რა მინიშნებებს უნდა მიაქციოთ ყურადღება ყოველდღიურ ცხოვრებაში და რატომ უნდა გაწმინდოთ სახლში სარკე სტუმრების წასვლის შემდეგ
ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 09.08
ვაღიაროთ, რომ მრავალი ცრურწმენა და მინიშნება გასდევს ჩვენს ცხოვრებას თან. მართალია, ვიღაცას სჯერა მისი და ვიღაცას - არა, მაგრამ, რას მოასწავებს ცალკეული მათგანი, ალბათ, უნდა ვიცოდეთ. ის ხომ ჩვენი წინაპრების საუკუნეებგამოვლილი ცხოვრებისეული დაკვირვებისა და გამოცდილების შედეგია. შესაბამისად, თუ წაგვადგება, თორემ ნამდვილად არაფერს გვავნებს. რადგან მინიშნება ბევრია და ცხოვრების ყველა მიმართულებას მოიცავს, მის ყველაზე პოპულარულ და გავრცელებულ ნიმუშებზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი მარგო ლ.
- ისევ მინიშნებებსა და ცრურწმენის შესახებ უნდა ვისაუბროთ, რადგან, როგორც ამბობენ, მათ გარეშე შორს ვერ წახვალთო...
- აღსანიშნავია, რომ ცხოვრების უმეტეს თუ არა, ნახევარს მაინც სახლში ვატარებთ და შესაბამისად, ბევრი მინიშნება ასოცირდება საოჯახო საქმეებთან. თუ სამოგზაუროდ მიდიხართ, შეამოწმეთ, რას გირჩევთ მინიშნება; ქორწილს გეგმავთ? - დაინტერესდით შესაბამისი რჩევებით და ასე შემდეგ...
- მაგალითად, ყველაზე გავრცელებული ცრურწმენაა, რომ, თუ სარკე გაგიტყდა, უბედურება გელისო...
- დიახ, მაგრამ ამას გარდა, სარკის შესახებ უამრავი რამ არის ცნობილი. ეს მაგიური ნივთი ხომ ყველა ოჯახშია და ბევრი სულ თან ატარებს კიდეც. ამიტომ, დაიმახსოვრეთ, სახლიდან გასვლისას აუცილებლად უნდა ჩაიხედოთ სარკეში. ამით თქვენს ორეულს სახლის დაცვას ავალებს. რაც შეეხება სარკის გატეხას - ეშმაკმა რომ შიგ არ ჩაიხედოს, ნამსხვრევები უნდა შეაგროვოთ და მიწაში ჩამარხოთ. თუ სახლში მიცვალებულია, ყველა სარკე უნდა დაიფაროს, რათა გარდაცვლილის სული სარკის ლაბირინთში არ დაიკარგოს. ბოროტი თვალისგან დასაცავად კი, ნუ ჩაახედებთ ახალშობილს სარკეში... და კიდევ ერთი საინტერესო მინიშნება: სტუმრების წასვლის შემდეგ სარკე გაწმინდეთ ნესტიანი ღრუბლით. თუმცა, ძველი მორწმუნეების აზრით, სახლში სარკე საერთოდ არ უნდა ყოფილიყო, რადგან სჯეროდათ, რომ სარკე დიდი ცოდვაა...
- თუმცა, ალბათ, ჰქონდათ უამრავი, სხვა საინტერესო მინიშნებაც...
- დიახ, მაგალითად, თუ ჭიქაში ჩაის ზედაპირზე ბუშტუკები დაცურავს, ეს ფულს ნიშნავს. ამიტომ, ბუშტები კოვზით აუცილებლად ერთად მოაგროვეთ და თავზე დაისხით - ჩვენს დროში ამას, ალბათ, ყველა არ გააკეთებს... სახლში რომ მწერები დიდი პრობლემაა, ყველასთვის ნაცნობი თემაა, მაგრამ მინიშნებები, სულ სხვა რამეს გვეუბნება. მაგალითად, სახლში წითელი ტარაკნები სევდას ნიშნავს, ხოლო შავი - საჩუქარს მიიღებთ. ასევე, მრავალი მინიშნება უკავშირდება ცხოველებს, როგორც გარეულს, ასევე - შინაურს. ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ ფრინველებს, ცხოველებსა და მწერებს შეუძლიათ უბედურების ან, პირიქით, იღბლის წინასწარმეტყველება. მაგალითად, ყარყატი ბუდეს იმ სახლის სახურავზე იშენებს, სადაც კარგი ხალხი ცხოვრობს და მათთვის ბედნიერება მოაქვს. ამ დროს ყარყატი გრძნობს, რომ არჩეულ შენობაში მოსიყვარულე ხალხი ცხოვრობს და თავადაც იქ მკვიდრდება. მაგრამ, სადაც მუდმივი სკანდალები და ბოროტებაა, ვერც ფრინველი და ვერც ცხოველი იქ ფეხს ვერ მოიკიდებს - უარყოფითი ენერგია მათ იქიდან აგდებს. ეს დიდი ხნის წინ შენიშნეს ჩვენმა წინაპრებმა და შემოგვინახეს.
- მტრედი მართლა მშვიდობის „ელჩია“?
- მტრედი ბევრია თბილისში და ხშირად მოფრინავენ კორპუსის ფანჯრებთან. თუმცა მის გამოჩენას ხანძრის საფრთხეს უფრო უკავშირებენ, ანდა, ახალ ამბებს. კოდალას საცხოვრებელთან გამოჩენა კი, ნამდვილად ცუდის ნიშანია - სიკვდილს წინასწარმეტყველებს. თუ თქვენკენ მომავალ საქონელს წინ წითელი ძროხა მოუძღვის, მეორე დღე აუცილებლად მზიანი იქნება, მაგრამ თუ - წინამძღოლი შავია, უიღბლობა გელით. აი, სამფეროვან კატას კი, რომელსაც ასევე, „მდიდარსაც“ უწოდებენ, სახლში სიმდიდრე და კეთილდღეობა შემოაქვს. თუ მერცხლის ბუდეს გაანადგურებთ, ხანძარს ვერ აიცილებთ. ობობას მოკვლა - უბედურების ნიშანია, მამლები თუ მთელი ხმით ყივიან - კარგ ამბავს გაიგებთ, ხოლო გაფხორილი ჩიტი ცუდი ამინდის მაუწყებელია. ძაღლს არ დაარტყათ, თორემ შეიძლება კრუნჩხვები დაგემართოთ.
- სხვა საყოფაცხოვრებო მინიშნებებზე რას გვეტყვით?
- მაგალითად, ვაჭრობასთან დაკავშირებული მინიშნებები ასეთია: პირველი მყიდველი ხელიდან არ უნდა გაუშვათ, თაროდან ჩამოვარდნილი საქონელი პირველი გაიყიდება, რაც შეეხება მყიდველის ანგარიშში მოტყუებას, ეს არაფრით გააკეთოთ - სამჯერ მეტ თანხას დაკარგავთ. თუმცა დღეს მაღაზიებში არცთუ იშვიათად გვატყუებენ და საინტერესოა, სანაცვლოდ თუ ჰქონიათ დანაკარგი? სტუმრად ყოფნისას, სუფრასთან თუ ლუკმა გულზე დაგადგათ, ერთ წელიწადში კვლავ იმ სახლში მოხვდებით. თუ წვეულებაზე ჭიქა წაგექცათ და სასმელი დაღვარეთ, მალე მორიგი ქეიფი გელოდებათ. თუ საჩუქარს არჩევთ, უნდა იცოდეთ, რომ ვერცხლს ცრემლი მოაქვს, ოქროს - კეთილდღეობა, რკინას კი - უბედურება. მჭრელი და ჩხვლეტია საგნების ჩუქებამ კი შეიძლება ჩხუბი გამოიწვიოს, ამიტომ სანამ საჩუქარს გადასცემთ, ჯერ იმით ადრესატს უნდა უჩხვლიტოთ. საფულეს, ჩანთას, ყუთს ცარიელს ნუ დატოვებთ, შიგ რაღაც მაინც უნდა ჩადოთ, თორემ ცხოვრებაშიც სიცარიელეში აღმოჩნდებით. საქორწინო ბეჭედს თუ არ ჩავთვლით, ადრე ბეჭდის ჩუქება განშორების ნიშნად მიიჩნეოდა, მარგალიტის კი - ცრემლის. საინტერესო მინიშნებებია ყვავილების ჩუქებასთან დაკავშირებითაც. რაოდენობა კენტი უნდა იყოს და თუ ერთ-ერთი მათგანი მაინც გადატყდა, მფლობელს ავადმყოფობა ან შეიძლება სიკვდილიც კი ემუქრებოდეს. ნაჩუქარი ქოთნის ყვავილი არ იზრდება, ყველაზე დიდხანს კი - მოპარული ძლებს. ხელთათმანები ქალს ქმარმა ან ახლო ნათესავმა უნდა აჩუქოს და არა მამაკაცმა, რომელსაც კარგად არ იცნობს, თორემ მის ტყვედ იქცევა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან