რამდენი ტიპის ქალი არსებობს ფიგურის მიხედვით და რომელს როგორი ხასიათის შეესაბამება
ავტორი: ნანა წერეთელი 10:00

ქალის ფიგურა, გარდა იმისა, რომ „საამო არის საცქერლად“, სხვადასხვა ზომისა და მოყვანილობისაცაა. მისი საშუალებით კი, მშვენიერი სქესის ხასიათის ამოცნობაც შეიძლება. არსებობს ქალის ფიგურის 5 ძირითადი ტიპი, რომელთა დეტალურ აღწერას გვთავაზობს ეზოთერიკოსი, ბატონი თამაზ გ. თქვენ კი, თუ კარგად გააანალიზებთ თითოეულ მათგანს, საკუთარ თავსაც ამოიცნობთ და ბევრ სხვასაც...
- გარდერობის არჩევისას, კაცობრიობის მშვენიერი ნახევარი ყურადღებას ფიგურაზე ამახვილებს, რათა ნაკლოვანებები დამალოს და უპირატესობებს - გაუსვას ხაზი. თუმცა, ფიგურა ქალის ხასიათსაც გასცემს. სულ ქალის ფიგურის 5 ძირითადი ტიპია და თითოეული ასოებით აღინიშნება: H, T, X, A, O.
- რომლით დავიწყოთ?
- T - ინვერსიული სამკუთხედი. ამ დროს ქალის მხრების სიგანე თეძოებზე განიერია, მკერდიც დიდია და საერთოდ, წელს ზემოთ უფრო მასიური ჩანს. ასეთი ფიგურის ქალი თავდაჯერებული, „მიმწოლი,“ კატეგორიული და მეომარიც კია - ცდილობს, ყველაფერში საუკეთესო იყოს, გაიმარჯვოს და წარმატებას მიაღწიოს. თუმცა გარემო ყოველთვის ვერ უწყობს ხელს, თავი წარმოაჩინოს. ახალგაზრდობაში შეუძლია, უინტერესო სამსახურსა და დამთრგუნველ ოჯახურ გარემოსაც კი შეეგუოს, მაგრამ ზრდასრული მაინც აღწევს მიზანს: ადგილი საზოგადოებაში, მაღალი სტატუსი და დამოუკიდებლობა - ესაა, რაც სჭირდება ცხოვრებისგან. მიუხედავად იმისა, რომ მარტო მუშაობას ანიჭებს უპირატესობას, იმის უნარი შესწევს, შესანიშნავი მენეჯერი გახდეს. თუმცა, ზედმეტი პირდაპირობისა და სიმკაცრის გამო კოლეგებს არ მოსწონთ. ის არც დიდად მზრუნველი, სტუმართმოყვარე და მეგობრულია და, არც სხვების აზრი აინტერესებს, თუმცა თავის საქმის ნამდვილი პროფესიონალია. სამსახური მისთვის პირველ ადგილზეა და მზადაა, კარიერისთვის პირადი ცხოვრებაც დათმოს. თუმცა, იშვიათად, მაგრამ ზოგისთვის სიყვარული ცხოვრების აზრია, რასაც ადრეული ქორწინება და მრავალშვილიანობა მოსდევს. შვილებისგან კი ქალი-T მოითხოვს იმას, რაზედაც ოდესღაც თავად ოცნებობდა. ძირითადად კი, ამ ტიპისთვის კარიერაა მთავარი, ქორწინდება გვიან და 35 წლის შემდეგ ხდება დედა.
- N - ტიპის ქალი როგორია?
- N - მართკუთხა ფორმის ქალია: დაახლოებით, ერთი ზომის მხრებითა და თეძოებით, წელი არ არის გამოკვეთილი, ხოლო ზედმეტი წონა გვერდებსა და მუცელზე გროვდება, მკერდი პატარა, ფეხები კი შეიძლება, სავსეც იყოს. ქალის ტიპი ასეთი ფიგურით არის: მონდომებული, შრომისმოყვარე, გულმოდგინე, მიზანდასახული, შესანიშნავად იცის, რა სურს ცხოვრებისგან, მაგრამ რეალურ წარმატებას 40 წლის ასაკში აღწევს. ამბიციურია და იცის მუშაობაც და მართვაც, ამიტომ დიასახლისობა მისთვის არ არის. ყოველთვის გამარჯვებისკენ ისწრაფვის, ცდილობს გუნდის პატივისცემა და სიმპათია მოიპოვოს. სტატუსი და პრესტიჟი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ დასჭირდა, ნებისმიერ სამუშაოს შეასრულებს. თუმცა კარიერაზე ორიენტირებულისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ოჯახიც და სიყვარულიც. მისთვის შესაფერისია მამაკაცი, რომელიც ყველა წამოწყებაში მხარს დაუჭერს. N-ს შეუძლია დიდი ხნით გადადოს შვილების გაჩენა, მაგრამ თუ დედა გახდა, ოჯახი უდიდეს მნიშვნელობას იძენს - დიასახლისობს, სახლში სიმყუდროვეს ქმნის, გემრიელ კერძებსაც ამზადებს და არც კარიერაზე ამბობს უარს. ბავშვებს დედას ან ქმარს ანდობს და თანახმაა, ნახევარ განაკვეთზეც კი იმუშაოს. ანდა, მთელ თავის ენერგიას დედობას ახმარს, რაც რისკია იმისა, შვილები ერთი წუთითაც არ მოასვენოს.
- როგორი ხასიათი აქვთ X-ვით წელში გამოყვანილ და O-სავით დამრგვალებულ ქალებს?
- „X- ქვიშის საათი“ არის ქალის ფიგურა თანაბარი სიგანის მხრებითა და თეძოებით, წელი გამოხატულია. ასეთი ქალის ტიპი ოჯახისთვისაა შექმნილი, კარიერა და წარმატება მისთვის არც ისე მნიშვნელოვანია. მაგრამ, თუ პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა, მთლიანად სამსახურზე გადაერთვება, თუმცა სტრესული სიტუაცია სწრაფად ფიტავს და შეიძლება საკუთარ თავში ჩაიკეტოს. მისთვის ბედნიერებაა, ვინმეზე ზრუნვა - უფრო სხვის წარმატებებზეა ორიენტირებული და ნაკლებად ზრუნავს საკუთარ თავზე. ემოციური X-სთვის სიყვარული მთავარია, მაგრამ, თუ ქმარი მხარს ვერ აუბამს, დროს მეგობრებთან გაატარებს. ბავშვებისთვისაც თავდადებულია - მართალია, სამსახურისა და ოჯახის შეთავსება ძვირად უჯდება, მაგრამ შვილებს მაინც არ ანდობს სხვას. რაც შეეხება O-ს ანუ ვაშლს, „მართკუთხედის“ მსგავსად, მასაც თეძოებისა და მხრების სიგანე დაახლოებით თანაბარი აქვს, წელი არ უჩანს, მთელი წონა მხოლოდ წინ, მუცელზე, მკერდზე, სახეზე, ხელებზე უგროვდება და მომრგვალებულ სილუეტს ქმნის. ამ ფიგურის ქალის ტიპი ძალიან კომუნიკაბელური, მხიარული და ზეენერგიულია. მას მოსწონს დომინირება, ლიდერობა და ამიტომაც, მშვიდ და მორჩილ პარტნიორს ირჩევს. მისთვის უპირველესი სამსახურია და არა - პირადი ცხოვრება. ძალიან ამბიციური და მომთხოვნია. ხელმძღვანელობს თავისი იდეებით და სხვის რჩევებს არ ითვალისწინებს. არც დიდად მზრუნველი და დამთმობი ცოლია, ამიტომ სახლის საქმეების კეთება და შვილების აღზრდა ქმარს მოუწევს.
- დაბოლოს, A ტიპის ქალი...
- A - მსხლის ტიპის ფიგურაა: მხრები თეძოებზე გაცილებით ვიწრო, წელი - გამოკვეთილი, ან - არც ისე. წონაში მომატებისას სახე და ზედა ტანი ოდნავ იცვლება, ზედმეტი კილოგრამები კი თეძოებში გროვდება. ასეთი ტიპის ქალი უჩვეულოდ მიმზიდველი, ქალური, მოსიყვარულე და მგრძნობიარეა. მისთვის მთავარია სიმშვიდე და არა - მატერიალური კეთილდღეობა, დიდება და წარმატება. A-ტიპის ქალი ოჯახსა და კარიერას შორის, არჩევანს ოჯახის სასარგებლოდ წყვეტს. ემოციური „მსხალი“ ფიზიკურად გამძლეც რომ იყოს, სისასტიკესა და გულგრილობას ვერ ეგუება. თუმცა რთულია, იყოს მკაცრი, აგრესიული, ვერ იტანს მტრობას და გაუგებრობას. ძლიერი ინტუიცია აქვს და თუ საკუთარ ინსტინქტებსა და წინათგრძნობას ენდობა, შეუძლია ბევრს მიაღწიოს. ოღონდ პროფესიული გუნდი მისთვის ოჯახივით უნდა იყოს. მკაცრ ატმოსფეროში არსებობა არ შეუძლია. ამ ტიპის ქალისთვის სიყვარული ცხოვრების აზრია და ძლიერი, დამოუკიდებელი, თავდაჯერებული მამაკაცები იზიდავს, რომელსაც შეუძლია პრობლემებისგან დაიცვას. „მსხალი“ დედობისთვისაა დაბადებული - მას შეუძლია შეიყვაროს როგორც საკუთარი, ასევე სხვისი შვილებიც. ამიტომ, ყველაზე ხშირად ის სიბერეს ხვდება დიდი ოჯახით, მეგობრებით, ნათესავებით გარემოცული, საყვარელი მამაკაცის გვერდით, რომელთანაც ურთიერთობის არაერთი წელი აკავშირებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან