რა შედეგები ჰქონდა მილანის ედიქტს და წმიდა ნინოს ქართლში მობრძანებას
ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 12.06
(იბეჭდება შემოკლებით)
ხალხების, ერების განსახლება და ერთა და სახელმწიფოებს შორის არსებული საზღვრები გარკვეულ ლოგიკას ექვემდებარება.
ჩვენი წელთაღრიცხვის 260 წელს სპარსელებმა დაამარცხეს რომაელები და ჩვენს რეგიონში გაბატონდნენ. სომხური სახელმწიფოს სპარსული წარმოშობის დინასტიის წარმომადგენელი – მეფე ტირიდატი (თრდატი) რომში გაიქცა. თრდატი გოლიათური აღნაგობის ყოფილა.
ქართლი სამეფო ტახტი შეინარჩუნა, მაგრამ სპარსეთის ჰეგემონიას აღიარებდა და იძულებული იყო მისი მოკავშირე ყოფილიყო.
284 წელს რომის იმპერატორი გახდა დიოკლიტიანე, რომელიც ნიჭიერ ადამიანად მიიჩნეოდა, მაგრამ შემდეგში მთავარი ვერ დაინახა – ქრისტიანობის ჭეშმარიტება და წმიდა გიორგი და სხვები აწამა ქრისტიანობის აღსარებისთვის. დიოკლიტიანემ თანაიმპერატორად მაქსიმიანე დაისვა. ორივე ავგუსტუსის ტიტულს ატარებდა. დიოკლიტიანემ მოადგილე კეისრად გალერიუსი გამოაცხადა, მაქსიმიანემ კი – კონსტანციუს ქლორუსი. ამას ერქვა „ტეტრარქია”, ანუ ოთხთა მმართველობა.
რომის იმპერიას ველური გერმანული ტომები შეესივნენ. ბრძოლის ველზე გუთების მეფემ რომაელთა ერთ-ერთ კეისარს ერთი ერთზე შერკინება მოსთხოვა. კეისარმა თავისი ჯაჭვ-საჭურველი სომეხთა მეფის გოლიათ ძეს, თრდატს ჩააცვა და თავის მაგივრად გაუშვა გერმანელთა ბელადთან საბრძოლველად. თრდატმა დაამარცხა გუთი და შეიპყრო. გერმანელები გაიქცნენ.
სამაგიეროდ, კეისარმა ჯარი მისცა თრდატს და სომხეთში გამოაგზავნა. თრდატმა ისარგებლა სპარსეთში ტახტისთვის ატეხილი ომით და სომხეთის ტახტი დაიბრუნა, თუმცა დროებით. შემდგომ, მას კვლავ მოუწია რომში გაქცევა.
იმ დროს კაბადოკიაში ცხოვრობდა წარჩინებული სარდალი ზაბულონი, წმიდა გიორგის მეგობარი და ნათესავი, რომელსაც მრავალი დამსახურება ჰქონდა მაქსიმიანეს წინაშე. ზაბულონმა კაბადოკიაში იქორწინა იერუსალიმის მომავალი მწყემსმთავრის, იუბენალის დაზე, სოსანაზე. მათ შეეძინათ ასული – ნინო.
298 წელს გალერიუსმა დაამარცხა სპარსეთი. ნისიბინის ზავით, იბერია, სომხეთი და მესოპოტამია რომაელთა გავლენის ქვეშ აღმოჩნდა. თრდატმა ტახტი დაიბრუნა.
კონსტანტინე იმპერატორმაც დაამარცხა სპარსელები და მათი მოკავშირე მირიან მესამე, იბერიის (ქართლის) მეფე. მირიანმა მას თავისი ძე, ბაქარი, მისცა მძევლად. ქართლის მეფის გადასაბირებლად რომაელებმა დიდძალი საჩუქრები გაიღეს.
მირიანი და თრდატი დიდხანს მტრობდნენ ერთმანეთს. ხან მირიანი აოხრებდა სომხეთს, ხან თრდატი ესხმოდა თავს ქართლს. ბოლოს კონსტანტინე კეისრის ჩარევით დაზავდნენ და დამოყვრდნენ. მირიან მეფის ძე, რევი, დააქორწინეს თრდატის ასულ სალომეზე. საზღვარიც კონსტანტინემ განუჩინა მათ. ის ტერიტორიები, რომელზეც მდინარეები მიემართებიან სამხრეთით და შეერთვიან არაქსს, არმენიის საკუთრებად გამოცხადდა, ხოლო ის მიწა-წყალი, რომლის მდინარეებიც ჩრდილოეთით მიედინება და მტკვარს შეერთვის ქართლად იქნა აღიარებული. ეს იმ დროისთვის ეთნიკურად სამართლიანი და გეოსტრატეგიულად გამართლებული იყო. ამის შემდგომ ქართლსა და სომხეთს ბამბაკის მთები ყოფდა. სამწუხაროდ, დღეს ასე აღარაა.
ნინოს მშობლები ზაბულონი და სოსანა მონასტერში შედგნენ. პატარა ნინოზე მისი ბიძა ზრუნავდა. ნინო ბავშვობიდან გამოირჩეოდა ღვთისმოშიშობით, გლახაკთა მოწყალებითა და სათნოებით. განსაკუთრებით აინტერესებდა ქრისტეს ცხოვრების დეტალები. ერთხელ სარა ნიაფორმა, დვინელმა სომეხმა, რომელსაც წმიდა ნინო უვლიდა, უამბო ქრისტეს ჯვარცმისა და აღდგომის შესახებ. წმიდა ნინო ძალიან დაინტერესდა ქრისტეს ჯვრით, კვართითა და სუდარით, რომელშიც იესო ქრისტე ჯვრიდან გარდამოხსნის შემდეგ გაახვიეს. სომეხმა სარა ნიაფორმა უთხრა მას, რომ ქრისტეს კვართი იყო მცხეთაში, ქრისტეს სუდარა ქრისტეანედქმნილმა პილატეს ცოლმა წაიღო პონტოში ლუკა მახარებელთან. ახლა ის დაკარგულია (ქრისტეს სუდარა ახლა ნაპოვნია, ის ტურინის სუდარის სახელითაა ცნობილი. მასზე სასწაულებრივად ქრისტეს გამოსახულებაა აღბეჭდილი). ჯვარი იერუსალიმშია დამარხული, ოღონდ სად, მხოლოდ ღმერთმა იცისო.
გავიდა დრო, წმიდა ნინო წამოიზარდა. ერთხელ სიონის მთის ვენახებთან წმიდა ნინოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, წასულიყო ჩრდილოეთის ქვეყანაში – მცხეთაში სახარების საქადაგებლად. დედაღვთისამ გადასცა წმიდა ნინოს ვაზის რტოსგან გაკეთებული ჯვარი და უთხრა: ეს იქნება შენი მცველი და ამით დაამარცხებ შენს მოწინააღმდეგეებს. წარმატებული იქნება ქადაგება შენი, მე შენთან ვიქნები და არ მიგატოვებო.
წმიდა ნინომ ყოველივე უამბო ბიძამისს. პატრიარქმა დალოცა დისშვილი და ეფესოელ ქალს გააყოლა. ეფესოში წმიდა ნინომ გაიცნო მთავრების შთამომავალი ქალი – რიფსიმე, რომელიც ქრისტეს სჯულს აზიარა. რიფსიმესთან ერთად მოინათლნენ მისი მსახური ქალები. იმ დროს, ქრისტიანთა უფლებები დაცული არ იყო. არაერთი ადგილობრივი მმართველი ძალადობდა მათზე. ამიტომ, რიფსიმე, გაიანე, წმიდა ნინო და სხვა გაქრისტიანებული ქალები გაიპარნენ ეფესოდან. რამდენიმე ხნის შემდეგ ისინი თრდატ მეფის სამეფოს, სომხეთს მიადგნენ. წარმართმა თრდატმა აწამა გაიანე, მხლებლები და თავად რიფსიმეც. ყველა სიხარულით შეხვდა ქრისტესთვის წამებასა და სიკვდილს. როგორც ამბობენ, ღმერთმა არ აპატია თრდატს მის წინააღმდეგ გალაშქრება და გარეგნულად გარეულ ღორს დაამსგავსა (რაღაც დაავადება შეეყარა, რომელიც ასივებდა ადამიანის სახეს და ღორს ამსგავსებდა). შემდეგში თრდატმა მოინანია და ქრისტიანობა აღიარა, ამის მერე ის განკურნებულა დაავადებისგან.
ჩვენი მომავალი განმანათლებელი სასწაულებრივად გადაურჩა თრდატის მიერ დატყვევებას. მას, თურმე, ხმა შემოესმა ზეციდან, რომელმაც ჩრდილოეთით, მცხეთისკენ წასვლა უბრძანა. მრავალი გაჭირვების მერე წმიდა ნინო მოადგა იბერიის დედაქალაქ მცხეთას.
ეს ამბები, რიფსიმესა და ქალების წამება, უნდა მომხდარიყო 313 წლამდე, ხოლო თრდატის გაქრისტიანება კი 313 წლის მერე. კონსტანტინე იმპერატორმა 313 წელს გამოსცა მილანის ედიქტი, რითაც დასრულდა ქრისტიანთა დევნა რომის იმპერიაში, რომის იმპერიის გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნებში და ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა. მალე კონსტანტინესა და მისი დედის, წმიდა ელენე დედოფლის მეცადინეობით, იერუსალიმში იპოვეს ქრისტეს ჯვარი.
ქართლში წმიდა ნინოს მოღვაწეობამაც დიდი შედეგი გამოიღო და ქრისტიანულად მოინათლნენ ქართლის მეფე და დედოფალი, წმიდა მირიანი და წმიდა ნანა. ქრისტიანობა იბერიაში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





