რა არის ადამიანის ცხოვრებაში იღბლისა და წარმატების გარანტორი და როგორ გავლენას ახდენს ჩვენი დადებითი თუ უარყოფითი ქმედებები ორგანიზმის სასიცოცხლო ვიბრაციებზე
ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 25.10
ადამიანის ცხოვრება მისივე ენერგიისა და სიხშირით გამოწვეული ვიბრაციის ქმნილებაა და იღებს იმას, რასაც თავადვე გასცემს. ვიბრაცია კი, რაც უფრო მაღალი სიხშირისაა, მით უფრო იღბლიანი და წარმატებული ხართ თქვენც. წარმატება კი, ვის არ უნდა?! სწორედ იმიტომ, რომ თავადაც შეძლოთ მიაღწიოთ ასეთ შედეგს, ეზოთერიკოსი, ქალბატონი მაია ჯ. გვასწავლის ხუთ ხერხს საკუთარი ვიბრაციის ასამაღლებლად.
- როგორც ცნობილია, საკუთარი ენერგიისა და სიხშირით გამოწვეული ვიბრაცია ქმნის ჩვენს ცხოვრებას: რასაც გავცემთ, იმასვე ვიღებთ. თუ მხოლოდ შიშს, ტკივილს, ბრაზს, წყენას ამჟღავნებთ - თქვენი ცხოვრებაც ამ ყველაფრით გაივსება. ჩვენი ენერგია დიდადაა დამოკიდებული იმ ემოციებზე, რომლებსაც განვიცდით. თუ შეეგუე, რომ ირგვლივ ყველაფერი ცუდია, ადამიანები ბოროტები არიან და საერთოდ, სხვას გაუმართლა, შენ კი არა, მაშინ, როგორც წესი, ეს ფიქრები ყოველდღე გიდასტურდება. ერთი ძველი ანეკდოტისა არ იყოს: „კაცი ტროლეიბუსით მგზავრობს და ფიქრობს: „ცოლი - აუტანელია, მეგობრები - ნაძირლები, უფროსი - დებილი, სამუშაო - უვარგისი, ცხოვრება - ქაქი...“ კაცის უკან მდგომი ანგელოზი ამ ყოველივეს ბლოკნოტში იწერს, თან ფიქრობს: „რა უცნაური სურვილებია და რაც მთავარია, ერთი და იგივეა ყოველდღე! მაგრამ, რას იზამ, უნდა შევუსრულო.“
- რა უნდა ვქნათ, რომ კარგად ვიყოთ?
- ეს ანეკდოტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ მოქმედებს ჩვენი ემოციები ჩვენსავე ვიბრაციაზე - ამაღლებს ან აქვეითებს მას. ყოველთვის არ მოხდება ისე, რომ, თავად ავირჩიოთ ის, რის გადატანაც გვიწევს, თუმცა, თითქმის ყოველთვის შეგვიძლია, ავირჩიოთ მათზე რეაგირების ფორმა - გზავნილი, რითაც სამყაროს ვუპასუხებთ. წარმოიდგინეთ პირამიდის ფორმის ორი სპირალი, როგორც ადამიანის ემოციათა ვიბრაციას სკალა. ერთი გამოსახავს დადებით ემოციებს, იწყება ვიწრო ბოლოდან და პირველი საფეხურია - ოპტიმიზმი, ხვეულები ზემოთ იწევს შემდეგი თანმიმდევრობით: მიმღებლობა, მადლიერება, ერთობა, თანაგრძნობა, გულითადი სიყვარული, უსიტყვო სიყვარული და კულმინაცია, ყველაზე ფართო - ბედნიერება. მეორე სპირალი დაბალ ემოციებს გამოხატავს და თავდაყირაა (ზევით ფართო, ქვევით ვიწრო), ზემოდან იწყება და თანდათან ვიწროვდება: გაღიზიანება, საკუთარი თავისადმი სიბრალული, საკუთარი თავის სხვებზე უპირატესად მიჩნევა, სხვისი აბუჩად აგდება, მრისხანება და ქედმაღლობა, ტყუილი და წყენა, შიში და დანაშაულის გრძნობა, ბოლო საფეხური კი სიკვდილია. ასე რომ, თავად აირჩიეთ როგორ და რით იქნება თქვენი ცხოვრება სავსე - შეგიძლიათ, ნებისმიერ სიტუაციაზე სხვადასხვანაირი რეაგირება მოახდინოთ: აღიქვათ, რომ სამყაროს თქვენთვის ცუდი უნდა, ადამიანები ბოროტები არიან და იღბალმა ზურგი გაქციათ; ან უფრო შორს გაიხედოთ და გაიაზროთ, რომ ყოველი გაკვეთილი რაღაცისთვის გვეძლევა და ჩვენი ამოცანაა, გავიგოთ რისთვის. მაშინ გადახვალთ ცნობიერების ახალ დონეზე.
- რა ქმედებები ახდენს გავლენას ჩვენს ვიბრაციებზე?
- ვიბრაციას ანელებს: უარყოფითი ემოციები; ნეგატიური სიტუაციის ხელახალი განცდა, როცა ის სულ თავში გიტრიალებთ; ფოკუსირება მხოლოდ ნეგატივზე - ყოველთვის ცუდზე ფიქრობთ; თვითკრიტიკა და საკუთარი თავის დადანაშაულება ნებისმიერი მიზეზით; სხვების განსჯა და მათზე ჭორაობა - რისთვისაც სხვებს განსჯით, ესე იგი, თავადაც უარყოფთ იმავეს; საკუთარი თავის, სხვებისა და საერთოდ, რაც კი ხდება, ყველაფრის მიუღებლობა; არეულობა სახლშიც და თავშიც; ახალი ამბების გაცნობა - დღეს იმდენი რამ ხდება, თუ ნეგატივის ამ ნაკადს არ გამორთავთ, უბრალოდ, წაგლეკავთ; ტოქსიკური გარემო - თუ გარშემო მყოფები, შთაგონების ნაცვლად, მხოლოდ გმობენ თქვენს საქციელს ან გამცირებენ, თქვენი ენერგია იწრიტება და ვიბრაცია მკვეთრად იკლებს; ცხიმიანი და მძიმე საკვები - როდესაც ორგანიზმს უჭირს მიწოდებული ულუფის მონელება, თავს ცუდად გრძნობთ, შესაბამისად, ენერგია და ვიბრაციაც მცირდება; როცა იგინებით, ჩათვალეთ, რომ, ფანჯრიდან ფულს ყრით, რადგან ფული ენერგიაა, უხამსი სიტყვებით კი, მას უაზროდ ფლანგავთ; ალკოჰოლის სმა - მასზე მეტად არაფერი აქვეითებს ვიბრაციებს და აგდებს ენერგიას - თუ რეგულარულად სვამთ, სამწუხაროდ, საკუთარი ხელით ითხრით საფლავს.
- როგორ მოვიქცეთ, რომ ვიბრაცია გაიზარდოს?
- ჩამონათვალი ასეთია: სიხარული - რაიმისგან გამოწვეული გულწრფელი სიხარული ისეთ სტიმულს აძლევს თქვენს ვიბრაციას, რომ ყველაზე გამოუვალი მდგომარეობის გამოსწორებაც კი შეუძლია - მთავარია, ისწავლოთ სიხარული და ყველაფერში, თვით დადებით მოვლენაშიც კი, ნაკლი არ ეძებოთ; განვითარება და პოზიტიური ცვლილებები - როცა ხვდები, რომ შენს ცხოვრებაში ნამდვილად იცვლება რაღაც, თუნდაც წვრილმანი, ვიბრაციაც იზრდება; მოუსმინეთ კლასიკურ მუსიკას - მძიმე ან კლასიკური მუსიკის ქვეშ წყლის გაყინვაც კი, ცვლის მის სტრუქტურას და როცა, ჩვენი ორგანიზმის 80 პროცენტი წყალია, ახდენს თუ არა გავლენას მუსიკა ჩვენს მდგომარეობაზე? - რა თქმა უნდა! ბუნებასთან კომუნიკაცია - მსუბუქი გასეირნება, სირბილი ან მედიტაცია აუზის პირას - ეს ყველაფერი ხელს უწყობს ვიბრაციისა და ენერგიის დონის ამაღლებას; ძლიერი და ენერგიული გარემო - ურთიერთობა ადამიანებთან თქვენზე მაღალი ენერგეტიკული დონით, რაც თქვენც ენერგიულობას გმატებთ; წყალთან კომუნიკაცია - დაწყებული ერთი ჭიქა წყლით, დამთავრებული ნებისმიერი სახის წყალში ცურვით - ეს ჰარმონიულს ხდის თქვენს მდგომარეობას; სიკეთე და პოზიტივი - როცა კი შესაძლებელია, იყავით კეთილი, თუმცა ეს ყოველთვის შესაძლებელია! გაიღიმეთ, იცინეთ და ეს ყველაფერი ავტომატურად ზრდის ენერგიასა და ვიბრაციას!.. და თქვენი მდგომარეობაც უფრო ჰარმონიული ხდება.
ხედავთ, რა მარტივია ყველაფერი და ჭეშმარიტებაც ხომ სიმარტივეშია?! მაგრამ, ხშირად კი ფიქრობთ ამაზე? შეეცადეთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ ხსენებულ დეტალებს, დაიმახსოვრეთ და გაიაზრეთ, რას გრძნობთ იმ მომენტში? რა ემოციებს განიცდით?.. და მაშინ მიხვდებით, რომ ცნობიერების დახმარებით, შეგიძლიათ, მართოთ საკუთარი ცხოვრება, შეცვალო ის უკეთესობისკენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან