე, დაუბრკოლებლად აგრძელებთ გზას. გაითვალისწინეთ, სახლისკენ მიმავალ გზაზე ყველგან მწვანე შუქის დახვედრა სიგნალია პრობლემების შესახებ, რაც შეიძლება იყოს: გეგმების ჩაშლა, იმედგაცრუება პირად ცხოვრებაში. მაგალითად, ძალიან თუ გინდოდათ საყვარელი ადამიანის ან მეგობრების ნახვა და ამას დიდხანს გეგმავდით, ასეთი მინიშნება გაფრთხილებთ, რომ შეხვედრა დიდი ალბათობით ჩაიშლება. თუმცა, ყველაზე მთავარი მაინც ისაა, ძირითადად ამ მინიშნებებზე არ იყოთ დამოკიდებული. ეცადეთ, ამ ყველაფრის პარალელურად, საღ აზრს, სიბრძნესა და ახლობელთა რჩევებსაც დაუგდოთ ყური. ეს საშუალებას მოგცემთ, მინიმუმამდე დაიყვანოთ დანაკარგი თვით ყველაზე ნეგატიური მინიშნების დროსაც კი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი