ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა ფასის გადახდა მოგიწევთ სურვილების ასასრულებლად და ღირს თუ არა მის სანაცვლოდ საკუთარი სიცოცხლისა და თავისუფლების დათმობა

№50

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 26.12

შეუცნობელი
დაკოპირებულია

სურვილები უსასყიდლოდ არ სრულდება, მისთვის სიცოცხლის „ანგარიშიდან“ მოგიწევთ გადახდა. ყველა სურვილს თავისი ფასი აქვს და საკუთარი ენერგიით უნდა გადაიხადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დააგროვებთ ვალებს, რომელთა დაფარვას ვეღარ შეძლებთ. თუ, რა უნდა ისურვოთ, რომ მიიღოთ ის, რაზეც ოცნებობდით და მხოლოდ „გირჩი“ არ შეგრჩეთ ხელში; რა გზით შეგიძლიათ „გამოისყიდოთ“ ახდენილი სურვილები, ან რატომაა ზომიერება საჭირო სურვილებისთვისაც კი, ამ ყველაფერზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი მანანა გ.

- უსასყიდლოდ არაფერი შეგისრულდებათ, გადახდა კი საკუთარი ენერგიის ხარჯზე მოგიწევთ. ვალი თუ დაგიგროვდათ, ვეღარ დაფარავთ და გაკოტრდებით. საქმე ისაა, რომ ახლახან ეს ყველაფერი მთელი სისასტიკით საკუთარ თავზე ვიწვნიე. ჩვენ მხოლოდ გვგონია, რომ უფასოდ ვუკვეთავთ სურვილებს, არადა გადახდა საკუთარი ანგარიშიდან გვიწევს: „შაგრენის ტყავი იკუმშება“ და თითოეული სურვილის შესრულებას თამაშში სიცოცხლის ხანგრძლივობისა და „ანგარიშზე არსებული“ თანხის შემცირება მოჰყვება.

- გადახდის გზები თუ არსებობს?

- შრომა და ძალისხმევა, რასაც სჭირდება ენერგია და დრო ჩვენი ცხოვრებიდან. გადახდის გზაა ასევე, ენერგიული მოქმედება, ბრძოლა და რისკი, რასაც ისევ და ისევ, ჩვენი ენერგია სჭირდება. სხვა შემთხვევებში, გადახდა ზემოხსენებულ სიცოცხლის ანგარიშს აკლდება, ანდა - სურვილი არ სრულდება. მართალია, ახსნა ხატოვნად, მხატვრულად გამომივიდა, მაგრამ ასე უფრო ნათელი ხდება ყველაფერი. მაგალითად, ბავშვებმა სკოლაში ბაზრობა გამართეს. ზოგი ფიჭვის გირჩებისგან დამზადებულ მახინჯ ხელნაკეთ ნივთებს ყიდიდა, სხვები კი მათ საფასურს ფოთლებით იხდიდნენ. როგორც ჩანს, ეს ფული იყო. თუმცა ფოთლებით მხოლოდ ფიჭვის გირჩებს თუ იყიდი. სულ ესაა. სხვა ყველაფრისთვის გადახდა მოგიწევთ. ისინი ფოთლების სანაცვლოდ, ღვეზელებს ან ტკბილეულს არ ყიდიდნენ. თუ ფოთლების მეტი არაფერი გაქვთ, მხოლოდ ფიჭვის გირჩებს იყიდით: პაწაწინა სურვილებს და თანაც, არა - ყოველთვის. მაგალითად, წყლის დალევის სურვილი თითქოს ძალიან მცირედია, მაგრამ თუ უდაბნოში ხართ, ის უზარმაზარი და უძვირფასესი ხდება. ზუსტად ასეა რეალურ ცხოვრებაშიც.

- თუ ადამიანს ენერგია აკლია?..

- უენერგიო ადამიანს, რომელიც ძალისხმევას არაფერში დებს, აპათიური, მოსაწყენი, უინიციატივოა და ფოთლების მეტი არაფერი აქვს, სურვილებიც არ გააჩნია და მხოლოდ ყალბი ხარახურის ყიდვა შეუძლია. ამ დროს სხვა - ენერგიული და მოქნილი, ეშმაკობით უზარმაზარ კრედიტს იღებს. ყალბი ფულით იხდის და სურვილებიც უსრულდება - იღებს იმას, რაც სურდა. მაგრამ საზღაური საშინელია. ზოგჯერ ადამიანი საწადელის მისაღწევად ეშმაკს ანდობს სულს და ეს ჯოჯოხეთის ფასად უჯდება. თუმცა შრომა, ძალისხმევა, მოქმედება, დრო და ენერგია ეხმარება ადამიანებს, მიაღწიონ სასურველ მიზანს და ამით გადაიხადონ საზღაური. მაგრამ აქაც ზომიერება უნდა დაიცვათ. აიღეთ ის, რის საფასურის გადახდაც შეგიძლიათ. ასე რომ, ყველაფერი კარგი, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება, ციდან არ ცვივა. სინამდვილეში, თქვენ უნდა გადაიხადოთ მისი საფასური. როგორც ამას შეკვეთის მიღებისას აკეთებთ.

- ყველაზე მეტად რა სურს ადამიანს?

- რა თქმა უნდა, სიყვარული. მითიური გმირები ხომ სწორედ სიყვარულისთვის იგდებდნენ თავს საშინელ განსაცდელში: ჩადიოდნენ ქვესკნელში, მკვდართა სამეფოს მბრძანებელ ჰადესთან, ებრძოდნენ დევებსა და გველეშაპებს, იცვამდნენ რკინის ქალამნებს. სიყვარული ყველაზე ძვირფასი მადლია, თუმცა, ყველას ჰგონია, რომ უფასოა. ამიტომაც ითხოვენ სიყვარულს დაუფიქრებლად და იღებენ - „გირჩებს“, რადგან საფასურს მხოლოდ ფოთლებით იხდიან. სიყვარული სიამოვნება არ არის. ის ბედნიერება, ტკივილი და მზადყოფნაა იმისთვის, გაიზიარო საყვარელი ადამიანის ბედი, მასთან ერთად ატარო ცხოვრებისეული ტვირთი და თუ დასჭირდა, მისთვის სიცოცხლეც დათმო... და სანაცვლოდაც იგივე მიიღო. მაგრამ რამდენი ადამიანია მზად, სიყვარულისთვის სიცოცხლე გასწიროს? როგორც ამას მოსიყვარულე დედა გააკეთებს გასაჭირში მყოფი შვილისთვის... და, თუ რაღაც არ გამოდის, შესაძლოა, შესათავაზებელიც არაფერი გაქვთ - „ანგარიშია შესავსები“. შრომა, ძალისხმევა, კეთილი საქმეები, თვითგანვითარება - ზოგჯერ ესეც კი არ კმარა. საჭიროა გმირობა, თავგანწირვა, მსხვერპლი. მსხვერპლი ხომ უძველესი დროიდან მიიჩნეოდა საზღაურად. ამიტომაც არის საჭირო ზომიერება სურვილებშიც: ისურვე ის, რასაც „შენი ჯიბე გაქაჩავს.“ ასევე, არსებობს ენერგიის პირადი მარაგი - ჩვენ კი არ ვიცით რამდენია მის „ანგარიშზე“. იქნებ მილიონებია, ან ბალანსი უკვე მინუსებშია? ამ დროს ვისრულებთ სურვილს, ჩვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარჯზე? ხშირია, როცა ადამიანმა მიიღო ის, რაც ძალიან სურდა - მიაღწია საწადელს. შემდეგ კი, მალევე დაჭკნა ან სულაც მოკვდა ისე, რომ მიღწეულის გამოყენებაც ვერ მოასწრო.

- გამოდის, სურვილებიც ასრულებისაც უნდა გვეშინოდეს?

- დადგება სიბრძნის დროც, როცა გამოიკვეთება ყველაზე მთავარი: საკუთარი და საყვარელი ადამიანების სიცოცხლე, სიყვარული; შესაძლებლობა იმისა, იცხოვრო ჰარმონიაში საკუთარ თავთან და შემოქმედთან ერთად, კარგ ადამიანებს შორის; ჯანმრთელობა და არა - ტანჯვა. ეს არის ყველაზე ძვირფასი... და თუ ეს გაქვს, ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია. უნდა მოინდომოთ, ეცადოთ, იმოქმედოთ, იფიქროთ, აკეთოთ კარგი საქმეები, დაეხმაროთ სხვებს - ეს არის ნორმალური და სწორი... და ყოველთვის გახსოვდეთ: სურვილებისთვის გადახდა მოგიწევთ. დიდი სისულელეა, რომ ყველაზე ძვირფასი ავტომობილისა თუ „ოქროს უნიტაზისთვის“ სიცოცხლით ან თავისუფლებით გადაიხადოთ. ზოგჯერ შეიძლება უკეთესიცაა, რომ სიცოცხლეს მიენდო. იოცნებო, მაგრამ არ მოითხოვო. არ ითაღლითო. ითხოვო ის, რაც ნამდვილად გჭირდება და მნიშვნელოვანია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი