ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა ნივთები არ უნდა შეარჩიოთ საჩუქრად და როდის შეიძლება საჩუქარი ღალატის მიზეზი გახდეს

№47

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 03.12, 2021 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

როცა საჩუქარს ვარჩევთ, გვინდა, რომ გავახაროთ ადამიანი, ვასიამოვნოთ და სწორედ ის ნივთი მივართვათ, რაზეც ოცნებობდა და ნამდვილად გამოიყენებს. თუმცა, ხალხური გადმოცემების მიხედვით, ყველაფრის ჩუქება არ შეიძლება, თუნდაც წრფელი გულით იყოს ის მიძღვნილი. არსებობს ნეგატიური ენერგიის მატარებელი ნივთები, რომელთაც უიღბლობა მოაქვს პატრონისთვის და ზოგჯერ ეს ძალიან სახიფათოცაა. დღეს ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნანი გ. გაგვაცნობს ამ ნივთებიდან რამდენიმეს, რომელსაც, პარადოქსია, მაგრამ ყველაზე ხშირად ვარჩევთ ხოლმე საჩუქრად, არადა მინიშნებების მიხედვით, სწორედ ისინია სახიფათო.

- მოახლოვდება თუ არა ახლობლის დაბადების დღე ან ახალი წელი, თითქმის საგონებელში გვაგდებს იმაზე თავის მტვრევა, რა ვაჩუქოთ იუბილარს ან რით გავახაროთ ოჯახის წევრები საახალწლოდ. ბოლოს და ბოლოს, ავარჩევთ, გვგონია, შვებით ამოვისუნთქებთ, მაგრამ აღმოჩნდება, რომ სიამოვნების ნაცვლად, უსიამოვნება მივუტანეთ საყვარელ ადამიანს. ამიტომ, უმჯობესია, წინასწარ იცოდეთ, რომელია ეს ნივთები.

- და რომელია ეს „საშიში ნივთები“?

- დავიწყოთ იმით, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიართვათ საჩუქრად დანა ან ნებისმიერი სხვა მჭრელი, მჩხვლეტავი ნივთები, თუნდაც მათი მოყვარული-კოლექციონერი იყოს ადრესატი. ასეთ „ბასრ საჩუქარს“ უბედურება მოაქვს ოჯახის ყველა წევრისთვის. ხალხური მინიშნებების მიხედვით, ყველა მახვილპირიანი საგანი უარყოფით ენერგიას აგროვებს - ნაჩუქარ დანას თან ჩხუბიც მოჰყვება. გაგიკვირდებათ და არც საათია სასურველი საჩუქარი. უკეთეს შემთხვევაში ნაჩუქარ საათს შეიძლება ჩხუბი მოჰყვეს. მაგრამ გაცილებით უარესი, უფრო სწორად, რამდენიმე სახიფათო ახსნაც აქვს ამ ჟესტს. მაგალითად, ჩინეთში მიიჩნევენ, რომ ნაჩუქარი საათი ადამიანის სიკვდილამდე დარჩენილ დროს ითვლის და ასეთი საჩუქარი დაკრძალვაზე მიწვევის შეტყობინებაა. სხვა ქვეყნებში არის განსხვავებული ახსნაც: რომ საათი არ უნდა აჩუქო შეყვარებულს, რადგან ის დროის ათვლას დაიწყებს წყვილს შორის განხეთქილებამდე. ასევე, თუ საყვარელ მამაკაცს მაჯაზე საათს შეუკრავთ, ეს იგივეა, რომ ხელბორკილები დაადოთ, რომელიც მას თავისუფლებას უზღუდავს. თუმცა ამ ნეგატიური გავლენის ნეიტრალიზებაც შეიძლება - საათი გაუკეთეთ რბილ სათამაშოს და მასთან ერთად მიართვით შეყვარებულს.

- ყველაზე უწყინარი, უფრო სწორად, სასარგებლო საჩუქარი, ალბათ წიგნია?

- წიგნი მართლაც საუკეთესო საჩუქარია, მაგრამ არ შეიძლება ის აჩუქოთ ცოლქმრულ წყვილს - შეიძლება ეს მათ შორის ღალატის მიზეზად იქცეს. ხშირად ვარჩევთ ჭურჭელს და თავისთავად ის ცუდი საჩუქარი არაა, მაგრამ მინიშნების მიხედვით, ამ დროს ის ცარიელი არ უნდა იყოს - თორემ უფულობასა და უიღბლობას მიუტანს ახალ პატრონს. მასში რაღაც უნდა ჩადოთ: წვრილმანი პრეზენტი, მონეტა თუ სხვა მსგავსი რამ და მაშინ თქვენი საჩუქარი ბედნიერებას შეიტანს ახლობლის ოჯახში. აქვე ვახსენებ ცხვირსახოცსა და პირსახოცს. ცრემლს ცხვირსახოცით ვიწმენდთ და ვისაც მას აჩუქებთ, ცრემლი არ აცდება. საერთოდ, ცხვირსახოცი და პირსახოცი დაკრძალვის პროცედურებთანაა დაკავშირებული: პირსახოცს კუბოს გამტანს აძლევენ, სხვებს კი ცხვირსახოცებს ურიგებენ. ეს ნივთები მწუხარებასა და გლოვასთან ასოცირდება, ამიტომაც არ შეიძლება მისი სადღესასწაულოდ ჩუქება. ნეგატიური შედეგები რომ თავიდან აიცილოთ, შეგიძლიათ, მათი ნაკრები აჩუქოთ ან წყვილად: ორი ცხვირსახოცი, ორი პირსახოცი.

- ზოგჯერ ზედმეტ თავის მტვრევას, ფულის ჩუქებას ვარჩევთ და მერე თვითონვე გადაწყვიტოს, როგორ გამოიყენებს...

- ფულის ჩუქება ცუდად მოქმედებს თავად ფულის გამცემზე. ვინც ფულს საჩუქრად გასცემს, ის საკუთარ კეთილდღეობას კარგავს. რაც შეეხება საფულეს - მისი არც ჩუქება შეიძლება და არც საჩუქრად მიღება. ამან შეიძლება საერთოდ დაგაკარგვინოთ ფულადი შემოსავალი, მაგრამ იგივე საფულე იღბლიან საჩუქრადაც შეგიძლიათ აქციოთ - უბრალოდ, მასში ჩადეთ ფული და ის გაგამდიდრებთ. თუმცა საფულესთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ერთი მინიშნებით თუ ცარიელი საფულის ჩუქება პატრონს უფულოდ დატოვებს, მეორე ამტკიცებს, რომ არ შეიძლება ლურჯი საფულე მიართვათ მას, რადგან ამ შემთხვევაში ეს ფერი წყალთან ასოცირდება და ფული იქიდან წყალივით გაედინება. ამიტომ, უმჯობესია, ყავისფერი, წითელი ან ბორდოსფერი საფულე შეარჩიოთ - ეს ფერები ფულს იზიდავს. და კიდევ ერთი რამ საფულეზე: არ შეიძლება საფულე აჩუქოთ მას, ვისაც თქვენზე მეტი შემოსავალი აქვს.

- სარკე მაგიური ნივთია და უხიფათო საჩუქარი, ალბათ, არ იქნება...

- სარკე უძველესი დროიდან უკავშირდება მისტიკას და მისი გაჩუქება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება - ყველაზე არასასურველი საჩუქარია. რადგან სარკეს ძლიერი მაგიური თვისებები აქვს - სწორედ მისი გავლით აღწევენ ჩვენს სამყაროში სხვადასხვა უხილავი არსებები - შემთხვევითი არაა, რომ სარკე გამოიყენება მკითხაობისა და მაგიური რიტუალების დროს. განსაკუთრებულად სახიფათოა ძველებური სარკეები, რადგან ინფორმაციას ინახავს და წლიდან წლამდე აგროვებს, რომლებიც ყოველთვის როდია დადებითი. სარკის შემდეგ ისეთ სამკაულზე შევჩერდები, როგორიც მარგალიტია. უძველესი ლეგენდის მიხედვით, მარგალიტი ქვრივი ქალისა და ობლების ცრემლებია. ამ საჩუქარს ქალისთვის ავადმყოფობა და ცრემლები მოაქვს. მაგრამ მარგალიტის სამკაული ძალიან ძვირფასი და სასურველია, ამიტომ თუ ქალი მას მოინდომებს, უმჯობესია, ფული მისცეთ მის საყიდლად. დაბოლოს სამედიცინო ნივთები - ასეთი საჩუქარი ყოველთვის ავადმყოფობასა და საავადმყოფოს უკავშირდება და კარგს არაფერს მოუტანს მის მიმღებს. ამიტომ, მისი ჩუქება არ ღირს.

ასე რომ, საჩუქრის შერჩევისას, უნდა გახსოვდეთ ყველაზე მთავარი: წრფელი გულით მიუძღვნათ ის ადრესატს. ხოლო, საჩუქრის მიღებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ და მისგან სიკეთის ნაცვლად, უსიამოვნება რომ არ მიიღოთ, შეგიძლიათ მომტანს მონეტა აჩუქოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი