ვინ გადაარჩინა სიკვდილისგან ექვთიმე მთაწმინდელი და როგორ აალაპარაკეს ის ქართულად
ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 26.06
(იბეჭდება შემოკლებით)
დიდი ქართველი წმიდანი ეფთვიმე (ექვთიმე) მთაწმინდელი (ათონელი) დაიბადა, დაახლოებით, 955 წელს. მისი მამა, წმიდა იოვანე მთაწმინდელი ერისკაცობაში ერთ–ერთი წარჩინებულთაგანი იყო დავით მესამე კურაპალატის კარზე. როცა ეფთვიმე პატარა იყო, მამამისმა დაუტევა საერო ცხოვრება და ოთხთა ეკლესიაში ბერად აღიკვეცა, მერე კი უცხოეთში, ულუმბოს მთაზე, მონასტერში დამკვიდრდა, ჯორებს უვლიდა და სხვა, ასევე, უპატიო მსახურებას ეწეოდა. პატარა ექვთიმეს დედის მამა და ძმები ზრდიდნენ, შესაძლოა, დედით დაობლებულიც იყო.
ბიზანტიის ბასილევსმა დავით მესამე კურაპალატს „ზემონი ქვეყანანი“ დაუთმო, ანუ კიდევ საკმაოდ დიდი ტერიტორია მიუმატა, რათა თავის სიცოცხლეში მას ჰქონოდა. სანაცვლოდ მძევლები მოსთხოვა ქართველ მეფეს.
მძევალთა შორის მოხვდა ყრმა ექვთიმეც.
მძევლების ამბავი გავრცელდა და წმიდა იოვანეს ყურამდეც მივიდა. იძულებული გახდა თავი გამოეცხადებინა და ულუმბოს მთიდან კონსტანტინოპოლს გაემგზავრა. ბიზანტიის იმპერატორმა უარი ვეღარ უთხრა და მამამ შვილი თან წაიყვანა, მონასტერში, ულუმბოს მთაზე.
ულუმბოზე მათი ყოფნა ცნობილი გახდა და ბევრმა ბერძენმა და ქართველმა მიაშურა ულუმბოს მათ სანახავად. მამა იოანეს კი განმარტოებული ბერული ცხოვრება უნდოდა და ამიტომ თავის ძესთან და რამდენიმე მოწაფესთან ერთად, დაახლოებით, 965 წელს, ულუმბოდან ათონს მიაშურა. იქ ათანასე დიდის ლავრას შეეწყნარა და მზარეულად მსახურობდა ორ წელზე მეტი. ათანასე დიდი დედით ლაზი ყოფილა და დედის თანამემამულე ქართველებისადმი დიდი სიყვარული ჰქონდა.
პატარა ექვთიმეს იმდენი დრო გაეტარებინა ბერძნულენოვან სამყაროში, რომ ქართული კარგად აღარც ახსოვდა. მალე, ავად გახდა, ხმასაც ვეღარ იღებდა. იმდენად ცუდად იყო, რომ მამამ, წმიდა იოვანემ, დაკარგა შვილის გამოჯანმრთელების იმედი. გადაწყვიტა, სიკვდილის წინ ეზიარებინათ მისი ვაჟი და მღვდელს შეატყობინა. თვითონ კი ტაძარში შევიდა, ღვთისმშობლის ხატის წინ დაემხო და ლოცულობდა.
ცოტა ხნის მერე შვილის სამყოფელში რომ მიბრუნდა, კეთილსურნელება შეიგრძნო. შვილი სრულიად გამოჯანმრთელებული დახვდა. როგორც უამბო შვილმა მამას, მასთან გამოცხადებულა ვინმე დიდებული დედოფალი, ქართულად გამოლაპარაკებია და უკითხავს პატარა მორჩილისათვის: „რა გჭირს ეფთვიმე“?
პატარა მორჩილმა უპასუხა:
– „ვკვდები, დედოფალო“...
დედოფალი მიეახლა ყრმას, ხელი მოჰკიდა ხელზე და უთხრა:
– „ნუ გეშინია, ადექი და ქართულად თავისუფლად ილაპარაკე!“
გახარებული წმინდა იოვანე მადლობდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს აღსრულებული სასწაულისა და შვილის გადარჩენის გამო.
იმ დღის შემდეგ ექვთიმე ბრწყინვალედ ფლობდა ქართულს!
წმიდა ექვთიმეს გამოჯანმრთელებისა და დალოცვის ფაქტში შეუძლებელია, კაცმა არ დაინახოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ყურადღება ქართველებისადმი. ყოვლადწმიდა ქართულად ესაუბრა ქართველების მომავალ მნათობს, ახალ ოქროპირს, როგორც უწოდებდნენ მას, დალოცა და ქართული ენის კარგად ფლობა მიმადლა.
წმინდა იოვანე ბერძნულ და ქართულ ღვთისმეტყველებაში წვრთნიდა თავის პატარა მორჩილ ძეს.
მამამაც გაუმხილა თავისი გულისნადები შვილს:
– შვილო, ჩვენს ქვეყანას ძალიან აკლია წიგნები. ვხედავ, რომ ღმერთს მოუმადლებია შენთვის ნიჭი და იღვაწე, რათა გამოასწორო ეს მდგომარეობა!
მართალია, ბევრი რამ გვქონდა სასულიერო ნაწარმოებთაგან თარგმნილი, მაგრამ რედაქტირება სჭირდებოდა. მაგალითად, სახარება ერთიანი რედაქციით უნდა ყოფილიყო გავრცელებული მთელ ქვეყანაში. „შუშანიკის წამებიდან“ ჩვენ ვიცით, რომ უკვე მეხუთე საუკუნეში გვქონდა თარგმნილი სახარება და დავითნი.
გარდა ამისა, საქართველოში საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური ნაწარმოებების სიმცირე იყო და საჭირო იყო მათი თარგმნა. ასევე სხვა წიგნებისა.
საჭირო იყო ქართული ნაწარმოებების თარგმნა ბერძნულ ენაზეც. ასევე ახალი, ორიგინალური ნაწარმოებების შექმნა.
ქართული მთარგმნელობითი სკოლა მუდამ ძლიერი იყო. ქართველებმა კარგად იცოდნენ, რომ თუ გინდა, არ ჩამორჩე, თუ გინდა განვითარდე – უნდა თარგმნო.
წმიდა ეფთვიმემაც ბევრი იზრუნა და ქართული სასულიერო ბიბლიოთეკა, ქართული ეკლესია და ზოგადად, ქართული კულტურა რამდენიმე ათეული ნათარგმნი ნაწარმოებით გაამდიდრა. მან მნიშვნელოვანი კვალი დააჩნია ბიზანტიურ ლიტერატურას. ბერძნულ ენაზე წერდა ორიგინალურ ლიტერატურულ თხზულებებს. მისი სახელით ათონის მთის ერთ ბერძნულ ხელნაწერში შემონახულია რამდენიმე ბერძნული თხზულება: აუარებდითი, ტროპარი, დიდება, აკოლეთია, ღვთისმშობლის იკოსი, კანონები და ლოცვები.
ექვთიმე ათონელმა ქართულიდან ბერძნულად თარგმნა შუა საუკუნეების ქრისტიანული ლიტერატურის ორი ბრწყინვალე ნაწარმოები: „სიბრძნე ბალაჰვარისი“ (ბერძნულად – „ვარლაამი და იოასაფი“) და „აბაკურა“ („მიქაელ საბაწმინდელის მარტვილობა“). საინტერესოა, რომ ბერძნულიდან „ვარლაამი და იოასაფი“ ითარგმნა ლათინურად და გავრცელდა მთელ ევროპაში და ძალიან პოპულარული იყო შუასაუკუნეებში.
წმიდა ექვთიმეს გარდაცვალების შემდგომ გიორგი მთაწმინდელის მიერ დაწერილი „იოანესა და ექვთიმეს ცხოვრება“ უმალ ითარგმნა ბერძნულ ენაზე, ვინაიდან მაშინდელ მსოფლიოში დიდი იყო ინტერესი წმიდა ექვთიმე მთაწმინდელისა და მისი წმიდა მამის მიმართ.
გარდაცვალების მერე, ექვთიმე ათონელი წმიდანად შერაცხა არა მხოლოდ ქართულმა, არამედ ბერძნულმა ეკლესიამაც.
ექვთიმე მთაწმინდელი ქართულ ენაზეც წერდა ორიგინალურ ნაწარმოებებს, შემორჩენილია მისი ერთი ლოცვა...
მაგრამ, განსაკუთრებული ღვაწლი კი მაინც მისი მთარგმნელობითი მოღვაწეობაა. მის მიერ თარგმნილი ლიტერატურა სასულიერო მწერლობის ყველა დარგს მოიცავს. როგორც ვთქვით, ესაა რამდენიმე ათეული ნაწარმოები.
ბიბლიური წიგნებიდან მან ხელახლა თარგმნა სახარება (რომელიც მერე დაარედაქტირა მისი საქმის გამგრძელებელმა გიორგი მთაწმინდელმა. ახლა რომ იკითხება ეკლესიებში), დავითნი, გამოცხადება, ასევე, აპოკრიფები, ეგზეგეზები, ასკეტურ–მისტიკური ლიტერატურა, ჰომილეტიკური ლიტერატურა, ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა, ლიტურგიკული ნაწარმოები, საეკლესიო სამართლის ძეგლები და მრავალი სხვა...
983 წლიდან ქართველებმა ათონის მთაზე დაასრულეს თავისი საკუთარი სავანის – ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის მშენებლობა, რომელიც ათონის ივერთა მონასტრის სახელითაა ცნობილი. 1005 წლიდან, მამის გარდაცვალების შემდგომ, მონასტრის წინამძღვარი გახდა მამა ექვთიმე, მაგრამ 1019 წელს მან უარი თქვა წინამძღვრობაზე, რათა მთელი დრო ლიტერატურული საქმიანობისათვის დაეთმო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





