როგორი მობურთალები იყვნენ მეფე დავით სოსლან-ბაგრატიონი და მისი სარდალ-დიდებულები
ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 08.05
(იბეჭდება შემოკლებით)
„თამარის ცხოვრების“ შევსებული რედაქცია, რომელიც დადგინდა ვახტანგ მეექვსის მიერ შექმნილი „სწავლულ კაცთა“ ანუ მეცნიერთა მიერ და რომელიც შემუშავდა თამარ მეფის ორივე ისტორიკოსისა და შესაბამისად, ეგრეთ წოდებული, „სამი მეფის მატიანისა“, დავით სოსლანის წარმომავლობის შესახებ გვამცნობს:
,,იყო სახლსა შინა დედოფლისა (თამარის მამიდის) რუსუდანისასა მოყმე ეფრემის ძეთაგანი, რომელ არიან ოვსნი, კაცნი მძლენი და ძლიერნი ბრძოლასა შინა. ესე დედოფალსა რუსუდანს ვინათგან თïს ეყვოდა მამის დისა მისისა დავითის ასულისა ოვსეთს გათხოვილობის მიზეზითა და გუარადცა ბაგრატოანი, რამეთუ დიმიტრი, ძე გიორგი მეფისა, რომელი დაშთა ოვსთა მეფისა ქალისაგან, მის დიმიტრის მეექუსე ნათესავი იყო, ძეთაგან მისთა და რუსუდან უშვილო იყო, მოეყვანა საზრდელად სახლსა შინა მისსა’’.
სწავლულ კაცთა ამ დადგენილი ვითარების მიხედვით, დავით სოსლანი იყო ოსეთიდან, სამეფო ოჯახიდან, თუმცა, წარმოშობით იყო ჩვენი გიორგი პირველისა და მისი მეორე, ოსი ცოლის ვაჟის – დიმიტრის მეექვსე შთამომავალი და გვარად იყო ბაგრატიონი.
იმ დროს საქართველოს სამეფო კარზე იმყოფებოდა არაერთი უცხოელი უფლისწული, ზოგი – ვასალური ქვეყნიდან, ზოგი – მეგობრული სამთავროდან. ამგვარად, დავით სოსლანის მეექვსე წინაპარი მამრობითი ხაზით იყო საქართველოს მეფე გიორგი პირველის ვაჟი, დემეტრე.
მეფე თამარი დავით სოსლანი ბაგრატიონისთვის იყო შვიდი მუხლით (წინაპრით) დაშორებული მოგვარე. ასეთ ვითარებაში მართლმადიდებელი ეკლესია ქორწინების ნებას რთავს.
თამარ მეფემდე არსებული ბაგრატიონების საფლავები, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის, რომ დავადგინოთ მანამდელი ბაგრატიონების დნმ. დავით სოსლანის მამრობით შთამომავალთა დნმ, ანუ დავით სოსლანის დნმ ცნობილია – Q1b2b1b2b2 - Y81205.
მეთხუთმეტე საუკუნის მეორე ნახევარში ერთიანი საქართველო დაიშალა და დინასტიაც რემდენიმე შტოდ გაიყო. ლოგიკით, აღნიშნულ შტოებს ერთნაირი დნმ უნდა ჰქონოდათ. დნმ-თა კვლევამ გვაჩვენა, რომ ასეა. დავით სოსლანის დნმ-ც ასე დადგინდა და გაირკვა, რომ ჩვენს თანამედროვე მუხრანელ ბაგრატიონებს, ბაგრატიონ-გრუზინსკებს (კახეთის შტოს) და ბაგრატიონ-დავითიშვილებს ერთნაირი დნმ აქვთ. ეს სავსებით საკმარისია თანამედროვე ბაგრატიონების თამარ მეფისგან, დავით სოსლანისგან, დიმიტრი თავდადებულისგან, გიორგი ბრწყინვალისგან ჩამომავლობის დასამტკიცებლად. ჩვენი ინფორმაციით, ამას ამყარებს ქართლის ორი მეფის ნეშტის დნმ-ის კვლევაც, რომელთა დნმ-ც ემთხვევა აღნიშნულს.
დავით სოსლანის ქართული წარმოშობის შესახებ კიდევ არაერთი სამეცნიერო ნაშრომი არსებობს. ჩვენც გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი, რომელსაც სხვა დროს გავაცნობთ მკითხველს.
ოსეთში მსგავსი დნმ არ არის. არც სომხეთში და არც ებრაელთა შორის. მეტიც, ნათესავები ბაგრატიონების დნმ-სა, ფაქტობრივად, არ ჩანს.
თუმცა, რომც ყოფილიყო არაქართული წარმოშობისა დავით სოსლანი, მისი შთამომავლობა მაინც გაქართველებული იქნებოდა, ვინაიდან, საქართველოს შვილები იყვნენ, მეფეები და ქართველი ხალხისთვისა და ქრისტიანობისთვის თავდადებულნი.
დავით სოსლანი შესანიშნავი სარდალი იყო და თავმდაბალი ადამიანი (ამაზე სხვა დროს), ის ყოფილა კარგი მობურთალიც.
ერთხელ ტფილისში თამარ მეფეთა მეფეს და მის მეუღლეს, დავით მეფეს, სტუმრები ეწვივნენ. იმ დროს ადარბადაგანის გასულთნებული ათაბაგი ყიზილ-არსლანი გარდაცვალებული იყო უძეოდ. მემკვიდრეობით მისი სამფლობელო ერგოთ მისი ძმის, ფეჰლევანდის („ფალავანდის“) შვილებს. უფროსმა ხუტლუინანჩიმ საკუთრებად მიიღო ტერიტორია ერაყიდან ხორასნამდე; აბუბექრმა („ამირ-ბუბაქარმა“) ადარბადაგანი სომხეთამდე; ამირ-მირმანმა – არანი კასპიის ზღვიდან გელაქუნის (სევანის) ზღვამდე. ძმებს შორის პირველობისთვის ომი გაჩაღდა. აბუბექრმა უფროსი ძმა, ხუტლუინანჩი დაამარცხა, გააქცია და თვითონ დაჯდა ათაბაგად. ამირ-მირმანი კი საქართველოს ვასალის, შარვან-შაჰის სიძე გახდა. აბუბექრი სიძე-სიმამარს „ბელაყნის კარს“ (არაქსისა და მტკვრის შესართავთან არსებულ ქალაქ ბაილაქანთან) დაესხა თავს და გააქცია. შირვანშაჰს სტიქიური უბედურებაც დაატყდა თავს. მიწისძვრამ დაანგრია შირვანის დედაქალაქი შამახია. შარვანშას ცოლი და შვილები დაიღუპნენ.
გაუბედურებულ შირვანშაჰს, აღსართანს (ახსითან პირველი), როგორც ქვეყნაზე პასუხისმგებელს, აბუბექრისგან ქვეყნის აოხრების საშიშროება მაინც ადარდებდა. მან წერილი მოსწერა თავის სუზერენებს – მეფეთა მეფე თამარს და მეფე დავითს და შველა სთხოვა.
საქართველო ვალდებული იყო დახმარებოდა ყმადნაფიცს.
თამარ მეფემ ბრძანება გასცა ლაშქრის შეკრებისა. ოქროჭედილ ტახტზე დასხდნენ თამარი, დავითი და ძე მათი გიორგი-ლაშა.
ტფილისში დიდის პატივით მიიღეს აღსართანი, ამირ-მირმანი და მათი თანმხლებნი. მერე გამოვიდნენ ტფილისიდან აღლუმზე და მეფესა და დიდებულებს მიეგებნენ საქართველოს სამსახურში მყოფი, დაქირავებული ოსები და ყივჩაღები. მაშინ ყივჩაღთა მეფის, სევინჯის ძმა – სავალათი, საქართველოს სამხედრო სამსახურში იყო. საქართველო ქირაობდა ხოლმე ყივჩაღებს, ოსებს და სხვებს „როქის სპად“. სტუმრებს მიეგება ქართული ჯარიც – მესხნი და თორელნი, შავშ-კლარჯ-ტაოელნი, აფხაზები, სვანები, მეგრელები, გურულები, რაჭველები, თაკვერელნი და მარგველნი, იქვე იყვნენ სომეხთა რაზმებიც.
სტუმრებისთვის პურობა გაიმართა, შემდეგ – ნადიმი. თამარ მეფის ნატიფმა, დახვეწილმა ქცევამ და სილამაზემ, ქართული სამხედრო ძალის დემონსტრირებამ აღაფრთოვანა დახმარების სათხოვნელად მოსულნი და გამარჯვების იმედი მისცა.
სტუმრების პატივსაცემად მთელი კვირის განმავლობაში ნადირობდნენ, პოეტები გამოთქვამდნენ ლექსებს, მუშაითები უკრავდნენ და მღეროდნენ.
გამართულა ბურთაობაც, მაშინდელი თამაში.
ამირ-მირმანი და მისი ამალა საუკეთესო მობურთალებად მიიჩნეოდნენ, ყველასთვის მოუგიათ ასპარეზობაში – „ადარბადაგანსა და ერანს ამათებრნი მობურთალნი არ დარჩომილან“.
დავით მეფემ თავისი გუნდი გამოიყვანა სტუმრებთან სათამაშოდ:
„უბრძანა მეფემან ამირსპასალარსა მისსა ზაქარიას და მსახურთ-უხუცესსა ივანეს, ჰერეთისა ერისთავსა გრიგოლს და სხუათა მოყმეთა და ჩავიდეს მოედანს და მუნით ჩამოვიდა ამირ-მირმან მისითა დიდებულითა და მონითა“.
თამარიც დასწრებია თამაშს. სტუმრები ძალიან თავდაჯერებული ყოფილან, მაგრამ „ისლიმნი (მაჰმადიანები), დაჯერებულნი მეცნიერობისანი და მძლე-მბრძოლნი, მსწრაფლ იძლივნეს დავით მეფისა და მისთა მოყმეთაგან და შეიქცეს ძლეულნი და მჭმუნვებელნი“ (დამწუხრებულნი).
ასე დაამარცხეს დავით მეფემ და მისმა გუნდმა სტუმრების დაუმარცხებელი გუნდი.
საქართველოს სამეფო კარი ამასობაში საომრად ემზადებოდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





