ისტორია

რა მოტივებით მიითვისა კათალიკოსმა მიქელ მირიანისძემ მწიგნობართუხუცესობა და ჭყონდიდელობა

№21

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00

ისტორია
დაკოპირებულია

დაახლოებით, 1177-1178 წლებში პატრიარქი ნიკოლოზ პირველი გულაბერისძე გადადგა და იერუსალიმს გაემგზავრა. მეფე გიორგი მესამის სურვილით, კათალიკოსი გახდა მიქელ მეოთხე (მიქაელ) მირიანისძე.

იმავე წელს გიორგი მეფემ თანამოსაყდრედ აკურთხებინა თავისი ასული, თამარი.

ექვს წელიწადში გარდაიცვალა გიორგი მეფე და სახელმწიფოს მეთაური გახდა ქალი. მეფე გიორგიმ ვერ მოასწრო, გაეთხოვებინა თამარი, დაეყენებინა მის გვერდით ვინმე, ვინც მხარში ამოუდგებოდა და დაეხმარებოდა. ეტყობა, მოულოდნელად გარდაიცვალა.

საერო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობა, მწიგნობართუხუცესის სახელო ეკავა ანტონ გლონისთავისძეს, ჭყონდიდის ეპისკოპოსს. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი, სავაზიროს (მთავრობის) ხელმძღვანელი, უძღვებოდა სავაზიროს სხდომებს, მეფესთან ერთად განიხილავდა ომისა და მშვიდობის საკითხებს. ხელმძღვანელობდა უფლისწულის აღზრდასაც, მის ხელში იყო უმაღლესი სასამართლო უწყება „სააჯო კარი“.

მამასთან თანამეფობის პერიოდში დიდი გამოცდილება დაუგროვდა თამარს, ნიჭიერიც იყო, მაგრამ, თავიდან ამხელა სახელწიფოს მარტო მართვა ახალგაზრდა ქალისათვის მაინც ძნელი იქნებოდა. ზოგიერთი მისი სქესის გამო სერიოზულად არ აღიქვამდა და მიიჩნევდა, რომ ქალს, თანაც ახალგაზრდას, არ შეეძლო სახელმწიფოს მეთაურობა. ზოგი ცდილობდა, თამარის ახალგაზრდობით ესარგებლა და საკუთარი გავლენა გაეძლიერებინა. ასეთი მიზეზების გამო არაერთი სირთულის გადატანა მოუწია მეფობის პირველ წლებში...

მეფის ახალგაზრდობისა და სქესის გამო სახელმწიფოში იყო კრიზისი. ჯერ არ ჰქონდა დალაგებული სახელწიფო თამარს, ჯერ კიდევ არ იცნობდნენ მას კარგად.

თამარის გამეფების პირველსავე წელს მიქელ მირიანისძემ ჩამოართვა მწიგნობართუხუცესობა და ჭყონდიდელობა ანტონ გლონისთავისძეს და თვითონ ჩაიბარა, როგორც წერს, თამარის ერთ-ერთი მემატიანე, ბასილი ეზოსმოძღვარი – „მოძმაცვით“, ვითომ მეფეს უნდოდა ასე, სინამდვილეში ასე არ იყოო. მიქაელ კათალიკოსს ხელში აუღია სამთავისისა და აწყურის ეპარქიების მართვაც.

არის მოსაზრება, რომ მიქელ მირიანისძემ ჯერ იმით მიაღწია კათალიკოსობას, კათალიკოს ნიკოლოზ პირველ გულაბერისძის გადადგომის შემდეგ, გიორგი მესამეს რომ დასთანხმდა, ქალი გამოეცხადებინა თანამეფედ. მაგრამ, გიორგი მეფის გარდაცვალების შემდეგ, ქალის ტახტზე ასვლის გამო კრიზისი მაინც დაიწყო. კათალიკოსმა კი მხარი დაუჭირა თამარს, დაარწმუნა დიდებულები, შეუთანხმდა მათ და მეორედ აკურთხეს მეფედ თამარი. სამაგიეროდ, სავაზიროს (მთავრობის) ხელმძღვანელობა, ანუ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელობა მოითხოვა მიქელ მირიანისძემ და მიიღო კიდეც.

რატომ უნდა გაეკეთებინა ეს კათალიკოს მიქელს? ნუთუ ამბიციები აწუხებდა და მხოლოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდება უნდოდა?

ჩვენი აზრით, შესაძლოა, კათალიკოსი მიქაელ მირიანისძე, მიიჩნევდა, რომ სახელმწიფოსთვის ასე უფრო უკეთესი იქნებოდა, რომ მისი ავტორიტეტი სჭირდებოდა სავაზიროს, მით უმეტეს, ქალის, თან ძალიან ახალგაზრდის, მეფობის პირობებში. მაშინ წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ ქალის მეფობა. ანტონი გლონისთავისძე, გადაყენებული მწიგნობართუხუცესი, ეპისკოპოსი იყო და საეკლესიო იერარქიაში კათალიკოსს ემორჩილებოდა. ანტონი თავმდაბალი და საეკლესიო კანონების მიხედვით, კათალიკოსის მორჩილი პიროვნება გახლდათ. შესაძლოა, ამიტომ დაუთმო პატრიარქს. თუმცა, ქვეყნისთვის უფრო ეფექტური იქნებოდა, მთავრობის მეთაური ყოფილიყო ეპისკოპოსი, ეკლესიის წარმომადგენელი და არა ეკლესიის პირველი პირი, კათალიკოსი, რადგან, ამგვარად კათალიკოსის ხელში კონცენტრირდა დიდი საერო ხელისუფლებაც, რაც საერო და სასულიერო ხელისუფლების დანაწილებისთვის არასასურველი და მეფისთვის მიუღებელი იყო. ამით მეფის ძალაუფლება სუსტდებოდა, კათალიკოსისა კი ძალიან ძლიერდებოდა. საქმისათვის სჯობდა, კათალიკოსი, ეკლესიის მეთაური, თავისუფალი ყოფილიყო საერო, სახელმწიფო საქმიანობისგან. კათალიკოსმა გადააჭარბა. თუმცა, ეს მაშინ არ იცოდა ბევრმა, არ ეგონათ, თამარ მეფე რომ ძალიან ნიჭიერი მმართველი იქნებოდა.

თამარ მეფეს, სრულიად ბუნებრივია, სურდა, ხელში აეღო ძალაუფლება. მას ვალდებულება ჰქონდა ღვთისგან, ასე მიიჩნეოდა იმ დროს, პირადად ემართა ქვეყანა. თამარი შეეცადა, მიქაელი კათალიკოსობიდან გადაეყენებინა, რაც თავისთავად გამოათავისუფლებდა მწიგნობართუხუცესის თანამდებობას და კათალოკოსის გავლენებს სამეფო კარზე შეასუსტებდა. ამ მიზნით პალესტინიდან ჩამოიყვანა ყოფილი პატრიარქი ნიკოლოზ გულაბერისძე.

დაინიშნა საეკლესიო კრება, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ნიკოლოზ გულაბერისძე და ანტონ ქუთათელი, საღირისძეთა უძლიერესი საგვარეულოს წარმომადგენელი – „დიდად განთქმული სათნოებათა შინა და ძლიერი საქმით და სიტყვით“. კრებაში მონაწილეობდნენ ეპისკოპოსები, ბერები და მონაზვნები, მეუდაბნოენი, საღვთო სჯულის მეცნიერნი.

ყოველ მათგანს დიდი პატივისცემით შეეგება თამარი, მოიკითხა, დასვა განკუთვნილ ადგილას. თვითონაც მათ შორის დაჯდა, არა სამეფოდ გამორჩეულ ადგილზე, და ბრძნული სიტყვით მიმართა. კრების მონაწილენი მადლობდნენ ღმერთს, რომ ასეთი ბრძენი იყო მათი ახალგაზრდა ხელმწიფე.

კრების წინამძღოლებმა, ნიკოლოზ გულაბერისძემ და ანტონ საღირისძემ, და წმინდა ადამიანთა კრებულმა არ ინებეს კრებას დასწრებოდა ქართლის კათალიკოსი, რომელმაც, ბასილი ეზოსმოძღვრის თქმით, ეკლესიაში დადგენილი წესები დაარღვია და რომელსაც „მოევერაგებინა“ ჭყონდიდელ-მაწყვერელობა და მწიგნობართუხუცესობა. მაგრამ, ვერ მოახერხეს პატრიარქის გადაყენება.

როგორც ჩანს, სამღვდელოების დიდი ნაწილი არ უჭერდა მხარს მკვეთრ ნაბიჯს – კათალიკოსის გადაყენებას. კათალიკოსს თავისი მომხრეებიც ეყოლებოდა. ალბათ, დამსახურებებიც ჰქონდა, სხვაგვარად როგორ გახდებოდა მღვდელმთავარი, მერე კი მწყემსმთავარი. თამარი ახალი გამეფებული იყო და ვერ მოესწრო, გამოევლინა თავისი კეთილშობილური თვისებები, სიბრძნე, მართვის უნარი. ჯერ არ შეჰყვარებოდა ის ქართველებს უდიდესი სიყვარულით.

რამდენიმე წელში გარდაიცვალა მიქაელ მირიანისძე. ბასილი ეზოსმოძღვრის სიტყვით: არავინ იგლოვა, რადგან არავის უყვარდა. მოკვდა ამირსპასალარი გამრეკელი და ყველამ იგლოვაო მისი გარდაცვალება.

იმ მოვლენებზე დეტალური ცნობები არ გვაქვს, ამიტომ კათალიკოსის მთლად უარყოფით ადამიანად წარმოდგენა არ იქნებოდა გამართლებული. შესაძლოა, მემატიანესა (ანუ მეფეს) და კათალიკოსს, სხვადასხვა პოლიტიკურ დაჯგუფებებს, სხვადასხვა პოლიტიკური სიმპათიები ჰქონდათ და განსხვავებულად წარმოიდგენდნენ სახელმწიფოებრივი კრიზისიდან გამოსვლის გზებს. თამარის მეორე ისტორიკოსი, „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ ავტორი ამ ვითარებაზე არაფერს გვეუბნება. მართალია, ბასილი ეზოსმოძღვარი სანდო მემატიანეა, მაგრამ, საქმის ვითარება ბოლომდე მაინც გაურკვეველია. კათალიკოსი ძალიან უარყოფითი პიროვნება რომ ყოფილიყო, წმინდა მამათა კრება გადააყენებდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი