ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა მაგიურ ზეგავლენას ახდენს ფერები ადამიანის ცხოვრებაზე და რომელია მათ შორის იღბლისა და ფინანსური წარმატების მომტანი

№18

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00

შეუცნობელი
დაკოპირებულია

უძველესი დროიდან სჯეროდათ ადამიანებს საიდუმლო ნიშნებისა და სიმბოლოების მაგიური ძალის. მიაჩნდათ, რომ ასეთი სიმბოლოები, რომელთაგანაც დღეს ფერებსა და ზოგიერთ, ყველაზე გავრცელებულ ნიშანზე ვისაუბრებთ, წარმატებას და ფულს იზიდავდა. სწორედ იმაზე, თუ რომელი ფერი რა გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე ფინანსებისა და წარმატების თვალაზრისით და ასევე, რომელია იღბლიანი ვარსკვლავი, რას ნიშნავს მუხა თქვენი ოჯახისთვის, ან რატომ მიიჩნევა საუკეთესო თილისმად კუს ან გასაღების სიმბოლო, ამ ყველაფერს შეიტყობთ ეზოთერიკოსი ქალბატონის, ნ. დ-ს ინტერვიუდან.

- ფერებს მართლაც მაგიური ძალა აქვს და თითოეულ მათგანს შეუძლია, გავლენა მოახდინოს ადამიანის ცხოვრებაზე. მაგრამ, კონკრეტულად რომელი იზიდავს წარმატებასა და ფინანსებს? - მაგალითად, მარკეტოლოგები მიიჩნევენ, რომ ფერი ადამიანის ქცევასა და გადაწყვეტილების მიღებაზე მოქმედებს და შესაბამისად, რეკლამებში ხშირად იყენებენ ნათელ ფერებს, რაც ხელს უწყობს შესყიდვებს.

- მაინც, კონკრეტულად, რომელი ფერით მოვიზიდავთ ფულს?

- დავიწყოთ წითლით - ლიდერთა ფერით. მას ირჩევენ ექსტრავერტი, შემტევი და ჯიუტი, თავდაჯერებული, ენერგიული, ძალაუფლების მოყვარული ადამიანები. თუმცა, იმავდროულად, ისინი ფეთქებადი, ვნებიანი, მოუქნელები არიან და არც საკუთარ შეცდომებს აღიარებენ. საბოლოოდ, სიცოცხლისუნარიანობა და მიზანდასახულობა იმარჯვებს და ამიტომაცაა, წითელი პოტენციური სიმდიდრის ფერი. სხვათა შორის, ფენ-შუის მიხედვით, საფულე რომ სულ ფულით სავსე გქონდეთ, უმჯობესია, წითელი ფერის შეარჩიოთ. ბრწყინვალება და სიმდიდრე კი, იასამნისფერს მოაქვს და ეს ისტორიულადაც ასე აეწყო. დღესაც იასამნისფერს ხშირად იყენებენ ცნობილი ბრენდები, პრესტიჟული მარკის მწარმოებლები. ეს ფერი ასევე ასოცირდება თავისუფლებასა და ფანტაზიასთან. იასამნისფერი ექსტრავაგანტულია და შესაბამისად, იყოს სხვებისგან განსხვავებული მხოლოდ რამდენიმეს თუ შეუძლია.

- შავიც თუ შედის ამ „მდიდრულ“ ფერებში?

- რა თქმა უნდა, შავი ხომ გავლენის, ძალაუფლების, ფუფუნების ფერია. ის არის კლასიკური და ტრადიციული, ლაკონური და დახვეწილი. აქვს სხვა დადებითი თვისებებიც, არის: ელეგანტური, დაცული, ავტორიტეტული და აზრიანი. ალბათ ამიტომაა, რომ ეს ფერი უყვართ მტკიცე ხასიათის, თავდაჯერებულ და სერიოზულ ადამიანებს. რაც შეეხება რუხს ანუ ნაცრისფერს, ძალაუფლებას ფლობს, მაგრამ ფარულად. ის აღიქმება, როგორც შუამავალი, დამაკავშირებელი, რადგან ნეიტრალურია და კარგად ესადაგება სხვა ფერს. ის სანდო ადამიანების, ინტელექტუალების ფერია და ამასთანავე, არის უსაფრთხო, პრაქტიკული, მუდმივი, სერიოზული. მართალია, ზოგი ფიქრობს, რომ ნაცრისფერი პირქუში და მოსაწყენია, მაგრამ, საკმარისია, გაიხსენოთ გამოთქმა: „რუხი კარდინალი“ და ყველა ეჭვი გაიფანტება. ამ კონსერვატიულ ფერს ხშირად იყენებენ სამთავრობო უწყებები, ცნობილი კომპანიები, ბანკები და სამრეწველო საწარმოები.

- მწვანე თუ არის ამ სიაში?

- მწვანე საერთოდ ფულის ფერია, რომელიც განვითარებასა და ზრდასთან ასოცირდება. ეს ელფერი ხელს უშლის ზედმეტ ხარჯებს და წინსვლისკენ გიბიძგებთ. მწვანე, როგორც გულღიაობის, სიმშვიდისა და ბუნებრიობის ფერი, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სიწმინდის სიმბოლოდაა მიჩნეული. სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ რეკლამაში მწვანე ფერი ძირითადად ბუნებას უკავშირდება და ჯანსაღ გარემოსა და სიწმინდეს გამოხატავს. სხვათა შორის, ფენ შუის მიხედვითაც, მწვანე ფულის მოსაზიდად ერთ-ერთ საუკეთესო ფერადაა მიჩნეული.

- რაც შეეხება სხვა სიმბოლოებს, რომლებიც ასევე, იღბალსა და სიმდიდრეს უკავშირდება?

- ასეთებს შორის, უპირველესი, ალბათ, მაინც ვარსკვლავია, რომელიც უძველესი დროიდანაა ცნობილი, როგორც ადამიანის ცხოვრებაზე გავლენის მომხდენი და... უფრო მეტიც: ყოველ ადამიანს საკუთარი ვარსკვლავი „ჰყავს“, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ ქრება. დღესაც ხშირად ვიყენებთ გამოთქმას: იღბლიან ვარსკვლავზეა დაბადებულიო. ცის ამ მნათობთაგან კი, მაგალითად: ხუთქიმიანი ვარსკვლავი ქურდობისა და დაზიანებისგან იცავს ადამიანს და ასევე, ცისა და მიწის ჰარმონიულობისა და სრულყოფილების სიმბოლოა სხვადასხვა კულტურაში. საერთო ჯამში, ვარსკვლავი ბედნიერებისა და იღბლის ნიშანია და უდიდესი ენერგეტიკა აქვს. რაც შეეხება სხვა რამდენიმე სიმბოლოს, სამ მათგანზე გავამახვილებ ყურადღებას. ეს არის მუხა, გასაღები და კუ. მაგალითად, მუხა და რკო იღბლისა და სიმდიდრის მთავარი სიმბოლოა ზოგიერთ ხალხს შორის. მუხის ხე შეიძლება გამოსახული იყოს სახლში დაკიდებულ სურათზე. რკო კი, შეიძლება თან ატაროთ, რომელიც ბებერი მუხის ნაყოფი უნდა იყოს და სხვისი თანდასწრების გარეშე, მარტომ უნდა მოძებნოთ. სავარაუდოდ, ასეთი თილისმა ბევრ საიდუმლოს ინახავს და შესაბამისად, მასზე არავის არაფერი არ უნდა უთხრათ. რაც შეეხება გასაღებს, ხალხური გადმოცემების მიხედვით, ეს სიმბოლო ხსნის ყველა კარს და მის მფლობელს ყველა პრობლემის გადაჭრაში ეხმარება. მას ყელზე იკიდებენ ან პატარა გასაღებების აცმას სახლში ინახავენ. ასეთ თილისმას ყოველ საქმეში სიმდიდრე და წარმატება მოაქვს. დაბოლოს, კუ - ნიშანი, რომელიც ნამდვილად „იღბლის მაგნიტია“. აღმოსავლეთში ის ყოველთვის სამუშაოს, კარიერისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. დროთა განმავლობაში კი მან სხვა მნიშვნელობაც შეიძინა და ეს არის: „სიბრძნე“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა