ისტორია

რატომ ვერ იტანდა დავით მერვე მონღოლებს განსაკუთრებით და რამდენჯერ გაათხოვეს ყაენის და ქართველ მეფეებზე

№23

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 19.06

ისტორია
დაკოპირებულია

მეცამეტე საუკუნის ბოლო განსაკუთრებით რთული იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ქვეყანა ორ სამეფოდ იყო გაყოფილი. სამცხე აღარ ემორჩილებოდა არც ტფილისის, ანუ აღმოსავლეთ საქართველოს მეფეს, არც ქუთათისის, ანუ, დასავლეთ საქართველოს ხელმწიფეს. ჯაყელები აღარ ემორჩილებოდნენ ბაგრატიონებს, პირდაპირ საილხანოს დაქვემდებარებაში იყვნენ. დასავლეთში მეფობდა რუსუდანიდი ბაგრატიონი კონსტანტინე პირველი, დავით ნარინის ძე, აღმოსავლეთში დავით მერვე. სამცხეს განაგებდა დავით მერვის უმცროსი ნახევარძმის, გიორგის, დედის, ნათელას მამა – ბექა ჯაყელი.

დიმიტრი თავდადებულის მემკვიდრე, დავით მერვე განსაკუთრებით ვერ იტანდა მონღოლებს, ძალიან სძულდა ირანში და ჩვენს რეგიონში გაბატონებული მონღოლი ჰულაგუიდების დინასტია, ვინაიდან, ბავშვობაში შეესწრო მამამისის მკვლელობას მონღოლთაგან, შურის საძიებლად სცადა სამხედრო კავშირი დაემყარებინა ჰულაგუიდების მოწინააღმეგე და ნათესავ მონღოლ ჯუჩიდებთან, ოქროს ურდოს ყაენ თოხთასთან.

1299 წელს ჰულაგუიდმა ყაზან ილხანმა დავითის მაგიერ ტფილისის ტახტზე მეფის ძმა, მცირეწლოვანი გიორგი დასვა. დავითი ჩრდილო მთიანეთში იყო გამაგრებული. შემდეგ ყაენმა დავითთან მორიგება გადაწყვიტა, რათა ოქროს ურდოს მოკავშირე არ გამხდარიყო დავით ურჩი და ისევ მიიწვია, თუმცა უშედეგოდ.

დავით მეფემ ეჭვი მიიტანა თავის ძმაზე, ვახტანგ უფლისწულზე და დააპატიმრა. ვახტანგი გაექცა და მეფის ერთგულ დიდებულს, ივანე ბურსელს სთხოვა ძმა-მეფესთან შერიგება. დროებით შეირიგა მეფემ, შემდეგ ისევ მოიძულა.

უფლისწულ ვახტანგს ხიფათი ელოდა მეფისგან და გაემგზავრა ყაზან ყაენთან თავშესაფრის საძიებლად. ურჩ დავით მერვეზე გაბრაზებულმა ყაენმა დიდი პატივით მიიღო ქართველი მეფისწული. გადაწყვიტა, მეფობა მისთვის მიეცა, თუ დავით მეფე არ დაემორჩილებოდა. საკითხი ადგილზე უნდა გადაწყვეტილიყო. გამოგზავნა საქართველოში უფლისწული და მონღოლთა მრავალრიცხოვანი ჯარი, ნოინ ხუტლუ-შაჰის (ხუტლუ-შა, ქუთლუღ-შაჰი, ქუთლუქა) მეთაურობით.

ტფილისში მოილაპარაკეს თათრებმა და ქართველებმა: სამცხის ბატონის ბექას შვილმა, სარგის სპასალარმა, ტაოელებმა, თმოგველებმა, ქვემოქართლელებმა, შანშე მხარგრძელის ხელმძღვანელობით და გადაწყვიტეს, ვახტანგი მეფედ გამოეცხადებინათ.

დავით ურჩმა რომ გაიგო, ვახტანგს მეფედ აცხადებენო, გამოაგზავნა ივანე ბურსელი და მონღოლებს აღუთქვა, ურდოში წავალო. ფიცით ხელუხლებლობის გარანტია და მძევლები მოითხოვა. მონღოლები ფიცს არ ტეხდნენ. ხუტლუ-შაჰმა შეჰფიცა და ყველა თხოვნის შესრულებას შეჰპირდა. ივანე ბურსელი დაბრუნდა მეფესთან და გადასცა ხუტლუ-შაჰის ნათქვამი. დავითს გაუხარდა და გამოაგზავნა დედოფალი ოლჯათი, კათალიკოსი აბრაჰამ პირველი და ივანე ბურსელი. დედოფალი ოლჯათი იყო ყაენ არღუნის და, ყაზან ყაენის მამიდა. თავისი და, ოლჯათი, ადრე, არღუნ ყაენმა ვახტანგ მეორეს, დავით ნარინის ძეს, მიათხოვა და ტფილისში დასვა მეფედ. ყაენს ამით უნდოდა, დასავლეთ საქართველოზეც გაევრცელებინა თავისი გავლენა, რადგან დავით ნარინი არ ემორჩილებოდა მონღოლებს. მალე ვახტანგი გარდაიცვალა. შემდეგ ოლჯათი ცოლად მოაყვანინეს დავით მერვეს.

დავით მერვესთან მოლაპარაკების თანახმად, ოლჯათი გაემგზავრა მონღოლებთან შესახვედრად. ბაზალეთთან დიდი პატივით შეეგებნენ ხუტლუ-შაჰი და სხვა ნოინები ოლჯათ დედოფალს.

ხუტლუ-შაჰმა გადასცა დავით მეფის ელჩებს ფიცის სიმტკიცის სიმბოლოები – ყაენის ბეჭედი, ხელის მანდილი, აღუთქვა ყაენის კეთილგანწყობა და საკუთარი შვილი, სიბუჩი, მძევლად შესთავაზა. დედოფალი ოლჯათი იქვე დატოვეს და მეფესთან კათალიკოსი, ტფილისის ყადი და ივანე ბურსელი გააგზავნეს მოსალაპარაკებლად. დავით მეფემ მოიმიზეზა, რატომ არ გამოუშვით ჩემი მეუღლეო და არ ინება მონღოლებთან მისვლა. გამოაგზავნა კათალიკოსი, ყადი და ივანე ბურსელი, მოითხოვა ოლჯათის დაბრუნება და შეჰპირდა, მოვალო. ზუსტად არ არის ცნობილი, შეიძლება, დავით მეფეს ოლჯათთან ორი ვაჟი ჰყოლოდა.

როცა დავით მეფის ელჩები მივიდნენ ხუტლუ-შაჰთან და გადასცეს მისი პასუხი, ხუტლუ-შაჰმა უთხრა ბურსელს: „კაცო, მოსატყუებელი რა არის. მტკიცე ფიცით შევფიცე და მაინც არ მოვიდა. ახლა პასუხი აგე ტყუილის ნაცვლადო“ და მოკლა ივანე ბურსელი.

დავით მეფე გამაგრდა გველეთის ციხეში. მონღოლები შევიდნენ ხეობაში, სადაც უამრავი მათგანი მოკლეს ქართველებმა, მაგრამ, მაინც ბევრნი იყვნენ მონღოლნი.

მონღოლებმა ვერაფერი დააკლეს გველეთს, ქარიანი ამინდებიც ხელს უშლიდათ, უკან დაიხიეს. გზად თავს დაესხნენ მთიულები და ბევრი მონღოლი გაწყვიტეს. სოფელ ზანდუკთან, ხეობაშიც, მრავალი მონღოლი მოკლეს ჩვენმა წინაპრებმა. გადარჩენილები დაბრუნდნენ ქართლში და წავიდნენ ყაზან ყაენთან: „ხოლო ვითარ იხილეს სიმტკიცე და უბრძოლველობა გუელეთისა, აიყარნეს და წარმოვიდეს რამეთუ ქართაცა მოჰბერეს და იწყო თïთოეულმან მოსლვა, და მოესწრნეს მთიულნი, და მრავალი მოკლეს. ეგრეთვე ზანდუკისâევს შესრულნი მრავალნი თათარნი მოისრნეს. და შთამოვიდეს ქართლს, და წარვიდეს. ყაზანს წინაშე, და მიჰგუარეს ოლჯათ, და არღარა მოსცეს მეფესა დავითს დედოფალი ოლჯათ“.

რადგან ცოლი წაართვეს, მეფემ მეორედ იქორწინა ქართლის ერისთავის, ჰამადას ულამაზეს ასულზე: „ხოლო ვითარ ცნა მეფემან არღარა მოცემა ცოლისა თïსისა ოლჯათისი, იქორწინა ქართლისა ერისთავისა ჰამადას ასული, ფრიად ქმნულ-კეთილი“.

მძიმე პოლიტიკურ ვითარებასა და მონღოლთა მიერ აღმოსავლეთ საქართველოს აოხრებას სოფლის მეურნეობის განადგურება მოჰყვა.

აოხრებულ ქართლში არ მოვიდა პურის მოსავალი და ძალიან ცოტა იყო საკვები, პური. გასაყიდადაც არ იშოვებოდა, თურმე. ხალხი შიმშილობდა. რაც მოხვდებოდათ ადამიანებს, იმას ჭამდნენ, მკვდარ ცხოველებსაც კი. ქალაქების უბნები, გზები, მინდვრები და სოფლები სავსე იყო მკვდრებით. ადამიანი შეხვდებოდა შიმშილით მკვდარ დედას, რომელსაც ჩვილი დამშრალ ძუძუს უწოვდაო.

ხალხი მიაწყდა სამცხეს, სადაც შედარებით უკეთესი მდგომარეობა ყოფილა და შეიძლებოდა პურის შოვნა: „უმრავლესი ერი ქართლისა წარვიდა სამცხეს, ქუეყანად ბექასსა, სადა-იგი იპოვებოდა პური სასყიდლად“.

ბექა ჯაყელის მეუღლე ვახახი, მომავალი გიორგი ბრწყინვალის ბებია, უკეთილშობილესი ადამიანი დაეხმარა გაჭირვებულ ადამიანებს: „ფრიადსა და უზომოსა მოწყალებასა შინა იყო მეუღლე ბექასი ვახახი, რომელი იყო ყოვლითურთ შემკობილი“.

ასეთი ვითარება იყო ჩვენს სამშობლოში მეცამეტე-მეთოთხმეტე საუკუნეთა გასაყარზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი