ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა სამოსს ატარებს ადამიანი უხილავად და რა უნდა მოიმოქმედოთ საკუთარი აურის შესაგრძნობად და მის გასაჯანსაღებლად

№38

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00

შეუცნობელი
დაკოპირებულია

იცით თუ არა, რომ ყველა ადამიანს უხილავი სამოსი ფარავს?.. და ეს აურაა! - რა არის აურა და როგორ შეიძლება მისი შეგრძნება თუ „დანახვა“ სამი მარტივი ხერხის საშუალებით; ან რატომ ხდება, რომ ისე კარგავთ ენერგიას, ამას ვერც კი ამჩნევთ, - ამ ყველაფერზე ისაუბრებს ეზოთერიკოსი, ბატონი ბაადურ შ. ინტერვიუში, რომლის საშუალებითაც გაიგებთ, რა უნდა მოიმოქმედოთ საკუთარი აურის შესაგრძნობად და მის გასაჯანსაღებლად.

- ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ თავს უფრო ენერგიულად გრძნობთ, ზოგთან შეხვედრის შემდეგ კი, სრულიად დაცლილი რჩებით. ყოველივე ეს კი აურაზე - თქვენს ენერგეტიკულ ველზეა დამოკიდებული... და ეს მაგია არ არის, ეს თქვენი პირადი ფარი და სიცოცხლისუნარიანობის წყაროა. მისი შეგრძნება და გაძლიერება კი მარტივი მეთოდებითაც შეიძლება.

- იქნებ გავიხსენოთ, რა არის აურა?

- აურა თქვენი ფიზიკური და გონებრივი სხეულის მიერ გამოსხივებული ნატიფ ენერგიათა ერთობლიობაა. წარმოიდგინეთ, რომ ხართ ნათურა, თქვენი აურა კი ის სინათლეა, რომელსაც ასხივებთ. როცა ჯანმრთელი და ბედნიერი ხართ, სინათლე კაშკაშა და თანაბარია, ავადმყოფობის ან სტრესის შემთხვევაში კი, ნათელი იბინდება და მასში „ხვრელები“ ჩნდება.

- არსებობს აურის აღდგენის მეთოდები?

- ძალიან მარტივი სამი ვარჯიშიც საკმარისია, რომ 5 წუთში შეიგრძნოთ საკუთარი ენერგია. დავიწყოთ „ენერგეტიკული ბურთით“ (ხელების გახურებით): ერთმანეთს მიადეთ ხელისგულები და 30 წამის განმავლობაში დაიზილეთ ისე, სანამ ოდნავ სითბოს არ იგრძნობთ. მხოლოდ ამის შემდეგ ხელისგულები ნელ-ნელა დააშორეთ ერთმანეთს 15-20 სანტიმეტრით, მერე კი თანდათან - მიუახლოვეთ. მოერიდეთ უეცარ მოძრაობებს. ყური დაუგდეთ შინაგან შეგრძნებებს: შეიძლება იგრძნოთ, რომ რაღაც სიმკვრივეს ეხებით, თითქოს ხელისგულებს შორის უხილავი ბურთია გაბერილი; ანდა ჩხვლეტის, სითბოს ან სიცივის შეგრძნება გეუფლებათ. ეს თქვენი კონცენტრირებული ენერგია, თქვენი აურის ნაწილია.

- ძალიან საინტერესოა, მეორე რა არის?

- მეორეა „ზურგის მგრძნობელობა“ - ცნობისმოყვარე მზერისგან დასაცავად: დადექით კედელთან ზურგით, დაახლოებით 30 სმ-ის დაშორებით. დახუჭეთ თვალები და თანაბრად ისუნთქეთ. ნელ-ნელა, თავისუფლად დაიწყეთ უკან გადახრა, თან შეეცადეთ, სანამ ფიზიკურად კედელს შეეხებით, იგრძნოთ თქვენი ველის ენერგეტიკული საზღვრის „გადალახვის“ მომენტი. უმეტესობა ამას გრძნობს როგორც მცირე დაჭიმულობას, მას აღიქვამს ტემპერატურის ცვლილებად ან ზურგის კანზე ჩხვლეტის შეგრძნებით...

- ყველაზე საინტერესო, ალბათ, მესამეა?...

- მესამეა „თქვენი განწყობის ფერი“, ანუ ვიზუალიზაციის პრაქტიკა: მოხერხებულად მოკალათდით და დახუჭეთ თვალები. რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ. წარმოიდგინეთ, რომ შეისუნთქავთ ოქროსფერ სინათლეს, რომელიც შიგნიდან გავსებთ. ახლა უფრო გააფართოვეთ წარმოსახვის არეალი და „დაინახეთ“, ამ სინათლეს როგორ ასხივებთ თავად და თანდათან ისე ეხვევით სრულ სიკაშკაშეში, როგორც ჭუპრი პარკში. რა ფერისაა ნათება? - ამაზე ფიქრით თავს ნუ შეიწუხებთ, მიეცით საშუალება, ფერი თავად მოვიდეს თქვენამდე. თუ ეს წითელია, თქვენს აქტივობაზე მიუთითებდეს, ლურჯი - სიმშვიდეა, ხოლო მწვანე - განკურნებას ნიშნავს. სწორედ ეს ფერია თქვენი ამჟამინდელი აურის მდგომარეობის მაჩვენებელი.

- რა ნიშნები მიუთითებს, რომ აურა დასუსტებულია?

- აურის დასუსტების ზოგადი ნიშნებია: ქრონიკული დაღლილობა სამედიცინო მიზეზის გარეშე; მომატებული მგრძნობელობა ხმაურის, სინათლისა და სხვა ადამიანების განწყობის მიმართ; კონფლიქტის შემდეგ შეგრძნება იმისა, რომ „გაგთვალეს“; აუხსნელი შფოთვა ხალხმრავალ ადგილებში; მუდმივი მცირე პრობლემები, მაგალითად, როცა „ყველაფერი ხელიდან გივარდებათ“...

- როგორ უნდა მოვიქცეთ მსგავსი სიმპტომების აღმოჩენისას?

- ყველაზე მარტივია „ჭუპრის ოქროს პარკის“ ტექნიკა, რომელიც სწრაფად „გიხსნით ამ გასაჭირისგან“. წარმოიდგინეთ, რომ ციდან თქვენკენ ოქროსფერი ან ვერცხლისფერი სინათლის ნაკადი ეშვება, რომელიც თავზე გეღვრებათ და თქვენში შემოსვლას სწორედ თავის არედან იწყებს. შემდეგ კი, როცა მთელ სხეულის აავსებს, გარეთ გაჟონავს და თავის სხივებს უკვე გარედან გახვევთ. თქვენს სხეულს გარს ცისარტყელასავით ერტყმის და მჭიდრო, აფერადებულ „ჭუპრის პარკს“ ქმნის. ამ დროს გონებრივად შემოიარეთ პარკის მთელი კონტური, რათა დარწმუნდეთ, რომ ერთიანი, უნაკლო და დაურღვეველია. ეს პრაქტიკა გაიმეორეთ დღეში 3-5 წუთის განმავლობაში, განსაკუთრებით სახლიდან გასვლამდე. დასკვნისთვის გეტყვით, რომ აურა თქვენი ისეთივე ნაწილია, როგორც ფიზიკური სხეული. ის მოითხოვს ზრუნვას და ყურადღებას. მისი შეგრძნების შესწავლით კი, შეძლებთ, უკეთ გაიგოთ: რა გჭირდებათ, რა მოთხოვნები გაქვთ და ამის საფუძველზე მოიპოვოთ შინაგანი სიმშვიდე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი