ისტორია

რატომ გაიყო მონღოლების მიერ დაპყრობილი საქართველო ორად

№14

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00

ისტორია
დაკოპირებულია

რუსუდან მეფე გარდაიცვალა 1245 წელს. მისი ვაჟი, დავითი, ურდოში იყო მეფედ დასამტკიცებლად. იმ პერიოდში ცოცხალი აღმოჩნდა ლაშა-გიორგის ძეც, დავითი და ისიც ყარაყორუმში გაემგზავრა მეფობის მისაღებად.

მონღოლებმა არ გაანაწყენეს არცერთი პრეტენდენტი, მათთვის ხელსაყრელიც კი იყო საქართველოს ხელისუფლების ორად გაყოფა და ორივე კანდიდატი დაამტკიცეს მეფედ. რუსუდანის ძეს ეწოდა დავით მეექვსე, რადგან ის უფრო ადრე აკურთხეს მეფედ. ლაშას ძეს კი – დავით მეშვიდე. რადგან ლაშა-გიორგის ვაჟი უფროსი იყო და თან ლაშას ძე გახლდათ, მონღოლებმა უწოდეს ულუ, რაც უფროსს ნიშნავს მონღოლურად. რუსუდანის ძეს კი ნარინს – უმცროსს – უწოდებდნენ.

ქართველები დიდი სიხარულით მიეგებნენ ყარაყორუმიდან დაბრუნებულ მეფეებს. დავითი და დავითი მოვიდნენ ტფილისში და დასხდნენ სამეფო ტახტზე. მიუხედავად რუსუდანის მიერ ლაშას ძისადმი ჩადენილი საქციელისა, ბიძაშვილ-მამიდაშვილს ერთმანეთისადმი სიყვარული ჰქონდათ.

უმეტესი პატივი და ზედაჯდომა დავით ულუს ჰქონდა, რადგან უფროსი იყო და ლაშას ძე.

ულუ იყო დიდი და ახოვანი, მსხვილი და მაგარი მოისარი, გულუბრყვილო, გულწრფელი და მალემრწმენი, ბოროტების შემნდობი, თუმცა, სიფიცხეში – დაუფიქრებელი. ცოტა ენას უკიდებდა, რაც 5-7 წლის განმავლობაში ხაროში პატიმრობამ და წამებამ დაუტოვა.

რუსუდანის ძე იყო საშუალო სიმაღლის, ზომიერი და თხელი ტანით, თხელი თმით, ფეხმარდი, რჩეული მონადირე, ენატკბილი და საუბრის მოყვარული, უხვი და თავმდაბალი, კარგი ცხენოსანი, ლაშქრობის დროს სარდლების დამჯერე, სამართლიანი.

ქართველები ძალიან გაწვალდნენ ილხან ჰულაგუს დაუცხრომელ ომებში მონაწილეობის გამო. უამრავი ადამიანი იხოცებოდა მონღოლების ინტერესებისათვის. ნარინი არ ემორჩილებოდა თათრებს და აუჯანყდა კიდეც.

მონღოლთა დროინდელი უცნობი მემატიანეს თქმით, ერთხელაც ჰულაგუ ყაენის საზაფხულო სადგომში სტუმრობდა დავით ნარინი, ალბათ, გამოიძახეს, რათა პასუხი მოეთხოვათ. მემატიანეს თქმით, ჰულაგუს უფრო უყვარდა ლაშას ძე, რუსუდანის ძე კი სძულდა. ჰულაგუს ბრძანებით, შეიპყრეს დავით ნარინი და ჰულაგუს სხვა რეზიდენციაში, საზამთრო სადგომში, ბარდავში გააგზავნეს. ჩინგიზ ყაენის შვილიშვილს არ მოსწონდა დაუმორჩილებელი ნარინი...

როცა ნახჭევანში მივიდნენ, დავით მეფემ გაქცევა შეძლო, ორ მხლებელთან, გურკლელ მახუნჯაგისძესთან და ბეგა სურამელთან ერთად. ბეშქენ გურკლელი და ბეგა სურამელი იყვნენ მისი თანაშეზრდილები და ერთგული თანამებრძოლები. ყარაყორუმშიც ახლდნენ დავით რუსუდანის ძეს და რამდენიმე წელი დარჩნენ იქ. ბეშქენი სამეფო კარზე ამირეჯიბი გახდა. ბეგა სურამელს თათრები სალინბეგს უწოდებდნენ, რაც კარგ ბეგს ნიშნავს. მან, მამის მსგავსად, მიიღო ქართლის ერისთაობა და მსახურთუხუცესობა.

მეფე და მისი ორი დიდებული გაემგზავრნენ აფხაზეთისკენ, ქუთათისისკენ. ათაბაგ ავაგ მხარგრძელი საგამგებლოში, უბრალო ტანსაცმელში გადაცმული მეფე და მისი ორი მხლებელი ნადირობისას იცნო 1177 წელს შერისხული ორბელების ერთმა შთამომავალმა, სუმბატ ორბელიანმა. ნარინმა აჩუქა დედამისის მიერ ურდოში გატანებული უძვირფასესი თვალი და სთხოვა არ გაეთქვა იგი. სუმბატ ორბელიანმა ნარინი და მისი მხლებლები გამოაცილა. მიაღწიეს თორს, სადაც ლიპარიტ თორელმა ისტუმრა დევის-ყურში.

ლიპარიტ თორელმა მისცა მეფეს შესაბამისი ტანსაცმელი, ცხენები და თან წაჰყვა ქუთათისში.

დასავლეთ საქართველოს დიდებულებმა რომ გაიგეს მეფის ქუთაისში მისვლა, ეახლნენ დიდი სიხარულით და აფხაზთა, ანუ დასავლეთ საქართველოს მეფედ გამოაცხადეს, ლიხის ქედამდე.

ასე შეიქმნა საქართველო ორ სამთავროდ. თუმცა, მაინც ერთ სამეფოდ ითვლებოდა. ხოლო მეფეები კი ერთმანეთისადმი კვლავ ძმური სიყვარულით იყვნენ განწყობილნი. აღმოსავლეთ საქართველო ულუს დარჩა, დასავლეთი კი – ნარინს.

დავით ულუმ დიდი ქონება იშოვა მონღოლთა ლაშქრობებში და მშვიდად აცხოვრებდა სამეფოს, თუმცა მერე, მონღოლთა მიერ ქვეყნის აღწერისა და დიდი გადასახადების გამო აუჯანყდა თათრებს, როგორც ცოტა ადრე მისი მამიდაშვილი, ნარინი.

1260 წელს, მას შემდეგ, რაც დავით ულუს აჯანყება, რომელსაც მეთაურობდა სარგის ჯაყელი, მონღოლებმა დაამარცხეს ქართველი დიდებულების დახმარებით, მეფე გადავიდა შავშეთში და კლარჯეთში. მოიხმო თავისი ერთგული დიდებულები და ეთათბირა, რა ვქნათო?

სარგის ჯაყელმა-ციხისჯვარელმა ურჩია: „სამცხე პატარაა და მეფეთა სადგომად შეუფერებელი. გირჩევ, წახვიდე ლიხთ-იმერეთში რუსუდანის ძესთან, რადგან ეს სამეფო ორივეს გეკუთვნით თანაბრად. მე თავს გადავდებ შენთვის, მთელი ჩემი საქონელი და სამხედრო ნაწილები შენია, როგორც გინდა, გამოიყენე. თუ კარგად მიგიღებს დავითი, კარგია, თუ არა და, აჰა, ჩემი ქონება, ნუ დაზოგავ, მოვეთათბიროთ იმერელ თავადებს, გავცეთ საჩუქრები და ჩვენს მხარეს გადმოვიყვანოთო.“

მოეწონა ეს აზრი ლაშას ძეს და გააგზავნა მოციქული რუსუდანის ძესთან, რათა მიეღო თათართაგან დევნილი. ნარინმა თანხმობა შემოუთვალა.

მივიდნენ ქუთათისში. მიეგება მამიდაშვილი ბიძაშვილს და მშვენიერი მასპინძლობა გაუწია. ასე გავიდა ერთი წელიწადი. კეთილად მასპინძლობდა ნარინი ულუს, მაგრამ გაუცხოვებული იყვნენ უკვე.

დავით ულუს ხალხი მოეთათბირნენ რაჭის ერისთავ კახაბერ კახაბერისძეს, რომელიც დავით ულუს სიმამრი იყო, ქვებულისძეებს, სარგის ფარაჯანიანს, რათა იმიერ საქართველოში ლაშას ძე გაემეფებინათ. დაიწყო განდგომილება, დაპირისპირება იმერეთში.

ზოგი ულუს მხარეს დადგა, ზოგი კი ნარინის მხარეს. ბედიან (ბედან) ჯუანშერის ძე დადიანი რუსუდანის ძეს მიემხრო. სვანები ორად გაიყვნენ.

თუმცა, შეტაკება არ მომხდარა და ერთმანეთს არაფერს ავნებდნენ ბიძაშვილ-მამიდაშვილი. არც ჯარს სურდა შეტაკება, არც მეფეები გასცემდნენ მეომრებისათვის საჩუქრებს ამ საქმესთან დაკავშირებით.

იყო აშლილობა და შფოთი იმერეთ-აფხაზეთში.

სხვა გზა ვეღარ მოიძებნა და გადაწყვიტეს მეფეებმა, გაეყოთ სამეფო და სამეფო ხაზინა ორად.

გამოარჩიეს თავადები და გაყვეს ორად. ტფილისი – ორად და ქუთათისიც ორად გაყვეს. თავადები და ერისთავები გაათანასწორეს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. გაყვეს სამეფო და გაყვეს ხაზინა.

თავიდან დავით ულუ ვერ აკონტროლებდა აღმოსავლეთ საქართველოს, მაგრამ მერე შეურიგდა მონღოლებს და გადმოვიდა ტფილისში, ნარინი კი ქუთათისში დარჩა.

ასე გაიყო დავით აღმაშენებლის მიერ გაერთიანებული დიდი სახელმწიფო ორად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი