ისტორია

როგორ იქცა თითქმის მოგებული ომი მარცხად

№37

ავტორი: ქეთი მოდებაძე 43 წუთის წინ

ისტორია
დაკოპირებულია

მარაბდის ბრძოლა მეჩვიდმეტე საუკუნის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამხედრო დაპირისპირება იყო, რომელიც ქართველთა მარცხით დასრულდა, თუმცა ყიზილბაშებისთვის ეს არასაკმარისი გამოდგა, რადგან სწორედ მარაბდის ველზე განცდილი დიდი ზარალის შემდეგ ჩაიშალა შაჰ-აბასის განზრახვა, საბოლოოდ დაეპყრო და ირანის ნაწილად ექცია ქართლ-კახეთი, რომლის დაკავებასაც სეფიანთა ირანი შაჰ თამაზ პირველის დროიდან აქტიურად ცდილობდა, თუმცა თბილისის აღების მიუხედავად, მთელი ქვეყნის დამორჩილებას თითქმის ვერასდროს ახერხებდა. მარაბდის ბრძოლა სწორედ შაჰ აბასის აგრესიული კავკასიური პოლიტიკის ნაწილი იყო და გულისხმობდა ამიერკავკასიის დამორჩილებასა და ირანისთვის დაქვემდებარებას.

მარაბდის ბრძოლა 1625 წლის 1 ივლისს გაიმართა და მასში მონაწილეობა ორივე მხრიდან დიდმა ძალებმა მიიღეს. ეს იყო იმდროინდელი კავკასიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამხედრო მოვლენა, რამაც გავლენა მოახდინა როგორც საქართველოზე, ასევე ირანის ექსპანსიურ პოლიტიკაზე კავკასიაში. მიუხედავად მარაბდასთან გენერალურ ბრძოლაში დამარცხებისა, ქართველებმა შეძლეს ომის გაგრძელება და შემოსული ირანული საარმიო ნაწილების განადგურება. ბრძოლის დაწყებამდე თეიმურაზ პირველმა და გიორგი სააკაძემ დიდი სამზადისი ჩაატარეს და 20-ათასიანი არმიით კოჯორ-ტაბახმელის მიდამოებში დაბანაკდნენ. გიორგი სააკაძემ დახმარებისთვის ოსმალეთს მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. ქართველთა ბანაკში იმყოფებოდა სამცხიდან მოსული ათაბაგი, მანუჩარ მესამე, 300 მებრძოლით. ქართველთა სარდლობაში აზრთა სხვადასხვაობა იყო. გიორგი სააკაძე მოითხოვდა დაეცადათ, სანამ მტერი თვითონ არ გადმოვიდოდა შეტევაზე, რადგან დიდი სიცხის გამო ქართველთა ჯარს, განსაკუთრებით ქვეითებს, მარაბდის დაბალ ველზე ბრძოლა გაუჭირდებოდა, თანაც კოჯორ-ტაბახმელის ვიწროხევებიან მიდამოებში მტერს მთელი გაშლისა და გამოყენების საშუალება არ ექნებოდა. სამხედრო თათბირმა სააკაძის გეგმა უარყო. გადაწყდა: ბრძოლა მეორე დღეს, 1625 წლის 1 ივლისს, დაეწყოთ. ირანელები ზამბულაკებს, ანუ პატარა ქვემეხებსაც იყენებდნენ, რომლებიც აქლემის ზურგზე მაგრდებოდა და ამიტომ ძალიან სწრაფი და მობილური იარაღი გახლდათ. მარაბდასთან ბრძოლაში ირანელებმა 50 000 მეომარი გამოიყვანეს, რომელთაგან 12 000 საუკეთესოდ შეიარაღებული და გაწვრთნილი თოფოსანი ანუ „თოფანგჩი“ იყო. დანარჩენი კი რჩეული მხედრობა და ქვეითი ჯარის ნაწილები. არმიის მთვარსარდალი იყო შაჰ-აბასის სიძე, ისა-ხან ყორჩი-ბაში.

ქართველთა მთავარსარდლობა თეიმურაზ პირველმა იკისრა. ქართველთა ლაშქარმა ბრძოლა მისთვის უაღრესად ძნელ პირობებში დაიწყო. ამასთან, გიორგი სააკაძე ბრძოლის საერთო ხელმძღვანელობას ჩამოაცილეს. როგორც ჩანს, ირანელთა სარდლობა მოელოდა ქართველთა შეტევას: ყიზილბაშებმა სანგრები ააგეს და ზარბაზნები შემოუწყვეს, ზარბაზნების უკან კი ოთხ რიგად მეთოფეები განალაგეს. ცენტრის მარცხნივ და მარჯვნივ მრავალრიცხოვანი რაზმები განალაგეს. მოწინავე ჯარს ამირგუნა-ხანი სარდლობდა, ცენტრს კი – თვით ისა-ხან ყორჩიბაში. ხოლო თანაშემწე სარდლები იყვნენ შირვანის ბეგლარბეგი ყაზახ-ხან ჩერქეზი, ერევნის ბეგლარბეგი ამირგუნე-ხანი („ყვითელი ჯიქი“), აზერბაიჯანის ბეგლარბეგი შაჰბენდე-ხანი და ისპაჰანის ტარუღა, ქართველი ბატონიშვილი, ხოსრო-მირზა. უნდა ითქვას, რომ ამ 50 000 მეომარს შორის ბრძოლის დაწყებისას შაჰბენდე-ხანი არ იდგა. ის მხოლოდ მოგვიანებით გამოჩნდა თავისი ჯარით და ბრძოლის წარმატებით დაგვირგვინებაში დიდი როლი შეასრულა.

ქართველთა ლაშქარი ღამით კოჯრის მაღლობებიდან მარაბდის ველისკენ დაეშვა და განთიადისას მტრის ბანაკისკენ გაემართა. წინ რჩეული ცხენოსანი რაზმი მიდიოდა. ყიზილბაშთა სანგრებიდან გაჩაღებულმა თოფებისა და ზარბაზანთა ცეცხლმა შეტევა რამდენადმე შეაფერხა, მაგრამ ქართველები არ შედრკნენ, დიდი სისწრაფით შეიჭრნენ მტრის ბანაკში და მეწინავე რაზმები გადათელეს. ამირგუნე-ხანი სასიკვდილოდ დაიჭრა. ქართველთა ლაშქარმა მეთოფეთა რაზმებს დაარტყა და მათი წყობა მოშალა, შემდეგ ცენტრს შეუტია და მტრის რიგებში დიდი არეულობა შეიტანა. თავზარდაცემული მტრის მარცხენა და მარჯვენა ფრთის ჯარები ცენტრს ვერ მიეშველნენ და გაიქცნენ. ქართველთა გამარჯვება თითქმის გარდაუვალი იყო, მაგრამ ისა-ხანი ბრძოლის ველს არ თმობდა და უკანასკნელ ძალებს იკრებდა. ამ დროს ქართველთა ჯარის ერთმა ნაწილმა ბრძოლა მოგებულად ჩათვალა, ალაფობა დაიწყო და ბრძოლას თავი მიანება, ცხენოსანთა ერთი რაზმი კი, ავთანდილ სააკაძისა და დავით ერისთავის მეთაურობით, მტრის გაქცეულ ნაწილებს დაედევნა და ბრძოლის ველს გასცილდა. ამან ყიზილბაშთა მდგომარეობა ძალიან შეამსუბუქა. მტრის რაზმები კვლავ მოგროვდნენ სარდლის ირგვლივ და ქართველთა ლაშქარს შეუტიეს. ამ დროს ყიზილბაშებს აზერბაიჯანის ბეგლარბეგის, შაჰ-ბენდე-ხანის მეთაურობით, ახალი ძალებიც მოუვიდათ. ქართველთა ჯარმა მტრის ახალი რაზმების დარტყმას ვეღარ გაუძლო და გატყდა. ბრძოლის ველი პირველად ცხენოსანმა ჯარმა დატოვა და კოჯრის ვიწროებს მიაშურა. მიტოვებული ქვეითობა, რომელიც გლეხობისაგან შედგებოდა, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, მაგრამ იარაღს მაინც არ ყრიდა. გლეხები გუნდ-გუნდად იბრძოდნენ და უკანასკნელ კაცამდე შეაკვდნენ მტერს. ყიზილბაშებსაც დიდი ზიანი მოუვიდათ. ქართველთა ჯარი დამარცხდა. ბრძოლის ველზე 10 ათასი ქართველი და 14 ათასი ყიზილბაში დაეცა. მარაბდის ბრძოლაში დაიღუპნენ ჯანდიერი, თეიმურაზ მუხრანბატონი, ბაადურ ციციშვილი, ეპისკოპოსები – რუსთველი და ხარჭაშნელი, ცხრა ძმა ხერხეულიძე, ცხრა მაჩაბელი, შვიდი ჩოლოყაშვილი და სხვები. განსაკუთრებით დაზარალდა გლეხობა. მარაბდის ბრძოლაში ქართველთა დამარცხების მიზეზი იყო თავადთა პოლიტიკური სიბეცე-შეზღუდულობა, ფეოდალური ლაშქრის უდისციპლინობა, შეიარაღებაში ჩამორჩენილობა. დამარცხების მიუხედავად, ქართველებმა მეორე დღეს კოჯრის მიდამოებში განაგრძეს ბრძოლა. 10 დღის შემდეგ მტერმა თბილისი და მისი მიდამოები დაიკავა, მაგრამ შაჰ-აბას პირველმა თავის მიზანს – მთლიანად მოეთხარა ქართლ-კახეთი – მაინც ვერ მიაღწია. ქართველები პარტიზანულ ბრძოლებს განაგრძობდნენ.

ეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ბრძოლა იყო, რომელშიც ქართული ლაშქარი დამარცხდა, მაგრამ ვერც მტერმა მოიპოვა დიდი გამარჯვება, რადგან დაეღუპა არმიის დიდი ნაწილი და უცხო ქვეყანაში ბრძოლისთვის ძალები აღარ ეყო.

გამოყენებული მასალების წყარო: mematiane.ge; ჯამბურია, ქსე, ტ. 6; samxedro-istoria.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი