როდის მიხვდნენ ჩვენი რეგიონის მაჰმადიანები, რომ ჯალალედინი მათი დამცველი კი არა, მძარცველი და ტირანი იყო
ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00
რუსუდან მეფემ ვერ უზრუნველყო სამეფოს სამხედრო ძალების ორგანიზება, ვერც კარგი სარდალი გამოარჩია ჯალალედინთან საომრად გარნისის ბრძოლისთვის. ვერც შემდეგ დაახვედრა წინ ორგანიზებული ჯარი საქართველოსკენ მომავალ ჯალალედინს. მართალია, ტფილისს კი იცავდა ქართული მხედრობის ნაწილი, მემნა და ბოცო ბოცოსძეთა სარდლობით, მაგრამ ქართველებს გამოეპარათ ტფილელი მაჰმადიანების შეთქმულება ხვარაზმ-შაჰთან და ტფილისი მათი ღალატის მეშვეობით აიღო ჯალალედინმა. ისნის ციხე რუსუდანის ბრძანებით დატოვა გადარჩენილი მეომრების ნაწილმა.
ტფილისის აღების შემდეგ ჯალალედინმა აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ქალაქის მოსახლეობას, რომლის სახელიც ცნობილი არ არის, მიუგზავნა ტფილელი ყადი (მაჰმადიანთა მოსამართლე, დიდად პატივცემული ადამიანი) და დანებების შემთხვევაში, მოსახლეობას უვნებლობა და ქონების ხელუხლებლობა შეჰპირდა. მოქალაქეებმა ყადის სიტყვები ირწმუნეს და ქალაქის კარიბჭე გაუღეს ჯალალედინს. ვერაგმა სულთანმა სიტყვა გატეხა – დახოცა ქალაქის მოსახლეობის ნაწილი, უდიდესი ნაწილი ტყვედ აიყვანა და მონად გაყიდა, მათ შორის, მაჰმადიანებიც და მათი ქონება მიისაკუთრა. პირველად, ალბათ, მაშინ მიხვდნენ ჩვენი რეგიონის მაჰმადიანები, რომ ჯალალედინი ისლამის დამცველი კი არა, ჩვეულებრივი მძარცველი და ტირანი იყო.
ჯალალედინს ძალიან უნდოდა საქართველოს მეორე დედაქალაქის, უმდიდრესი ქუთათისის აღებაც, სადაც ხაზინის ნაწილი ინახებოდა, მით უმეტეს, ტფილისთან ჯალალედინის მისვლის წინ მეფე რუსუდანი ქუთათისში გადავიდა და თან წაიღო სამეფო განძეულის ნაწილი. მაგრამ, ვერ შეძლო ლიხის ქედის გადალახვა. ჩვენს წინაპრებს კარგად ჰქონდათ გამაგრებული ლიხის ქედი.
ჯალალედინმა თავისი ჯარის ნაწილები ორად გაყო და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მდიდარ და დიდ ქალაქებს – ანისს (სომეხთა ერთ-ერთ ყოფილ დედაქალაქს) და კარს (ყარსს) – მიაყენა. თვითონ ანისის ალყას ხელმძღვანელობდა. მაგრამ, იმ ქალაქებში მდგარი ჩვენი გარნიზონებისა და მოსახლეობის გააფთრებული წინააღმდეგობის გამო ვერც ანისის აღება შეძლო და ვერც ყარსის. ჯალალედინი ტფილისში დაბრუნდა, იქიდან კი მოულოდნელად მაჰმადიანთა ერთ-ერთ უმდიდრეს ქალაქ ხლათისკენ გაემგზავრა. ხლათი დიდი და უმდიდრესი ქალაქი იყო, ძირითადად, მაჰმადიანი მოსახლეობით. ხლათელებს საქართველოდან აცნობეს ამის შესახებ და ქალაქის დამცველებმა მოასწრეს ქალაქის დაცვის ორგანიზება. ჯალალედინმა მაშინ ვერ აიღო ხლათი, მაჰმადიანთა მოღალატის სახელი კი შეიძინა.
ჯალალედინს აუჯანყდნენ სხვა ოლქებშიც და ისევ მოუწია სამხრეთ-აღმოსავლეთში გამგზავრება. რუსუდან მეფეს ტფილელმა მაჰმადიანებმა სთხოვეს ქართული ჯარის გამოგზავნა ტფილისის გასათავისუფლებლად. იმ დროს ტფილისში იმყოფებოდა რუსუდან მეფის ქმარი, არზრუმის სულთნის, მუჰამად მუღის ად-დინ თუღრილ შაჰის ვაჟი, რუმის სულთნის შვილიშვილი, ღიას ად-დინი, რომელმაც რუსუდანთან ქორწინების წინ ქრისტიანობა მიიღო, ეწოდა დიმიტრი და რომელთანაც რუსუდან მეფეს ჰყავდა ორი შვილი, თამარი და დავითი. რუსუდანზე გამწარებული დიმიტრი, ყოფილი ღიას ად-დინ, ეახლა ჯალალედინს და მაჰმადიანობა დაიბრუნა. შემდეგ ღიას ად-დინი გაიქცა ტფილისიდან, ჩვენს სამეფო კარს ეახლა, კვლავ უარყო მაჰმადიანობა და ტფილისში ჯალალედინის ჯარის განლაგებისა და რიცხოვნობის შესახებ აცნობა.
ჩვენმა წინაპრებმა სწრაფად შეკრიბეს ჯარი და გაათავისუფლეს ჩვენი დედაქალაქი. ტფილისის გამგებლად დატოვებული ჯალალედინის ვაზირი გაიქცა. ჩვენმა წინაპრებმა შაქი და კაბალაც გაათავისუფლეს. ჩვენი ჯარის მიახლოებისთანავე, ჯალალედინის მიერ კაბალაში ჩაყენებული გარნიზონის სარდალიც გაიქცა.
ჯალალედინის ისტორიკოსი, სპარსელი ჯუვეინი წერს: „კვლავ მოვიდა ამბავი, ქართველები ისევ შეიკრიბნენო. ვაზირი იულდუზჩი, რომელიც სულთანს თავის ნაცვლად დაეტოვებინა თბილისში, იძულებული გახდა თავრიზს მისულიყო“. „ქართველები თბილისში დაბრუნებულიყვნენ, მეჩეთებს ანგრევდნენ და მუსლიმებს აწამებდნენ“.
სპარსელი ჯუვეინი იტყუება. ჩვენი წინაპრები დახოცავდნენ ჯალალედინის გარნიზონს, ტფილისელთა გენოციდის მომწყობებს და მოღალატეებს. ხოლო მათ, ვინც ქართველები მოიწვია ტფილისში და უბრალო ხალხს ხელს არ ახლებდნენ. მეჩეთების ნგრევაში უნდა იგულისხმებოდეს მეჩეთებად გადაკეთებული ქრისტიანული ტაძრების გათავისუფლება. გავიდა დრო და ჯალალედინი კვლავ დაიძრა დიდი ჯარით ტფილისისაკენ. ჩვენმა წინაპრებმა ვერ გაბედეს გენერალური ბრძოლის გადახდა, არ ჰყავდათ საკმარისი ჯარი, ჯალალედინის მრავალრიცხოვან ჯარს რომ გამკლავებოდნენ, გადაწვეს ტფილისი, ჯალალედინი რომ არ გამაგრებულიყო ჩვენს დედაქალაქში და გაეცალნენ ქალაქს.
თუმცა, საომარი მზაობა განაგრძეს. რუმის, შამისა და შაჰარმენის სამფლობელოების მაჰმადიანი მბრძანებლები და ქართველები შეთანხმდნენ, ჯალალედინს კოალიციური ჯარით შებრძოლებოდნენ. ჯალალედინმა შეიტყო ეს, დაასწო მოკავშირეებს და მარტოდ დარჩენილ ქართულ ჯარს ბოლნისთან ახლოს ბრძოლა გაუმართა. ბრძოლის წინ ჯალალედინმა მოახერხა ქართველების მიერ დაქირავებული ყივჩაღების მოქრთამვა და ყივჩაღები გაეცალნენ ბრძოლის ველს. კიდევ სხვა მანევრებს მიმართა ჯალალედინმა და ქართველები დამარცხდნენ.
ჯალალედინს გზა გაეხსნა ხლათისკენ. ხლათთან არზრუმის მბრძანებელმა ჯარისთვის საკვები მიაწოდა. რამდენიმეთვიანი ალყის შემდეგ, ისევე როგორც ტფილისი, ხლათიც მოღალატეების მეშვეობით აიღო, გაძარცვა მთელი მოსახლეობა, მაჰმადიანებიც, ებრაელებიც და სომხებიც.
რუმის (იკონიის) და შამის (დამასკოს) მფლობელებმა დამალეს თავისი განზრახვა და ჯალალედინს დაუკავშირდნენ. ჯუვეინი წერს: „რუმისა და შამის გამგებლებმა მშვიდობის ქალაქის (ბაღდადის, გ. მ.) მიბაძვით, სასწრაფოდ გაუგზავნეს საჩუქრები და მოსაკითხი ბატონ სულთანს მის დიდებულსა და მშვენიერ სამეფო კარავში. მისი ბანაკი კვლავ გახდა კეთილშობილთა და დიდებულთა თავშესაფარი, ამალა გაიზარდა, საქმეები გამოკეთდა, საგანძური მომრავლდა, ხოლო იქაურობა კეთილმოეწყო მისი სამართლიანობით“.
მართალია, რუმის (კონიის, იკონიის) და შამის (ეგვიპტისა და დამასკოს) მაჰმადიანმა მბრძანებლებმა, თითქოსდა პატივისცემა გამოთქვეს ჯალალედინის მიმართ, სინამდვილეში კი ჯარებს აგროვებდნენ მისი ტირანიის დასამხობად.
ჯალალედინი მიხვდა – მის წინააღდეგ მაჰმადიანი მმართველების კოალიცია მაინც შეიქმნებოდა. მაჰმადიანების არა მხოლოდ მმართველებს, რომელთაც ის კონკურენტებად მიიჩნევდა და რომელთა დამორჩილებაც უნდოდა, არამედ მთელი რეგიონის უბრალო მაჰმადიანებსაც, უკვე ძალიან სძულდათ ჯალალედინი, როგორც უბრალო მოსახლეობის მძარცველი, სისხლისმსმელი ტირანი და როგორც მაჰმადიანთა მტერი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





