ისტორია

როგორ მოექცნენ რუის-ურბნისის კრების მიერ გადაყენებულ მღვდელმთავრებს

№20

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00

ისტორია
დაკოპირებულია

დავით აღმაშენებელს და მის უახლოეს გარემოცვას, რომელთა შორის იყვნენ დამსახურებული ბერები (იოანე მეექვსე კათალიკოსი, გიორგი ჭყონდიდელი, მეფის მოძღვარი იოანე, არსენ ბერი და სხვები), კარგად ესმოდათ, რომ ქვეყნის აღმშენებლობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ეკლესიის გაძლიერებას. ამისთვის კი აუცილებელი იყო საეკლესიო კანონების უპირობო დაცვა საეკლესიო ცხოვრებაში. ამიტომ გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ საეკლესიო კრება და ყველა საკითხი გადაეჭრათ დიდი სჯულისკანონის მიხედვით.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიას არასოდეს შეხებია ერესი და არ გადაუხვევია მართლმადიდებლობის გზიდან, არ უღალატია მსოფლიოს საეკლესიო კრებების გადაწყვეტილებებისთვის, ქალკედონის მრწამსისთვის. კრების ერთ-ერთი ორგანიზატორი და იდეოლოგი, ბერი არსენი საგანგებოდ აღნიშნავდა რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერაში – საქართველოს ეკლესია განა გამდგარი იყო მართმადიდებლობისაგან და კრებას ამის გამოსწორება კი არ მოუწია, არ იფიქროთ ეგრე, ქართველებს არასოდეს უღალატიათ მართლმადიდებლობისთვის, მხოლოდ ზოგიერთი სხვა საკითხი იყო მოსაგვარებელი, საქართველო არასოდეს უღალატებს ჭეშმარიტ მრწამსსო. „არათუ უბიწოებასა ქართველთა სარწმუნოებისასა ბიწი რაèმე შეჰხებოდა, ნუ იყოფინ ესე! არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩუენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განმცემელქმნილ ვართ, ვინაèთგან შემეცნებასა შენსა ღირსქმნილ ვართ - მოწამე არს ჭეშმარიტებაè. არამედ სხუათა საეკლესიოთა და სამღდელოთა და საქრისტეანოთა ძიებათათïს“ ჩატარდა კრებაო.

ერთ-ერთი დიდი პრობლემა ის იყო, რომ დიდი ფეოდალები ცდილობდნენ, პირად საკუთრებად მიჩნეულ ტერიტორიებზე, რომლებიც სინამდვილეში მეფის, ანუ სახელმწიფოსი იყო და არა მათი, საკუთარი ინტერესების გამტარი მღვდელმთავრები და სხვა სასულიერო პირები „დაენიშნათ“. ასე მოიქცა, მაგალითად, დიდაზნაური ძაგანი, რომელსაც თავის ძმა, მოდისტოსი ეპისკოპოსად დაუსვამს. მოდისტოსს ხელუყვია საეკლესიო ქონება. ასეთები სხვაც იყო.

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი გვამცნობს: „წმიდანი ეკლესიანი, სახლნი ღმრთისანი, ქუაბ ავაზაკთა ქმნილ იყვნეს, და უღირსთა და უწესოთა მამულობით უფროს ვიდრე ღირსებით დაეპყრნეს უფროსნი საეპისკოპოსონი, ვითარცა ავაზაკთა, და მათნი-ვე მსგავსნი ხუცესნი და ქორეპისკოპოსნი დაედგინნეს, რომელნი ნაცვლად სჯულთა საღმრთოთა უსჯულოებასა აწურთიდეს მათ ქუეშეთა ყოველთა“. ამგვარად, მღვდელმთავართა გამორჩევისა და მართვის წესები დარღვეული იყო ზოგ ეპარქიაში და ზოგ ტაძარში. „და თïთ სახლით უფლისათ და მღდელთაგან გამოვიდოდა ყოველი უსჯულოება და ცოდვა, რომელთა თუალი ღმრთისა ხედვიდა ყოველთა და განრისხებულ იყო“.

ეპისკოპოსების გამორჩევა კათალიკოსისა და ეკლესიის საქმეა. საქმეში ფეოდალების ჩარევა ეკლესიის ავტორიტეტს ასუსტებდა მრევლში, ასუსტებდა თავად ეკლესიასაც, და, რა თქმა უნდა, სამეფოსაც.

დავით აღაშენებლის გუნდში მიიჩნევდნენ, რომ სახელმწიფო და ეკლესია უნდა დაბრუნებოდა წესიერ მმართველობას, მხოლოდ ასე შეიძლებოდა უფლის წყალობის მიღება, გამარჯვებები – მხოლოდ საერო და სასულიერო, წესიერი ხელისუფლებების თანამშრომლობით იყო შესაძლებელი ერის შეკავშირება და მტრებზე გამარჯვება.

ისტორიკოსი წერს: „და რამეთუ არა სწორ არს ცოდვა მღდელისა და მþედრისა, არ-ცა ერისა და მღდელთ-მთავრისა, არ-ცა მწყემსისა და სამწყსოსა, ვითარცა წერილ არს: მონამან რომელმან იცოდის ნება უფლისა თïსისა და არა განემზადოს ნებისაებრ მისისა, იგუემოს ფრიად“.

დავით აღმაშენებლის გუნდის წევრები მიიჩნევდნენ, რომ მხოლოდ სასულიერო კრების ჩატარება უშველიდა ქვეყანას, ეკლესიას, მხოლოდ კრებას შეეძლო ასეთი მღვდემთავრების გადაყენება უმტკივნეულოდ, გართულების გარეშე. ამიტომ, დაახლოებით, 1103 წელს, გასცა ბრძანება დავით მეფემ, მოეწვიათ სრულიად საქართველოს საეკლესიო კრება. „ესე-ვითართა და დიდთა წყლულებათა კურნებად შემოკრბა ერი მრავალი“.

არსენ ბერი წერდა: „შემოკრბა კრება? ღმრთისმოყუარეთა ეპისკოპოსთა, პატიოსანთა მღდელთა და ღირსთა დიაკონთაè, ქრისტეს მოყუარეთა მონაზონთა, დაყუდებულთა და მეუდაბნოეთაè, სანახებთა ქართლისათა მახლობელად ორთა საეპისკოპოსოთა რუისა და ურბნისისა“. კრებას თავმჯდომარეობდა „იოანე წმიდა მთავარეპისკოპოსი კათოლიკოსი და ყოვლისა საქართველოèსა ყოვლად ღირსი მამათმთავარი“. დაწვრილებით იმსჯელეს განსახილველ საკითხებზე. ისტორიკოსი გვიამბობს: „დღეთა მრავალთა ფრიადითა გამოწულილვითა კეთილად გამოიძიეს და ყოველი ცთომა განმართეს, კეთილი და სათნო ღმრთისა წესი ყოველი დაამტკიცეს, უღირსად გამოჩინებულნი განკუეთნეს, და შეაჩუენნეს, გარდამოსთხინეს საყდართაგან, დაღათუ ძნელ-ღა იყო ესე, რამეთუ იყვნეს კაცნი მთავართა და წარჩინებულთა შვილნი, რომელთა უწესოდ დაეპყრნეს საყდრები“.

ძნელი იყო, მაგრამ, საეკლესიო კრებამ მოახერხა უღირსების შეცვლა: „მათ წილ ჭეშმარიტნი მწყემსნი და სათნონი ღმრთისანი დაადგინნეს, და ძეგლი შუენიერი ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა აღწერეს, მიმდგომი და მოწამე წმიდათა ათორმეტთა კრებათა“.

რატომღაც გავრცელებულია აზრი, თითქოს დავით აღმაშენებელი დამნაშავეებს კლავდა, ფიზიკურად სჯიდა, „ქუსლებს აჭრიდა“ და „თვალებს თხრიდა“, რაც მართალი არ არის. პირიქით, ძალიან შემნდობი და მიმტევებელი ადამიანი ყოფილა. მართალია, უღირსი მღვდელმთავრები გადააყენეს, მაგრამ, კრებას ისინი არ შეუჩვენებია და არ დაუწყევლია, ზიარების უფლება დაუტოვა, როგორც ერისკაცებს აზიარებდნენ. ვისაც სურვილი ჰქონდა, მონასტრებში გადაიყვანეს. მათ ნაცვლად ღირსეულები დაადგინეს. არსენ ბერი გვამცნობს: „პირველად ეპისკოპოსნი ვინმე ვერ ღირსებით შემოსრულნი პატივსა მღდელთმთავრობისასა და უღირსნი ქრისტეს პირველისა მის მწყემსთმთავრისანი განვკუეთენით და უცხო ვყვენით მღდელობისაგან... ხოლო არა კრულ ვყვენით და არცა შევაჩუენენით, ნუ იყოფინ! არამედ ლიტონთა ერისკაცთა თანა ზიარებად ფლობილ ვყვენით, უკუეთუ ოდენ ამიერითგან მმარხველ იყვნენ სიწმიდისა. და ნაცვალად მათდა სხუანი დავადგინენით, რომელთა ჰასაკისაგანცა და საქმეთაგან აქუნდა წამებაè და კეთილად განეწუართნეს þორცნი დამორჩილებად სულისა“.

მაშასადამე, დავით აღმაშენებელმა და რუის-ურბნისის კრებაში მონაწილე წმიდა მამებმა, გადაყენებულ სასულიეროებს მისცეს შანსი გამოსწორებისა – გაეგრძელებინათ ცხოვრება ქრისტეს ეკლესიაში, მონასტრებში.

მღვდელმთავრად და სასულიერო პირად ხელდასხმა საჩუქრით ან ქრთამით აიკრძალა. დადგინდა, ეპისკოპოსად კურთხევისთვის ასაკი – 35 წელი, მღვდლობისთვის – 30 წელი, დიაკვნობისთვის – 25, წიგნისმკითხველობისთვის – 8 წელი.

კრებაზე კიდევ ბევრ საკითხზე გამოიტანეს გადაწყვეტილება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი