ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა გავლენას ახდენს ყვავილთა ენერგეტიკა სახლსა და მის მცხოვრებლებზე და რომელი მარადმწვანე სათუთი მცენარეა ყველაზე დიდი „ვამპირი“

№18

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 13.05, 2022 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

იშვიათად, რომ ვინმეს არ უყვარდეს ყვავილები - თვალისა და სულის დამატკბობელი ბუნების ეს სურნელოვანი მშვენება, რომელიც გაზაფხულზე, ახლად აფეთქებულია ყველაზე მიმზიდველი. გეძახის, გიხმობს, რომ მოწყვიტო და შინ წაიღო, - ის ხომ ისევე ამშვენებს სახლის ინტერიერსა და მის შემოგარენს, როგორც - ბუნებრივ გარემოს მთასა თუ ბარში. თითქოს რა უნდა იყოს აქ უცნაური ან საფრთხილო? - მაგრამ, როგორც შესაბამისი დარგის სპეციალისტები გვირჩევენ, არის მათ შორის ისეთებიც, სახლში რომ არ უნდა დავიტოვოთ და პირდაპირ გვაფრთხილებენ: ერიდეთ „ენერგეტიკულ ვამპირებსო“. თუ რომელი ყვავილია ენერგეტიკულად შეუფერებელი სახლისთვის, რა ზიანის მოტანა შეუძლია თითოეულ მათგანს თქვენთვის და როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ხიფათი თავიდან აიცილოთ, აგვიხსნის ეზოტერიკოსი მანანა ზ.

- ყველა ყვავილს უნიკალური ენერგეტიკა აქვს. ზოგი დადებითად მოქმედებს სახლის ატმოსფეროზე, სხვები კი, პირიქით, არღვევს კერიის სიმშვიდეს.

- მაშ რომელი მცენარეების გახარებაა უკეთესი სახლში?

- ყვავილი ცოცხალი არსებაა და თავისი ენერგეტიკით ყვავილები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. ზოგიერთ მცენარეს ბედნიერება, სიყვარული და მატერიალური კეთილდღეობა შეაქვს სახლში. მათი დამსახურებით იქმნება კომფორტული ატმოსფერო, ხდება დადებითი ენერგეტიკული ნაკადის შემოდინება, რომელიც წმენდს და აახლებს გარემოს. ყვავილების საშუალებით უმჯობესდება ჟანგბადის სინთეზირების პროცესი, ჰაერი იწმინდება მავნე ბაქტერიებისგან. თუმცა, სანამ ამა თუ იმ ყვავილის შესახებ ინფორმაციას მოიპოვებთ, ის შეიძლება „ენერგეტიკულ ვამპირად“ ჩაითვალოს.

- როგორ უნდა მივხვდეთ, რომელი ყვავილია „ვამპირი“?

- ხდება ხოლმე, ადამიანი თავს ცუდად გრძნობს, თუმცა ავად არ არის; ხშირად უფუჭდება გუნება-განწყობა, უწევს კამათი, ჩხუბი, რის გამოც ოჯახში უთანხმოებაა. ამის მიზეზი კი შეიძლება სწორედ თქვენი საყვარელი მცენარე აღმოჩნდეს, რომლის ადამიანთან შეთავსება უბრალოდ შეუძლებელია, მიუხედავად მისი მომაჯადოებელი სურნელებისა და მშვენიერებისა. მაგალითად, ვინ წარმოიდგენს, რომ იასამანს - ამ წარმტაც და საოცარი არომატის მცენარეს შეუძლია გაავრცელოს ნეგატივი, გამოიწვიოს სტრესი და შეგიქმნათ დაბრკოლებები ცხოვრებაში. თქვენ წარმოიდგინეთ, ეზოში აყვავებულმა იასამანმაც კი, რომელიც თავბრუს ახვევს ირგვლივ ყველას, შეიძლება დამანგრეველი გავლენა იქონიოს თქვენს ოჯახურ ურთიერთობებზე.

- კიდევ რომელი ყვავილის ადგილი არ არის სახლში?

- მაგალითად, გვიმრა. მისმა ნატიფმა, მარადმწვანე ფოთლებმა თითქოს სახლში ჰარმონია და მყუდროება უნდა შემოიტანოსო, მაგრამ, ასე არ არის. ეს, ერთი შეხედვით სათუთი მცენარე, ყველაზე მეტად „ვამპირია“, რომელიც სასიცოცხლო ენერგიას შთანთქავს. გვიმრა თავს კარგად გრძნობს პარკში, სადაც ადამიანს საფრთხისგან იცავს, მაგრამ სახლში ის საკუთარი მფლობელის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას. ასევეა, ლამაზი და ნაზი შროშანი, რომელიც, მართალია, არ „შთანთქავს“ თქვენს ენერგიას, თუმცა სხვა მცენარეებისგან განსხვავებით, შთანთქავს ჟანგბადს და გამოყოფს ნახშირორჟანგს. ასეთი მცენარეები უმჯობესია ბაღში გაახაროთ და არავითარ შემთხვევაში - სახლში, განსაკუთრებით კი, საძინებელში. თუ თქვენი ოთახი პატარაა, ღამის ჟანგბადი აუცილებელია.

- გამიგია, რომ ცოტა სიფრთხილეა საჭირო მცოცავ, ეკლიან მცენარეებთან და არის კიდევ შხამიანებიც...

- მცოცავი მცენარეებიდან, მაგალითად, ფაზალისის ფანრები საკმაოდ ლამაზია, მაგრამ კარგად დაფიქრდით, სანამ მას სახლში მიუჩენთ ადგილს. ეს „ჯადოსნური ფანრები“ აგრესიული ენერგიით იკვებებიან და ამიტომ, სახლიდან უნდა გაიტანოთ. საერთოდ, აღმავალი მცენარეები სახლს ოპტიმალური და პოზიტიური ემოციებით ასაზრდოებენ, თუმცა არა სახლის პირობებში. ეს მცენარეები შეიძლება გამოიყენოთ შენობის „მცველად“, აივნებისა და სახლის წინ მდებარე ტერიტორიის „გასამაგრებელ-გასაძლიერებლად“. ეს ცოცხალი ზღუდე სახლს საშუალებას არ მისცემს, მასში ნეგატიური ენერგია „შევიდეს“. თუმცა ეს ხვიარა მცენარე შეიძლება მოულოდნელად „მოკვდეს“ და თავის „წასვლით“ მიგახვედროთ, თუ რამდენად ცუდი ენერგიისა და ბოროტების სამიზნე ყოფილხართ. რაც შეეხება ეკლიან კაქტუსს - უდაბნოს ამ ბინადარს ძალიან ბევრი ადამიანი ახარებს სახლში. ხალხური გადმოცემები კი გვიმტკიცებს, ამ მცენარეებს ქალის ცხოვრების დანგრევა შეუძლიაო. განსაკუთრებით ქვრივი და მარტოხელა ქალები უნდა ერიდონ, რადგან სიყვარულსა და ოჯახურ კეთილდღეობას ის მათ ვერ მოუტანს. სახლში ასეთი მცენარეებისთვის მოსახერხებელი ადგილია: ზამთარში - სამზარეულო, ზაფხულში კი - აივანი. დაბოლოს, დიფენბახია, რომელიც საკმაოდ პოპულარულია ოთახის მცენარეების მოყვარულებში და არაერთხელ გინახავთ ოფისების ინტერიერშიც. უპირველეს ყოვლისა, შხამიანი წვენის გამო, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი გამოყენება მებაღეობაში. მეორე მხრივ, მისი ენერგეტიკა ადამიანს ძალაუფლებას ართმევს და ჯანმრთელობასაც ურყევს. დიფენბახიას სჭირდება სივრცე, ამიტომ ის უნდა განთავსდეს მსხვილ ორგანიზაციებში, სადაც დიდი დარბაზებია. ამრიგად, ყვავილი რომ სწორად შეარჩიო, ზედმიწევნით უნდა შეისწავლო მისი სპეციფიკა, შენახვა-მოვლის პირობები და სიფრთხილით მოეკიდო ამ ყველაფერს. ცოდნა თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ და გადალახეთ უიღბლობის სარტყელი. სახლის ბაღი თქვენთვის სიხარულის, ენერგიისა და კეთილდღეობის წყარო უნდა იყოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი