რა უნდა გაითვალისწინოთ რომ თებერვლის თვე დანაკარგების გარეშე განვლოთ და რომელი რიცხვებია შედარებით რთულად გასავლელი
ავტორი: ნონა დათეშიძე 14:00 11.02
![მიხეილ ცაგარელი მიხეილ ცაგარელი](/files/2024/10/04/11747/mikheil-tsagareli_w_h.jpeg)
იანვარი სწრაფად მიიწურა და მოვლენებიც საკმაოდ სწრაფად განვითარდა. დადგა ზამთრის ბოლო თვე და როგორც ასტროლოგი ბატონი მიხეილ ცაგარელი პლანეტებსა და ვარსკვლავებზე დაკვირვებითა და ასტროლოგიური გათვლებით ვარაუდობს, თებერვლის დასაწყისსა და დასასრულში შედარებით პოზიტიური დღეები გველოდება, თუმცა შუა რიცხვები საკმაოდ რთული გასავლელი იქნება, ერთგვარი გამოცდებით, მოვლენათა მკვეთრი ცვლილებებითა და დაძაბულობით. ასე რომ, თუ ასტროლოგს დავუჯერებთ, ზამთრის ბოლო თვე ფრთხილად, გაწონასწორებულად და საკმაოდ დაკვირვებულად უნდა განვვლოთ, რათა ზედმეტი დანაკარგების, ბარიერებისა და წინაღობების გარეშე, ადვილად შევძლოთ ნეგატიური ფაქტებისა და მათგან გამომდინარე ცუდი შედეგების თავიდან აცილება.
– ბატონო მიხეილ, ზამთრის ბოლო თვე დადგა და თქვენი, როგორც ასტროლოგის, გათვლითა და წინასწარი დაკვირვებით, როგორი გასავლელი იქნება ის და ხომ არ გვიმზადებს ერთგვარ სიურპრიზებს, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სფეროებში?
– ზოგადად, თებერვლის დასაწყისი, საკმაოდ ხელსაყრელია, რადგან 12 თებერვლამდე დედამიწა ჰარმონიული და შემოქმედებითად დადებითია კოსმიური გავლენის ზონაში. ამ „სფეროების მუსიკა“ ბევრ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას, იმოქმედონ უფრო თავდაჯერებულად და ნაყოფიერად. ამიტომ, ეს პერიოდი ადამიანებმა უნდა გამოიყენონ მთავარი მიზნების მისაღწევად.
– კონკრეტულად, რომელ სფეროშია წარმატების უფრო მაღალი შანსი?
–ინვესტიციები იქნება ძალიან წარმატებული, საერთაშორისო ბირჟებზე გაიზრდება აქციების ფასები და ბიზნესაქტივობა. საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე მიიღწევა კომპრომისული შეთანხმებები, მოგვარდება ძველი კონფლიქტები. 4 თებერვლიდან პლანეტა ვენერა ვერძის ნიშანში შევა, ხოლო პლანეტა იუპიტერი დირექტიული გახდება. პლანეტა მერკური, რომელიც 14 თებერვლამდე იქნება მერწყულის ზოდიაქოში, ააჩქარებს კომუნიკაციის დინამიკურ ტემპს პრინციპით – „დრო არ იცდის“.
– ეს ტენდენცია მხოლოდ თვის დასაწყისში მოგვცემს საშუალებას წარმატებული ნაბიჯები გადავდგათ თუ თვის შუა რიცხვების მერეც გაგრძელდება? ხომ არ არის მოსალოდნელი რთული პერიოდები, რაც ადამიანებს დააზარალებს?
– 14 თებერვლიდან პლანეტა მერკური თევზებში შევა, რაც თვის მეორე ნახევარში გაზრდის უარყოფით კოსმიურ გავლენას. ყველაზე რთული პერიოდი 17 თებერვლიდან 25 თებერვლამდეა, როცა ბიზნესაქტივობა საგრძნობლად შემცირდება. ამ პერიოდში თევზების ნიშანში მდებარე მზისა და პლანეტა ნეპტუნის აქტიური გავლენის გამო ადამიანთა უმეტესობა ერთგვარ „ასტრალურ ნისლში, ბურუსში“ აღმოჩნდება.
– კონკრეტულად, რაში გამოიხატება ეს ყოველივე?
– გაიზრდება დაღლილობის შეგრძნება, შესუსტდება იმუნიტეტი, გამძაფრდება ინფექციები. არასტაბილურობა იქნება პოლიტიკურ ასპარეზზე – გართულდება ურთიერთობები, მოსალოდნელია სამხედრო გადატრიალებები არასტაბილური მთავრობების მქონე ქვეყნებში.
– ეს ნეგატიური პერიოდი რომელ რიცხვამდე გასტანს, თუ თებერვლის ბოლო პერიოდი, შედარებით მშვიდი და სტაბილური იქნება? ამ მხრივ, რას წინასწარმეტყველებენ პლანეტები და ვარსკვლავები?
– 26-27 თებერვლიდან, მდგომარეობა გამოსწორდება. 24 რიცხვიდან ამას ხელს შეუწყობს დედამიწის ბიოსფეროს უფრო მშვიდი ფონი და პლანეტა მარსის პირდაპირი გავლენა. ეს გავლენები უბიძგებს ადამიანებს ცვლილებებისკენ, დაეხმარება ჰარმონიულ კომუნიკაციაში, ასევე, რომანტიკული ურთიერთობების სფეროში. ამიტომ, ეს პერიოდი ძალიან ხელსაყრელია ძველი ურთიერთობების დასასრულებლად და ახალი ურთიერთობების დასაწყებად. ასევე, პარტნიორული ურთიერთობების ნებისმიერი ცვლილებებისთვის. 20 თებერვლიდან, მზე შევა თევზების ნიშანში და თავისი ენერგიებით მხარს დაუჭერს იქ მდებარე პლანეტებს – მერკურს, ნეპტუნსა და სატურნს. რაც საშუალებას მისცემს, 27 რიცხვიდან შექმნას უფრო მაღალი ბიოპოტენციალი და პირობები შემოქმედებისთვის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან