ისტორია

როგორი იყო მეფე ერეკლე მეორის შვილის, ალექსანდრე ბატონიშვილის ცხოვრება და რისთვის იბრძოდა ის

№16

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00

ისტორია
დაკოპირებულია

ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორის შვილი – ალექსანდრე ბატონიშვილი, 1770 წელს დაიბადა. ის თავისი დროის ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკური მოღვაწე იყო. 17-18 წლის უკვე მონაწილეობდა ქვეყნის მართვა-გამგეობაში, ხელმძღვანელობდა აღა–მაჰმად–ხანის შემოსევის დროს დანგრეული თბილისის აღდგენას. საუფლისწულო ქვემო ქართლში ჰქონდა. ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ ებრძოდა გიორგი მეთორმეტეს, სურდა იულონ ბატონიშვილის გამეფება. როდესაც ქართლ-კახეთი რუსეთს შეუერთდა, ალექსანდრე ბატონიშვილმა დაიწყო ბრძოლა სამეფოს აღსადგენად. მან დახმარება სთხოვა ამიერკავკასიის სახანოებს, შემდეგ კი სპარსეთში წავიდა.

ალექსანდრე ბატონიშვილი მონაწილეობდა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში სპარსეთის შაჰის მიერ მოწყობილ თითქმის ყველა სამხედრო ოპერაციაში, რომელთა მიზანი ირანის გავლენის აღდგენა იყო. ალექსანდრე ბატონიშვილი ცდილობდა, სამშობლოშიც და კავკასიის ხალხებშიც სახალხო აჯანყებები გამოეწვია.

„ერეკლეს ძეს“ ყველგან იცნობდნენ, მათ შორის, კავკასიის მთიელებშიც და მისი ბრძოლის ლეგიტიმურობასაც ყველა აღიარებდა, მაგრამ ყოველთვის არ ეხმაურებოდნენ მის მოწოდებებს. ამის მიზეზი იყო ქართველი ხალხის გადაულახავი და სრულიად სამართლიანი სიძულვილი თავისი ისტორიული მტრებისადმი. ყველას კარგად ახსოვდა უახლოესი წარსულიდან, რას უქადდნენ საქართველოს სპარსელები, თურქები თუ ლეკები.

რუსეთის მთავრობა მთელი კავკასიის დაპყრობას გეგმავდა. ამისთვის მას საქართველოში გადმოსროლილი საკუთარი საჯარისო ნაწილები არ ჰყოფნიდა და მოხერხებულად იყენებდა ქართველების განწყობას აგრესიული მეზობლებისადმი. ამიტომ იყო, რომ რუსეთის ომებში ირან-ოსმალეთთან ქართველები თავს არ ზოგავდნენ.

რუსეთ-ირანის 1804–1813 წლების ომის დროს ალექსანდრე ბაგრატიონი თეიმურაზ ბატონიშვილთან ერთად იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ. წერილებს უგზავნიდა რუსეთის მოხელეებს და ჰპირდებოდა, რომ თუ ქართლ-კახეთის სამეფოს აღადგენდნენ, ბრძოლას შეწყვეტდა.

1812 წელს კახეთში აჯანყებამ იფეთქა და ელვის სისწრაფით მოედო მთელ კახეთს. კავკასიის მეფისნაცვალმა, ფილიპე პაულიჩმა ჯერ დაყვავებით სცადა მათი დამორჩილება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, მთავრობას ხალხში ნდობა სრულიად ჰქონდა დაკარგული. ამის შემდეგ აჯანყებულებზე რეგულარული ჯარი მიუშვეს და სასტიკად დაარბიეს. რასაკვირველია, ამას შემდეგ სასტიკი რეპრესიები მოჰყვა.

1812 წლის შემოდგომაზე, აჯანყებულების მოწვევით, ალექსანდრე ბატონიშვილი 100-კაციანი რაზმით ჩამოვიდა საქართველოში და სათავეში ჩაუდგა ქართველი ხალხის სრულიად კანონიერ ბრძოლას სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის. თიანეთში მდგარ ბატონიშვილს უამრავი ხალხი მიუვიდა ქართლიდან, კახეთიდან, მთის კუთხეებიდან. ალექსანდრე ბაგრატიონმა თავიდანვე ყველასათვის მკაფიო და გასაგები საბრძოლო ამოცანა დასახა: სამხედრო გზის ჩაკეტვა, კახეთის შემომტკიცება და ქართლის აჯანყება. ამას უნდა მოჰყოლოდა ირანიდან დამხმარე ჯარის შემოსვლა. იმ შემთხვევაში თუ რუსეთის მთავრობა დათანხმდებოდა სამეფოს აღდგენას, მაშინ საქმე მშვიდობიანად მოგვარდებოდა.

სამხედრო საქმეში გაწაფულმა ბატონიშვილმა საბრძოლო რაზმები სამ ნაწილად დაყო და თითოეულს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გზის ჩაკეტვა დაავალა, რათა რუსულ ნაწილებს ჩრდილოეთიდან შევსების მიღებისა და გადაადგილების საშუალება არ ჰქონოდათ. კავკასიის იმდროინდელმა მთავარსარდალმა რტიშჩევმა საქართველოში მყოფი მთელი ძალების მობილიზაცია გამოაცხადა, კავკასიის „ლინიიდან“ ბატალიონები დაიბარა და სამარცხვინო განცხადება გამოაქვეყნა – ალექსანდრე ბატონიშვილის მკვლელობაზე 2 ათასი ჩერვონეცი დააწესა.

კახეთის აჯანყების დამარცხების შემდეგ ალექსანდრე ერეკლეს ძე დაღესტანში გაიქცა და 1818 წლამდე იქ დაყო საერთაშორისო მოვლენების ირანის სასიკეთოდ შემოტრიალების მოლოდინში. ამ ხნის განმავლობაში აბას-მირზამ მრავალჯერ მოსთხოვა რუსეთს, დაუბრკოლებლად გაეტარებინათ ალექსანდრე ბაგრატიონი ირანის საზღვარზე. მაგრამ რუსეთის მთავრობა ბატონიშვილის ირანში წასვლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო და მისი გადაბირებაც არაერთხელ სცადა. ალექსანდრე ბატონიშვილმა მოახერხა, რუსი მესაზღვრეების შეუმჩნევლად, ახალციხეში გადასვლა და იქიდან გაემგზავრა ირანში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა.

1820 წლის მაისში ალექსანდრე ბაგრატიონი დაქორწინდა ერევნის მელიქის, სააკ აღამალიანის 14 წლის ასულ მარიამზე. სპარსეთის შაჰის მემკვიდრემ და აზერბაიჯანის ჯანიშინმა აბას-მირზამ ალექსანდრეს რამდენიმე სოფელი აჩუქა სალმატის მაზრაში, რომელთაგან მან საცხოვრებლად აირჩია სოფელი ხოსროვი, სადაც სომხები და ასურელები ცხოვრობდნენ. შეეძინათ ვაჟი – ირაკლი.

ალექსანდრე ბატონიშვილი მონაწილეობდა რუსეთ-სპარსეთის 1826–1828 წლების ომში. ამ ომში რუსეთის გამარჯვების შემდეგ მან, ოჯახთან ერთად, თურქეთის ტერიტორიას შეაფარა თავი, მოგვიანებით კი ცოლ-შვილი ერევანში, სიმამრის ოჯახში გაგზავნა. 1827 წელს ერევანი რუსეთის ხელში აღმოჩნდა. საქართველოს მთავარმართებელ გრიგოლ როზენის მეშვეობით, რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა, დაეყოლიებინა ალექსანდრეს მეუღლე შვილის პეტერბურგში გაგზავნაზე. მიუხედავად დედის წინააღმდეგობისა, 1834 წელს ირაკლი ბატონიშვილი პეტერბურგში გაგზავნეს, სადაც შეიყვანეს პაჟთა კორპუსში და დაუნიშნეს პენსია. მან რუსეთში ყოფნა არ ისურვა და მიხეილ ვორონცოვისაგან თბილისში დაბრუნების ნებართვა მიიღო. მისი ინიციატივით, საქართველოში მთაწმინდასა და ავლაბარში ორი ქართული სკოლა გაიხსნა, მას ეკუთვნოდა თბილისის გოგირდოვანი აბანოების ნაწილი, რომლის შემოსავალსაც, ძირითადად, საქველმოქმედო საქმეებს ახმარდა. 1860-იანი წლების დასასრულს სამკურნალოდ გაემგზავრა საფრანგეთში, სადაც გაიცნო ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილი, თამარ დავითის ასული ჭავჭავაძე და მასზე დაქორწინდა.

გამოყენებული მასალების წყარო: საქართველო: ენციკლოპედია; ვიკიპედია; qim.ge/; georoyal.ge; ორჯონიკიძე ეთერ. ალექსანდრე ბატონიშვილის ბრძოლა რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ; სუხიტაშვილი ვახტანგ. ალექსანდრე ბატონიშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა; ბერძენიშვილი მაქსიმე. ალექსანდრე ბატონიშვილი (1771-1844) // მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის / მაქსიმე ბერძენიშვილი; nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი